გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7783-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „ლ-----ი“
წარმომადგენლები - ან---------–---–ი, ელ--------------–---–ი
მოპასუხე - შპს „AL-----S”
წარმომადგენელი - ბო------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხის შპს „AL-----S”-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26 504,29 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ლ-----მა“ მოპასუხის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე გადაიხადა 26 504,29 ლარი. მოსარჩელემ თანხა გადაიხადა ნა----------ის ანგარიშზე. შპს „AL-----S”-ს უნდა უზრუნველეყო სს „ლ-----ის“ 18 თანამშრომლის მოგზაურობის ორგანიზება ეგ-----ეში, 2015 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 06 დეკემბრამდე. 2015 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (შა---–--მ შ---იდან სა-----------------ის მიმართულებით) მოგზაურობა ვეღარ შედგა. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოპასუხე მოიძიებდა ალტერნატიულ ტურს სხვა ქვეყნის მიმართულებით, ასევე მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ მოგზაურობის კონკრეტულ თარიღებზე. მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა სხვადასხვა ალტერნატიული სამოგზაურო ტური, მაგრამ ვინაიდან შეთავაზებული პაკეტები ბევრად ჩამოუვარდებოდა შეთანხმებულს, შეთავაზებული ტურები სს „ლ-----მა“ არ მოიწონა. შეთანხმებისამებრ, მოპასუხე განაგრძნობდა ალტერნატიული სამოგზაურო პაკეტების ძიებას. მოსარჩელე ითხოვდა მოგზაურობის ზუსტი თარიღის განსაზღვრასა და მისაღები სასტუმროს შეთავაზებას. პასუხად მოგზაურობის მომწყობმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ კომპანიის მიმართ გამოყენებული იყო ყადაღა და მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. მას შემდეგ მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს „AL-----S”-მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სამოგზაურო ტურის საფასური 8800,00 ლარი გადარიცხა შპს „Co--------l”-ის ანგარიშზე. იმის გამო, რომ ავიაკატასტროფის გამო მოსარჩელემ აღარ მოინდომა ხელშეკრულების პირიბების შესრულება, თანხის მიმღებმა კომპნიამ თანხა უკან აღარ დააბრუნა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 17 704,00 ლარის ნაწილში, ხოლო 8800,00 ლარის დაბრუნებაზე უარი განაცხადა ზემოთმითითებული მიზეზის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „AL-----S”-სა და სს „ლ-----ს“ შორის გაფორმდა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, ზეპირი ფორმით.
შეთანხმების თანახმად, შპს „AL-----S”-ს უნდა უზრუნველეყო სს „ლ-----ის“ 18 თანამშრომლის მოგზაურობის ორგანიზება ეგ-----ეში, 2015 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 06 დეკემბრამდე.
სს „ლ-----მა“ შპს „AL-----S”-ის მიერ წარდგენილი ინვოისის (1----) საფუძველზე 2015 წლის 20 ოქტომბერს გადაიხადა 26 504,29 ლარი მიმღების შპს „AL-----S”-ის სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმრტება (ს.ფ. 137-139).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 206-207, იხ. 2018 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:33:11-დან).
ინვოისი (1----) (ს.ფ. 235-238).
საგადახდო დავალება №-, 20/10/2015 (ს.ფ. 13).
3.1.2. სს „ლ-----მა“ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე განაცხადა უარი მოგზაურობის დაწყებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმრტება (ს.ფ. 137-139).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 206-207, იხ. 2018 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:33:11-დან).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „AL-----S”-ის მიერ სს „ლ-----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 26 504,29 ლარს.
მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმებზე.
სსსკ-ის მე-4, 102.1 მუხლების შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სტანდარტის თანახმად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ უზურნველყო მტკიცების ტვირთის ზიდვა როგორც საპროცესო სამართლებრივი (სსსკ-ის 4, 102.1 მუხლები), მოსარჩელე მხარემ დაადასტურა გარემოება, რომ მის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილია თანხა 26 504,29 ლარი, მხარეებს შორის არსებული ტურისტული მომსახურების შეთანხმებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში მატერიალურ სამართლებრივი ნორმა (665.2 მუხლი) მოპასუხე მხარეს მოგზაურობის მომწყობს აკისრებს იმ ანაზღაურების ოდენობის (თუკი ტურისტს უკვე გადახდილი აქვს შეპირებული ანაზღაურება (რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში) მოგზაურობისათვის - თანხის ოდენობა, რისი დატოვებაც მომწყობს შეუძლია) განსაზღვრის მტკიცების ტვირთს, რისი მოთხოვნის უფლებაც მომწყობს გააჩნია და რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად. მატერიალურ სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში შესაბამისობაშია მოპასუხისათვის პროცესუალური ნორმით (102-ე მუხლი) დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილებასთან.
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 665-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად იმ ზიანის ოდენობას, რაც მას შესაძლოა განეცადა მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმით, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემდა სასამართლოს განესაზღვრა, მოგზაურობის მომწყობის მიერ, 665.2 მუხლის შესაბამისად, დასატოვებელი ზიანის ოდენობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 665-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტურისტული მომსახურების პაკეტი არის ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. ტურისტული მომსახურების მომწესრიგებელი ნორმები ხელშეკრულების ფორმის შესახებ პირდაპირ მითითებას არ შეიცავენ, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმებდეს როგორც წერილობით, ასევე ზეპირადაც. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება კონსენსუალური ბუნებისაა, რადგან იგი ძალაშია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან. როგორც წესი, ასეთი ხელშეკრულების გაფორმების მომენტი არ ემთხვევა უშუალოდ ტურისტული მომსახურების გაწევას, იგი წინ უსწრებს მოგზაურობის დაწყებას.
შპს „AL-----S”-სა და სს „ლ-----ს“ შორის ზეპირი ფორმით მიღწეულ იქნა შეთანხმება ტურისტული მომსახურების შესახებ. შეთანხმების თანახმად, შპს „AL-----S”-ს უნდა უზრუნველეყო სს „ლ-----ის“ 18 თანამშრომლის მოგზაურობის ორგანიზება ეგ-----ეში, 2015 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 06 დეკემბრამდე. სს „ლ-----მა“ შპს „AL-----S”-ს გადაუხადა 26 504,29 ლარი, შეთანხმებული საზღაური. სს „ლ-----მა“ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე განაცხადა უარი მოგზაურობის დაწყებამდე.
სსკ-ის 665-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
სასამართლო განმარტავს, რომ ტურიზმის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების უმრავლესობა ტურისტის, როგორც „სუსტი მხარის“ დაცვაზეა ორიენტირებული. სწორედ ამას ემსახურება 665.1 მუხლის დანაწესი, რომელიც ტურისტს აღჭურავს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებამოსილებით. 665-ე მუხლის პირველი ნაწილი არ მიუთითებს რაიმე პირობაზე, რომლის არსებობის დროსაც შეუძლია ტურისტს ასეთი უარის გაცხადება. აღნიშნული ნორმის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა ტურიტული საწარმო ამას საპატიოდ მიიჩნევს თუ არასაპატიოდ, შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა ასეთი უარის გაცხადების უფლება ტურისტს აქვს მხოლოდ მოგზაურობის დაწყებამდე (რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში).
სამოქალაქო კოდექსი, ერთი მხრივ, ტურისტს ისე ანიჭებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას, რომ მოგზაურობის მომწყობს ანაზღაურების მიღების უფლება არ უნარჩუნდება (665 I, II); ხელშეკრულების გაფორმებისას მოგზაურობის საზღაურის გადახდისას, შემდგომში უარის გაცხადების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გადახდილი თანხა. მეორე მხრივ, 665-ე მუხლის II ნაწილის მეორე წინადადების მიზანია გარკვეული ბალანსის შენარჩუნება და მოგზაურობის მომწყობისათვის იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება მას მიადგეს ტურისტის მოულოდნელი გადაწყვეტილების შედეგად. 665-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტურსიტულ საწარმოს მაინც შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება როგორც შეთანხმებული საზღაურის ოდენობა, ასევე ის თანხა რომელიც მას დარჩებოდა მოგების სახით ტურისტული მომსახურების განხორციელების შედეგად.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს თანხა სრულად არ უნდა დაბრუნებოდა, არამედ იმ თანხის გამოკლებით, რაც შპს „AL-----S”-მა გადაიხადა სამოგზაურო ტურის საფასურის სახით (8800,00 ლარი) შპს „Co--------l”-ის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 665-ე მუხლი არ ანიჭებს მოგზაურობის მომწყობს განხორციელებული ჯავშნების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არამედ მხოლოდ იმ ზიანის მოთხოვნის უფლებას, რაც გამოითვლება ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სკ-ის 665-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად იმ ზიანის ოდენობა, რაც მოგზაურობის მომწყობს შესაძლებელი იყო განეცადა მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმით, რის მიხედვითაც განისაზღვრებოდა მოგზაურობის მომწყობის მიერ სკ-ის 665.2 მუხლის შესაბამისად დასატოვებელი ზიანის ოდენობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-----ი“ სსკ-ის 665-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს 26 504,29 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „ლ-----ის“ სარჩელი 17 704,00 ლარის ნაწილში სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხის მიერ სარჩელის 17 704,00 ლარის ნაწილში ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახლემწიფო ბაჟი 265,56 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 529,56 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ლ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე შპს „AL-----S”-ს მოსარჩელე სს „ლ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 26 504,29 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „AL-----S”-ს მოსარჩელე სს „ლ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 529,56 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს „ლ-----ს“ 2017 წლის 21 მარტს სს „თი---------ში“ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 795.13 ლარიდან დაუბრუნდეს 265.5 ლარი, საგადასახადო დავალება N1---------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე