გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
081210118002679913
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 081210118002679913

საქმე #2/53-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - სს "ლიბერთი ბანკი",მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------–-–---–ი, ლ--–---------–---–ი

მოპასუხე - მ--------------–--ე, მ--------------ე,დავის საგანი : თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მ---------------–--ეს და მ--------------ეს სს „ლიბერთი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ხელშკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე ჯარიმის („დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2018 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით) 3281.03 ლარის ( ძირითადი თანხა - 2040 ლარი; % - 561.03 ლარი და ჯარიმა - 680 ლარი.) გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ერთი მხრივ ს.ს. „ლიბერთი ბანკსა“ და მეორე მხრივ მ--------------–--ეს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა №0002/2013/32890 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 4800 ლარი, წლიურ 18.50% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრათა 54 თვე. ყოველთვიური შენატანის ოდენობა- 131.61 ლარი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - მ--------------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 7156.30 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა თუმცა, არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. ბანკმა 2017 წლის წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარეების მიერ არ შესრულდა ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში და ამასთან ბანკის მიერ მხარეები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო, ბანკი იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლო წესით. მოპასუხეთა საბანკო კრედიტის №0002/2013/32890 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 3281.03 ლარს, აქედან: ძირითადი თანხა - 2040 ლარი; % - 561.03 ლარი და ჯარიმა - 680 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-----------------მ ნაწილობრივი ცნო სარჩელი 2040 ლარის აღებული სესხების ძირი თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში. მან ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო არის ძალიან მაღალი, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მ--------------ე.

 

მოპასუხე მ--------------ემ ასევე განმარტა, რომ ის არის თავდები პირი და მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს მ----------------ის მიერ აღებული სესხი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლიბერთი ბანკსა“ და მეორე მხრივ მ--------------–--ეს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა №0002/2013/32890 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 4800 ლარი, წლიურ 18.50% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრათა 54 თვე. ყოველთვიური შენატანის ოდენობა- 131.61 ლარი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს ,,ლიბერთი ბანკის" მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 6.02.2017-დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისიწინებული თანხის დაფარვა. შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 0002/2013/32890, ს.ფ.18;

- 2013 წლის 27 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სახელფასო კრედიტი) #0002/2013/32890, ს.ფ. 19-20;

- სესხის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ. 21-22;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდი სისტორია, ს.ფ.25-35;

 

3.1.2. 2013 წლის 27 დეკემბერს სს,,ლიბერთი ბანკსა" და მ--------------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - მ--------------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობა განისაზღვრა ვალდებულების სრულ შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 17 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება, ს.ფ. 23;

 

3.1.3. სს ,,ლიბერთი ბანკის" მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემული 03065/1558 დავალიების შესახებ ცნობის თანახმად, 2018 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე მ--------------–--ეს (პ/ნ 61010005554) ერიცხება შემდეგი სახის სასესხო დავალიანება: სულ 6100,72 ლარი, საიდანაც : სესხის ძირი თანხაა-2040,00 ლარი: სესხზე დარიცხული პროცენტი-561,03 ლარი;

 

ამასთან ბანკს აქვს უფლება, მოვალეს მოსთხოვოს სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა 3499,69 ლარი; თუმცა სს ,,ლიბერთი ბანკი" თანახმაა, ამ ეტაპზე დარიცხული ჯარიმის შეღავათების ხარჯზე, მოვალეს მოსთხოვოს დავალიანების გადახდა სულ 3281,03 ლარის ოდენობით, საიდანაც: სესხის ძირი თანხაა-2040,00 ლარი; სესხზე დარიცხული პროცენტი-561,03 ლარი; სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა 680,00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 17;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4 მოპასუხე მ--------------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 2040 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მ--------------–--ის ახსნა-განმარტება.

- -სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „ლიბერთი ბანკის’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 895-ე, 896-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მ--------------–--ემ და მ--------------ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 2040 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკი“ წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2013 წლის 27 დეკემბრის 0002/2013/32890 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენრის 561,03 ლარის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ლიბერთი ბანკსა“ და მეორე მხრივ მ--------------–--ეს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა №0002/2013/32890 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 4800 ლარი, წლიურ 18.50% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრათა 54 თვე.

 

ასევე დადგენილია, მოპასუხე მ--------------–--ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის №0002/2013/32890 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 06 თებერვლიდან. ამის შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2013 წლის 27 დეკემბრის საბანკო კრედიტის №0002/2013/32890 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 561,03 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 27 დეკემბრის №0002/2013/32890 საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების თანხის 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებლი დღისათვის.

 

შესაბამისად, მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 27 დეკემბრის №0002/2013/32890 ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 680 ლარი შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოსარჩელეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 680 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა 680 ლარი უნდა შემცირდეს და 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 136 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს სს,,ლიბერთი ბანკსა" და მ--------------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - მ--------------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან მ--------------–--ესთან ერთად და ამავე ხელშეკრულებით თავდებობა განისაზღვრა ვალდებულების სრულს შესრულებაზე. ასევე დადგენილია, რომ მ--------------–--ის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მ--------------–--ე და მ--------------ეს სოლიდარულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპრეოცესო ოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯების საფოსტო მომსახურების ხარჯის 36 ლარის დაკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის ნაწილში 2040 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 30,00 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის 544 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 9,55 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე მ--------------–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 10,45 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე მ--------------–--ეს ასევე უნდა დეკისროს მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 36 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილებს აღსრულების წესის განსაზღვრა

 

9.1. მოპასუხეებმა მ--------------–--ემ და მ--------------ემ მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებს აღსრულების გადაწილვადება.

 

მოპასუხე მ--------------–--ის განმარტებით მას არ აქვს საშუალება, რომ ერთდროულად გადაიხადოს თანხა, რომელიც დაეკისრება სასამართლო გადაწყვეტილებით, მას არ უნდა რომ თავდებ პირს მ--------------ეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეექმნას პრობლემები და ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას.

 

მოპასუხე მ--------------ის მიერ განმარტებული იქნა, რომ ის არის სკოლის მასწავლებელი, მას აქვთ თავისი ვალდებულებები, აქვს პირადი კრედიტი, სხვა რაიმე სახის შემოსავალი ხელფასის გარდა არ აქვს, ოჯახში ცხოვრობენ ის და მისი ავადმყოფი მამა, არ აქვს საშუალება რომ გადაიხადოს მ--------------–--ის კრედიტი და ითხოვს რომ მოხდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე ისედაც მზად იყო მორიგებისთვის და თანახმაა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

აღსრულების განაწილვადება ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპობრივად აღსრულების დადგენას. სასამართლომ უნდა განსაზღვროს ზუსტი კალენდარული დრო, რომელშიც უნდა მოხდეს აღსრულება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების აღსრულებას და იგი დასაშვებია, თუ არსებობს ამისათვის გონივრული საფუძველი.

 

მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მოთხოვნას და მიზანშეწოლილად მიაჩნია, რომ მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადდეს ერთ წლამდე ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,, ლიბერთი ბანკი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. მოპასუხეებს მ--------------–--ეს და მ--------------ეს სს„ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 27 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2737,03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2040 ლარი, 561,03 ლარი პროცენტი, 136 ლარი პირგასამტეხლო.

 

3. მოპასუხე მ--------------–--ეს სს „ლიბერთი ბანკი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 10,45 ლარის და ფოსტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 36,00 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს სს,,ლიბერთი ბანკში" #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 50 ლარიდან - 30 ლარი;

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 9,45 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადდეს ერთ წლამდე ვადით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე