გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210116001495906
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26988-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - ნ--------–ი კ--–--–---

წარმომადგენელი - ნ-------–--–---–-, ქ------–-----------ა

 

მოპასუხე - რ--------- ა----–--ე, ა-–---------- ა----–--ე

წარმომადგენელი - ლ----------------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ--------- ა----–--ეს მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–---ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე რ--------- ა----–--ეს მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ოქროს სამკაულების ღირებულების 4 000 აშშ დოლარის, სესხის 500 ლარის და 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე რ--------- ა----–--ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, გ-–----------------------------------------, ½ წილი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–---ს რ--------- ა----–--ესთან და მის ოჯახთან ჰქონდა მეგობრული და ახლო ურთიერთობა. ის ენდობოდა მოპასუხის ოჯახს, აქედან გამომდინარე 2014 წლის 10 ივლისს, ნ--------–ი კ--–--–---მ ახლობლისგან ისესხა 9010 ლარი და ეს თანხა ასესხა რ--------- ა----–--ეს. სესხი იყო სარგებლის გარეშე და იგი 15 დღის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა რ--------- ა----–--ეს.

 

2014 წლის ივლისის თვეშივე რ--------- ა----–--ე დაუკავშირდა მოსარჩელეს და სთხოვა 4000 აშშ დოლარი და უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდა მეუღლის მანქანის განბაჟებისთვის და აღნიშნულ თანხასაც 10 ივლისს ნასესხებ თანხასთან ერთად დაუბრუნებდა 15 დღის განმავლობაში. მოსარჩელემ მოპასუხეს უთხრა, რომ მას არანაირი თანხა არ ჰქონდა, მხოლოდ ხელზე გააჩნდა ოქროს სამკაულები, სხვადასხვა დასახელების, დაახლოებით 4000 აშშ დოლარის ღირებულების და შეეძლო ეთხოვებინა. ა-–---------- ა----–--ემ დაუდასტურა მოსარჩელეს, რომ თანხა სჭირდებოდა მას და დაუბრუნებდა უახლოეს ხანში, სულ რამდენიმე დღეში. ოქროს ნივთები დაალომბარდა რ--------- ა----–--ემ და მოსარჩელეს უთხრა, რომ მოაგროვა 4000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხას ასევე აღიარებულია რ--------- ა----–--ის მიერ.

 

რ--------- ა----–--ემ 15 დღეში ვერ დაუბრუნა თანხა მოსარჩელეს. გამსესხებელი კი სასწრაფოდ ითხოვდა თანხის დაბრუნებას დათქმულ დროში. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი შესთავაზა რ--------- ა----–--ემ ნ--------–ი კ--–--–---ს, რომ მოსარჩელეს იპოთეკით დაეტვირთა მისი მეუღლის მუ-----------------ის სახელზე რიცხული ბინა, ხოლო სარგებელს და ძირ თანხას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობით თვითონ გადაუხდიდა იპოთეკარს. მოსარჩელემ მინდობილობა გამოართვა მეუღლეს და ბინა დატვირთა იპოთეკით. აღებული თანხიდან 10 000 აშშ დოლარიდან გაისტუმრა ახლობლის ვალი 9010 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა წაიღო რ--------- ა----–--ემ, თუმცა შემდეგ რ--------- ა----–--ეს იპოთეკით დატვირთულ ბინაზე სარგებელიც არ გადაუხდია. მოსარჩელეს კი მოუხდა იპოთეკით დატვირთულ ბინაზე სარგებლის სახით 1900 აშშ დოლარის გადახდა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ვალდებულების აღება.

 

მოსარჩელის შვილი დაქორწინდა, რა დროსაც ნ--------–ი კ--–--–---მ მოპასუხეებს მოსთხოვა ოქროს სამკაულების დაბრუნება. საუბარში რ--------- ა----–--ემ უთხრა, რომ სამკაულებს დაუბრუნებდა ლომბარდიდან, ჰქონდა თანხა, მაგრამ აკლდებოდა 500 აშშ დოლარი და 500 ლარი. აღნიშნული თანხა სასწრაფოდ იშოვა მოსარჩელემ და რადგანაც იმ დროისთვის უკვე კონფლიქტურ სიტუაციაში იყო მოპასუხეებთან, რ--------- ა----–--ეს ახლობლის ან-----–------ის ხელით გაუგზავნა 500 ლარი, რომელიც ან-----–------ემ გადასცა რ--------- ა----–--ეს და მან დაადასტურა თანხის მიღება ხელწერილით ან-----–------ისგან, ხოლო 500 აშშ დოლარი კი ისევ თვითონ გადასცა რ--------- ა----–--ეს ა-–---------- ა----–--ის მითითებით, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხემ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა რ--------- ა----–--ემ და ა-–---------- ა----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, თანხის 5000 ლარის ნაწილში ცნეს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებით 10500 აშშ დოლარის და 500 ლარის მიღების ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, თუმცა ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ეთანხმება მხოლოდ დარჩენილი 5000 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩლე მხარის სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხემ მხარემ მიუთითა, რომ ნ--------–ი კ--–--–---ს სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მხარის მითითებით მიღებული ფულადი თანხები მას ნაწილობრივ გადახდილი აქვს და რაც შეეხება ოქროს ნივთებს აღნიშნულთან მიმართებით მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ასევე, მოპასუხე მხარის მითითებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს, რომ 2010-2011 წლებში მოსარჩელე

ნ--------–ი კ--–--–---მ მოპასუხე რ--------- ა----–--ეს სესხის სახით ჯამში გადასცა 10500 აშშ დოლარი და 500 ლარი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოება სადავო არ გაუხდია, თუმცა სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების (ასლები) საფუძველზე დასტურდება, რომ რ--------- ა----–--ემ ნ--------–ი კ--–--–---სგან ერთი თვის ვადით ისესხა 500 ლარი, 2012 წლის 23 აპრილს, რ--------- ა----–--ემ ან-----–------ისგან მიიღო 500 აშშ დოლარი ნ--------–ი კ--–--–---ს ოქროს ნივთების ლომბარდიდან გამოსატანად.

ასევე დადგენილია, რომ 13.11.2012 წელს, რ--------- ა----–--ემ წერილობით აღიარა ნ--------–ი კ--–--–---ს მიმართ 10 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობა, რისი წარმოშობაც განაპირობა 2011 წლის 08 სექტემბერს, ნ--------–ი კ--–--–---მ რ--------- ა----–--ის ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინა. ხელწერილში მითითებულია, რომ რ--------- ა----–--ე ვალდებულებას შეასრულებდა მარტის თვის ბოლოს. ხელწერილს ხელს აწერენ მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–--- და მოპასუხე რ--------- ა----–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.11.2012 წლის ხელწერილი - ს.ფ. 25;

- 02.06.2014 წლის ხელწერილი - ს.ფ. 27;

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები (მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული იქნა, თუმცა მიეთითა დამატებით რომ თანხის დიდი ნაწილი, გარდა 5000 ლარისა, ანაზღაურებული იქნა მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–---ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 15 დღის ვადით მოპასუხისათვის 4000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების გადაცემის ფაქტობრივ გარემოებას ლომბარდში მათი დაგირავების მიზნით. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ოქროს ნივთების დაბრუნება მოპასუხე რ--------- ა----–--ეს არსებული მდგომარეობით არ განუხორცილებია, არ მომხდარა არც მისი ღირებულების ანაზღაურება.

 

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ რამდენიმე მტკიცებულებაზე; კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 27.02.2013 წლის დადგენილების საფუძველზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილებაში აღინიშნა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების პროცესში მხარეთა და მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ, დადგენილია, რომ რ--------- ა----–--ეს არ ჰქონია წინასწარ განზრახული მოტყუებით ფულადი თანხებისა და ოქროს ნივთების მითვისების განზრახვა, მხარეებს გაცნობიერებული ჰქონდათ რისკის არსებობა მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დადგინდა რომ მოპასუხე რ--------- ა----–--ის ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების პროცესში გამოკითხვისასა რ--------- ა----–--ის მხრიდან არ ყოფილა ოქროს ნივთების მიღების ფაქტი გაპროტესტებული, განსხვავებით სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესისა. ასევე, საყურადღებოა თავად მისი ხელით შესრულებული 2012 წლის 23 აპრილის ხელწერილის შინაარსი - ,,ან-----–------ემ გადმომცა 500 აშშ დოლარი ნა----ს ოქროს გამოსატანად მაისის ბოლომდე“. მითითებული ხელწერილის შესაბამისად მიღებულ 500 აშშ დოლარის სესხად მიღების ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე მხარე ადასტურებს, თუმცა თავად ტექსტიდან გამომდინარე ოქროს ნივთების გამოტანის მიზანთან მიმართებით კვალიფიციურ შედავებას არ ახდენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარის მითითება და შედავება, რომ ოქროს ნივთები არ მიუღია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო და მისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები და დასაბუთებული პოზიცია წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას და დადასტურებულად მიიჩნევს ოქროს ნივთების გადაცემისა და მათ დაუბრუნებლობის სადავო ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

- 27.02.2013 წლის დადგენილება - ს.ფ. 21-22;

- 2012 წლის 23 აპრილის ხელწერილი - ს.ფ.24;

 

3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე მოწმის ჩვენების შეჯერების და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ რ--------- ა----–--ის მიერ ნ--------–ი კ--–--–---ს მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 10 500 აშშ დოლარს და 500 ლარს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ვალდებულებას მხოლოდ ნაწილობრივ 5000 ლარის ფარგლებში ცნობს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიუთითებს, რომ მას ვალდებულება ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ შესრულებული აქვს, რაზეც მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მითითებულია სხვადასხვა ოდენობის თანხები, შედგენილია თვითონ რ--------- ა----–--ის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული შინაარსის მქონე ხელწერილები, რომლებიც შეადგინა მოპასუხემ არ წარმოადგენს მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ყოველივე აღნიშნული ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ფულადი ვადლებულების სრულად შერულების დასადასტურებალდ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თუნდაცნ ნაწილობრივ შერულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მითითებას. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ სამოქალქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ამავე კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. აღნიშნული მუხლების დეფინიცა მოვალეს აძლევს შესაძლებოლობას თავი დაიცვას იმ სამომავლო რისკისაგან, რაც ვალდებულების შერულების მტკიცების ტვირთით მასზე მოდის. აღნიშნული უფლების გამოყენება, მხარის პრეროგატივაა, თუმცა მტკიცების ტირვთი კონკრეტული ვალდებულების დადგენილ დროს, ადგილას და შეთანხმებული ოდენობით შერულების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე ამ ვალდებულების შემსრულებელ პირს აწევს ამ გარემოების სადაოდ გახდომის შემთხვევაში. შესაბამისა,დ სამოქალაქო კანონმდებლობა იძლევა მოვალის დაცვის კონკრეტულ საშაულებებს და ამ უფლების გამოუყენლობა თავად მოვალის რიკს წარმაოდგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამოდინარე ვერ ჩაითველბა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადაო ფაქტობრივი გარემოების - ფულადი ვალდებულების შესრულების, დადგენილად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

- რ--------- ა----–--ის ხელწერილები (ს.ფ. 186);

- 10.07.2010 წლის სესხის ხელშეკრულება - ს.ფ. 17-20;

- 27.02.2013 წლის დადგენილება - ს.ფ. 21-22;

- 13.11.2012 წლის ხელწერილი - ს.ფ. 25;

- 02.06.2014 წლის ხელწერილი - ს.ფ. 27;

 

3.2.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ-–-------------ნი, მე-2 მ/რ, კორპუსი 26, ბინა #--, ფართი 74.01 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- აღრიცხულია მოპასუხე ა-–---------- ა----–--ის სახელზე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხე ა-–---------- ა----–--ის საკუთრების უფლების საფუძველია 2015 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15/05/2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-30);

 

3.2.4. მოპასუხეები რ--------- ა----–--ე და ა-–---------- ა----–--ე არიან მეუღლეები. ისინი 1986 წლის 04 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობის ასლი - (ს.ფ.174);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-3, 260-ე, 316-317-ე, 341-ე, 1151-ე, 1152-ე, 1170-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში რ--------- ა----–--ემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 5000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, ნ--------–ი კ--–--–---ს სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება ნების თავისუფალი გამოვლენის ერთ-ერთი გამოხატულებაა და თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი ელემენტია. ვალის არსებობის აღიარება გულისხმობს მოვალის ნებასა და მზაობას ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით, ვალის დეკლარაციული აღიარების დროს სახეზეა არა მხოლოდ აღიარება (ცალმხრივი ნების გამოვლენა, გამოხატული ამა თუ იმ ქმედებაში), არამედ ხელშეკრულება. დეკლარაციულ ვალის აღიარებას კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. იგი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გამოვლინებად მიიჩნევა. დეკლარაციული ვალის აღიარება ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ახალი მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. იგი არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილ მოთხოვნას აღიარებს. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანი და დანიშნულებაა არსებული ვალდებულებისა და სამართალურთიერთობის დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება. შესაბამისად, დეკლარაციული ვალის აღიარება ფორმასავალდებულო გარიგება არ არის. დეკლარაციული ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურება და შემდგომი დავების თავიდან აცილებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობაა, კერძოდ, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი აწესრიგებს. ასეთ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება კონსტიტუციურია, ანუ ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება.

ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ისევე როგორც განსახილველ შემთხვევაში, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. შესაბამისად, ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. ვალის აბსტრაქტული აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების, ინდიკატორია ასევე ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილია, მიუხედავად იმისა, ნამდვილია, თუ არა ის გარიგება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებაც მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ცნო.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სახეზეა სწორედ ვალის კონსტიტუციური აღიარება, ვინაიდან სახეზეა მისი წარმოშობის დამოუკიდებელი საფუძველი, მოვალის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილები, რომლებსაც არ აქვთ სამართლებრივი კავშირი იმ სასესხო ურთიერთობასთან, რომელიც ნ--------–ი კ--–--–---მ დაამყარა მესამე პირთან, რ--------- ა----–--ის დახმარების მიზნით. არსებული ხელწერილების ფარგლებში, რ--------- ა----–--ემ იკისრა ვალდებულება ნ--------–ი კ--–--–---სთვის დაებრუნებინა 10 500 აშშ დოლარი და 500 ლარი. აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების თანახმად მოპასუხის მიერ არ შესრულდა, რაც მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

 

6.3. საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ხოლო ამავე კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა კონკრეტული მიზნით (ლომბარდში ოქროს ნივთების დაგირავების მიზნის) მოპასუხე მხარისათვის ოქროს ნივთების გადაცემის ფაქტი. ასევე დადგენილია, რომ არსებული მდგომარეობით ოქროს ნივთების ან/და მისი ღირებულება მოპასუხე მხარის მიერ დაბრუნებული ან/და ანაზღაურებული არ იქნა, შესაბამისად, არსებობს ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ოქროს ნივთების ღირებულების (4000 აშშ დოლარის) მოპასუხე მხარისათვის დაკისრებისათვის.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ნ--------–ი კ--–--–---ს მიერ მიცემული ფული რ--------- ა----–--ემ გამოიყენა მეუღლის ავტომანქანის განბაჟებისთვის. შესაბამისად, ნასესხები ფულიდან და ოქროულობიდან თანხის გარკვეული ნაწილი რ--------- ა----–--ემ გამოიყენა მეუღლის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. არ არის აუცილებელი შეძენაში მეორე მეუღლის დამოუკიდებელი შემოსავლით მონაწილეობა და ორივე მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ქონება შეძენილია რ--------- ა----–--ის და ა-–---------- ა----–--ის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. მითითებული გარემოება, რომ რ--------- ა----–--ეს მის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია არ ნიშნავს იმას, რომ მას თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე არ მოუპოვებია.

 

დადგენილია, რომ რ--------- ა----–--ის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების აღსრულების მიზნით, მოსარჩელე ითხოვს რ--------- ა----–--ე ცნობილი იქნეს ქორწინების პერიოდში შეძენილი და ამჟამად, მისი მეუღლის ა-–---------- ა----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასარჩელო წარმოების განმსაზღვრელია მხარეთა ინტერესების დაპირისპირებულობა. ამასთან, მხარეებად გვევლინებიან, მოსარჩელე, რომელმაც აღძრა სარჩელი სასამართლოში თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად და მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ამ სადავოდ გახადა მისი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელისათვის დადებითი იურიდიული შედეგის მომტანი უნდა იყოს. ასევე, აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში, რომელიც ქმნის საფუძველს მოსარჩელის მიერ დარღვეული უფლებებისათვის სასამართლოსათვის მიმართვაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე რ--------- ა----–--ეს გააჩნდა ფულადი ვალდებულება მოსარჩელეს მიმართ, რომელიც წარმოიშვა ვალის აღიარების შესახებ ხელწერილების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება, განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა საშუალება ეფექტური იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს სასარჩელო პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი დაკმაყოფილება კონკრეტული ზიანისათვის. შესაბამისად კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დაკმაყოგილებული სასარჩელო მოთხოვნები ანიჭებს მოსარჩელეს უფლებას მოითხოვოს წინამდებარე სარჩელით მეუღლეთა თანასაკუთრებად ქონების აღრიცხვა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას ზემოაღნიშნული ვალდებულების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეული უფლებების რეალური და ეფექტური აღდგენა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ--------–ი კ--–--–---ს სარჩელი მოპასუხეების რ--------- ა----–--ის და ა-–---------- ა----–--ის მიმართ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1121 ლარის ოდენობით. 2016 წლის 07 სექტემბრის (სარჩელის წარმოდგენის დღე) მდგომარეობით არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით (2.3030), დავის საგნის მთლიანი ოდენობა შეადგენდა 33893.50 ლარს (სახ. ბაჟი შესაბამისად 1016.81 ლარი). იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1900 აშშ დოლარის ნაწილში და მოპასუხემ ამავე სხდომაზე ცნო სარჩელი 5000 ლარის ნაწილში, სასამართლო სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 354.19 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად სარჩელზე გადახდილი 866.81 ლარი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს რ--------- ა----–--ეს და ა-–---------- ა----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------–ი კ--–--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. რ--------- ა----–--ეს ნ--------–ი კ--–--–---ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 500 აშშ დოლარის და 500 ლარის გადახდა.

 

3. რ--------- ა----–--ე ცნობილ იქნეს მოპასუხე ა-–---------- ა----–--ის საკუთრებაში არსებული, მდებარე მისამართზე: თბილისი, გლდანის მე-2 მ/რ, კორპუსი 26, ბინა #--, ფართი 74.01 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- საცხოვრებელი ბინის 1/2 წილზე მესაკუთრედ.

 

4. რ--------- ა----–--ეს და ა-–---------- ა----–--ეს ნ--------–ი კ--–--–---ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 866.81 ლარის ანაზღაურება.

 

5. ნ--------–ი კ--–--–---ს დაუბრუნდეს, ს----------------ას მიერ, 09/08/2016 წელს, საკრედიტო საგადახდო დავალების #1 საფუძველზე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1121 ლარის ნაწილი 354.19 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე