გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
240210017001785388
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017001785388

(2/60-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.02.2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი- ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - ი-------–----ა,მოსარჩელე - მა----ა ჩ---ა

მოსარჩელეების წარმომადგენელი - ხვ--- ხე---------ი

მოპასუხე - ლა-–- ძ-----ა

წარმომადგენელი - ივ-–---- ხუ--–--–--ა

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელეების ი-------–----ასა და მა----ა ჩ---ას სასარგებლოდ, მოპასუხე ლა-–- ძ-----ასათვის 18880.22 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი გააჩნდათ სამკვიდრო ქონება. აღნიშნულ ქონებაზე კომლის უკანასკნელი წევრი იყო მათი დედა, მა----–- შე----–-ა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელს, რძალმა ლა-–- ძ-----ამ უკანონოდ, საჯარო რეესტრში არასწორი ინფორმაციის წარდგენით, დაირეგისტრირა მათი კუთვნილი სამკვიდრო ქონება. უძრავ ნივთზე თანამესაკუთრეებად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეებმა იდავეს სასამართლო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს ქონება უკვე გასხვისებული ქონდა კეთილსინდისიერ შემძენზე, თუმცა იმავე გადაწყვეტილებით დადგინდა ლა-–- ძ-----ას საკუთრების რეგისტრაციის უკანონობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს ი-------–----ასა და მა----ა ჩ---ას ფაქტობრივი ფლობით მიღებული ქონდათ სამკვიდრო ქონება.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ლა-–- ძ-----ამ აღნიშნული ქონება გაყიდა 13 000 აშშ დოლარად, საიდანაც თითოეულის კუთვნილი წილია 1/3, შესაბამისად 4330.33 აშშ დოლარი. ლა-–- ძ-----ა მათი კუთვნილი წილის გაყიდვით გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რის გამოც მან მოსარჩელეებს ი-------–----ას და მა----ა ჩ---ას უნდა დაუბრუნოს თითოეულს 4330.33 - 4330.33 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ლა-–- ძ-----ამ სარჩელი არ ცნო, მიუთითა მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რეგისტრაციის უკანონობაზე, არ შეესაბამება რეალობას, უძრავი ნივთის რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ გასხვისება, განახორციელა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მას არანაირი ვალდებულება არ ეკისრება მოსარჩელეების მიმართ, რის გამოც თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომელშიც 1991 წლამდე ირიცხებოდნენ: ბო--- შე----–-ა (კომლის უფროსი), მისი მეუღლე -მა----–- შე----–-ა, მათი რძალი ლა-–- შე----–-ა (ძ-----ა) და შვილიშვილი-გო------ი შე----–-ა. კომლს ერიცხებოდა 1 ჰა საეზოვე მიწის ნაკვეთი (საკომლო წიგნიდან ამონაწერი);

 

1991 წლიდან ლა-–- შე----–-ა (ძ-----ა) და გო------ი შე----–-ა გავიდნენ მითითებული კომლიდან (საკომლო წიგნიდან ამონაწერი);

 

2003 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა ბო--- შე----–-ა, ხოლო მისი სამკვიდრო მიიღო მა----–- შე----–-ამ;

 

მა----–- შე----–-ა გარდაიცვალა 2010 წლის 3 დეკემბერს.მისი შვილები ი-------–----ა და მა----ა ჩ---ა დედის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ დედის დანაშთ სამკვიდროს, ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე უძრავ ქონებას. კერძოდ, ი-------–----ა დედის გარდაცვალების შემდეგ, მა----ა ჩ---ას შვილთან პა---- ჩ---ასთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა დედის დანატოვარ სახლში, სადაც პერიოდულად აკითხავდა მა----ა ჩ---ა, რომლებიც ერთად უვლიდნენ სახლს, ეზოში გაშენებულ თხილნარს (მოწმეების-მაი-------–----ას, ღუ-----ი ლა----–---ს, გუ-–---- ფი----ს, პა---- ჩ---ას, ი---------ა ჩვენებები, ასახული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმში);

 

2011 წლის 18 იანვრის საარქივო ცნობის საფუძველზე ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლა-–- ძ-----ას და გო------ი შე----–-ას თანასაკუთრებად, ხოლო გო------ი შე----–-ას გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლის 4 თებერვალს-ლა-–- ძ-----ას საკუთრებად;

 

2015 წლის 4 თებერვალს ლა-–- ძ-----ამ აღნიშნული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მთვარისა ეხვაიაზე 2015 წლის 10 თებერვალს აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს N2/ბ-180-2016 გადაწყვეტილება (24.05.2016 წ)

 

3.2.2.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლო, მოცემული დავის განხილვის ფარგლებში დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლა-–- ძ-----ას მიერ გასხვისებულ იქნა სამკვიდრო ქონების,ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე უძრავი ქონების, ი-------–----ასა და მა----ა ჩ---ას კუთვნილი 1/3-1/3 წილი, რომელიც მათ მიღებული ქონდათ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით.

 

3.2.3.2015 წლის 4 თებერვალს ლა-–- ძ-----ასა და მთვარისა ეხვაიას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე უძრავი ქონება -10000.00 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლა-–- ძ-----ას მიერ გაყიდულ იქნა 13000 აშშ დოლარად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (04.02.2016 წ);

-მხარეთა განმარტებები

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ლა-–- ძ-----ას მოსარჩელეების ი-------–----ასა და მა----ა ჩ---ას, თითოეულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4330.33 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში -9440.11 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;- სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლება არის პირის უნარი სუბიექტს მოსთხოვს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება, ან კიდევ, შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

 

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის, 985-ე მუხლის პირველი ნაწილის, 979-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ დავის გადაწყვეტისას განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი, როგორც წესი, დელიქტია. გამდიდრების უსაფუძვლობა კი, შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის, – მართლზომიერ ქმედებებსაც. ამასთან დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა არსებობს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება.

 

უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, ასეთი ტოლობა შეიძლება, არ გვქონდეს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. ამ ვალდებულებებში განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, ასეთი შემცირება-გაზრდა არ ხდება. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. (იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს, მა----ა ჩ---ასა და ი-------–----ას 2010 წლის 3 დეკემბერს გარდაცვლილი დედის მა----–- შე----–-ას სამკვიდროს, ზუ-------ს რაიონის სოფელ კ---–ი მდებარე უძრავი ქონების -10000.00 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, 1/3-1/3 წილი მიღებული ქონდათ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მიუხედავდ აღნიშნულისა, 2015 წლის 4 თებერვალს, მთელი სამკვიდრო ქონება აღირიცხა მხოლოდ ლა-–- ძ-----ას საკუთრებაში. შესაბამისად, ლა-–- ძ-----ას ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონების ის ნაწილიც (1/3-1/3 წილი) რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

ამდენად,უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის არსებობის მიზანიც სწორედ ისაა, რომ უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლა-–- ძ-----ამ 2015 წლის 4 თებერვალს მასსა და მთვარისა ეხვაიას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ქონება 13 000 აშშ დოლარად გაასხვისა. მა----ა ჩ---ასა და ი-------–----ას კუთვნილი წილის გასხვისებით მიიღო სარგებელი, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო უსაფუძვლოდ გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით- მოახდინოს უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად, ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები, მიუხედავად იმისა, რომ ლა-–- ძ-----ას საკუთრებაში აღრიცხული იყო მათი კუთვნილი წილებიც, ამავე ქონების თანამესაკუთრეებად არ იქნენ ცნობილი იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ნივთი უკვე გასხვისებული იყო კეთილსინდისიერ შემძენზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ძირითად პრინციპს და იგი იცავს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ნდობას სამოქალაქო ბრუნვის შესახებ, რომ არ მოხდება სამართლებრივი უფლებების ბოროტად გამოყენება.

 

შემძენის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა ლა-–- ძ-----ასაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა.

 

ვინაიდან სადავო ქონება, რომლის 1/3-1/3 წილის მესაკუთრეები იყვნენ მოსარჩელეები, ლა-–- ძ-----ამ გაასხვისა 13 000 აშშ დოლარად, შესაბამისად, გაუმართლებლად, უსაფუძვლოდ მიიღო სარგებელი, რაც თითოეული მოსარჩელის მიმართ, შეადგენს 4330.33 - 4330.33 აშშ დოლარს (სარჩელის წარდგენის დროისათვის 9440.11-9440.11 ლარს). აღნიშნული თანხა უსაფუძვლოდ გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, ექვემდებარება მოსარჩელეებისათვის უკან დაბრუნებას, რაც სასამართლოს მოსაზრებით, უზრუნველყოფს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენას.

ამდენად, არსებობს მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2.მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (სსკ-ის მე-2 მუხლი), თუმცა ეს უფლება გარკვეულ შეზღუდვასაც ექვემდებარება საპროცესო მოქმედების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის არსებობის სახით. კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა, ხოლო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მას შესაძლოა წაერთვას დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია საგამონაკლისო წესები იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა, ამასთან, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარეთა უფლებები, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.

 

გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. ანუ მხარე უფლებამოსილია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაზე, მიუთითოს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მითითება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი, რომლის გამოც ეს გარემოება მითითებული ვერ იქნა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე (შესაგებელშივე) მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის მოთხოვნის წარდგენის უფლება ქონდა ამ უფლების წარმოშობიდან სამი წლის ვადაში, რაც მას არ განუხორციელებია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელეთა კუთვნილი წილი ლა-–- ძ-----ას საკუთრებაში აღირიცხა 2015 ლის 4 თებერვალს და იგი მან იმავე დღესვე (2015 ლის 4 თებერვალს) გაასხვისა. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენის უფლება მოსარჩელეებს წარმოეშვათ ამ ვადიდან-2015 წლის 4 თებერვლიდან. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 31 იანვარს, შესაბამისად, ორ წელიწადზე ნაკლებ ვადაში, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას.

 

გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იმავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოთხოვნით მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით უკვე მიმდინარეობდა (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებები) რაც ასევე გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას.

 

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც სადავო იყო გარკვეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა შემდეგი: ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება რა ლეგიტიმურ მიზნებს, სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა... (იხ., თ. ჯანაშვილი, ნ. ჯანაშვილი და ი. ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №3/1/531, ბათუმი, 2013 წლის 05 ნოემბერი). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ნამსჯელი ხანდაზმულობის ლეგიტიმურობის სამართლებრივ საკითხზე, სახელდობრ, 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: ,,... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.“).

 

ამდენად, მოსარჩელეების მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციის უმიზეზოდ დროში გახანგრძლივების მცდელობას ადგილი არ ქონია, მოსარჩელეებმა თავიანთი უფლების განხორციელების მიზნით სასამართლოს მიმართეს ამ უფლების წარმოშობის მომენტშივე, კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც მოპასუხის პოზიცია ამ ნაწილში გაზიარებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე,გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ საქმეზე შეადგენს 566. 41 ლარს, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.დაკმაყოფილდეს ი-------–----ასა და მა----ა ჩ---ას სარჩელი მოპასუხე - ლა-–- ძ-----ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს ლა-–- ძ-----ას ი-------–----ას სასარგებლოდ 4330.33 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში -9440.11 ლარის გადახდა.

 

1.2.დაეკისროს ლა-–- ძ-----ას მა----ა ჩ---ას სასარგებლოდ 4330.33 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში -9440.11 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს ლა-–- ძ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის -566. 41 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია