გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002541265
№2-2945/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს „ტ------------------------–ი“
წარმომადგენელი მ-------------------
მოპასუხე შპს „T------”
წარმომადგენელი ნ-----------–---
დავის საგანი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „T------”-ს დაეკისროს შპს „ტ------------------------–ი“-ს სასარგებლოდ გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის დავალიანება 68 869 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 17 სექტემბერს შპს „ტ------------------------–სა“ და შპს „T------”-ს შორის გაფორმდა მომსახურების, ნასყიდობისა და ბარტერის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ტ------------------------–ს“ მის საკუთრებაში არსებული სპეციალიზირებული ტექნიკის მეშვეობით უნდა მოეხდინა ბეტონის გადატუმბვა სამშენებლო მოედანზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, რ---------–-- ქ. N30-ში, ასევე მას მოპასუხისთვის მისი დაკვეთის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა ამავე სამშენებლო მოედანზე პემზის სამშენებლო ბლოკები. ამავე ხელშეკრულებით მოპასუხე შპს „T------” ვალდებული იყო გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის საფასური გადაეხადა ნაწილობრივ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხოლო ნაწილი მის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონების გადაცემის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მომსახურების, ნასყიდობისა და ბარტერის ხელშეკრულება 17.09.2014წ
3.2.2. გარდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 01 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე შპს „T------”-მ იჯარით აიღო შპს „ტ------------------------–ის“ საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონი, წ-------–ის შესახვევი N9-ში მდებარე ტერიტორიის ნაწილი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული იჯარის ხელშკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 11 თვის ვადით, 2014 წის 01 ნოემბრიდან 2015 წლის 31 ოქტმბრამდე ვადით. ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიური საიჯარო თანხა შეადგენდა 100 ლარს დღგ-ს გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-იჯარის ხელშეკრულება.01.11 2014
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მოპასუხის მოთხოვნები, კერძოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე 2014 წლის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 43 892 ლარი, 2015 წლის განმავლობაში - 15 927 ლარი, 2016 წლის განმავლობაში- 6 450 ლარი, 2017 წლის განმავლობაში- 2 600 ლარი. სულ ჯამში მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 68 869 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
- სასაქონლო ზედნადებები.
- მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დღემდე არ არის გადახდილი მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასური 68 869 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ტ------------------------–ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე შპს „T------”-ს დაეკისროს შპს „ტ------------------------–ი“-ს სასარგებლოდ გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის დავალიანება 68 869 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 581-ე, 629-ე და 361-ე მუხლებით; ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 104-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა მომსახურების, ნასყიდობისა და ბარტერის ხელშეკრულება, ასევე მათ შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მოპასუხის მოთხოვნები, კერძოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე 2014 წლის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 43 892 ლარი, 2015 წლის განმავლობაში - 15 927 ლარი, 2016 წლის განმავლობაში- 6 450 ლარი, 2017 წლის განმავლობაში- 2 600 ლარი. სულ ჯამში მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 68 869 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დღემდე არ არის გადახდილი მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების საფასური და შესაბამისად მისი დავალიანება შეადგენს 68 869 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე გადაუხდელი თანხის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი.
6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 68 869 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ქონდა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.04.2018წ. განჩინება).
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2066.07 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს შპს „ტ------------------------–ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „T------”-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
1.1 მოპასუხე შპს „T------”-ს დაეკისროს შპს „ტ------------------------–ი“-ს სასარგებლოდ 68 869 ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე შპს „T------”-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2066.07 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე