გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
190210018002379985
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1046-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.02.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ნ------- რ-------ა

წარმომადგენელი ლევან აქუბარდია

მოპასუხეები რ-–--- რ-------ი

ხ--–---- რ-------ა

ზ----- რ-------ა

წარმომადგენელი ლია დორეული

დავის საგანი ნაჩუქარი ნივთების ღირებულების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რ-–--- რ-------ის, ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ასათვის ძვირფასეულობის ღირებულების 7440 ლარის დაკისრება

 

სარჩელის გარემოებები

 

2015 წელს მოსარჩელე ცოლად გაჰყვა საქმეზე მოპასუხე რ-–--- რ-------ს, გადაიხადეს ტრადიციული ქორწილი. მოსარჩელის მშობლებმა, ტრადიციული წესის თანახმად, მისცეს მზითვი, რომელიც მოსარჩელემ მიიტანა მოპასუხეების კუთვნილ სახლში მდებარე გარდაბანი, ს---------------------------, სადაც ქორწილის შემდეგ ცხოვრობდნენ მხარეები. ქორწილში ნათესავებმა აჩუქეს სხვადასხვა ოქროს სამკაულები: ძეწკვი 20 გრამი-1200 ლარის ღირებულების, საყურეები-15 გრამი-900 ლარის ღირებულების, სამაჯური 15 გრამი-900 ლარის ღირებულების, სამაჯური 16 გრამი-960 ლარის ღირებულების, სამაჯური 10 გრამი-600 ლარის ღირებულების, ბეჭედი ე.წ. კალიცო ბაჟაღლოს 10 გრამი-900 ლარის ღირებულების, ბეჭედი 10 გრამი-600ლარის ღირებულების, ბეჭედი-8 გრამი 480 ლარის ღირებულების, ბეჭედი-5 გრამი-300 ლარის ღირებულების, ბეჭედი 5 გრამი-300 ლარის ღირებულების. სულ ამ ნივთების ღირებულებაა 7400 ლარი. 2016 წლის ზაფხულიდან მხარეებს შორის ოჯახში დაიწყო უთანხმოება მას შემდეგ, რაც მეუღლის რ-–--- რ-------ის თხოვნით მოსარჩელემ დედამთილს ზ----- რ-------ას და მულს ხ--–---- რ-------ას გადასცა მისი, როგორც ნიშნობაში ასევე ქორწილში ნაჩუქარი ოქროს ნივთები, რომელიც მისთვის არ დაბრუნებიათ.

(სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 4-8. 61-62. ტომი 1)

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მული ხ--–---- რ-------ა ემუქრებოდა, რომ ფეხმძიმობის მიუხედავად გააგდებდა სახლიდან. მისი მეუღლე სთხოვდა ფულს და ოქროულს, ხოლო დედამთილი და მული მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ითხოვდნენ მათთვის სამკაულების გადაცემას. მისთვის ცნობილი არ არის სად წაიღეს სამკაულები ან რისთვის გამოიყენეს.

(21.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე ხ--–---- რ-------ა არ გამოცხადდა.

რ-–--- რ-------მა და ზ----- რ-------ამ სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

ოქროს სამკაულები ნათესავებმა ქორწინების აღსანიშნავად აჩუქეს მოსარჩელეს ქორწილში. რ-–--- რ-------მა განმარტა, რომ ქორწინების პერიოდში გახსნა კაფე, რისთვისაც დასჭირდა სესხის აღება. სესხად აიღო 5560 ლარი და ამის გამო მოსარჩელის თანხმობით დააგირავა სამკაულები. მოსარჩელისთვის ნივთები არ წაურთმევიათ, მან კარგად იცოდა, რომ ნივთები ლომბარდში ჩააბარა და ამის წინააღმდეგი არ იყო. სესხი ვერ გადაიხადა, რის გამოც ნივთები გაყიდეს.

 

(მოპასუხის განმარტებები 21.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------- რ-------ა და რ-–--- რ-------ის ქორწინება დარეგისტრირდა 2015 წლის 14 აგვისტოს, ხოლო ქორწინება შეწყდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლო მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 31 ოქტომბერის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა განმარტებები (21.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- გადაწყვეტილების ასლი ( ს.ფ. 89-92. ტომი 1 )

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 88. ტომი 1)

 

3.1.2. ნ------- რ-------ას ქორწილში აჩუქეს ოქროს სამკაულები

1. ძეწკვი 20 გრამი-1200 ლარის ღირებულების,2. საყურეები-15 გრამი-900 ლარის ღირებულების,3. სამაჯური 15 გრამი-900 ლარის ღირებულების,4. სამაჯური 16 გრამი-960 ლარის ღირებულების,5. სამაჯური 10 გრამი-600 ლარის ღირებულების,6. ბეჭედი ე.წ. კალიცო ბაჟაღლოს 10 გრამი-900 ლარის ღირებულების,7. ბეჭედი 10 გრამი-600ლარის ღირებულების,8. ბეჭედი-8 გრამი 480 ლარის ღირებულების,9. ბეჭედი-5 გრამი-300 ლარის ღირებულების,10. ბეჭედი 5 გრამი-300 ლარის ღირებულების.

11. ბეჭედი 5 გრამი 300 ლარის ღირებულების

სულ ამ ნივთების ღირებულებაა 7400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- (სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 4-8. 61-62. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტებები (ს.ფ. 110-113. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე რ-–--- რ-------მა მოსარჩელისთვის ნაჩუქარი ნივთები განკარგა მისი თანხმობის გარეშე. ხ--–---- რ-------ა და ზ----- რ-------ა მოსარჩელისთვის ნაჩუქარ ნივთებს არ დაუფლებიან, ეს ნივთები არ აუღიათ არც საკუთარი საჭიროებით სარგებლობის და არც მისი განკარგვის მიზნით.

 

მოპასუხე რ-–--- რ-------ის განმარტებით, მის მეუღლეს ქორწილში ნათესავებმა აჩუქეს ოქროს სამკაულები, რომლებიც ინახებოდა მათ სახლში. კაფეს გახსნის გამო დასჭირდა სესხის აღება, სესხად აიღო 5560 ლარი, რომლის გამო ლომბარდში დააგირავა მეუღლისთვის ნაჩუქარი სამკაულები მეუღლის თანხმობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას ნივთების გადაცემას სთხოვდნენ მეუღლე, მეუღლის დედა და და. ნივთები მეუღლემ წაიღო, ხოლო სად წაიღო მისთვის უცნობია. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ სადაო ნივთები აიღეს ხ--–---- რ-------ამ და ზ----- რ-------ამ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტებებიდან არ გამომდინარეობს, რომ სამკაულები წაიღეს მოპასუხეებმა ხ--–---- რ-------ამ და ზ----- რ-------ამ. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ ნივთები ისინი დაეუფლნენ. მოსარჩელის განმრტებით, ისინი მის ყოფილ მეუღლეს რაშიდ რ-------ს მხარს უჭერდნენ და მოითხოვდნენ რ-–--- რ-------სთვის მიეცა ნივთები. მოსარჩელეს სხდომაზე არ დაუსახელებია ის ფაქტი, რომ დედამთილმა და მულმა მას ნივთები წაართვეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ისინი საკუთარი სარგებლობისთვის ნივთებს არ მოითხოვდნენ, ისინი ნივთებს არ დაუფლებიან. ისინი ზემოქმედებას ახდენდნენ მასზე, აიძულებდნენ, რომ ნივთები მეუღლისთვის მიეცა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებით არ დასტურდება რ-–--- რ-------ის მიერ მითითებული გარემოება, რომ მეუღლეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაგირავდა ნივთები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა.

 

განსახილველ დავაში მოპასუხეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომ სადაო სამკაულები მოსარჩელესთან შეთანხმებით დააგირავა სესხის უზრუნველსაყოფად. მოპასუხეებს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი ვერ მიუთითეს. სასამართლო სხდომა დაინიშნა სსსკ 2321-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა სალომბარდო სესხის ხელშეკრულების წარმოდგენის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რომ ნივთები მოპასუხემ დააგირავა, არამედ ის გარემოება, რომ სამკაულები მოსარჩელის ნებართვით დაგირავდა. ამდენად, მხოლოდ სესხის ხელშეკრულების საქმეზე წარმოდგენით მოპასუხე პროცესში მისი მტკიცების ვალდებულებას ვერ შეასრულებდა. მოპასუხეს არ მიუთითებია, რა მტკიცებულებით დასტურდება, რომ სამკაულები დასაგირავებლად მოსარჩელის თანხმობით წაიღო. მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ამ ნივთებთან დაკავშირებით მეუღლის და მისი ნათესავების დამოუკიდებულება იყო. ამ განმარტებას მოპასუხეებმა ვერ დაუპირისპირეს მათი ახსნა განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მეუღლესთან შეთანხმებით მოპასუხემ სახლიდან წაიღო სამკაულები და დააგირავა ლომბარდში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება ერთერთი მტკიცებულებაა, თუმცა როცა მხარეთა ახსნა-განმარტებებს შორის წინააღმდეგობაა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება სადაო გარემოების დადგენისათვის სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს და მხარემ სსსკ 102-ე მუხლში მითითებული სხვა მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის წარმოუდგელობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე დამტკიცებულად ითვლება, რომ მოპასუხე რ-–--- რ-------ი მეუღლისთვის ნაჩუქარ ოქროს სამკაულებს დაეუფლა მისი თანხმობის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 43. ტომი 1)

- მოსარჩელის განმარტებები (ს.ფ. 2-6, ტომი 1)

- მოპასუხეების განმარტებები (21.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს რ-–--- რ-------ს უნდა დაეკისროს ნივთების ღირებულების მოსარჩელისთვის გადახდა. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ასთვის თანხის დაკისრების შესახებ, რადგან ისინი არ დაუფლებიან მოსარჩელის კუთვნილ ნივთებს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1161-ე, 1162-ე, 102-ე, 170-ე, 982-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

1158-ე მუხლის საფუძველზე ქორწინების პერიოდში მეუღლეთა ან ერთერთი მეუღლის მიერ შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, თუ იგი შეძენილია მეუღლეთა საერთო შრომით, საერთო სახსრებით, რადგან ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საქმიანობის მიზანია ოჯახის საერთო მეურნეობის განვითარება, ამ საკითხში საერთო პასუხისმგებლობის გაზიარება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მეუღლეთა ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის საფუძვლები განმარტებულია შემდეგნაირად: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყო ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელის ერთერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსსკ 1161-1162-ე მუხლით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელის შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომით და სახსრებით, ასევე ის ქონება რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანის, თუ ორივე მეუღლის მიერ“.

 

ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმით, კანონმდებელი ხელმძღვანელობის იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით. საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეთა საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობიდან მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არა აქვთ. აგრეთვე სხვა ქონება რომელიც შეძენილია მეუღლეების ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმის, თუ ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საქმე №ას-1169-1089-2017).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე ქონება ქორწინების პერიოდში შეძენილად მიიჩნევა, თუ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება შეძენილია ან შექმნილია მეუღლეთა ერთობლივი შრომით მოპოვებული ფულადი სახსრებით, თუნდაც ქონება ერთი მეუღლის საკუთრებად აღირიცხოს ან ერთერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონოდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ამ შემთხვევაში სადაო მოძრავი ნივთები, ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის, ეს ნივთები მოსარჩელეს აჩუქეს ქორწილში, ქორწინების აღსანიშნავად მისმა ნათესავებმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობის საფუძვლები. ამ ნორმის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწილში ერთერთი მეუღლისთვის ნაჩუქარი ნივთები მისი ინდივიდუალური საკუთრებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის საფუძველზე. 2013 წლის 25 მარტის განჩინებაში საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების ნივთები, ხოლო იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ოქროს ნივთები თ.შ-ემ დაქორწინებისას საჩუქრად მიიღო, სწორედ მოსარჩელის საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1326-1252-2012; 2015 წლის 16 მარტის განჩინება საქმე Nას-1346-1384-2014). 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე ას-1027-1058-2011,)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ნივთები მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. ნორმის სათაურია „?????????? ???????????? ???????? ????????????? ??????????? ??????? “. შესაბამისად, ნორმა აწესრიგებს ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საერთო სახსრებით შეძენილ ინდივიდუალურ სარგებლობის ნივთებზე მეუღლეთა უფლებების საკითხს. ამ ნორმის მიხედვით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები იმ მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა, რომლის სარგებლობისთვისაც ის განკუთვნილია. გამონაკლისია ძვირფასეულობა, სამკაულები, რომელიც მართალია ერთერთი მეუღლის სარგებლობისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რადგან მეუღლეთა ქორწინების შემდეგ შექმნილი საერთო სახსრებითაა შეძენილი, მიიჩნევა მეუღლეთა საერთო საკუთრებად.

 

სადაო ოქროს სამკაულები, ძვირფასეულობა მეუღლეთა საერთო ქონება არ არის, იგი მოსარჩელისთვის ნაჩუქარი ნივთებია, მისი ინდივიდუალური საკუთრების ნივთებია და მათი განკარგვის უფლება ჰქონდა მხოლოდ მოსარჩელეს ან მისგან უფლებამოსილ პირს. მოპასუხე რ-–--- რ-------მა მოსარჩელის თანხმობის გარეშე სესხის უზრუნველსაყოფად დააგირავა ეს ნივთები, ხოლო მოპასუხეებს ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ას ნივთები მფლობელობაში არ მიუღიათ, მათ ნივთების განკარგვა, მისი დაგირავება არ მოუხდენიათ. მხარეებს შორის განქორწინების შედეგად ეს ნივთები მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებიათ.

 

ნივთების დაუფლებით და შემდგომ მათი დაგირავებით მოპასუხე რ-–--- რ-------მა დაარღვია მოსარჩელის საკუთრების უფლება, რადგან მან განკარგა მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების ნივთები მისი ნებართვის და თანხმობის გარეშე. ამით მოპასუხემ დაარღვია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად 1. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.2. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, 1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, ქონების განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია მესაკუთრეს ან მისგან უფლებამოსილ პირს, რადგან ამ ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვა ნამდვილია თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით ან ეს პირი შემდგომში მოიწონებს გარიგებას.

 

მოპასუხე რ-–--- რ-------მა მეუღლის კუთვნილი მოძრავი ნივთები განკარგა, მისი სესხის უზრუნველსაყოფად დააგირავა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რის გამოც 982-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი. ამ შემთხვევაში ზიანს შეადგენს მოსარჩელის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, სადაო ნივთები, რომელთა ნატურით დაბრუნება შეუძლებელია. მოპასუხეს ნივთების ღირებულება სადაოდ არ გაუხდია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ნივთების ღირებულების გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ას მიმართ ძვირფასეულობის ღირებულების დაკისრების შესახებ. მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის საფუძველი საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი არ არის. მოთხოვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი (ვინდიკაციური სარჩელი), რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ვინდიკაციური სარჩელის საფუძველი არის მოპასუხის მიერ სხვისი კუთვნილი ნივთის უკანონოდ დაუფლება, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება, მისი სარგებლობა მესაკუთრესთან შეუთანხმებლად. მოსარჩელე მოითხოვს ნივთების ღირებულების ანაზღაურებას, რადგან მისთვის ცნობილი არ არის ნივთების ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეები დაეუფლნენ ნივთს, მათ სადაო ოქროს სამკაულების სარგებლობის შესაძლებლობა აღუკვეთეს მესაკუთრეს იმით, რომ ისინი დაეუფლნენ ნივთს და მათ განკარგეს ეს ნივთები. ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ას მიმართ ასეთი გარემოებები მოსარჩელემ არ მიუთითა, რის გამოც უსაფუძვლოა მათთვის იმ ნივთების ღირებულების დაკისრება, რასაც არ დაუფლებიან, ამ ნივთებით არ სარგებლობდნენ და არც მათთვის სარგებლის მიღების მიზნით მოხდა ნივთების განკარგვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის ან სხდომაზე არასპაატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხეების ხ--–---- რ-------ას და ზ----- რ-------ას მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხ--–---- რ-------ა არც სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა მის მიმართ და ზ----- რ-------ას მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა.

 

განსახილველ საქმეში დავის საგნის ღირებულებაა 7440 ლარი, რადგან სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხეებისათვის 7440 ლარის გადახდა, რომლის 3% არის 223,2 ლარი. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ 55-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის თანხის 23,2 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა უნდა დაეკისროს რ-–--- რ-------ს, რადგან სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ დაკმაყოფილდა. თანხა მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ------- რ-------ას სარჩელი;

1.1. რ-–--- რ-------ს დაეკისროს ნ------- რ-------ასათვის 7440 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს ნ------- რ-------ას მოთხოვნა ხ--–---- რ-------ასა და ზ----- რ-------ასათვის ძვირფასეულობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ;

 

2. რ-–--- რ-------ს დაეკისროს ნ------- რ-------ასათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი