განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
4 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ა----------------–ი, გ------- კ------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–---- ვ----–--ის ძე ბ--------ა, დაბადებული - 1----–-–----- ი-------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, მ----------------------, ბინა №--ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3, ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის).
ადვოკატები - გ------- რ------–---–ი, ზ---------------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით, მ--–---- ბ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1.2. 2018 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. თბილისი, ნ-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, №--- ავტობუსში მგზავრობისას, მ--–---- ბ--------ა შეეცადა აშკარად დაუფლებოდა რ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას.
1.3. მ--–---- ბ--------ას ქმედების შედეგად რ------------–---–ს შესაძლებელია მისდგომოდა 100 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის
2.1. დაზარალებულ რ------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 2 აგვისტოს, დღის დაახლოებით 12:00 საათისთვის, მგზავრობდა №--- ავტობუსით ნ-----–----ის ქუჩაზე. მას შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში ედო ხუთი ცალი ოცლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. ავტობუსში მის გარდა იმყოფებოდა ბევრი მგზავრი. როდესაც ავტობუსი გაჩერდა ი---- გაჩერებაზე, ჩასვლისას რ------------–---–მა იგრძნო, რომ მისი შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბეში სხვა პირს ჰქონდა ხელი ჩაყოფილი. მან სცადა დაეჭირა მძარცველის ხელი, თუმცა ამ უკანასკნელმა გაითავისუფლა თავი. ამასობაში დაზარალებულმა კვლავ მოკიდა ხელი ბრალდებულს ხელზე და ცდილობდა კუთვნილი თანხის დაბრუნებას, რა დროსაც ბრალდებული მას წინააღმდეგობას უწევდა. ამ ჯაჯგურისას, ისინი ჩავიდნენ ავტობუსიდან და ბრალდებულმა სცადა გაქცევა, თუმცა დაზარალებულმა იგი დაიჭირა მაისურით. ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, ბრალდებულის მაისური დაზიანდა და გაიხა, ხოლო მას შემდეგ რაც ვერ შეძლო თავის გათავისუფლება, ბრალდებულმა მაისური გაიხადა და გაიქცა წელს ზევით შიშველი. მას ასევე დაუცვივდა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა, ხოლო მაისურის ჯიბიდან გადმოცვივდა მისი დოკუმენტაცია. ბრალდებული გაიქცა გზის მეორე მხარეს, ხოლო დაზარალებულმა აიღო კუთვნილი ფულადი თანხა და ბრალდებულის ნივთები, კერძოდ, მართვის მოწმობა, სოციალური დახმარების ბარათი და შ----------------------------–-------------------------------–----–------ის“ ცნობა, ასევე ფულადი გათამაშების ბილეთი. ყველა ოფიციალური დოკუმენტი გაცემული იყო მ--–---- ბ--------ას სახელზე. დაზარალებულის განმარტებით, ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, იგი დააკვირდა რა მძარცველს, ამოიცნო იგივე პირი ზემოხსენებულ დოკუმენტებზე დატანილ ფოტოსურათებში. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში მის მიმართ განხორციელებული ძარცვის მცდელობის ფაქტის თაობაზე. მან ბრალდებული ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ფარგლებში. გამომძიებლის მიერ მისგან ამოღებული იქნა ყველა ზემოხსენებული დოკუმენტი.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ერთ-ერთი თვითმხილველი მოწმე - ი---- გ-----–---–ი, რომელიც 2018 წლის 2 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, მართავდა №--- ავტობუსს. ი---- გაჩერებაზე, როდესაც გაჩერდა ავტობუსი, იგი უკანა ხედვის სარკით აკვირდებოდა ჩამსვლელ მგზავრებს და დაინახა, რომ ავტობუსიდან ჩასულ ორ პირს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს გაეხადა მაისური და წელს ზევით შიშველი გაიქცა გზის მეორე მხარეს. მოწმის განმარტებით, მაისური, რომელიც გაიხადა გაქცეულმა მამაკაცმა, იყო მოლურჯო ფერის.
2.3. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ---------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - ვ-------- მ-------ემ, მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მოქალაქე რ----- პ-----–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ძარცვის ფაქტზე. დაზარალებულისგან ამოღებული იქნა ბრალდებულის სახელზე გაცემული რიგი დოკუმენტაცია და მისი კუთვნილი მაისური. ამასთან, დაზარალებულმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო, ბრალდებული მ--–---- ბ--------ა.
2.4. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი - მ-----– ძ---–--–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის გამომძიებელი - გ------- ი-----–---ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ვ-------ი გ------ე, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - გ------- ჭ--–--–-–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი - გ------- მ-----–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი - ე---–---------ა, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.5. ბრალდებულმა მ--–---- ბ--------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს გადაადგილდებოდა №--- ავტობუსით, რა დროსაც გაჩერებაზე ჩასვლამდე, მის წინ მდგომმა მამაკაცმა მოსთხოვა ფულადი თანხის დაბრუნება, თუმცა ბრალდებულს არ ჰქონდა წარმოდგენა, რაზე ესაუბრებოდა მისთვის უცნობი მამაკაცი. დაზარალებულმა მას მოკიდა ხელზე ხელი და ეუბნებოდა, რომ გაჰყოლოდა პოლიციაში. ბრალდებულმა სცადა თავის გათავისუფლება, თუმცა მისთვის უცნობმა მამაკაცმა იგი დაიჭირა მაისურით და ამ ფიზიკური შეხლა-შემოხლისას ბრალდებულს მაისური გაეხადა. იგი გადავიდა გზის მეორე მხარეს, იფიქრა დაბრუნებულიყო უკან, რათა დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც დაუცვივდა ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, თუმცა დაზარალებულს ჰქონდა იარაღი და ამჯობინა გარიდებოდა არსებულ ვითარებას.
2.6. 2018 წლის 2 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--ის გამომძიებელმა - ვ-------- მ-------ემ, რ------------–---–ისგან ამოიღო მოლურჯო ფერის მოკლესახელოიანი ზოლებიანი მაისური, წინა მარცხენა მხარეს ჯიბით, რომელზეც აქვს წარწერა ლათინური ასოებით. მაისურს წინა მხრიდან აღენიშნება დაზიანების (გახევის) კვალი. მარცხენა მკლავზე აქვს ასევე დაზიანების (გახევის) კვალი; ასევე ამოღებული იქნა მართვის მოწმობა, გაცემული 1--------- წელს, 1--------- წელს დაბადებულ მ--–---- ბ--------ას სახელზე (პ/ნ 0----------), თ---–----------ის მიერ 0--------- წელს გაცემული სოციალური შეღავათების ბარათი, მ--–---- ბ--------ას სახელზე, ნომრით - 1---------; შ---------------------------–-------------------------------–----–------ის ცნობა, რომელიც გაცემულია 0--------- წელს მ--–---- ბ--------ას სახელზე და აქვს მოქმედების ვადა 3--------- წლამდე; ფულადი გათამაშების ბილეთი ნომრით - 3-----, რომელზეც კალმით აწერია „მ--–---- ბ--------ა“. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით.
2.7. 2018 წლის 3 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო რიგში მარჯვნიდან მეორე შუა ადგილას მდგომი პირი. მან იგი ამოიცნო პირ-სახით, წარბებით, ცხვირით, აღნაგობით, კანის ფერით და საერთო იერით. მის მიერ ამოცნობილი პირი არის მ--–---- ბ--------ა. ამოცნობის დაწყებამდე, რ------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 1------- საათის პერიოდში, ქ. თბილისში, ნ-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–---- ბ--------ა შეეცადა მისთვის ფულის წართმევას - გაძარცვას.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით, მ--–---- ბ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მ--–---- ბ--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–----------დან - 2----–-–-----------ის ჩათვლით.
