გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1186-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.02.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ინგა მ--------ია
წარმომადგენელი - მელიტონ გ-----ვანიძე
მოპასუხე - ჯუმბერ ა---–--ის სამართალმემკვიდრე ელგუჯა ა---–--ე
წარმომადგენელი - ვახტანგ კ-----ალიანი
დავის საგანი - თანხის დაკისრება; უსაფუძვლო გამდიდრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ელგუჯა ა---–--ეზე, მოსარჩელე ინგა მ--------იას სასარგებლოდ, 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, ინგა მ--------ია 20 წელზე მეტია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ელგუჯა ა---–--ესთან. ამ ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის მე-6 შეს. №11-ში, მოსარჩელის მამამთილის, მოპასუხე ჯუმბერ ა---–--ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში. 2007-08 წლებში აღნიშნულ მისამართზე ააშენეს ახალი პროექტით საცხოვრებელი სახლი (ს/კ 03.05.05.020), რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, რადგან პროექტი გაცემული იყო მოპასუხის სახელზე. ახალი სახლის მშენებლობისა და მოწყობისათვის, რომელიც დასრულებულ მდგომარეობაშია. 2007-12 წლებში მოსარჩელემ რამდენჯერმე პირადად გამოიტანა ბანკიდან სამომხმარებლო სესხი, რომლის საერთო თანხა აჭარბებდა 40 000 (ორმოცი ათას) ლარს. აღნიშნული ბანკის ვალები მოსარჩელემ გადაიხადა პირადად, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ გადახდილი საბანკო ამონაწერები.
2012 წელს ინგა მ--------იას მეუღლის ინიციატივით ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა მათი განქორწინება, მიუხედავად ამისა, მოსარჩელე 2015 წლამდე ცხოვრობდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. მოსარჩელესა და მის მეუღლეს შორის ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ინგა მ--------ია იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან. სახლის მშენებლობისა და მისი გარემონტების შემდეგ, შეთანხმებისამებრ აღნიშნული ბინის ½ ნაწილი უნდა აღრიცხულიყო მოსარჩელის სახელზე, მაგრამ მოპასუხემ პირობა არ შეასრულა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ელგუჯა ა---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა - ინგა მ--------იასთან. 2012 წლის 26 იანვარს ერთად, ნებაყოფლობით მიმართეს იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განქორწინების თაობაზე, ამავე დღეს მოხდა განქორწინება. შესაბამისი განქორწინების მოწმობა გაიცა - 2012 წლის 13 მარტს;
კონკრეტული კრედიტები გამოტანილი იქნა ინგა ა---–--ის (იგივე მ--------იას) სახელით, კერძოდ 2007 წლის დეკემბერში ,,საქართველოს ბანკი“-დან აიღეს 10 000 (ათი ათასი) ლარი, ,,პროკრედიტ ბანკი“-დან 2008 წელს 17 000 ლარი და 2009 წლის მაისში 30.000 ლარი, თანხა მოხმარდა მისი მამამთილის ჯუმბერი ა---–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას, მაგრამ კრედიტები გადახდილი იქნა ელგუჯა ა---–--ის სახსრებით და შემოსავლებით.
მოპასუხის განმარტებით, სადაო საცხოვრებელი ბინა აშენდა 2007-2008 წლებში. არავითარი შეთანხმება ელგუჯა ა---–--ესა და ინგა მ--------იას შორის არ მომხდარა ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის ინგა მ--------იას სახელზე აღრიცხვის თაობაზე, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მოსარჩელის მამამთილს და ნებაყოფლობით განქორწინების დროს სამოქალაქო რეესტრში მხარეები აფიქსირებენ, რომ ქონებრივი დავა არ აქვთ. ამჟამად ქონებრივი დავა ხანდაზმულია, სამოქალაქო კოდექსის 1171-ე; 128-ე; 129-ე მუხლების და 976-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქ/პუნქტის შესაბამისად;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ჯუმბერი ა---–--ის უფლებამონაცვლეა, შვილი - ელგუჯა ა---–--ე.
მტკიცებულება: განჩინება. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ტ.1. ს/ფ. 122).
3.1.2. დადგენილია, რომ ელგუჯა ა---–--ე და ინგა მ--------ია განქორწინდნენ 2012 წლის 13 მარტს.
მტკიცებულება: განქორწინების მოწმობა. (ტ.1. ს/ფ.58).
3.1.3. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ში მდებარე სახლი არის კეთილმოწყობილი, კაპიტალური, ორსართულიანი ნაგებობა საერთო ფართით 130.85 კვ.მ. აქვს დამხმარე ნაგებობა ერთსართულიანი ფართით- 77.62 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 360.40 კვ.მ. ქონების ღირებულებაა 120 000 (ასოცი ათასი) ლარი.
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა. (ტ.1. ს/ფ. 36).
3.1.4. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ში მდებარე სახლი, 2018 წლის 22 ნოემბრის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ელგუჯა ა---–--ის სახელზე.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ტ.1. ს/ფ. 122).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა მე-6 შესახვევი №11-ში არსებული საცხოვრებელი ბინა არასდროს არ ყოფილა აღრიცხული საჯარო რეესტრში - ელგუჯა ა---–--ის სახელზე; ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა მე-6 შესახვევი №11-ში არსებული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის ჯუმბერ ა---–--ეს - მოსარჩელის ყოფილ მამამთილს;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი; მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.2. დადგენილია, რომ ბანკიდან კრედიტები გამოტანილ იქნა - ინგა ა---–--ის (იგივე მ--------იას) მიერ, კერძოდ: 2007 წლის დეკემბერში ,,საქართველოს ბანკიდან’’ აიღეს - 10 000 (ათი ათასი) ლარი, სს ,,პროკრედიტ ბანკიდან’’ 2008 წლის სექტემბერში - 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი და 2009 წლის მაისში - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი. 2009 წლის დეკემბერში სს ,,პროკრედიტ ბანკიდან’’ მიიღო 13.800 ლარი; 2009 წლის 4 დეკემბერს სს ,,პროკრედიტ ბანკიდან’’ მიიღო 16.200 ლარი; მოსარჩელის განმარტებით, თანხა მოხმარდა მისი მამამთილის - ჯუმბერი ა---–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას, მაგრამ ვალი გადახდილი იქნა - ელგუჯა ა---–--ის სახსრებით და შემოსავლებით;
მტკიცებულება: სესხის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის გრაფიკი. მხარეთა ახსნა-განმარტება. (ტ.1. ს/ფ. 13-34).
3.2.3. მოწმედ დაკითხულმა თამარ ა---–--ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის და მოპასუხის შვილი. შექმნილი აქვს ოჯახი და ცხოვრობს ცალკე. მოწმის განმარტებით, ოჯახმა გადაწყვიტა ბაბუის, ჯუმბერი ა---–--ისძველი სახლის დაშლა და მის ადგილზე ახალი სახლის აგება. დედა ინგა მ--------ია და მისი ძმა ჯაბა ა---–--ე მუშაობდნენ მაღაზიაში. დედამ ბანკიდან აიღო სესხი და მიღებული თანხა მოხმარდა სახლის მშენებლობას, ხოლო სესხი დაიფარა ინგა მ--------იას მიერ. იყო შეთანხმება, რომ ახლად აშენებული სახლი გაფორმდებოდა მისი ძმის - ჯაბა ა---–--ის სახელზე.
მოწმის განმარტებით, სახლის მშენებლობა დაიწყეს 2008 წელს, ხოლო რემონტი 2009 წელს.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.4. მოწმედ დაკითხულმა ფატიმა მ--------იამ განმარტა, რომ არის მოსარჩელის და. მოწმის განმარტებით, ოჯახს ჰქონდა მაღაზია, სადაც ინგა მუშაობდა, რომელმაც აიღო სესხი ბანკიდან, დაანგრიეს ძველი სახლი და დაიწყეს ახლის მშენებლობა. სესხი იფარებოდა მაღაზიის შემოსავლებით. სახლის მშენებლობის დასრულების ზუსტი თარიღი არ იცის.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.5. მოწმედ დაკითხულმა ვალიკო გაბუნიამ განმარტა, რომ არის მშენებელი. სახლის აშენების შეთანხმება დადო ელგუჯა ა---–--ესთან. ძველი სახლი დაანგრიეს და ახალი ორსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო 2008 წლის ივლისში და დასრულდა სექტემბერში. მშენებლობისათვის მიიღო 10.000 (ათი ათასი) ლარი. არ იცის თანხა ვისი კუთვნილება იყო.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.6. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ში მდებარე სახლის მშენებლობაზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების და მოპასუხე ელგუჯა ა---–--ის გამდიდრების ფაქტის დადგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ინგა მ--------იას მიერ ბანკიდან სესხის სახით მიღებული თანხები მოხმარდა ჯუმბერ ა---–--ის (უფლებამონაცვლე ელგუჯა ა---–--ე) სახელზე რეგისტრირებული სახლის მშენებლობას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ელგუჯა ა---–--ემ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 976-ე, 982-ე, 987-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით - ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
-განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით, (რწმუნებულება) დადგენილია, რომ ინგა მ--------იამ 2015 წლის შვიდ აპრილს რწმუნებულება მისცა მელიტონ გ-----ვანიძეს, ხოლო ინგა მ--------იას საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ი. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 03 აპრილს ინგა მ--------იამ სს ,,პროკრედიტ ბანკიდან“ სესხის აღებისას საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის მე-6 შეს. №11-ი.
აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წლის 6 ივლისს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ უსაფუძვლოა.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე წესებით უნდა დარეგულირდეს. კერძოდ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. არასახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვალდებული პირის სურვილისაგან დამოუკიდებლად. უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების დროს მოსარჩელეს არა აქვს უფლება მოითხოვოს მისი შესრულების სრული ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, ძირითადი კრიტერიუმია, თუ რამდენად გაუმჯობესდა მოპასუხის მდგომარეობა. წინამდებარე შეთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს რა თანხა დაიხარჯა ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ში მდებარე იმ სახლის აგებაზე და რემონტზე, რომელიც ჯუმბერი ა---–--ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ელგუჯა ა---–--ემ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია სახლის ღირებულება ქონების დაბრუნების მომენტში. კერძოდ -აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის (ყოფ. მარქსის) მე-6 შეს. №11-ში მდებარე სახლი არის კაპიტალური, ორსართულიანი, საერთო ფართით 130.85 კვ.მ. კეთილმოწყობილი. აქვს დამხმარე ნაგებობა ერთსართულიანი ფართი 77.62 კვ.მ. ქონება შეფასდა 120 000 ლარად.
6.3. დადგენილია, რომ ინგა მ--------ია და ელგუჯა ა---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 1993 წლიდან და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ქ. ქუთაისში თაბუკაშვილის მე-6 შესახ. N11-ში, ჯუმბერი ა---–--ის სახელზე რეგისტრირებულ სახლში.
დადგენილია, რომ ინგა ა---–--ე (მ--------ია) ელგუჯა ა---–--ესთან რეგისტრირებული ქორწინების დროს საკრედიტო ორგანიზაციებიდან იღებდა სესხს მაღაზიის ფუნქციონირებისათვის. დადგენილია, რომ მაღაზიიდან მიღებული შემოსავლები ასევე ხმარდებოდა ჯუმბერი ა---–--ის სახელზე რეგისტრირებული სახლის ადგილზე დაწყებული ახალი სახლის მშენებლობას, რომელიც ჯუმბერი ა---–--ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ელგუჯა ა---–--ემ.
საყურადღებოა, რომ სარჩელი აღძრულია 2015 წელს და მიმართული იყო ჯუმბერი ა---–--ის წინაღმდეგ, ხოლო საქმის განხილვისას ჯუმბერი ა---–--ე 2017 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ამ დროისთვის ელგუჯა ა---–--ე და ინგა მ--------ია განქორწინებული (განქორწინების თარიღი, 2012 წლის 26 იანვარი) არიან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.
6..საქართველოს საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა“.
6.7.სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.
მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
მსგავსი კატეგორიის სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
6.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ინგა მ--------ია და ელგუჯა ა---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 20 წლის მანძილზე. მხარეები არ უარყოფენ, რომ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შემოსავალი ჰქონდა ინგა მ--------იას.
წინამდებარე შემთხვევაში, რეგისტრირებული ქორწინება, საერთო მეურნეობის წარმოება, მიანიშნებს, რომ მხარეებს სურდათ ეცხოვრათ ერთ ოჯახად, ინგა მ--------იას ჰქონდა ნდობა მეუღლე ელგუჯა ა---–--ისადმი და მისი მამის სახელზე რეგისტრირებული სახლის მშენებლობისათვის გაიღო ხარჯები. აიგო ახალი სახლი, რომელიც შეფასებულია 120 000 ლარად, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ელგუჯა ხალაძემ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ინგა მ--------იამ დატოვა ელგუჯა ა---–--ის სახლი. მიმდინარე დავის გადაწყვეტისას, სასამართლო სხდომაზე ელგუჯა ა---–--ემ განმარტა, რომ არ სურს ინგა მ--------იასთან ცხოვრება, სახლი მისი სახსრებითაა აგებული. ხოლო ინგა მ--------იამ განმარტა, რომ მითითებული უძრავი ნივთი მდებარე ქ. ქუთაისში თაბუკაშვილის მე-6 შესახ. N11-ში აგებულია მისი გამომუშავებული თანხით, რაც შეადგენს 40. 000 ლარზე მეტს. სწორედ აღნიშნული თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა ელგუჯა ა---–--ე, რადგან ის წარმოადგენს ჯუმბერი ა---–--ის მემკვიდრეს და მას გადაეცა ინგა მ--------იას თანხებით აგებული სახლი.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ უკავშირდება უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებას, არამედ მისი ინტერესია ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების მესაკუთრის ცვლილება ვერ დაარღვევს მის უფლებას მოითხოვოს ახალი მესაკუთრისაგან უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის დაბრუნება.
6.10. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავოა თანხების წარმომავლობა (კუთვნილება) და ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთმანეთის ოჯახის წევრები იყვნენ, მოსარჩელეს ევალება, დაამტკიცოს ფაქტი, რომ თანხა, რომლის ანაზღაურებასაც ის ითხოვს, მისი კუთვნილება იყო. მოსარჩელემ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხის აღების და დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელთა საერთო რაოდენობა აღემატება 40.000 ლარს. (ს/ფ.13-35).
აღნიშნული მტკიცებულების გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხე ელგუჯა ა---–--ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინგა მ--------იას ჰქონდა სურვილი ეცხოვრა ერთ ოჯახად ელგუჯა ა---–--ესთან ერთად. ამ მიზნით გაიღო თანხები ჯ.ა---–--ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რომელიც განქორწინების შემდეგ მიიღო ელგუჯა ა---–--ემ, როგორც ჯ. ა---–--ის მემკვიდრემ და იგი გამდიდრდა ინგა მ--------იას მიერ გაღებული თანხებით.
6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
გარდა ამისა, სასამართლო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რადგან სარჩელის სამართლებრივი საფუძველია კონდიქციური ვალდებულება, მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. ამდენად, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელით სასამართლოს 2015 წლის ივლისში მიმართა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1200.00 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი, 1200 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ინგა მ--------იას სარჩელი.
2. დაეკისროს ელგუჯა ა---–--ეს მოსარჩელე ინგა მ--------იას სასარგებლოდ 40.000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1200 ლარი, იურიდიული მომსახურების 1000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი მოპასუხე ელგუჯა ა---–--ეს დაეკისროს გადასახდელად ინგა მ--------იას სასარგებლოდ.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე