გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210118002540291
საქმე #2/587-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.03.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
მოსარჩელე - გი-------------ე
წარმომადგენელი- ნო------------–---–ი
მოპასუხე - მე----------ე
მოპასუხე - ზე-----–----ე
წარმომადგენელი- ლო-–--------–---–ი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით გი-------------ის სარჩელი მოპასუხეების მე----------ის და ზე-----–----ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ბათილად იქნა ცნობილი მე----------ეს და ზე-----–----ეს შორის 2018 წლის 06 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გუ------------------ს სოფე-–----–--–--ეში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილში და ამავე ნაწილში მოსარჩელე გი-------------ე ცნობილი იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ აქვს ნამსჯელი მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 300 ლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე მუხლის 31. ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი აქვს თანხა 300 ლარის ოდენობით. (იხ. საქმის მასალები ს.ფ. 109) მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ამ ხარჯის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა, თუმცა სასამართლოს ამ ხარჯის დაკისრების საკითხი არ გადაუწყვეტავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის დაკისრება ხდება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დააკმაყოფილა ან რომელზეც უარი უთხრა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით. ამდენად, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლომ უნდა მოახდინოს ყველა იმ ხარჯის გაანგარიშებას, რაც მხარემ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გასწია სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ ½ წილის ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნახევარის ანაზღაურება, რაც 150 ლარს შეადგენს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 414–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
2. მოპასუხეებს მე----------ეს და ზე-----–----ეს მოსარჩელე გი-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 150 ლარის ანაზღაურება.
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე რომან კუპატაძე