2.9. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.1. პუნქტად მითითებული ნივთიერი მტკიცებულება, რ------------–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის ზოლებიანი მაისური, მართვის მოწმობა, თ---–----------ის სოციალური შეღავათების ბარათი, შ----------------------------–--------------------------------–----–------ის“ ცნობა, ფულადი გათამაშების ბილეთი, თეთრი ფერის ფურცელი წარწერებით, 2 (ორი) ცალი სათვალე, 5 (ხუთი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა. ხსენებული ნივთები დათვალიერდა მხარეთა უშუალო მონაწილეობით და სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ მ--–---- ბ--------ას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.2. და 5.3. პუნქტად მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–---- ბ--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „ნ-----“ იმეიკოდით: 3--------------; ს--------------- -იანის ბარათი, 1 (ერთი) ცალი ბარათი წარწერით „s-----”, მ--–---- ბ--------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ფულადი თანხა: 1 (ერთი) 50 ლარიანი, 2 (ორი) ცალი 20 ლარიანი და 2 (ორი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 100 ლარის ოდენობით), ს--–---------ე ხელშეკრულება №2----; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული მ--–---- ბ--------ას მიერ ძარცვის მცდელობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარა დაუფლების მცდელობის, არაერთგზის, ჩადენა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ--–---- ბ--------ამ 2018 წლის 2 აგვისტოს №--- ავტობუსით მგზავრობისას სცადა აშკარად დაუფლებოდა დაზარალებულ რ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით, თუმცა მისი აღნიშნული ქმედება შესამჩნევი გახდა რა დაზარალებულისათვის, მან სცადა აშკარად დაუფლებოდა მსხვერპლის კუთვნილ ნივთს და მიესაკუთრებინა იგი გაქცევის გზით, თუმცა დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო აშკარად დაუფლებული ფულადი თანხის მისაკუთრება და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.
3.8. განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია მ--–---- ბ--------ას უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· დაცვის მხარის არგუმენტს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის ბრალის დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან, სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან დაზარალებული რ------------–---–ი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან აცხადებდა, რომ შარვლის უკანა ჯიბეში ედო 5 ცალი ოცლარიანი კუპიურა, ფულადი თანხა საერთო ჯამში ასი ლარის ოდენობით და სწორედ აღნიშნულის დაუფლებას შეეცადა მ--–---- ბ--------ა; შესაბამისად, წინააღმდეგობა დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის აბსოლუტურად გამორიცხულია. ამასთან, ის ფაქტი, რომ დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს უშუალოდ დანაშაულებრივ შემთხვევამდე არ იცნობდნენ, გამორიცხავს დაზარალებულის დაინტერესებას ბრალდებულის ცრუდ მხილებაში.
· სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის ვერსიას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე ი---- გ-----–---–ის ჩვენება იმ საფუძვლით, რომ მას აქვს მხედველობის პრობლემა და ვერ შეძლებდა დაენახა ავტობუსის უკანა ხედვის სარკიდან მის გარეთ განვითარებული მოვლენები. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო ეყრდნობა უშუალოდ მოწმის განმარტებას მის მხედველობასთან მიმართებაში, კერძოდ, მოწმემ განაცხადა, რომ იგი სათვალეს იყენებს მხოლოდ კითხვის დროს და მას ავტომობილის მართვისა და გადაადგილებისას არ სჭირდება სათვალე, მანვე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დაინახა ორ პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება და აღწერა ფაქტობრივი გარემოებები ზუსტად ისე, როგორც ამას დაზარალებული და ბრალდებული აღწერენ. მოწმემ ასევე მიუთითა ბრალდებულის მაისურის ფერზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული მაისურიც და მოწმის ჩვენება აშკარა თანხვედრაშია რეალობასთან. მოცემულ შემთხვევაშიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია მოწმის მხრიდან რაიმე დაინტერესება, ვინაიდან მას არ აკავშირებს ნაცნობობა არც ბრალდებულთან და არც დაზარალებულთან.
· დაცვის მხარე შეეცადა მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებების დისკრედიტაციას იმ საფუძვლით, რომ ისინი არიან საქმით დაინტერესებული პირები. აღნიშნულის დამადასტურებელ არგუმენტად დაცვის მხარის მიერ სახელდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეები არიან საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ამასთან ბრალდებული წარსულშიც ყოფილა დაბარებული პოლიციის განყოფილებაში. სასამართლოსთვის დაუსაბუთებელია დაცვის მხარის ეს არგუმენტი და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება პირი მიჩნეულ იქნეს არასანდო მოწმედ და დაინტერესებულ პირად მხოლოდ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. მითუმეტეს, რომ დაცვის მხარე არ ასაბუთებს, რა კონკრეტული ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მოწმეებს მ--–---- ბ--------ას მსჯავრდების მიმართ.
· ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მ--–---- ბ--------ას ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში და რომ თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება -დაზარალებულ რ------------–---–ის ჩვენება. სასამართლო განმარტავს, რომ გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ასევე თვითმხილველი მოწმე, რომელიც აღწერს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის, ამასთან, დაზარალებულისგან ამოღებულია ბრალდებულის პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია და რ------------–---–მა უშუალოდ ამოიცნო მძარცველი. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში ქმნის მტკიცებულებით ჯაჭვს, რაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არწმუნებს მ--–---- ბ--------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, ბრალდებულმა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და ვერ დაეუფლა აშკარად რ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; შესაბამისად, მ--–---- ბ--------ას მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.
3.11. მ--–---- ბ--------ას ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით, მ--–---- ბ--------ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეს. ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ--–---- ბ--------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, მ--–---- ბ--------ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–---- ბ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან რვა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და მიუხედავად, იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებული იქნა საშერავათო ღონისძიება, აღნიშნულმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, ბრალდებულმა განზრახვის სისრულეშ მოყვანა ვერ შეძლო დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, თუმცა ბრალდებულის მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე ძალადობრივ აქტს, წინააღმდეგობის შემდეგ, იგი განერიდა დაზარალებულს და წავიდა შემთხვევის ადგილიდან. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ--–---- ბ--------ამ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული თუმცაღა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით. ამასთან მ--–---- ბ--------ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძმებელი სხვა რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, მ--–---- ბ--------ას წინა განაჩენით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გააქუმებს რა წინა განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს. საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ბ--------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- რ------------–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის ზოლებიანი მაისური, მართვის მოწმობა, თ---–----------ის სოციალური შეღავათების ბარათი, შ---------------------------–--------------------------------–-ის ცნობა, ფულადი გათამაშების ბილეთი, თეთრი ფერის ფურცელი წარწერებით, 2 (ორი) ცალი სათვალე, 5 (ხუთი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა და მ--–---- ბ--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „ნ-----“ იმეიკოდით: 3--------------; ს--------------- -იანის ბარათი, 1 (ერთი) ცალი ბარათი წარწერით „s-----”, მ--–---- ბ--------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ფულადი თანხა: 1 (ერთი) 50 ლარიანი, 2 (ორი) ცალი 20 ლარიანი და 2 (ორი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 100 ლარის ოდენობით), ს--–---------ე ხელშეკრულება №2----, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- ბ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ--–---- ბ--------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–---- ბ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;
3. მ--–---- ბ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აგვისტოს 01:35 საათიდან.
4. მსჯავრდებულ მ--–---- ბ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- რ------------–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის ზოლებიანი მაისური, მართვის მოწმობა, თ---–----------ის სოციალური შეღავათების ბარათი, შ---------------------------–--------------------------------–-ის ცნობა, ფულადი გათამაშების ბილეთი, თეთრი ფერის ფურცელი წარწერებით, 2 (ორი) ცალი სათვალე, 5 (ხუთი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა და მ--–---- ბ--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „ნ-----“ იმეიკოდით: 3--------------; ს--------------- -იანის ბარათი, 1 (ერთი) ცალი ბარათი წარწერით „s-----”, მ--–---- ბ--------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ფულადი თანხა: 1 (ერთი) 50 ლარიანი, 2 (ორი) ცალი 20 ლარიანი და 2 (ორი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 100 ლარის ოდენობით), ს--–---------ე ხელშეკრულება №2----, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ---------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე