გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/398-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--"
წარმომადგენელი - ლ-–--------ე
მოპასუხე - შპს „ქ--------–--–-----“, ზ-------------–---–ი, ი------–---------–--ი
წარმომადგენელი - გ---–--–-----
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „ქ--------–-–------“, ზ-------------–---–სა და ი------–---------–--ს სოლიდარულად დაეკისროთ 26 843.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 22 223.95 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 913.33 ლარი და პირგასამტეხლო - 706.64 ლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 17 თებერვალს სს „ფ----------------------–--სა“ და შპს „ქ--------–--–-----ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელემ სესხის სახით გასცა 30 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 17.02.2017 წლიდან 10.02.2020 წლამდე, 1088 დღით. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ი------–---------–--თან და ზ-------------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 38 000 ლარით.
მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი - 11 838.91 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 7 776.05 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 913.33 ლარი, პირგასამტეხლო - 706.64 ლარი.
მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიერ ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხეების დავალიანება სს „ფ----------------------–--ს“ მიმართ შეადგენს 26 843.92 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 22 223.95 ლარი, პროცენტი - 3 913.33 ლარი და პირგასამტეხლო - 706.64 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების შპს „ქ--------–--–-----ს“, ზ-------------–---–ისა და ი------–---------–--ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ბანკის მიერ განსაზღვრულ დავალიანების თანხას 26 843.92 ლარს არ ეთანხმება და ბანკის მიმართ დავალიანება უნდა განისაზღვროს 18 161.09 ლარით. მოპასუხეების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, ასევე პროცენტი არ უნდა იქნეს დათვლილი სესხის მთელ პერიოდზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ფ----------------------–--სა“ და შპს „ქ--------–-–------“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 30 000 ლარი, სესხი გაიცა 17.07.2017-დან 10.02.2020 წლამდე ვადით - 1088 დღით.
ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -16%. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი ასევე უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით, ამასთან საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 17.02.2017 სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. 2017 წლის 17 თებერვალს ბანკსა და ზ-------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.02.2017 თავდებობის წერილი;
3.1.3 2017 წლის 17 თებერვალს ბანკსა და ი------–---------–--ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.02.2017 თავდებობის წერილი;
3.1.4. სს „ფ----------------------–--ს“ მიერ 17.02.2017 ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.1.5. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ვალდებულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2018 წლის 12 თებერვლის შემდეგ გადახდა აღარ განუხორციელებია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე 22.03.2018 წელს.
სესხის ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა განიხილება, როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ბანკი წერილობით ატყობინებს ამის შესახებ მსესხებელს, რომელიც შეტყობინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, ამდენად, ხელშეკრულების გრაფიკის პირველივე დარღვევა განიხილება მისი შეწყვეტის საფუძვლად. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულებულა 2018 წლის 12 თებერვლის შემდგომ. მოპასუხეებს სს „ფ----------------------–--ს“ მიერ გაფრთხილების წერილები გაეგზავნა 2018 წლის 17 მარტს, რომელიც შპს „ქ--------–--–-----ს“ დირექტორის ზ-------------–---–ის მეუღლეს ი------–---------–--ს (თავდებს) ჩაბარდა 2018 წლის 22 მარტს, შესაბამისად, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 22.03.2018 წლიდან.
3.2.3. მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 22 223.95 ლარს.
მოპასუხეთა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და ასევე სასამართლოს სხდომაზეც განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, ზ-------------–---–ის გადახდილი აქვს თანხის ნაწილი 11 838.91 ლარი, საიდანაც გადახდილია როგორც პროცენტი ისე პირგასამტეხლო (3 913.33+706.64), რომლის ოდენობაც შეადგენს 4 620.55 ლარს, რაც მათი განმარტებით არის კაბალური და იგი უნდა ჩაითვალოს ძირითად თანხაში გადახდილად. მოპასუხეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მთლიან თანხას - 30 000 ლარს უნდა გამოაკლდეს გადახდილი 11 838.91 ლარი და ბანკის მიმართ დავალიანება უნდა განისაზღვროს 18 161.09 ლარით.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით დადგენილია თანხის გადახდის რიგითობა, კერძოდ, ხელშეკრულების 2.10 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ კრედიტის დასაფარავად ბანკისათვის გადაცემული ან მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა (მსესხებელი ბანკს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტში მოცემული წესი).
აღნიშნული რიგითობით ხდება ბანკის მიერ დავალიანების დაფარვა, რომელ პირობასაც ხელშეკრულების დადების დროს მხარეები დაეთანხმნენ და დაადასტურეს შესაბამისად ხელმოწერით. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 22 223.95 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ფ----------------------–--სა“ და შპს ქ--------–-–------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში (იხ. ზევით 3.1.1 პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ სს „ფ----------------------–--სა“ და შპს „ქ--------–-–------“ შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხეების ზ-------------–---–ისა და ი------–---------–--ის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.2 და 3.1.3. პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი ზედიზედ სულ მცირე ორჯერ. ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 18 161.09 ლარის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 22 223.95 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ 4 062.86 (22 223.95-18 161.09) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 16%.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 22.03.2018 წელს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სარგებელი დათვლილია სესხის ვადის ამოწურვამდე - 2020 წლის 10 თებერვლამდე, მაგრამ მოსარჩელეს არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე, კერძოდ კი, იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ვადის დარღვევისათვის პროცენტის გადახდაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).
წარმოდგენილ სარჩელში საერთოდ არ არის მითითებული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები.
შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის - 22.03.2018 წლის მდგომარეობით და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 1 261.65 ლარის გადახდა.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ პროცენტი არის მაღალი და უნდა შემცირდეს.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური სარგებელი 16%, რომელსაც მოპასუხე დაეთანხმა ხელის მოწერით. მართალია, საბანკო კრედიტზე პროცენტის ოდენობას განსაზღვრავს ბანკი, რომელიც ბაზარზე უპირატეს მდგომარეობაში მყოფი სუბიექტია, მაგრამ ეს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ პროცენტი უკანონოა.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქცია).
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი არათუ არ აღემატება კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს, არამედ არ განსხვავდება საბანკო სფეროში ანალოგიურ პროდუქტებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთისაგან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით, ამასთან საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო განმარტავს, რომ მცირდება არა მაღალი, არამედ მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეებს შპს „ქ--------–--–-----ს“, ი------–---------–--სა და ზ-------------–---–ს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 222 ლარის გადახდა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, სს „ფ----------------------–--ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 544,83 ლარი.
ვინაიდან განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადახდილი ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი მოპასუხეების - შპს „ქ--------–--–-----ს“, ი------–---------–--ისა და ზ-------------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ქ--------–--–-----ს“, ი------–---------–--სა და ზ-------------–---–ს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 17.02.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 22223,95 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1261,65 ლარის, პირგასამტეხლოს - 706,64 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ქ--------–--–-----ს“, ი------–---------–--სა და ზ-------------–---–ს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 222 ლარის გადახდა.
5. სს „ფ----------------------–--ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 544,83 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 2018.04.10 წლის N6------- საგადახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია