გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1323-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხე - რ-----------–-–---–ი, დ----------------–---–ი, მ--------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 18 სექტემბრის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 470.65 ლარის, პროცენტის - 966.74 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 735 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-14):
1.1.1. მასსა და რ-----------–-–---–ს შორის 2013 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------------, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით;
1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 18% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.3. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა №0---------------1 თავდებობის ხელშეკრულება მასსა და მ--------------–--ეს შორის, ხოლო №0---------------2 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება მასსა და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის;
1.1.4. თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავდებებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში;
1.1.5. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 782.27 ლარი;
1.1.6. მან შეასრულა №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად - გასცა კრედიტი, რის შემდეგაც მსესხებელს წარმოეშვა მიღებული სესხის თანხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაბრუნების ვალდებულება;
1.1.7. მსესხებელი - რ-----------–-–---–ი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას, თუმცა შემდეგ შეწყვიტა თანხის გადახდა და დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში;
1.1.8. მოპასუხეებს მის მიმართ №0-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 2016 წლის 01 დეკემბრიდან;
1.1.9. 2018 წლის 25 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6 172.39 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 470.65 ლარი, პროცენტი - 966.74 ლარი ხოლო ჯარიმა - 1 735 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე რ-----------–-–---–მა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, მოპასუხემ სარჩელი ცნო №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 3 470.65 ლარის გადახდის ნაწილში.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 147-158).
2.1.1. მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და არსებობს მათი შემცირების საფუძველი.
2.2. მოპასუხეებს - დ----------------–---–ს და მ--------------–--ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მათ დადგენილ ვადაში შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 18 სექტემბერს სს ,,ლ-------------სა’’ და რ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, კრედიტის და პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 19-23)
3.1.2. მოსარჩელეს და მოპასუხე რ-----------–-–---–ს შორის 2013 წლის 18 სექტემბერს დადებული №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში მოსარჩელეს და მ--------------–--ეს შორის გაფორმდა №0---------------1 თავდებობის ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელეს და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის გაფორმდა №0---------------2 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტების თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 10 782.27 ლარს.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები, ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-27)
3.1.3. მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება მასზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. მოპასუხე რ-----------–-–---–ს მოსარჩელის მიმართ №0-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2016 წლის 01 დეკემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 31-41)
3.1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ შეტყობინებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინებები (ს.ფ. 42-56)
3.1.5. 2018 წლის 25 ივლისის მდგომარეობით მსესხებლის - რ-----------–-–---–ის დავალიანება №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6 172.39 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 3 470.65 ლარი, პროცენტი - 966.74 ლარი ხოლო ჯარიმა - 1 735 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 58)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ 2013 წლის 18 სექტემბერის №0-------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პროცენტი - 966.75 ლარის ოდენობით გონივრულია, არ არის მაღალი და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეებს მისი გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველწლიური 18%, რასაც დაეთანხმა მსესხებელიც, რომლის მიერაც სასამართლო დავის განხილვისას სადავოდაა გამხდარი პროცენტის გონივრულობის საკითხი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის შესაბამისად, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის აშკარა შეუსაბამობა და მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება.
მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებით წლიური სარგებლის სახით 18%-ის განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად სასამართლო ვერ შეაფასებს. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილ შეთანხმებას არ წარმოადგენს.
ამასთან, სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით ასევე ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, სარგებლის შეთანხმებული ოდენობის განსაზღვრა წლიური 24-42%-ით, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას (იხ. სუსგ, საქმე №ას-703-657-2017, 2017 წლის 19 ივლისის განჩინება).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2013 წლის 18 სექტემბერის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პროცენტი - 966.75 ლარის ოდენობით გონივრულია, არ არის მაღალი და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეებს მისი გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
3.2.2. 2013 წლის 18 სექტემბერის №0-------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 735 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, შესაბამისად, არსებობს მისი 173.5 ლარამდე (10-ჯერ) შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს სს ,,ლ-------------სა’’ და რ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 7 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მსესხებლის მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 1 735 ლარის ოდენობით.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე დარიცხულ პირგასამტეხლოს მიიჩნევს არაგონივრულად და ითხოვს მის შემცირებას.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 1 735 ლარს შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 173.5 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 52-ე, 115-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მსესხებელმა მოპასუხე რ-----------–-–---–მა წარმოდგენილი სარჩელი ცნო ძირითადი თანხის -3 470.65 ლარის გადახდის ნაწილში.
შესაბამისად, მოპასუხის მიერ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ძირითად მოვალეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოპასუხეთა მიმართ დავალიანების ძირითადი თანხის - 3 470.65 ლარის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს - დ----------------–---–ს და მ--------------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, შედავება საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში მათ შედავება არ განუხორციელებიათ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის - რ-----------–-–---–ის მიერ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდებებმა - დ----------------–---–მა და მ--------------–--ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეესრულებინათ მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება. ამასთან, თითოეულის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 10 782.27 ლარით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით.
განსახილველ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის აშკარა შეუსაბამობა და მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პროცენტი გონივრულია, არ არის მაღალი და არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი. შესაბამისად, როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებებს მისი გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 18 სექტემბერის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის სოლიდარულად პროცენტის - 966.74 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო. სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 173.5 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სასამართლოს მიერ შემცირებული - 173.5 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 185.17 ლარი (ს.ფ. 62). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 138.32 ლარის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - რ-----------–-–---–ის, დ----------------–---–ის და მ--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - რ-----------–-–---–ს, დ----------------–---–ს და მ--------------–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 18 სექტემბრის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 3 470.65 ლარის, პროცენტის - 966.74 ლარის და პირგასამტეხლოს - 173.5 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს - რ-----------–-–---–ს, დ----------------–---–ს და მ--------------–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 138.32 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი