გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
180210018002687636
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/869-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე - მ-----–-----------–---–ი

 

მოპასუხე - ზ----------–-–---–ი

 

დავის საგანი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე ზ----------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის 7------–------------- ლარის გადახდა. (მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა).

 

1.2. მოპასუხე ზ----------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 435 ლარის ანაზღაურება. ასევე ავტომანქანის დიაგნოსტიკის საფასური - 45 ლარისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობების საფასურის - 42 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2018 წლის 20 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ზ----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ტ---------------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Z-------- დაეჯახა მოსარჩელე მ-----–-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „ტ-------------–------“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით G--------. მოსარჩელის ავტომანქანა დაზიანდა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეისწავლა რა საქმის გარემოებები, დაადგინა მოპასუხის ბრალეულობა და ზ----------–-–---–ი სცნო სამართალდამრღვევად. შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რაც მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. მისი ბრალეულობა დადასტურდა მისივე ახსნა-განმარტებით, სადაც ზ----------–-–---–მა აიღო ვალდებულება, რომ აანაზღაურებდა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს. მ-----–-----------–---–ის მხრიდან იყო მცდელობა მორიგებულიყვნენ მხარეები, ჰქონდა მასთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ ზ----------–-–---–ის მხრიდან ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა ავტომანქანის დიაგნოსტიკისთვის „თ------------------“, რომ შემდგომ მომხდარიყო მანქანის აღდგენა. დეფექტაციის აქტით დასტურდება, რომ ავტომაქანის აღდგენა მიყენებული დაზიანებების გამო შეუძლებელი იყო. ყოველივე ამის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა აუდიტს მანქანის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. საშემფასებლო ანგარიშის მიხედვით ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 1----- ლარი.

 

საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მ-----–-----------–---–მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 7-----–------------- ლარამდე, რაც მთავარ სხდომაზეც დაადასტურა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მხარის განმარტებით, მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია, შესაბამისად თავს დაზარალებულად თვლის და არა ბრალეულად. მან განაცხადა, რომ მანქანების მდებარეობა შეჯახების შემდეგ ნამდვილად ვერ ასახავდა რეალურ სურათს, როგორ მოხდა შეჯახება და საპატრულო პოლიცია ამ გარემოებამ შეიყვანა შეცდომაში. სიტუაციამ, რომელშიც მოპასუხე მოხვდა არ მისცა მას საშუალება სწორად გაეაზრებინა თავისი ქმედებები, ფსიქოლოგიურად იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და არასწორად დაეთანხმა სამართალდარღვევის ოქმს. მოპასუხე განმარტავს, რომ ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლო საჯარიმო ქვითრის და ექსპერტიზის დასკვის გასაჩივრება. მოპასუხემ განმარტა, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალდარღვევის ოქმზე ხელი აქვს მოწერილი, მიყენებული ზარალის თანხას აუნაზღაურებდა მ-----–-----------–---–ს, რაც დღეის მდგომარეობით არ მომხდარა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 20 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე ზ----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ტ---------------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით Z-------- და მოსარჩელე მ-----–-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „TOYOTA HILUX SURF“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით G-------- შორის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ს.ფ. ს.ფ. 12-18;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა #49/6/1/1/2-01640010 და ცნობა #49/6/1/1/2-01645393 (ს.ფ 221-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2. ზ----------–-–---–ი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 250 ლარით; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ზ----------–-–---–ს არ გაუსაჩივრებია;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (19);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.3. მ-----–-----------–---–ის საკუთრებაში არსებული „ტ-------------–------“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანების შედეგად არ ექვემდებარება აღდგენას, შესაბამისად მიყენებული ზარალის ღირებულებამ შეადგინა 14.500 (თოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ,,თეგეტა მოტორსის“ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტომობილის დეფექტაციის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 20-22 );

- მსუბუქი ავტომობილის „TOYOTA HILUX SURF“-ის საბაზრო ღირებულების შესახებ, საშემფასებლო ანგარიში (ს.ფ 28-43 );

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადსტურებს იმ ფაქტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა მოპასუხის ბრალეული/გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად. კერძოდ, საქმეში არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი, რომელიც ადასტურებს ზ----------–-–---–ის ბრალეულობის ფაქტს ავტოსაგზაო შემთხვევაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვერ აღიქვა მოვლენები სწორად, რის გამოც ვერ გაასაჩივრა სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი. უფრო მეტიც, სამართალდარღვევის ოქმს დაეთანხმა და ხელიც მოაწერა მას. მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება გაესაჩივრებინა ოქმი და საჯარიმო ქვითარი; შესაბამისად, მისი ბრალეულობა მოცემულ სამართალდარღვევაში დადასტურებულია, რის საფუძველზეც მიხელ უთრუგაშვილს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მოპასუხე მხარემ, ვერც შესაგებელში მითითებული გარემოებებით და ვერც საქმის განხილვისას მიცემული ახსნა-განმარტებით ვერ დაადასტურა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალეული ქმედებით. საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----------–-–---–ის ბრალეული ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, მოსარჩელე მ-----–-----------–---–ს მიადგა მატერიალური ზიანი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- საშემფასებლო დოკუმენტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლომ განიხილა მ-----–-----------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, მუხლებით;

6. სამართლებრივი შეფასება: 6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელე მ-----–-----------–---–ს. ზიანი კი გამოიხატა ავტომანქანის საექსპლუატაციოდ გამოუყენებლობაში, ვინაიდან ავტომანქანის ძარა აღდგენას არ ექვემდებარება; 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. 6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე ზ----------–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხე ზ----------–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენისა (დელიქტი) და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხისთვის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ზ----------–-–---–ს მოსარჩელე მ-----–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7-----–------------- ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე ზ----------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე მ-----–-----------–---–ის სასარგებლოდ ავტომანქანის დიაგნოსტიკის საფასურის 45 (ორმოცდახუთი) ლარის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობების საფასურის 42 ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხე ზ----------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე მ-----–-----------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7-----–------------- ლარის 3%, 210 (ორას ათი) ლარის გადახდა;

 

5. მ-----–-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 225 (ორას ოცდახუთი) ლარი (გადახდილი 2018 წლის 08 ოქტომბერს, საგადასახადო დავალება: #1, მიმღების სახაზინო კოდი 300783150);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა