გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
330210018002712601
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32587-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–----------–ი"

წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–ი

მოპასუხე - ა------------–--, გ------------–-----ე

წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა------------–--სა და გ------------–-----ეს შპს ,,მ-----------------------------–----------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20 260 ლარის ანაზღაურება.

სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება:

2014 წლის 20 ნოემბერს შპს „მი--- ბე-----–--“ და ა------------–--ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------------–-- დაინიშნა სამომხმარებლო სესხების მენეჯერის პოზიციაზე.

2014 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელესა და გ------------–-----ეს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი დაინიშნა ძვირფასი ლითონებისა და თვლების ექსპერტ-შემფასებლის და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

გი------ გე---–--- და ამ----- თა-–------- 1113 ლარი მიითვისეს. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მოპასუხეებმა დანაშაული აღიარეს და მოსარჩელეს თანხა დაუბრუნეს. მოსარჩელემ განახორციელა ხელახალი რევიზია, შეისწავლა მოპასუხეების მიერ გაცემული სესხების ისტორია და აღმოჩნდა, რომ მათ თავიანთი იუზერითა და პაროლით გასცეს 24 სესხი. მითითებული მსესხებლები რეალურად არ არსებობენ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსესხებელთა პირადი ნომრები, სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები არ იყო რეალური, გამოგონილი იყო. სესხებზე ვერ იქნა მოძიებული გასავლის და შემოსავლის ორდერები, ხელშეკრულებები და დაგირავებული ოქროს ნივთები. მოპასუხეებმა ჯამში 20 260 ლარი მიითვისეს. შემოწმების სისწორე დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და სარჩელი არ ცნეს. მათი მითითებით, მხარეებს შორის არსებობდა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა. დამსაქმებელმა დასაქმებულებს არ აუნაზღაურა 2 თვის ხელფასი და 1113 ლარი, რომელიც მათ სალაროდან აიღეს, იყო მათი შრომის ანაზღაურება. მი----მ მიმართა პროკურატურას, რათა გამოძიებულიყო 24 სესხის გაცემის ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას, თუმცა დღემდე არც დაზარალებული და არც ბრალდებული არ დაუდგენია.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ვერ პასუხობს საექსპერტო კვლევის სტანდარტს და დაუშვებელი მტკიცებულებაა. შემფასებელი უარს აცხადებს სასამართლოს წარმოუდგინოს ახსნა-განმარტება.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,მ-----------------------------–----------–სა“(მი---, მოსარჩელე, დამსაქმებელი) და გ------------–-----ეს (პირველი მოპასუხე) შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი დაინიშნა ძვირფასი ლითონებისა და თვლების ექსპერტ-შემფასებლის და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.2. 2014 წლის 20 ნოემბერს მი----სა და ა------------–--ს (მეორე მოპასუხე) შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------------–-- დაინიშნა სამომხმარებლო სესხების მენეჯერის პოზიციაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.3. მოპასუხეებმა მიითვისეს მი----ს კუთვნილი 1113 ლარი. 2016 წლის 12 თებერვალს მათ ბრალი წარედგინათ. მოპასუხეებმა დანაშაული აღიარეს და მითვისებული თანხა დააბრუნეს. მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგამოძიებო ორგანოს 27.09.2018 წლის წერილი (ტ. 1-ლი; ს.ფ. 130).

3.1.4. ამჟამად მხარეებს შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

განსახილველი დავა დელიქტიდან გამომდინარეობს. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

სასამართლო აქვე ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპზე. თითოეულ მხარეს შეიძლება მოეთხოვოს იმ გარემოებების დადასტურების ვალდებულება, რომლის დამტკიცება მას, ობიექტურად, შეუძლია. სადაც ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, მტკიცების ტვირთიც იხსნება.

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი.

ზიანის მიყენების სქემა, მოსარჩელის აღწერით, შემდეგნაირად გამოიყურება: მოპასუხეებმა სესხები გასცეს არარსებულ პიროვნებებზე (არასწორია მსესხებლების პირადი ნომრები, სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები), მი----ში არ მოიპოვება სესხის ხელშეკრულებები, სალაროს გასავლის ორდერები, დაგირავებული ნივთები არ მოიძებნა; სესხად გაცემული თანხები მიითვისეს მოპასუხეებმა და იმისათვის, რომ არ გამოვლენილიყო ეს ფაქტი, გადაიხადეს თითო თვის პროცენტები, ასევე მათ მი----ს სპეციალური პროგრამიდან წაშალეს სესხის ხელშეკრულების გარკვეული მონაცემები, რათა სესხს არ ჰქონდა სტატუსი „აქტიური.“

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსესხებლები არ არსებობენ ან თანხა მოპასუხეებმა მიითვისეს. ასევე არ დასტურდება, რომ პროგრამაში მათ რაიმე მონაცემი წაშალეს.

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის განაცხადი სადაც ჩამოთვლილია 24 გირაოთი უზრუნველყოფილი სესხი (ტ. 1-ლი ს.ფ. 33-34). განცხადებაში აღნიშნულია, რომ სესხი გაცემულია ა------------–--სა და გ------------–-----ის სამუშაო მომხმარებლის სახელებით (username).

გარდა აღნიშნული განცხადებისა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სესხი არ არსებულ პირებზე გაიცა.

მხარეთა შუამდგომლობით, სასამართლომ გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა.

ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც თავად მოსარჩელეც მიუთითებს, არის გამომძიებლის მიერ შედგენილი აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ დარეკა მსესხებლების ტელეფონის ნომრებზე და ამ ნორმების ნაწილი არასწორი აღმოჩნდა. ეს კი არ ადასტურებს იმას, რომ პიროვნებები არ არსებობენ.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია მოწმეები. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით, ასევე დაიკითხა მ-------------ე, ზ----------–---–---–ი და ბ----------–---–---–ი.

როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლო სხდომაზე ზ----------–---–---–მა და ბ----------–---–---–მა დაადასტურეს, რომ პროგრამიდან რაიმე მონაცემის წაშლის უფლება მხოლოდ ზ----------–---–---–ს ჰქონდა და მოპასუხეები, თავიანთი მომხმარებლის სახელით, მონაცემების ვერ წაშლიდნენ.

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტს დაესვა შეკითხვა: „სერვერზე არქივირებული თბილისის N- ფილიალის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების IP ადრესის მისამართები, კერძოდ, რომელი IP მისამართიდან განხორციელდა ზემოთ მითითებული 24 ერთეული სესხის დარეგისტრირება და რომელი IP მისამართიდან წაიშალა.“ ექსპერტიზამ აღნიშნულ კითხვას პასუხი ვერ გასცა (იხ. სისხლის სამართლის საქმის მასალები ტ. 1-ლი, ს.ფ 344-345).

მოწმე მა----- ბე------ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ დაგირავებული ოქრო ბანკის საცავში არ აღმოჩნდა, ამასთან დაადასტურა, რომ გირაოში ჩადებული ოქროს ნივთები მას მიჰქონდა ბანკში, ამასთან, არასოდეს ამოწმებდა, რა ოდენობის სესხს გასცემდნენ მოპასუხეები და რა ღირებულების ოქროს ნივთებს იტოვებდნენ, რადგან ენდობოდა მათ. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას მან იგივე გარემოებებზე მიუთითა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებები მი----ში არ აღმოჩნდა და მიუთითებს, რომ საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებათ.

სასამართლო განმარტავს: მართალია, ჩვეულებრივ, მტკიცების ტვირთი მას ეკისრება, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს, ანუ ხელშეკრულებების არსებობა მოპასუხეთა სამტკიცებელი იქნებოდა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეებზე ვერ გადავა, ვინაიდან ისინი აღარ იმყოფებიან შრომით ურთიერთობაში მოსარჩელესთან და ხელი არ მიუწვდებათ იქ არსებულ დოკუმენტაციაზე. გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არავის მოეთხოვება, სახლში იქონიოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დადებული ხელშეკრულებების ასლები, უფრო მეტიც, ასეთი ასლების გადაღებით და შენახვით მოპასუხეები არსებითად დაარღვევდნენ „პერსონალურ მონაცემთან დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიმართ არათუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობს, არამედ მათი ბრალდებაც კი არ მომხდარა.

სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო დავის ფარგლებში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო არ არის განაჩენის არსებობა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, არამართლზომიერი ქმედება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.

მოცემულ შემთხვევაში, არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ ხელეწიფებათ იმის დადასტურება, კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული პირადი ნომრით არსებობს თუ არ არსებობს.

ასევე თანხის მითვისების ფაქტი ვერ დადასტურდება მხოლოდ თავად მოსარჩელის თანამშრომლების მიერ შედგენილი შემოწმების აქტით და მოწმეთა ჩვენებებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეები მოსარჩელე მი----ს თანამშრომლები არიან, ამასთან ზ----------–---–---–ი და ბ----------–---–---–ი მი----ს დამფუძნებლის ოჯახის წევრები არიან.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებისას მი----სთან შრომით ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ და ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნდათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა მთავარ სხდომაზე მიუთითეს ახალი ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, არ მიუთითებიათ საპატიო მიზეზი, რის გამოც აღნიშნულის შესახებ თავის დროზე ვერ მოხდა მითითება, შესაბამისად, სასამართლო ამ ფაქტობრივ გარემოებას ვერ შეაფასებს.

მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც 02.02.2015 წლის მდგომარეობით მი---ს თბილისის N- ფილიალში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 20 239,09 ლარს.

მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ვერ პასუხობს საექსპერტო კვლევის სტანდარტს და დაუშვებელი მტკიცებულებაა. შემფასებელი უარს აცხადებს სასამართლოს წარმოუდგინოს ახსნა-განმარტება.

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დასკვნა მხოლოდ ნაღდი ფულის შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობას ადგენს, გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როცა მოპასუხეთა არამართლზომიერი ქმედება ვერ დასტურდება, დასკვნის, როგორც წერილობითი მტკიცებულების სსკ-ის სტანდარტებთან შესაბამი---ბის შეფასებას, მნიშვნელობა აღარ აქვს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად და როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის მიყენების სქემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მირ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე, 408-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მსგავსების მიუხედავად, დელიქტიდან გამომდინარე დავებში მტკიცების სტანდარტი არ არის სისხლის სამართლის საქმის იდენტური, კერძოდ, ამ შემთხვევაში მოქმედებს არა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, არამედ, მნიშვნელოვანია, რომელი მხარის სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებები „გადაწონის“ (preponderance of evidence). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების სტანდარტი დელიქტურ დავებზე განსხვავებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება ისეთ პირობებში, როცა უტყუარად ვერ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების ერთობლიობა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი (ვრცლად იხ. 3.2.1 პუნქტი).

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია, სამოქალაქო დავის ფარგლებში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ყოველთვის სავალდებულო არ არის განაჩენის არსებობა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, არამართლზომიერი ქმედება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.

მოსარჩელის მიერ მითითებული არამართლზომიერი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ეკონომიკურ დანაშაულთა კატეგორიაში შემავალ ქმედებას განეკუთვნება. დანაშაულის ჩადენა კი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

დავის სპეციფიკა მოიცავს ისეთ გარემოებებს, რომელთა დადასტურება თავად მხარეებს არ ხელეწიფებათ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა სესხი არარსებულ პიროვნებებზე გასცეს და მსესხებლების პერსონალური მონაცემები გამოგონილია. ამ გარემოების დადასტურება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე შეუძლებელია. არც მოპასუხეს აქვს ობიექტურად იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლოს წარმოუდგინოს მტკიცებულება, კონკრეტული პიროვნება, შესაბამისი პირადი ნომრით, არსებობს თუ არა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და/ან მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანის მიყენებას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეულ სასამართლო ხარჯებს მოპასუხეები არ აანაზღაურებენ.

მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, იგი ითხოვს ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1500 ლარის, საფოსტო მომსახურების ღირებულების - 10 ლარის, სანოტარო მოქმედებების შესრულების საფასურის, სულ 74 ლარის, ანაზღაურებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ამ ხარჯების გაწევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც წაგებულ მხარეს შეიძლება დაეკისროს მოგებული მხარის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების საფასურის ანაზღაურება - დავის საგნის ღირებულების 4%. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული თანხა ამ ზღვარს აღემატება და მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 810 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს მი--- „ბე-----–--“ სარჩელი მოპასუხეების ა------------–--სა და გ------------–-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს მი--- „ბე-----–-“ ა------------–--სა და გ------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯების, კერძოდ, ადვოკატის მომსახურების საფასურის - 810 ლარის, საფოსტო მომსახურების საფასურის - 10 ლარის, სანოტარო მოქმედებების საფასურის - 74 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია