გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1579-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ--- ყ----–---–ი
წარმომადგენლები ლელა გოძიაშვილი
მოპასუხე დ----- მ------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ----- მ------–---–ისათვის არასრულწლოვანი 2011 წლის 08 მაისს დაბადებული ა------- მ------–---–ის სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
სარჩელის გარემოებები:
ნ--- ყ----–---–ი და დ----- მ------–---–ი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2011 წლის 08 მაისს შეეძინათ შვილი ა------- მ------–---–ი. მხარეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ოჯახური თანაცხოვრებით, თუმცა ურთიერთობები ნელ-ნელა შეიცვალა და ბოლო რამდენიმე თვეა, აღარ აქვთ კავშირი. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე და არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. მოსარჩელე ამჟამად არ მუშაობს. ბავშვი დადის სკოლაში, მას სჭირდება სახსრები ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხე ოფიციალურად არ მუშაობს, არის ხელოსანი და ასრულებს კერძო შეკვეთებს, აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი, დაახლოებით თვეში 1000-1500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს არის საოპერაციო და მისთვის არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ალიმენტის 50 ლარის გადახდაზე.
(შესაგებელი ს.ფ.36-44; 28.02.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ნ--- ყ----–---–ი და დ----- მ------–---–ი აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილი ა------- მ------–---–ი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ნ--- ყ----–---–თან ერთად ქალაქ რუსთავში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-14. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 36-44. ტომი 1)
3.1.2. ნ--- ყ----–---–ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის, მას სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მას მატერიალურად ეხმარებიან დედა და და, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (28.02.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნ--- ყ----–---–ს და დ----- მ------–---–ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობის თანახმად, ა------- მ------–---–ი დაბადებულია 2011 წლის 08 მაისს მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ნ--- ყ----–---–ი, მამა – დ----- მ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15 ტომი 1).
3.2.2. დ----- მ------–---–ი არის ხელოსანი და ასრულებს კერძო შეკვეთებს სამშენებლო სამუშაოებზე. მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება მკურნალობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი შრომისუუნარო არ არის და შრომის უნარი მნიშვნელოვნად შეზღუდული არა აქვს.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს 50 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს შემოსავალი ავადმყოფობის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამჟამად არ მუშაობს, დაოჯახებულია და ფინანსურად ეხმარება ძმა.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სს სამედინო კჯოისპორაცია ევექსის ტრავმაყოლოგიური ჰოსპიტალის მიერ 2019 წლის 22 თებერვასლ გაცემული ცნობა IV-100ა,რომლის თანახმადაც დ----- მ------–---–ის დიაგნოზია K43.9 სხვა და დაუზუსტებელი მუცლის წინა კედლის (ვენტრალური) თიაქარი გაუვალობის და განგრენის გარეშე. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მუცლის წინა კედელზე მოცულობითი წარმონაქმნის არსებობას, რომელიც პერიოდულად ძლიერ მტკივნეულია. აღნიშნული წარმონაქმნი აქვს თვეების მანძილზე, 1 თვის წინ აღენიშნა ჩაჭედვის ეპიზოდი, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, გაეწია დახმარება, თიაქარი თვითნებურად ჩასწორდა მუცლის ღრუში. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციად ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტს სასწრაფოდ დაყოვნებული წესით ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა: მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით JASG60.
მოპასუხის განმარტებით იგი მუშაობდა ხელოსნად სამშენებლო სამუშაოებზე. მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მუშაობს და აღარ აქვს შემოსავალი. ფინანსურად ეხმარება ძმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. კერძოდ, მოპასუხეს აღენიშნება მუცლის ღრუს თაიქარის ტკივილები, რომლის მკურნალობისათვის პაციენტს დაენიშნა სასწრაფო დაყოვნებული წესით მკურნალობა.
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრულია სამედინო ჩარევების კლასიფიკაცია და გამოყოფილია ჩარევების სამი ჯგუფი: გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია; სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია. ამ ბრძანებით განმარტებულია, რომ სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია არის ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე).
მოპასუხისათვის განსაზღვრულია სასწრაფო დაუყოვნებლივი ოპერაციული მკურნალობა, რაც არის ზემოთაღნიშნული ბრძანებით დადგენილი სამედიცინო ჩარევა - სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია, რომელიც ინიშნება პაციენტის სტაბილური სამედიცინო მდგომარეობის ისეთ ვითარებაში, როცა მისი სიცოცხლეს ან ორგანოს გადაუდებელი საფრთზე არ ემუქრება, თუმცა ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დაავადება იწვევს პაციენტის ხანგძრლივ შრომისუუნარობას ან მნიშვნელოვნად ზღუდავს შრომიუნარიანობას შედარებით ნახრგლივი პერიოდის მანძილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტის ასლი (ს.ფ. 74. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვის ინტრესების გათვალისწინებით ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 120 ლარით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესი მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს არაგონივრულად მცირე თანხაა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო ერთერთ გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მუშაობს. არ გააჩნია შემოსავალი.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანებამდე.
ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.
ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.
ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)
მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობს, რის გამოც მის აღზრდაში ყოველდღიურად წარმოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვის ყოველდღიურ ზრუნვაში მოპასუხე ჩართული არ არის. ამასთან, მოსარჩელეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა არა აქვს, რის გამოც შრომისუნარიანი, შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი.
ბავშვს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ვერ მოხდება მცირედი მატერიალური დახმარებით - ყოველთვიურად 50 ლარის გადახდით, რადგან მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს მოპასუხეს.
მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება არ არის იმგვარი, რაც მას ხანგრძლივი ვადით უზღუდავს შრომითი საქმიანობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N 1/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქცია“, რომლითაც დადგენილია რა დაავადებები იწვევს ამა თუ იმ ხარისხით და ხანგრძლივობით პირის შესაძლებლობის შეზღუდვას, ამცირებს პირის შრომისუნარიანობას შედარებით ხანგრძლივი დროით. ამ დაავადებების ჩამონათვალში არ არის მითითებული თიაქართან დაკავსირებული სამედიცინო ჩვენებები. ამ ბრძანებაში მითითებულია, რომ შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა, ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას“
მართალია მოპასუხეს უახლოეს მომავალში ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მისი დაავადება არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხანგრძლივად მოშლას, მისი შრომისუნარიანობის იმგვარად შეზრუდვას, რომ მას მინიმალურადაც არ შეუძლია წინანდელი სამუშაოს შესრულება. ეს დაავადება იწვევს პირის მძიმე ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვას, მაგრამ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მას ხანგრძლივი დროით ეზღუდება დასაქმება.
მოპასუხის მიერ დასახელებული ალიმენტის გონივრულობის განმსაზღვრელი არ არის ის გარემოება, რომ მას ჰყავს მეუღლე. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლის შრომისუუნარობის შესახებ, რის გამოც მას განსაკუთრებული დახმარება სჭირდება.
მოპასუხის მიერ დასახელებული ალიმენტის თანხა გონივრული არ არის ასევე იმის გამო, რომ მოსარჩელეს ფინანსურად ეხმარებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფა უპირველესად მშობლების ვალდებულებაა და ბავშვის რჩენისათვის საჭირო თანხის შემცირების გარემოებები მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს. კერძოდ, მშობლის ვალდებულება შეიძლება შემცირდეს მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის, სოციალური სიდუხჭირის გამო, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ყოველთვიურად 200 ლარი არაგონივრულია და მეტისმეტად მაღალია. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოპასუხეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.
აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 120 ლარი. ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 25 მაისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელწმიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 1 440 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.
დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 50 ლარის ნაწილში რაც არის დაკისრებული თანხის 120 ლარის 42%. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, რის გამოც იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ამ პროპორციულიბით. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 42% არის 21 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 29 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ--- ყ----–---–ის სარჩელი;
2. დ----- მ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2011 წლის 08 მაისს დაბადებული ა------- მ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 120 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 25 მაისიდან;
3. დ----- მ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 29 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი