გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411210019002828216
საქმე № 2/28-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: დ----- ხ-----------ე
წარმომადგენელი: გ--------- ქ--------------
მოპასუხე: ე---------- ბ--–--–---–ი
დავის საგანი: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა დ----- ხ-----------ესა და ე---------- ბ--–--–---–ს შორის.
სარჩელის თანახმად, მხარეები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2017 წლის 15 ნოემბერს. მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო დ----- ხ-----------ეს აღარ სურს, ქორწინებაში იმყოფებოდეს მოპასუხესთან. მოსარჩელე ითხოვს ე---------- ბ--–--–---–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია; მოპასუხეს აქვს თავისი დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, მათ 18 წელია, შექმნეს ოჯახი, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი და მისი მომავლისთვის, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელია მშობლების ერთად ცხოვრება. მათ ურთიერთობაში ჩარევას ახდენს დედამთილი, რის გარეშეც მეუღლეების თანაცხოვრება სრულიად შესაძლებელი იქნება. მოპასუხეს არ სურს მეუღლესთან განქორწინება და სურვილი აქვს მასთან ერთად ცხოვრების. ამასთან, მას და მის შვილს არსად აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი, განქორწინების რეალური საბაბი არის ის, რომ დედამთილმა მოახდინოს მისი და არასრულწლოვანი შვილის გამოსახლება. იგი ითხოვს ქორწინების რეგისტრაციის შენარჩუნებას შვილის სრულწლოვანებასა და სკოლის დამთავრებამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 18 წელია, იმყოფებიან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში; ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი;
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ისინი დღემდე ცხოვრობენ ერთად მოსარჩელის დედის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2017 წლის 15 ნოემბერს;
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ხ-----------ის სარჩელი ე---------- ბ--–--–---–ის მიმართ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე აღარ არის მხარეთა ორმხრივი ნება, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით კი, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ სურს ოჯახის შენარჩუნება შვილის ინტერესების გამო, და ამ მიზეზით მშობლების ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება აუცილებელია, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ქორწინება-განქორწინებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მეუღლეთა ნებას, შექმნან საერთო ოჯახი და გააგრძელონ თუ არა ეს ურთიერთობა სამომავლოდ.
როგორც აღინიშნა, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, მოსარჩელეს კი არანაირი სურვილი აქვს შერიგებისა და თანაცხოვრებისა.
ასეთ ვითარებაში, შერიგებისათვის ვადის განსაზღვრასა და მათ რეგისტრირებულ ქორწინებას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი და იქნება ყოველგვარ აზრს მოკლებული.
მოპასუხის მიერ მოხმობილი გარემოებები არ წარმოადგენს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველს: არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვა ევალება ორივე მშობელს, მიუხედავად მათი ქორწინება იქნება თუ არა რეგისტრირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.
იმავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 30 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ე---------- ბ--–--–---–ს უნდა გადახდეს მოსარჩელე დ----- ხ-----------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 248-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს სსგს კასპის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს № 3---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება დ----- ხ-----------ესა (დაბადებული: 1977 წლის 1 აპრილს, პ/ნ № 2----------) და ე---------- ბ--–--–---–ს (დაბადებული: 1980 წლის 26 თბერვალს; პ/ნ № 0----------) შორის.
2. მოპასუხე ე---------- ბ--–--–---–ს მოსარჩელე დ----- ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი