გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/10497-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-----------------’’
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ----- ვ-------–---–ი, ნ------- ჯ----–--ე
მოპასუხე - მ------ ჩ----ე, თ------- ხ-------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ზ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ------ ჩ----ეს და თ------- ხ-------ეს, მოსარჩელე შპს ,,ე-----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 5491 ლარის, პროცენტის 2588.69 ლარისა და პირგასამტეხლოს 1230 ლარის გადახდა.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 18 თებერვალს შპს ,,ე-----------------’’-სს და მოპასუხეებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება #---------, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 18 თებერვალს გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #----------ით მოსარჩელემ მ------ ჩ----ეს 5.4 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5800 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 369 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ------ ჩ----ის კუთვნილი ავტომობილი - „მ-–-----------–--ი“. მ------ ჩ----ის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 5 თვის გადასახადი გადახდილია სრულად, ხოლო მე-6 თვის (18.08.2017 წ.) გადასახდელი 369 ლარის ნაცვლად გადახდილი აქვს 21 ლარი, რითაც არასრულად გაიქვითა აგვისტოს სარგებლის წილი 297 ლარი, საიდანაც გადასახდელი დარჩა 276 ლარი, ხოლო ძირი საერთოდ არ შემცირებულა. დარჩენილი 276 ლარი და მომდევნო თვეების გადასახადი მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეებს მ------ ჩ----ესა და თ------- ხ-------ეს შპს ,,ე-----------------’’-ის მიმართ სოლიდარულად ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: სესხი 5491 ლარი. სარგებელი - 2017 წლის 18 აგვისტოს დარჩენილი 276 ლარი და ყოველი მომდევნო თვის 18 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4 %, რაც შეადგენს 296.51 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისათვის გასულია 7 თვე (18.09.20117 წლიდან 18.03.2018 წლამდე ჩათვლით პერიოდი) და 24 კალენდარული დღე (2018 წლის 18 მარტიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 2588.69 ლარს (276+296.51 X+24 დღის სარგებელი 237.12 ლარი); პირგასამტეხლო-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 18 აგვისტოდან დღემდე გასულია 205 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 1230 ლარს (205X6).
აღსაღნიშნავია, რომ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 2017 წლის 03 ნოემბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოითხოვეს დაგირავებული ავტომანქანის მოგირავნისთვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემის და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 20 დეკემბერს შ-----------------------------ს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. ვერ მოხეხდა რა მისი მოძიება, სავარაუდოა რომ შესაძლებელია აღარც არსებობდეს (იყოს დაშლილი ან განადგურებული). სესხს ემატება სარგებელი/პირგასამტეხლო, რაც კიდევ უფრო ართულებს მისი გადახდის შესაძლებლობას, დროის გაჭიანურება კი მოსარჩელის მიზანი არ არის, შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს ფიქსირებული თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე სოლიდარულად, რაზედაც ისინი პასუხისმგებელი არიან მთელი თავისი ქონებით.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2017 წლის 18 თებერვლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად თ------- ხ-------ე თავდებად დაუდგა მ------ ჩ----ეს კრედიტორის შპს ,,ე----------------’’-ის წინაშე მესამე პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც გულისხმობდა ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველყოფას. თავდებობისათვის განისაზღრა ზღვრული თანხა 20100 ლარის ოდენობით.
მოპასუხის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რატომ მიმართეს სასამართლოს სარჩელით მაშინ, როდესაც სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგანზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნეს შეუძლია აიღოს გირავნობის მოწმობა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე იწყებს სააღსრულებო წარმოებას. სააღსრულებო წარმოება განსახილველ შემთხვევაში ხდება ავტომანქანის მოგირავნისთვის გადაცემის მიზნით, ანუ როდესაც იპოვიან ავტომანქანას, უნდა გადასცენ მოგირავნეს და მოგირავნემ უნდა მოახდინოს აუქციონზე მისი რეალიზაცია ან დაიტოვოს, ეს შემთხვევა გასხვავდება სააღსრულებო წარმოების იმ სახისგან, რა დროსაც აღმასრულებელი იძულებით აუქციონზე გაიტანს გირავნობის საგანს და მოახდენს მის რეალიზაციას. სესხის უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებული იქნა შემთხვევა, როდესაც ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ უზრუნველყოფს სეხის თანხას, ამ შემთხვევაში მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
კრედიტორს შეუძლია საერთოდ არ მოითხოვოს ავტომანქანის რეალიზაცია, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში. მოსარჩელე არ ითხოვს მანქანის დაბრუნებას, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ ავტომანქანა დაშლილია და არ არსებობს, შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს სესხის თანხის დაბრუნებას შესაბამის პროცენტთან და პირგასამტეხლოსთან ერთად.
მოსარჩელე თანახმაა იმ შემთხვევში თუ მოპასუხეს სახეზე ჰყავს გირავნობის საგანი და მათ გადასცემს ავქომანქანას, მიიღოს ის, მოახდინოს მისი შეფასება, შემდგომ რეალიზაცია სალიკვიდაციო ფასში და მიღებული თანხით დაფაროს არსებული სესხის ძირი, ან შეუძლია დაუყოვნებლივ მოახდინოის ავტომანქანაზე ძებნის მოხსნა, მოპასუხეს მისცეს შესაძლებლობა თვითონ მოახდინოს აღნიშნული ავტომანქანის რეალიზაცია და მიღებული თანხით არსებული სესხის ძირის დაფარვა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს არა მიუღებელ შემოსავალს, არამედ წარმოადგენს სარჩელის შეტანის დროისათვის არსებულ სესხის ძირ თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს. მოპასუხის მხრიდან დავალიანება დაფარულია მხოლოდ ნაწილობრივ და მეექვსე თვიდან სესხი არის ვადაგადაცილებაში. (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------- ხ-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ის წარმოადგენს მ------ ჩ----ის სესხზე სოლიდარულ თავდებს პირს, თუმცა ის მ------ ჩ----ის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. შპს ,,ე------------------ის მიმართ მისი ვალდებულება თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5491 ლარს.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა თავისი პოზიცია და განმარტა, რომ სარჩელს არ ცნობს. თ------- ხ-------ის განმარტებით, მეგობარმა სთხოვა თავდებობაზე ხელის მოწერა, უთხრეს, რომ სესხის უზრუნველყოფა მოხდებოდა ავტომანქანით და თუ მსესხებელი ვერ გადაიხდიდა თანხას, აღნიშნული დაიფარებოდა ავტომანქანის ღირებულებით და მას არ შეექმნებოდა პრობლემები და არ დადგებოდა არანაირი საშიშროების წინაშე. მოპასუხის განმარტებით, მას ხელშეკრულება არც წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. ვერ წარმოიდგენდა თუ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადავიდოდა. მოპასუხის განმარტებით ჰყავს ორი შვილი, არ ჰყავს მეუღლე, არ მუშაობს და იმყოფება დედ-მამის კმაყოფაზე. აღნიშნული თანხის გადახდას ვერ მოახერხებს და ვალდებულება მ------ ჩ----ემ უნდა გადაიხადოს, თუმცა უნდა მოხდეს მოლაპარაკება მხარეებს შორის და თანხის გადანაწილება შეღავათიანი და არა კაბალური პირობებით უნდა გადანაწილდეს. მოპასუხის განმარტებით, როდესაც სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და დაწერა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, არ იცოდა ეს ჩანაწერი რას ნიშნავდა. შესაგებელი შემოიტანა ფორმალურად, რადგან როდესაც პოლიციის მიერ ჩაბარდა სარჩელი, მათ უთხრეს, საჭირო და სავალდებულო იყო სასამართლოში შესაგებლის შეტანა, შესაბამისად, შემოიტანა შესაგებლის მონახაზი და არ იცოდა რას წერდა.
2.2. მოპასუხე მ------ ჩ----ემ შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მისი წარმომადგენელი ზ------------ე და განმარტა, რომ სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ, ეთანხმებიან ძირი თანხის მოთხოვნას 5000 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში მოთხოვნას არ ცნობენ. მოთხოვნა არის სამართლებრივად გაუმართავი. მხარემ განმარტა, რომ სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია საღსრულებო წარმოება. თუ სააღსრულებო წარმოებაა დაწყებული, მაშინ რა საქმე იხილება სასამართლოში, გაურკვეველია და ის უნდა შეწყდეს. ჯერ უნდა მოხდეს მანქანის რეალიზაცია და თუ ვერ უზრუნველყოფს ამოღებული თანხა სესხის დავალიანების დაფარვას, შემდგომ უნდა მოხდეს სესხის თანხაზე სასამართლოში დავის წამოწყება. მხარეებს შორის გარიგება დადებულია მოტყუებით, რადგან მისი პირობები არ პასუხობს ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს, მხარეებს შორის უნდა გაფორებულიყო ლიზინგის ხელშეკრულება, მაგრამ მოხდა სხვა ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი არის ნაკლიანი, შესაბამისად, აღნიშნული ნივთის ნაკლის გამოსასწორებლად მხარემ გაიღო დამატებით დიდი ოდენობით ხარჯი, შესაბამისად, როდესაც მოსარჩელეს მიმართეს რომ ნივთი არის ნაკლიანი, მათ უარი განაცხადეს ნივთის დაბრუნებაზე და პირიქით, სესხის მოთხოვნის პრეტენზია წამოუყენეს მოპასუხეს. მხარეთა შორის გარიგება ხელისმოწერისთანავე აღმოჩნდა ფაქტიურად მოტყუებით დადებული გარიგება და ის პირობები, რომელიც ჩადებული იქნა აღნიშნულ ხელშეკრულებაში, თავიდანვე იყო აღუსრულებადი მხარის მიერ, მოპასუხის მიერ, რადგან იცოდა მხარემ რომ იყო ნაკლიანი ნივთი, მას სჭირდებოდა გარკვეული თანხები და პროცენტებიც, რომ გადაეხადა და მანქანაც შეეკეთებინა, ადიოდა ძალიან დიდ თანხებზე და ფაქტიურად ხელშეკრულება იყო აღუსრულებელი. მოსარჩელის განმარტება, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა პირნათლად, არაა სწორი და მართებული, იქედან გამომდინარეც, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდას და არა ავტომანქანის დაბრუნებას. შესაბამისად, აქედანაც ჩანს, რომ მათ ეს ავტომანქანა არ აინტერესებდათ და უნდოდათ მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გაფორმება თავდებ პირთან მიმართებაშიც, რადგან დაზღვეული ექნებოდათ ეს ხელშეკრულება და ორივე პირიდან უფრო მარტივად ამოიღებდნენ გაფუჭებული ავტომანქანიდან უზრუნველყოფის საგნის მაგივრად სესხებს და თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს მანქანა იყო უვარგისი. პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სესხის აღების ფაქტს მხარე ადასტურებს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მას სესხის თანხის ნაწილი გადახდილი აქვს, მაგრამ რადგან აღმოჩნდნენ ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში, თან ავტომონქანა უნდა გაეკეთებინა და თან სესხის თანხა დაეფარა, აღნიშნული ვეღარ შეძლო, რადგან ავტომანქანა უნდა გამოეყენებინა რაღაც სამეწარმეო საქმიანობისთვის, რასაც შემოსავალი უნდა მოეტანა, მაგრამ ვერც მანქანა მოიხმარა, ცალკე ზიანი განიცადა, სესხიც გადასახდელი დარჩა და ჩავარდა მძიმე სიტუაციაში. ფაქტია, რომ მოსარჩელისთვის თანხა მოსათხოვი აქვს მოპასუხეს და როდესაც მოიძიებენ თანხებს, დააყენებენ კიდეც მოთხოვნას მოსარჩელის მიმართ. მოპასუხე თანახმაა გაიჭირვოს და გადაიხადოს ძირი თანხა, მაგრამ პროცენტს და პირგასატეხლოს, განსაკუთრებით კი დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნას ვერ დაეთანხმება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 101-108 და სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია ხელშკრულების პირობები თანხის გადახდის ნაწილში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 18 თებერვალს შპს ,,ე-----------------’’-სს და მ------ ჩ----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----------------------------–--მ მ------ ჩ----ეზე გასცა სესხი 5800 ლარის ოდენობით, 36 თვით, წლიური 64,8 % საპროცენტო და ყოველთვიური 5,4 % საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ყოველთვიური შენატანი (ძირი თანხა+სარგებელი) განისაზღვრა 369 ლარით, სესხის გაცემის საკომისიო 232 ლარით, სესხის პროცესინგის საკომისიო - 170 ლარით, ვადის გადაცილებაზე განისაზღვრა ჯარიმა გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარის ოდენობით, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 4 პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებული პერიოდში, მიუხედავად იმისა, თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდება მისი რეალიზაცია.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ------ ჩ----ის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „მ-–-----------–--ი“, სარეგისტრაციო ნომერი L------,, გამოშვების წელი 2006, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო #Z----------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს. სესხის და სარგებლის გადასახდელი ნაწილის (თანხის) ოდენობა და მათი გადახდის პერიოდულობა განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართ #1-ში მოცემული გადახდის გრაფიკით.
ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებს და დანახარჯებსაც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
8.15 პუნქტის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლის აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება #---------, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17-23)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26)
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #---------, დანართი #2 (ს.ფ. 24-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2016 წლის 18 თებერვალს შპს ,,ე-----------------’’-ს და და თ------- ხ-------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ------- ხ-------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს ,,ე-----------------’’სა და მ------ ჩ----ეს შორის 2017 წლის 18 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ #--------- ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ.
თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ ,,მ-----“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 20100 ლარით.
ხელშეკრულების თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა მესამე პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რაც გულისხმობს ძირითადი ვალის (კრედიტორსა და მესამე პირს შორის 2017 წლის 18 თებერვალს დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მესამე პირების მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და სესხის სარგებლის, ან/და გადასახდელი ჯარიმა/პირგასამტეხლო) გადახდის უზრუნველყოფას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 აპრილის ცნობის თანახმად, მსესხებელ მ------ ჩ----ეს და მის თავდებს თ------- ხ-------ეს შპს ,,ე-----------------’’-ის მიმართ 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანება ძირი თანხა 5491 ლარი, დარიცხული სარგებელი - 2588.69 ლარი, პირგასამტეხლო - 1230 ლარი. სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი, სულ ჯამში - 9459.69 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11/04/2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2017 წლის 03 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა წერილით მოპასუხე მ------ ჩ----ეს და მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისთვის გადაცემა, მაგრამ მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2017 წლის 20 დეკემბერს შსს მომსახურეობის სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება-ავტომანქანის ძებნა.
2017 წლის 01 ივლისის სააღსრულებო მომსახურეობის #-- ხელშეკრულების თანახმად კერძო აღმასრულებელი ნ-------–--–-–---–- და კრედიტორი შპს ,,ე-----------------’’ შეთანხმდნენ კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული გირავნობის მოწმობის აღსრულებაზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად კერძო აღმასრულებელი ვალდებულია მოვალის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის ან/და დაკავებისთანავე შეატყობინოს კრედიტორს წერილობითი (ცაკე დოკუმენტით ან ელ. ფოსტით) სახით აღნიშნულის თაობაზე.
ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე კერძო აღმასრულებელი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის მოუძიებლობის შესახებ. ამასთან, ასეთი ინფორმაციის გაცემა არ აჩერებს/წყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას და კერძო აღმასრულებელი, ხელშეკრულებით დადგენლი წესით, აგრძელებს ავტოსატრანსპორტო საშულების ან/და უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის მოძიებას და შემკვეთისთვის გადმოცემის პროცესს.
ხელშკრულების 3.2 პუნქტის თანახმად თითოეული გირავნობის მოწმობის აღსრულებისთვის, შემკვეთი იხდის საზღაურს 100 ლარის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო მომსახურეობის ხელშეკრულება #-- (ს.ფ. 37-41)
- გაფრთხილება მოპასუხეს (ს.ფ 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. მოპასუხეებს მ------ ჩ----ეს და თ------- ხ-------ეს გაეგზავნათ გაფრთხილებები შპს ,,ე-----------------’’-ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ფულადი ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებისა და დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე. მოპასუხეებს განემარტათ, რომ ხსენებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მოსარჩელე გამოიყენებდა ამავე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა უფლებას და ზომას საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 43-45)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ე-----------------’’-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ ჯარიმის ნაწილში უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნა შემცირებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე,867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მ------ ჩ----ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის 5000 ლარის ნაწილში, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-98-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის ადვოკატი არ იყო სარჩელის ცნობის ნაწილში უფლებამოსილი პირი, რის გამოც სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობას.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 18 თებერვალს შპს ,,ე-----------------’’-სს და მ------ ჩ----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----------------------------–--მ მ------ ჩ----ეზე გასცა სესხი 5800 ლარის ოდენობით, 36 თვით, წლიური 64,8 %საპროცენტო და ყოველთვიური 5,4% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მ------ ჩ----ემ და თ------- ხ-------ემ ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ჩ----ეს და მის თავდებს თ------- ხ-------ეს შპს ,,ე----------------’’-ის მიმართ 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანება ძირი თანხა 5491 ლარი, დარიცხული სარგებელი - 2588.69 ლარი, პირგასამტეხლო - 1230 ლარი.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
7.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 5491 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 1230 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხეებს მ------ ჩ----ეს და თ------- ხ-------ეს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა.
7.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით, მოპასუხემ თ------- ხ-------ემ, როგორც თავდებმა პირმა, იკისრა მსესხებელთან - მ------ ჩ----ესთან ერთად სოლიდარულად გაენაწილებინა პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავდები იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მ----- წინაშე, რასაც იღებდა კლიენტი (მსესხებელი). თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა დადგენილი იქნა 20100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 18 თებერვლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 18 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების 8.15 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლის აღსასრულებლად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება და მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსასრულებლად მიქცეული.
7.5. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რაზეც მიუთითა მოპასუხე მ------ ჩ----ემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა მხარეთა შორის არსებული გარიგების სადავოობას, ასევე თავად მოსარჩელის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მითითებული საკითხები არის სხვა დავის საგანი, მოპასუხემ არც დამოუკიდებელი სარჩელით და არც შეგებებული სარჩელით არ მიმართა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლო ამ ნაწილში ვერ მოახდენს შეფასებას. ამასთან, არც რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოდგენილა მოპასუხე მხარის მიერ ამავე გარემოებებთან დაკავშირებით, თუნდაც არა პირდაპირი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო ასევე ვერ მოახდენს სადავო გარემოებების შეფასებასა და ანალიზს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 283,78 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 4,49 ლარი. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 279,29 უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეებს კი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 245,39 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილ საზღაურსა და ამავე მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ უშუალოდ ამ საქმეზე გაღებული ხარჯის 100 ლარისა და 50 ლარის გადახდა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ე-----------------’’-ის სარჩელი მოპასუხეების მ------ ჩ----ის და თ------- ხ-------ის მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს მ------ ჩ----ეს (პ/ნ N3----------) და თ------- ხ-------ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ე-----------------’’-ის (ს/კ N4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 5491 ლარი, პროცენტი - 2588.69 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით. თავდები პირის თ------- ხ-------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვროს 20100 ლარი.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1--------–- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 283.78 ლარიდან დაუბრუნდეს 4,49 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა 279,29 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხეებს მაკა ჩ----ესა და თ------- ხ-------ეს მოსარჩელის შპს ,,ე-----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდის ნაწილის - 245,39 ლარის ანაზღაურება.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის მოწმობის გაცემაზე გაღებული ხარჯის - 50 ლარისა, ასევე ამავე მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გასაჩივრდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე