გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13506-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე - შპს ,,ე------–-----ი’’
წარმომადგენლები - ი-–----–-----ე, ი-------–----–---–ი
მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს’’
წარმომადგენელი - ი-----–------–--ე, გ--–--------ე, თ----------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნა სარჩელში:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.
2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში:
2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5 623.9 ლარის ანაზღაურება.
ძირითადი სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-16):
1.1.1. თავისი სამეწარმეო მიზნების შესაბამისად ახორციელებს ტვირთის გადაზიდვის მომსახურეობას. ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხესთან, როგორც სატრანსპორტო მომსახურების დამკვეთთან;
1.1.2. მხარეებს შორის 2018 წლის 10 თებერვალს დაიდო ექსპედიციის ხელშეკრულება სატრანსპორტო მომსახურეობის შესახებ, რომლის თანახმადაც, იგი უზრუნველყოფდა ტვირთის ექსპედიციის და მასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას მოპასუხის დავალებით და მისი ხარჯებით;
1.1.3. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის გაწეული მომსახურების საფასური წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ სამი კალენდარული დღის განმავლობაში;
1.1.4. თბილისი-ბაქოს რეისით (ავტომობილი სახელმწიფო ნომრით 9------------) განხორციელდა ტვირთის ტრანსპორტირება მისი ქვეკონტრაქტორი კ------იის - შპს ,,ა--------------ს’’ მძღოლის - ქ------- ჰ-------ის მიერ;
1.1.5. სატრანსპორტო საშუალება გამგზავრებამდე შემოწმდა და იგი იყო გამართულ მდგომარეობაში;
1.1.6. ტვირთის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება განხორციელდა 2018 წლის 19 თებერვალს;
1.1.7. ამავე დღეს მან თავის ქვეკონტრაქტორ კ------იას შპს ,,ა--------------ს’’ აუნაზღაურა გაწეული მომსახურების ღირებულება 2 168.14 ლარის ოდენობით;
1.1.8. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ტვირთის დაცლისთანავე მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შესრულებული მომსახურეობის ანაზღაურების თაობაზე გამოწერილი №--- ინვოისის შესაბამისად 950 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის თაობაზე;
1.1.9. იგი სამი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რა მიზეზით არ ასრულებდა მოპასუხე თანხის გადახდის ვალდებულებას;
1.1.10. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტვირთის მიმღებ მხარეს გამოუთქვამს პრეტენზია საქონლის დანაკლისის და დაზიანების გამო, რაც მოპასუხის აზრით მისი ქვეკონტრაქტორი მძღოლის ბრალით უნდა ყოფილიყო გამოწვეული;
1.1.11. იგი არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, ვინაიდან გასარკვევი იყო საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა საქონლის მიღების, გადმოტვირთვა-შენახვის პროცედურები;
1.1.12. აქტი, რომელიც მიუთითებს საქონლის დაზიანებასა და დანაკლისზე, არ არის სათანადოდ დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერილია გაურკვეველი პირების მიერ;
1.1.13. მოპასუხის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილი გარკვეული სახის პროდუქციის ამსახველი ფოტოებიდან შეუძლებელია როგორც პროდუქციის იდენტიფიცირება, ასევე იმის დადასტურება, თუ სად მოხდა ტვირთის დაზიანება-ავტომობილით ტრანსპორტირებისას თუ მისი გადმოტვირთვის და შენახვის შემდეგ;
1.1.14. 2018 წლის 23 თებერვალს მიმართა მოპასუხეს წერილობით და მოითხოვა მიყენებული ფინანსური ზარალის - გამოწერილ №--- ინვოისში მითითებული თანხის - 950 აშშ დოლარის ანაზღაურება. ასევე მიუთითა, რომ ტვირთის მიღებისას და მისი შემოწმებისას დარღვეული ჰქონდათ როგორც ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, მათ შორის ის გარემოება, რომ მისი ინფორმირება აღნიშნული ფაქტის შესახებ მოხდა ტვირთის დაცლიდან მესამე დღეს;
1.1.15. წარდგენილი მიმართვის პასუხად მოპასუხემ 2018 წლის 05 მარტს მისი მომსახურე იურიდიული კ------იის მეშვეობით წარუდგინა პრეტენზია ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
1.1.16. 2018 წლის 09 მარტს კვლავ მიმართა მოპასუხეს წერილობით არსებული დავალიანების - 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის თაობაზე, რაზეც მოპასუხის მხრიდან პასუხი აღარ მიუღია.
შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 217-229):
2.1.1. 2018 წლის 10 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტვირთის ექსპედიციის შესახებ, რომლის თანახმადაც მოპასუხე შპს ,,ე------–-----ი’’ განისაზღვრა ექსპედიტორად;
2.1.2. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მიწოდების ვადა, ანგარიშსწორების პირობები და ექსპედიტორის პასუხისმგებლობა;
2.1.3. ხელშეკრულების საფუძველზე ტრანსპორტირებულ იქნა ბავშვთა პროდუქციის ბრენდის ,,H-----’’-ს პროდუქცია, რომლის საბოლოო მიმღებიც იყო ,,H----- A-----’’;
2.1.4. 2018 წლის 26 თებერვალს მან აზერბაიჯანული მხარისგან მიიღო წერილი თანდართული დოკუმენტებით (ფოტოსურათები და მიღების ფურცელი), რითიც დასტურდება, რომ ტრანსპორტირებული პროდუქციის ნაწილი (,,H----- 1’’, ,,H----- MB Griess 200g FS’’, ,,H----- 2 300g’’) დაზიანებულ იქნა, რის შედეგადაც მას მიადგა ზიანი;
2.1.5. დაზიანებული პროდუქციის -,,H----- 1’’, ,,H----- MB Griess 200g FS’’ და ,,H----- 2 300g’’ ზარალის ჯამური ღირებულება შეფასდა სადაზღვევო კ------იის მიერ და ზარალის ოდენობამ შეადგინა 2 326.78 ევრო, საიდანაც სადაზღვევო კ------იამ მას აუნაზღაურა 351.68 ევრო;
2.1.6. შესაბამისად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის 1 975.1 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხის პოზიცია
1.2. მოპასუხე შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სმა’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი შპს ,,ე------–-----ის’’ სარჩელთან მიმართებით რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 71-81)
შესაგებლის საფუძვლები:
1.2.1. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი აუნაზღაურებს ექსპედიტორს შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას ექსპედიტორის მიერ ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე სამი საბანკო დღის განმავლობაში, შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მას თანხის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა ტვირთის დაცლისთანავე;
1.2.2. მიწოდებული პროდუქციის დაზიანების ფაქტზე მიუთითებს როგორც 2018 წლის 26 თებერვალს პროდუქციის საბოლოო მიმღების - ,,H----- A-----’’-ის მიერ მისთვის მოწერილი წერილი (დაზიანებული პროდუქციის აღწერა და მითითება გადამზიდავის პასუხისმგებლობაზე), ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობისა და ხარისხით შეუსაბამობის დამყარების შესახებ აქტი და მიღების ფურცელი, რომლებითაც აგრეთვე დასტურდება საქონლის დაზიანების ფაქტი;
1.2.3. ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტვირთის დანიშნულების პუნქტში ტრანსპორტირებისას მისი ხილვადი დაზიანების დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს ექსპედიტორის ან ექსპედიტორის სახელითა და დავალებით მოქმედი მხარის წარმომადგენლის დასწრება მისაღები ტვირთის დათვალიერების მომენტში. ამასთანავე უზრუნველყოს როგორც შესაბამისი აქტის შედგენა, ასევე საავტომობილო ზედდებულში (CMR) აღნიშვნის შეტანა, მაგრამ დროითი განსაზღვრებითი ტერმინი ,,დაუყოვნებლივ’’ შეფასების საგანია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ტრანსპორტირებას. ამ დროს გარკვეული დრო სჭირდება პროდუქციის ჩამოტვირთვას, კონტეინერის დაცლას და პროდუქციის შემოწმებას. მისი მხრიდან დაზიანების ფაქტის მოსარჩელისთვის შეტყობინება მოხდა ტვირთის დაცლიდან სამი დღის ვადაში, რაც სავსებით ადეკვატური პერიოდია;
1.2.4. გარდა აღნიშნულისა, მიღების ფურცელზე დატანილია აღნიშვნა დაზიანების შესახებ და მას თან ერთვის მძღოლის ხელმოწერა.
2.2. მოპასუხე შპს ,,ე------–-----ს’’ შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის’’ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 თებერვალს შპს ,,ე------–-----ს’’, როგორც ექსპედიტორს და შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს’’, როგორც დამკვეთს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ექსპედიტორის მიერ დამკვეთის სახელითა და დავალებით, დამკვეთის ხარჯზე ტვირთის ექსპედიცია, მასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა.
ხელშეკრულების 2.2.3 და 2.2.7 პუნქტების თანახმად, ექსპედიტორის უფლება-მოვალეობად განისაზღვრა შეთანხმებულ ადგილზე და დროს მიაწოდოს დამკვეთს ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება და შეასრულოს ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება და ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება დაუზიანებელი ლუქით შიგთავსის შემოწმების გარეშე.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უნაზღაურებს ექსპედიტორს შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების ღირებულებას უკანასკნელის მიერ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უნაზღაურებს ექსპედიტორს შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას ექსპედიტორის მიერ ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთის პასუხისმგებლობად განისაზღვრა ტვირთის დანიშნულების პუნქტში ტრანსპორტირებისას მისი ხილვადი დაზიანების დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს ექსპედიტორის ან ექსპედიტორის სახელითა და დავალებით მოქმედი მხარის წარმომადგენლის დასწრება მისაღები ტვირთის დათვალიერების მომენტში. ამასთანავე უზრუნველყოს როგორც შესაბამისი აქტის შედგენა, ასევე საავტომობილო ზედდებულში (CMR), ან საავიაციო ზედდებულში (AWB) ან საზღვაო ზედდებულში (B/L) ან სარკინიგზო ზედდებულში (RWB) შესაბამისი აღნიშვნის შეტანა და დამოწმება. აქტი დამოწმებული უნდა იყოს დამკვეთისა და ექსპედიტორის წარმომადგენლების, ან მათი სახელითა და დავალებით მოქმედი მხარეების მიერ, ასევე საბაჟოს თანამშრომლისა და უფლებამოსილი ექსპერტის მიერ.
ხელშეკრულების 5.2.4 და 5.2.5 პუნქტების თანახმად, ექსპედიტორის მიზეზით ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულად ან ნაწილობრივ დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ექსპედიტორი აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს სრული მოცულობით დამკვეთის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში. ექსპედიტორი ვალდებულია დამკვეთს აუნაზღაუროს მისი ბრალით ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული ის ზიანი, რომელიც მიყენებულია ტვირთის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა-დაზიანებით, თუ აღნიშნულს ადგილი ექნება ტვირთის მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი პრეტენზიები, გარდა პრეტენზიებისა რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტში აღწერილი პირობების გამო, მხარეებს მიერ წარდგენილი უნდა იქნეს 4 (ოთხი) კალენდარული დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეიქმნება მათი წარდგენის საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 24-29)
3.1.2. 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ე------–-----ს’’, როგორც ექსპედიტორს, გადამზიდავი კ------იის - შპს ,,ა--------------ს’’ მეშვეობით მასთან 2017 წლის 06 დეკემბერს დადებული ტვირთის გადაზიდვის შესახებ №----- ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა უზრუნველეყო დამკვეთისათვის თბილისი-ბაქოს მიმართულებით ბავშვის კვების პროდუქტების მიწოდება. სატრანზიტო განაცხადის თანახმად, ტვირთის დატვირთვის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 12 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი, შეკვეთის ფურცელი, ინვოისები, ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23; 30-36)
3.1.3. 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადასაცემი საბავშვო კვების პროდუქცია შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის’’ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს - მიმღებს ,,H----- A-----’’ -ს გადამზიდავის - შპს ,,ა--------------ს’’ მძღოლის ქ------- ჰ-------ის მიერ ჩაბარდა 2018 წლის 19 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღების ფურცელი (ს.ფ. 53)
3.1.4. შპს ,,ე------–-----ის’’ მიერ გადამზიდველის - შპს ,,ა--------------სთვის’’ 2018 წლის 19 თებერვალსვე ანაზღაურებულია თ---–------------ მიმართულებით შესრულებული გადაზიდვისათვის 2018 წლის 12 თებერვალის და 2018 წლის 19 თებერვალის N-- და N-- ინვოისებით განსაზღვრული ღირებულება - 880 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 2 168.14 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისები, საგადახდო დავალება (ს.ფ. 30-31; 37)
3.1.5. 2018 წლის 21 თებერვალს პროდუქციის მიმღებს ,,H----- A-----’’ -ის მიერ შედგენილია აქტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობისა და ხარისხით შეუსაბამობის დამყარების შესახებ, რომლის თანახმადაც, მიწოდებული პროდუქციაში გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ, ,,H----- H2’’ მისთვის მიწოდებული იყო 13 ცალით ნაკლები, ,,H----- H1’’ მიწოდებული იყო 720 ცალით ნალები, ხოლო ,,H----- 200g’’ მიწოდებული იყო 6 ცალით ნაკლები.
ამავე აქტში მითითებულია, რომ ,,შეფუთვების გახსნის დროს, შეფუთვის შუაში იყო აღმოჩენილი ბრაკი საქონელი (დასველებული) და დანაკლისი. პლომბები/ბეჭდები იყო მთელი და არ იყო დაზიანებული მანქანის გახსნამდე’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი (ს.ფ. 48-50)
3.1.6. შპს ,,ს--–---–---- ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სმა’’ შპს ,,ე------–-----ს’’ მიმღების მიერ მიღებული პროდუქციის დაზიანების და დანაკლისის არსებობის შესახებ აცნობა 2018 წლის 22 თებერვალს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა მიმოწერა (ს.ფ.40-44)
3.1.7. 2018 წლის 23 თებერვალს შპს ,,ე------–-----ის’’ მიერ შპს ,,ს--–---–---- ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს’’ გაეგზავნა მიმართვა 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდის თაობაზე.
აღნიშნულის პასუხად 2018 წლის 05 მარტს შპს ,,ს--–---–----მა ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სმა’’ შპს ,,ე------–-----ს’’ მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ს.ფ. 57-60)
3.1.8. 2018 წლის 14 თებერვლის №--------- ინვოისის თანახმად, 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისი-ბაქოს რეისით შესრულებული ტვირთის ექსპედიციისათვის შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის’’ მიერ შპს ,,ე------–-----ისათვის’’ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 950 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ს.ფ. 38)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაზიდვის დასრულებისას - 2018 წლის 19 თებერვლისათვის, უფლებამოსილი პირის - მიმღების - ,,H----- A-----’’ მიერ მიღებული ტვირთი განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები ან დაზიანებული იყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ და წარმოდგენილი ინვოისითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისი-ბაქოს რეისით შესრულებული ტვირთის ექსპედიციისათვის შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის’’ მიერ შპს ,,ე------–-----ისათვის’’ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 950 აშშ დოლარს.
მხარეთა შორის მთავარ სადავო გარემოებას წარმოადგენს იმის დადგენა, მიმღებისათვის მიწოდებული პროდუქცია მიღების მომენტში - 2018 წლის 19 თებერვლისთვის, იყო თუ არა ნაკლოვანი. არსებითად სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას უკავშირდება როგორც სარჩელის, ისე შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის და მათი დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა. შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სი’’ მიუთითებს მიმღებისათვის მიწოდებული პროდუქციის ნაკლოვანებაზე, რაც გამოიხატა როგორც რაოდენობრივ დანაკლისში, ასევე მიწოდებული პროდუქციის დაზიანებაშიც - ნივთობრივ ნაკლშიც.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 თებერვალს პროდუქციის მიმღებს ,,H----- A-----’’ -ის მიერ შედგენილია აქტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობისა და ხარისხით შეუსაბამობის დამყარების შესახებ, რომლის თანახმადაც, მიწოდებული პროდუქციაში გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ, ,,H----- H2’’ მისთვის მიწოდებული იყო შეთანხმებულზე 13 ცალით ნაკლები, ,,H----- H1’’ მიწოდებული იყო განსაზღვრულზე 720 ცალით ნალები, ხოლო ,,H----- 200g’’ ასევე მიწოდებული იყო შეთანხმებულზე 6 ცალით ნაკლები. ამავე აქტში მითითებულია, რომ ,,შეფუთვების გახსნის დროს, შეფუთვის შუაში იყო აღმოჩენილი ბრაკი საქონელი (დასველებული) და დანაკლისი. პლომბები/ბეჭდები იყო მთელი და არ იყო დაზიანებული მანქანის გახსნამდე’’. სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტის დადგენა ცხადია არ მოწმობს მიწოდებული პროდუქციის უცილობლად ნაკლოვანებას, ვინაიდან დადენილი ფაქტობრივი გარემოება ემყარება წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებას და ასახავს მასში მითითებულ შინაარსს, რაც წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის - მიმღების მიერ მითითებულ პოზიციას.
ფაქტის დადგენის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად მიმღებს მიწოდებული პროდუქცია ჩაბარდა 2018 წლის 19 თებერვალს, ხოლო დაზიანების თაობაზე შპს ,,ე------–-----ს’’ შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის’’ მიერ პირველად ეცნობა 2018 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 21 თებერვალს მოხდა პროდუქციის საბოლოო მიმღებისათვის - ,,H----- A-----’’-სთვის მიწოდება და მის საწყობში გადატანა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან და მხარეთა შორის არსებული მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მიმღების მიერ ნივთის, როგორც შესრულების მიღების შემდეგ, მისი ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში, თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხე და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სია’’ ვალდებული ამტკიცოს მიღების მომენტში მიღებული ნივთის ნაკლოვანება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის 2.2.3 და 2.2.7 პუნქტების თანახმად, ექსპედიტორის უფლება-მოვალეობად განისაზღვრა შეთანხმებულ ადგილზე და დროს მიეწოდებინა დამკვეთისათვის ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება და შეესრულებინა ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება და ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება დაუზიანებელი ლუქით შიგთავსის შემოწმების გარეშე.
ამავე ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთის პასუხისმგებლობად განისაზღვრა ტვირთის დანიშნულების პუნქტში ტრანსპორტირებისას მისი ხილვადი დაზიანების დადგენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოეთხოვა ექსპედიტორის ან ექსპედიტორის სახელითა და დავალებით მოქმედი მხარის წარმომადგენლის დასწრება მისაღები ტვირთის დათვალიერების მომენტში. ამასთანავე უზრუნველეყო როგორც შესაბამისი აქტის შედგენა, ასევე საავტომობილო ზედდებულში (CMR), ან საავიაციო ზედდებულში (AWB) ან საზღვაო ზედდებულში (B/L) ან სარკინიგზო ზედდებულში (RWB) შესაბამისი აღნიშვნის შეტანა და დამოწმება. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ შედგენილი აქტი დამოწმებული უნდა იყოს დამკვეთისა და ექსპედიტორის წარმომადგენლების, ან მათი სახელითა და დავალებით მოქმედი მხარეების მიერ, ასევე საბაჟოს თანამშრომლისა და უფლებამოსილი ექსპერტის მიერ.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი პრეტენზიები, გარდა პრეტენზიებისა რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტში აღწერილი პირობების გამო, მხარეებს მიერ წარდგენილი უნდა იქნეს 4 (ოთხი) კალენდარული დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეიქმნება მათი წარდგენის საფუძველი.
შესაბამისად, მხარეებმა - ექსპედიტორმა და დამკვეთმა, მათ შორისვე დადებული ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით განსაზღვრეს, რომ ხილვადი დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ფაქტის თაობაზე ექსპედიტორისთვის შეტყობინება და ამასთანავე, ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილზე უნდა მომხდარიყო მისი ან მისი დავალებით მოქმედი უფლებამოსილი პირის დასწრება. აუცილებელ პირობად ასევე განისაზღვრა დანაკლისის თაობაზე შედგენილი აქტზე ექსპედიტორის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) ხელმოწერა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სარჩელის მოპასუხე მხარე აპელირებს სწორედ ხილულ დაზიანებაზე, რასაც უპირველესად მოწმობს წარმოდგენილი ფოტოსურათები (ს.ფ. 252-256) და რომელთა დაზიანების ხარისხი შეუიარაღებელი თვალითაც ცხადია ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვისაც. შესაბამისად, დამკვეთის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი ხილული დაზიანებისას ამ ფაქტის თაობაზე ექსპედიტორისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. ამასთან სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,დაუყოვნებლივი’’ შეტყობინება მოცემულ შემთხვევაში შეიძლება გულისხმობდეს ექსპედიტორისათვის მესამე დღეს შეტყობინებას, სწორედ იმ გარემოებიდან და იმგვარი აშკარა ხილვადი დაზიანებიდან გამომდინარე, რაზეც აპელირებს თავადვე მოპასუხე მხარე ძირითდ სარჩელში/მოპასუხე შეგებებულ სარჩელში და რაც ასახულია წარმოდგენილ ფოტოსურათებში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ტრანსპორტირებული პროდუქციის ნაკლოვანების თაობაზე ფაქტობრივ გარემოებას არ ადასტურებს მხოლოდ დამკვეთის მიერ მითითებული 2018 წლის 19 თებერვლის მიღების ფურცელი (ს.ფ. 50-53), რომლის თანახმადაც, ძირითადი სარჩელით მოპასუხე აპელირებს გადამზიდავი კ------იის მძღოლის ხელმოწერაზე და მის აღიარებაზე დანაკლისი პროდუქციის თაობაზე. განსახილველი დავის ფარგლებში მხარეებს წარმოადგენენ ექსპედიტორი და დამკვეთი, რომელთა შორის ურთიერთობის რეგულირების წესით განისაზღვრა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. დამკვეთს კი არ განუხორციელებია ხელშეკრულებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივი შეტყობინება და არ მოუთხოვია ექსპედიტორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლა და ერთობლივი აქტის შედგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმოწერით. მოპასუხის მიერ აპელირებული მიღების დოკუმენტი, კი მოსარჩელის მხრიდან მძღოლის ხელმოწერის სადავოობის გახდის პირობებში არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ საკმარის საფუძველს, ისევე, როგორც მიმღების ,,H----- A-----’’-ს მიერ (ს.ფ. 245-250) შედგენილი მიმართვა მიღებული ნივთის ნაკლოვანების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაზიდვის დასრულებისას - 2018 წლის 19 თებერვლისათვის, უფლებამოსილი პირის - მიმღების მიერ მიღებული ტვირთი განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები ან დაზიანებული იყო.
3.2.2. შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სს’’ ეკისრება შპს ,,ე------–-----ისათვის’’ 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უნაზღაურებს ექსპედიტორს შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების ღირებულებას უკანასკნელის მიერ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უნაზღაურებს ექსპედიტორს შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას ექსპედიტორის მიერ ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების შესაბამისად. უდავოა, რომ დამკვეთის მიერ არ არის ანაზღაურებელი ექსპედიტორისათვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ე------–-----ი’’, როგორც ექსპედიტორი, მოითხოვს მოპასუხისგან - დამკვეთისგან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული თანხის ანაზღაურებას. წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე სასამართლოს მიერ უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სს’’ ექსპედიტორის მიმართ ეკისრებოდა 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაზიდვის დასრულებისას - 2018 წლის 19 თებერვლისათვის, უფლებამოსილი პირის - მიმღების მიერ მიღებული ტვირთი განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები ან დაზიანებული იყო, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დამკვეთის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სს’’ ეკისრება შპს ,,ე------–-----ისათვის’’ 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 668-ე, 669-ე, 730-ე, 731-ე, 740-ე, 741-ე, 742-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება- მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ექსპედიტორის მიერ დამკვეთის სახელითა და დავალებით, დამკვეთის ხარჯზე ტვირთის ექსპედიცია, მასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ე-------–----------ი’’ წარმოადგენს ექსპედიტორს, ხოლო შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სი’’ წარმოადგენს დამკვეთს, შესაბამისად, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სწორედ ექსპედიციის ხელშეკრულება.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
დადგენილია, რომ შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სს’’ ეკისრება შპს ,,ე------–-----ისათვის’’ 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება. შესაბამისად, საფუძვლიანია შპს ,,ე------–-----ის’’ მიერ წარმოდგენილი სარჩელი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. წარმოდგენილია სარჩელი ერთის მხრივ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების, ხოლო მეორეს მხრივ, შეგებებული სარჩელი არაჯეროვანი შესრულების ფაქტის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი სარჩელების საფუძვლიანობის შეფასებისათვის არსებით გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, იყო თუ არა ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაზიდვის დასრულებისას - 2018 წლის 19 თებერვლისათვის, უფლებამოსილი პირის - მიმღების მიერ მიღებული ტვირთი განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები ან დაზიანებული.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაზიდვის დასრულებისას - 2018 წლის 19 თებერვლისათვის, უფლებამოსილი პირის - მიმღების მიერ მიღებული ტვირთი განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები ან დაზიანებული იყო. აღნიშნული კი თავისთავად განაპირობებს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე, აღნიშნული გარემოების დადგენა მეორეხარისხოვანს ხდის მიმდინარე დავის ფარგლებში თუნდაც ზიანის ოდენობის თაობაზე სასამართლოს არსებით მსჯელობას და კვლევას.
6.4. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მიმღების მიერ მიღებული ნივთის დაზიანების თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დაუდასტურებლობამ განაპირობა როგორც სარჩელის, ასევე შეგებებული სარჩელის შედეგი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ჯეროვანი მტკიცების განხორციელების და მიღებული პროდუქციის ნაკლოვანების თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ექსპედიტორს არ ეკისრება დამკვეთისათვის მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საექსპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებად მიჩნევისათვის აუცილებელია რომ მომსახურების მიმწოდებელი მოქმედებდეს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯით. ამასთან, ურთიერთობა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად მხოლოდ მაშინ უნდა მივიჩნიოთ, თუ ექსპედიტორი შემკვეთის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.
ამავე კოდექსის 731-ე მუხლის თანახმად კი, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.
მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ე------–-----ი’’ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში ასრულებდა ექსპედიტორის უფლება-მოვალეობებს. ამასთან, უდავოა, რომ ექსპედიტორი ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით, გადაზიდვას ახორციელებდა მესამე პირის - გადამზიდავის მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 669-ე მუხლის თანახმად კი გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების და დაკარგვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ამავე კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად, კი ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.
შესაბამისად, ექსპედიტორის პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია არსებობდეს მისი ან მისი დამხმარის ბრალეული ქმედება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. ამასთან, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმები არ შეიცავს ბრალის დეფინიციას, შესაბამისად, პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გენერალური დათქმა რომელიც გულისხმობს ზიანის დადგომას ქმედების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების გამო და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას და ამ ელემენტებით ერთობლიობაში არსებობას (სსკ-ის 992 მუხლი).
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 740-742 მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ერთ შემთხვევაში ექსპედიტორის და მისი დამხმარის და მეორე შემთხვევაში უშუალოდ გადამზიდავის პასუხისმგებლობები.
741-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მიერ, მაშინ შემკვეთის მოთხოვნით ექსპედიტორი მოვალეა გადასცეს შემკვეთს თავისი მოთხოვნა მესამე პირის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექსპედიტორი ს--–---–----ი შეთანხმების საფუძველზე თვითონ კისრულობს მოთხოვნის გამოყენებას შემკვეთის ხარჯითა და რისკით.
სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად სამართალურთიერთობაში მონაწილეობს გადამზიდავიც, იგი არ განიხილება ექსპედიტორის დამხმარედ. დამხმარე ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის პირი, რომელიც უშუალოდ ექსპედიტორს უწევს რაიმე დახმარებას, და არა გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს ტვირთის გადატანას. ამასთან მიმართებით, სასამართლო მოიხმობს ლიტერატურაში არსებულ განმარტებას ექსპედიტორის დამხმარესთან მიმართებით და მიუთითებს შემდეგს: ,,სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე შეკვეთის შესრულებისას დაშვებულია ფაქტობრივი მოქმედების შესასრულებლად ექსპედიტორი ზოგიერთი ფაქტობრივი მოქმედების შესასრულებლად მიმართავს სხვა პირს, რომელსაც კანონმდებელი უწოდებს ,,დამხმარეს’’ მაგალითად, ექსპედიტორმა ტვირთის ნავსადგურიდან გემზე გადატანა შეიძლება მიანდოს ისეთ სუბიექტს, როგორიცაა მტვირთავი. ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის ექსპედიტორი, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი, ანუ მან უნდა აანაზღაუროს განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. ის ფაქტი, რომ დამხმარისათვის მიმართვა არ საჭიროებს შემკვეთის თანხმობას, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დამხმარის მოქმედებაზე თავად ექსპედიტორია პასუხისმგებელი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, გვ. 437-438).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხსენებულ 741-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ განსხვავებით 740-ე და 742-ე მუხლებისგან, აღნიშნული მუხლი აწესებს უშუალოდ გადამზიდავის პასუხისმგებლობას და შესაბამისად, როდესაც სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებაში მონაწილეობს გადამზიდავი, აღნიშნული მუხლი წარმოადგენს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სასამართლო იზიარებს აღნიშნული მუხლის შემდეგ განმარტებას და მიუთითებს, რომ ,,ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მოქმედებამ (მაგ. გადამზიდველის მოქმედება, როცა გადამზიდველი და ექსპედიტორი არ არის ერთი და იგივე პირი). ასეთ შემთხვევებში კანონმდებელი ექსპედიტორს აკისრებს ვალდებულებას შემკვეთის მოთხოვნით გადასცეს მას თავისი მოთხოვნა (მოთხოვნის უფლება, რაც მას მესამე პირის მიმართ აქვს, ამ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება)’’ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, გვ. 438).
შესაბამისად, როდესაც საექსპედიციო ხელშეკრულების ფარგლებში მონაწილეობს გადამზიდავიც, მისი პასუხისმგებლობა არ შეიძლება გაიგივდეს ექსპედიტორის პასუხისმგებლობასთან, სწორედ იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ექსპედიტორს პასუხისმგებლობას აკისრებენ მხოლოდ მისი ან უშუალოდ მისი დამხმარის ქმედებებისას, დამხმარეში კი არ მოიაზრება გადამზიდავი.
აღნიშნულ ნორმათა ერთობლიობაში განმარტების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, უშუალოდ ექსპედიტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ მოვალეობისთვის, რომლის შესრულებაშიც მას ან მის დამხმარეს მიუძღვის ბრალი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმოდგენილი სარჩელით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით სადავოდ არ არის გამხდარი ექსპედიტორის მიერ 731-ე მულით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. რადგან მოსარჩელე არ დავობს არც ექსპედიტორის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე და არც მის გადაზიდვაში მონაწილე პირების კვალიფიკაციაზე და არ მიუთითებს ამ ვალდებულებების დარღვევაზე ექსპედიტორის მხრიდან.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ დანაწესებზე, კერძოდ 5.2.4 – 5.2.5 პუნქტებზე, რომლებიც სასამართლოს მოსაზრებით ასევე გამორიცხავენ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ექსპედიტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივად შეფასების შედეგად გამომდინარეობს, რომ დამკვეთის მიერ მითითებული ფაქტობრივის გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი არ იარსებებდა ექსპედიტორის მიმართ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 67). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ხოლო დარჩენილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, მე-14, 39-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 171.44 ლარი (ს.ფ. 258-259) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წარმომადგენლის მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურება (ს.ფ. 66). დავის საგნის ღირებულების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ე------–-----ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ე------–-----ის'' სარჩელი შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის'' მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე------–-----ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 950 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე------–-----ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე შპს ,,ე------–-----ს'' დაუბრუნდეს ი-------–----–---–ის მიერ 16/04/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია №0 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;
5. მოპასუხე შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე------–-----ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
6. შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის'' შეგებებული სარჩელი შპს ,,ე------–-----ის'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
7. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ს--–---–----ი ს-------- კ------ია ი---------- ლ----------სის'' მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი