გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/ 1437 -18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე: სს „ ფინკა ბანკი საქართველო “;
წარმომადგენელი: დ-----------–იძე;
მოპასუხეები: შ-----ნა პ------იძე, მ-----ნა პ------იძე, ო---- პ------იძე;
წარმომადგენელი: ხათუნა უჩაძე;
მოპასუხე: ბ-----ი ჯ--–--–--შვილი (არ გამოცხადდა);
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 28 ივლისს შ-----ნა პ------იძეს და სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ შორის გაფორმდა N1047932gE გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისს მსესხებელმა შ-----ნა პ------იძემ სს ,, ფინკა ბანკი საქართველოსაგან“ სესხად მიიღო 15000 აშშ დოლარი, 28.07.2014 წლიდან 28.03.2018 წლამდე, ანუ 1467 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრებოდა საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1%, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 დღის ვადაში. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ო---- პ------იძის წილი უძრავი ქონებიდან. 2015 წლის 2 ივლისს მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი, მსგავსი შეთანხმება შედგა 2015 წლის 11 დეკემბერსაც. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მ-----ნა პ------იძესთან, ო---- პ------იძესთან და ბ-----ი ჯ--–--–--შვილთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით.
2. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, მოვალეებს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება 20 046.89 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 12412.46 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 7319.67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 314.76 აშშ დოლარი. მსესხებელს და მის თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.
3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს შ-----ნა პ------იძეს, მ-----ნა პ------იძეს, ო---- პ------იძეს და ბ-----ი ჯ--–--–--შვილს მოსარჩელე სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 20 046.89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 12412.46 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 7319.67 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 314.76 აშშ დოლარი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 12 დეკემბერს აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
5. მოპასუხეებმა შ-----ნა პ------იძემ, მ-----ნა პ------იძემ და ო---- პ------იძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლო მიმართეს საჩივრით და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გაჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. 2017 წლის 04 მაისს საჩივრის ავტორებმა მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით შ-----ნა პ------იძის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, მ-----ნა პ------იძის და ო---- პ------იძის საჩივარი კი 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით შ-----ნა პ------იძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ამასთან, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული იქნა მისი სამართლებრივი დაუსაბუთებლობა.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
8. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შესაგებლის წარმოუდგენლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული საპატიოდ, მოპასუხეებს შესაგებლის წარმოსადგენად ვადა არ განსაზღვრიათ და განახლდა საქმის წარმოება, მოპასუხეთა სამართლებრივი მოსაზრებების მოსმენის მიზნით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეების შ-----ნა პ------იძის, მ-----ნა პ------იძის და ო---- პ------იძის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 12412.46 აშშ დოლარის ნაწილში, ბ-----ი ჯ--–--–--შვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
9.მოსარჩელემ უარი განაცხადა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე, ვინაიდან აღნიშნული ქონება რეალიზებული იქნა პირველი რიგის იპოთეკარის მიერ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 18.12.2018 წ.), ასევე უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნაზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 24.01.2019 წ.).
სამოვიტაციო ნაწილი:
10. მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით და მათი ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 28 ივლისს შ-----ნა პ------იძეს და სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ შორის გაფორმდა N1047932gE გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 28 ივლისს მსესხებელმა შ-----ნა პ------იძემ სს ,, ფინკა ბანკი საქართველოსაგან“ სესხად მიიღო 15000 აშშ დოლარი, 28.07.2014 წლიდან 28.03.2018 წლამდე, ანუ 1467 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრებოდა საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1%, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 დღის ვადაში. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ო---- პ------იძის საკუთრებაში არსებული წილი უძრავი ქონებიდან. 2015 წლის 2 ივლისს მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და შედგა სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი, მსგავსი შეთანხმება შედგა 2015 წლის 11 დეკემბერსაც. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მ-----ნა პ------იძესთან, ო---- პ------იძესთან და ბ-----ი ჯ--–--–--შვილთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით.
მტკიცებულებები: 2014 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 42); 2014 წლის 28 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28); 2015 წლის 02 ივლისის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 19-22);2015 წლის 11 დეკემბრის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 12-16); მ-----ნა პ------იძის თავდებობის წერილი (ს.ფ. 16-18); ო---- პ------იძის თავდებობის წერილი (ს.ფ. 23); ბ-----ი ჯ--–--–--შვილის თავდებობის წერილი (ს.ფ. 31); იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.31-35).
11. 2016 წლის 18 მაისს მოსარჩელემ შ-----ნა პ------იძეს, ო---- პ------იძეს და მ-----ნა პ------იძეს გაუგზავნა წერილი, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ დაარღვიეს ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის გრაფიკი, რის გამოც დავალიანების თანხამ 2016 წლის 17 მაისის მდგო----ეობით შეადგინა 806.04 აშშ დოლარი, საიდანაც 251.82 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 440.12 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, 114.10 აშშ დოლარი ჯარიმა. მოსარჩელე ითხოვდა დავალიანების დაფარვას 14 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება. წერილები ჩაბარდა ადრესატებს.
მტკიცებულება: გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 43-48);
12. 2016 წლის 06 ივლისს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და როგორც მისმა წარმომადგენელმა განმარტა, ამ დროს შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც.
მტკიცებულება: სასამართლო სხდომის ოქმი;
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების შ-----ნა პ------იძის, მ-----ნა პ------იძის და ო---- პ------იძის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო გაცემული კრედიტების ძირი თანხის ნაწილში, მოპასუხე ბ-----ი ჯ--–--–--შვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც სესხის ძირითადი თანხის მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოს გახდის. შესაბამისად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, სესხის ძირითადი თანხის 12412.46 აშშ დოლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხეებმა ცნეს ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მათ ეკისრებათ პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია.
მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეებს დაეკისროს პროცენტის სახით 7319.67 აშშ დოლარის გადახდა, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დარიცხულ სარგებელს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან, საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (ას-1701-1685-2011); განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი: მსესხებლის მიერ წინამდებარე და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა განიხილება, როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია 14 დღის განმავლობაში მთლიანად დაფაროს მიმდინარე სესხი, დარიცხული სარგებელი და შესაძლო სურავი.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდა სასამართლოში სარჩელის შემოტანით 2016 წლის 06 ივლისს, ამ დროისათვის დარიცხული სარგებელი კი შეადგენდა 786.30 აშშ დოლარს, ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მითითებული თანხის ფარგლებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს და ამ მხრივაც მოთხოვნა მათ მიმართ, დაუსაბუთებელია, რადგან ძირ თანხასთან ერთად მოთხოვნილი სარგებელი ჯამში შეადგენს 19732.13 აშშ დოლარს.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს სახით, 314.76 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, მხარეთა შეთანხმებით სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრებოდა საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1%, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდებოდა მხოლოდ 60 დღის ვადაში. ამდენად, პირგასმტეხლო მხოლოდ ძირ თანხაზე გაანგარიშებით შეადგენდა დღეში 124.12 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო ბევრად შემცირებულია და ვერ ჩაითვლება დიდ ოდენობად, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით, 1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა მ-----ნა პ------იძესთან, ო---- პ------იძესთან და ბ-----ი ჯ--–--–--შვილთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, შესაბამისად, მათ მიმართ მოთხოვნა მხოლოდ ამ თანხის ფარგლებშია შესაძლებელი.
17. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1311.35 ლარი (დოლარის კურსი 2.18) . ვინაიდან მოპასუხეების შ-----ნა პ------იძის, მ-----ნა პ------იძის და ო---- პ------იძის წარმომადგენელმა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელი ცნო მთავრ სხდომაზე და ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 811.77 ლარს, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მითითებული თანხის ნახევარი - 405.88 ლარი, ხოლო 405.88 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, მათვე უნდა დაეკისროთ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 72 ლარის გადახდა, ხოლო 727.58 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
18. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს შ-----ნა პ------იძეს, მ-----ნა პ------იძეს, ო---- პ------იძეს, ბ-----ი ჯ--–--–--შვილს მოსარჩელე სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13513.52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 12412.46 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 786.30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 314.76 აშშ დოლარი.
1.2. დანარჩენ ნაწილში სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ ფინკა ბანკი საქართველოს“ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 405.88 ლარი (საგადასახადო დავალება N20742232; თარიღი 20160621).
3. მოპასუხეებს შ-----ნა პ------იძეს, მ-----ნა პ------იძეს, ო---- პ------იძეს, ბ-----ი ჯ--–--–--შვილს სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 477.88 ლარი.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 727.58 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე