განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002580147
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/209-18 8 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031130618004)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი
ბრალდებული: ე---– ნ------------ი
მამის სახელი: საბირ
დაბადებული: 1-----–-–--------–---
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული : მარნეული, 20 იანვრის ქ.N16
ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეორე ნაწილებით.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ე---– ნ------------მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ე---– ნ------------ი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 02 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით ე---– ნ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა ’’და ,,დ’’ ქვეპუნქტებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 თებერვლის განაჩენით ე---– ნ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ე---– ნ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იყო რა ნასამართლევი, ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის, ასევე ცივი იარაღის ტარებისათვის, ე---– ნ------------ი ატარებდა ცივ იარაღს დანას. კერძოდ 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 23:40 საათზე იგი შეჩერებული იქნა ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ დავით ბოჭოიძის მიერ და მისი ადმინისტრაციული გასინჯვისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი დანა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ცივი იარაღის ტარება, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2.1. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 02 თებერვლის განაჩენით ე---– ნ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. ე---– ნ------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 22 სექტემბერს. საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის თანახმად ე---– ნ------------ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ე---– ნ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ე---– ნ------------ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის თანახმად ე---– ნ------------ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ბრალდებულ ე---– ნ------------ს შორის.
ე---– ნ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6(ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ კი ე---– ნ------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის 1(ერთი) თვის და 8(რვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წელი 1(ერთი) თვე და 8(რვა) დღე განესაზღვრა პენიტენცალურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი. ე---– ნ------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 7 მარტს.
საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის თანახმად ე---– ნ------------ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მარნეულის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ე---– ნ------------ს შორის.
ე---– ნ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი ჩაეთვალა პირობით. გაუქმდა მის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე---– ნ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციაურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი ჩაეთვალა პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ე---– ნ------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 27 აპრილს. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან მიღებული პასუხის თანახმად მას პირობით გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 27 აპრილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 3(სამი) წლის შემდეგ, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან 6(ექვსი) წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან 8(რვა) წლის შემდეგ.
როგორც ზემოთ აღინიშნა ე---– ნ------------ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ჩადენისათვის და მას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით კი ე---– ნ------------ი ნასამართლევია ცივი იარაღის ტარებისათვის.
2.2. 2018 წლის 29 მაისის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის თანახმად 2018 წლის 29 მაისს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდა მოქალაქე ე---– ნავრუზოვი რომელსაც პირადი გასინჯვის დროს შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა შავი ფერის გასაშლელი დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რაშად ველიევი. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, შემთხვევის დღეს დავით ბოჭოიძესთნ ერთდ მოძრაობდა რუსთაველის ქუჩაზე. მათ ხიდის ქვეშ შენიშნეს საეჭვო პიროვნება. მათ მოსთხოვეს პირადობა, გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია ატარებდა დანას და გამოიძახეს თარჯიმანი ჩაუტარეს პირადი გასინჯვა, რა დროსაც დავით ბოჭოიძის მიერ მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დანა. დანა არ იყო გაშლილი, იყო შავი ფერის. რაშად ველიევის განმარტებით ის დავით ბოჭოიძესთან ერთად მოძრაობდა ფეხით. რაშად ველიევმა განმარტა, რომ მის მიერ ე---– ნ------------ი ერთხელ იქნა შეჩერებული და მაშინაც აღმოაჩნდა დანა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ე---– ნ------------ს გასინჯვა ჩაუტარდა ხიდის ქვეშ და პოლიციის შენობაში გადაყვანილ იქნა ე.წ. ,,პიკაპით“.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა დავით ბოჭოიძე. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 29 მაისს რაშად ველიევთან ერთად მოძრაობდა რუსთაველის ქუჩაზე. შენიშნეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს პირადობა, რადგან აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა მრავალჯერ ნასამართლევი გადაწყვიტეს შეემოწმებინათ. შედგენილ იქნა პირადი გასინჯვის ოქმი, დაილუქა ამოღებული მტკიცებულებანი, დაინიშნა ექსპერტიზა. ნასამართლობაზე დეტალური გადამოწმების შემდეგ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, დანა კი გადასცა გამომძიებელს. დავით ბოჭოიძემ განმარტა, რომ დანა ამოიღეს მარჯვენა ჯიბიდან, მისი პირადი გასინჯა მიმდინარეობდა ხიდის ქვეშ. პირადი გასინჯვისას ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და სიგარეტი. მოწმის განმარტებით პირადი გასინჯვის ჩატარების ადგილას სარდაფი საერთოდ არ შეუნიშნავს, ასევე არც რაშად ველიევი გასულა სადმე.
სასამართლოში ასევე დაიკითხა გამომძიებელი ელდარ ბოლქვაძე. მან განმარტა, რომ არის მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დააკავა ბრალდებულის სახით ე---– ნ------------ი. მისივე განმარტებით ე---– ნ------------ი წარსულში იყო ნასამართლევი განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და ატარებდა ცივ იარაღს. მან დაადასტურა, რომ მის მიერ გამოთხოვილ იქნა განაჩენები ე---– ნ------------ის მიმართ.
2018 წლის 31 მაისს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის #1316/ცი-ს თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ცივი იარაღი, პირადი გასინჯვის შედეგად აღმოჩენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა დემურ კობაიძე. მან განმარტა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად 24 წლიანი გამოცდილებით. მან დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ცივი იარაღის კვლევა. მისივე განმარტებით დანა მასთან წარდგენილ იქნა დალუქულ მდგომარეობაში. დემურ კობაიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ე---– ნ------------მა. მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, როგორც ახსოვს იყო მაისი, დაახლოებით ღამის 10:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, გამოვიდა გარეთ, რადგან სტკიოდა კბილი და სურდა წამლის შეძენა. გაემართა შუქნიშნისკენ, რადგან იცოდა, რომ იქ იქნებოდა აფთიაქი, ხიდის ქვეშ რომ გაიარა, იქ არსებულ 5 სართულიანი კორპუსის შუაში იქნებოდა, როდესაც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მან ხელი ამოიღო ჯიბიდან, ჰქონდა სიგარეტი, ფულადი თანხა დაახლოებით 35-40 ლარი. ბრალდებულის განმარტებით პოლიციელები იყვნენ სამნი, მათ შორის იყვნენ რაშად ველიევი და დავით ბოჭოიძე. ბრალდებულის განმარტებით რაშად ველიევმა დავით ბოჭოიძეს უთხრა ხელი მოეკიდა მისთვის და წამოეყვანა, მიიყვანეს ორი კორპუსის შუაში არსებულ ჩიხში, სადაც რაშად ველიევი ეძებდა რაღაცას, ჩავიდა სარდაფში, საიდანაც ამოიტანა დანა და უთხრეს მას, რომ დანა იყო მისი. ამის შემდეგ ჩასვეს ,,პრიუსის“ ფირმის ავტომანქანაში, რომელიც ბრალდებულის განმარტებით ეკუთვნოდა რაშად ველიევს. პოლიციის შენობაში მისვლისას მისი კუთვნილი ნივთები მისცეს უკან, სიგარეტის კოლოფი, ტელეფონი, ბოლოში იყო ასევე დანაც, რომელსაც ხელი მოკიდა, რადგან ვერ დაინახა. შემდეგ კი მიაგდო უკან. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ თარჯიმანი ნანული მისი დაკავებისას იქ არ ყოფილა, იგი მოვიდა პოლიციის შენობაში. ასევე განმარტა, რომ ქართული ესმის და სულაც არ უნდოდა თარჯიმანი. ე---– ნ------------ნა ასევე განმარტა, რომ მას რაშად ველიევი უკვე მეორედ იჭერს, წინა შემთხვევაზე მან აღარა დანაშაული, ახლა კი განმარტა, რომ დანა მას არ ეკუთვნოდა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ სხვა დროსაც ჩაუტარებიათ მისთვის პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი ჰქონდა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა მოწმეების დავით ბოჭოიძის, რაშად ველიევის, ელდარ ბოლქვაძის ჩვენებები, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია, მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობა ასევე შეესაბამება სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ 2018 წლის 29 მაისის პირადი გასინჯვის N000008291 ოქმს. სასამართლომ ასევე შეაფასა ბრალდებულ ე---– ნ------------ის ჩვენება და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მიკერძოებას, საქმით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენების მიცემას. გარდა ამისა თავად ბრალდებული ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ის სხვა დროსაც გაუჩერებიათ შეუმოწმებითა, თუმცა არ ჰქონია არაფერი და გაუშვიათ. აღნიშნული სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ან პირად დაინტერესებას ბრალდებულ ე---– ნ------------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---– ნ------------ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ცივი იარაღის ტარებისათვის და იგი კვლავ 2018 წლის 29 მაისს ატარებდა ცივ იარაღს დანას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მტკიცებულებები, რომლების საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ მათი უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო შემდეგ მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ამას განმარტავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ასევე საყურადღებოა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით მოიპოვონ და წარუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებანი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს წაუდგინა საკმარისი მტკიცებულებანი ბრალდების დასადასტურებლად, რაც შეეხება დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუპირისპირდებოდა, სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობაში წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარეისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირისა მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ნასამართლობა ქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირისათვის სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 29 მაისს ე---– ნ------------ი იყო ნასამართლევი როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ცივი იარაღის ტარებისათვის და მას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ე---– ნ------------ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას. შესაბამისად იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქმის მასალების თანახმად ე---– ნ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ე---– ნ------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.2. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არის საკმაოდ მაღალი და მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი, როგორიც არის ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ნაკლებად მკაცრი სასჯელით ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად ე---– ნ------------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
ასევე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელი ე---– ნ------------ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა სთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება ხდენა მისი საპროცესო კონფისკაცია. სისხლის სამართლის საქმეს ერთვის ე---– ნ------------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა, რაც უნდა განადგურდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე---– ნ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ე---– ნ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
ე---– ნ------------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 1 აგვისტოდან.
ე---– ნ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე