გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/664-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე: სს ,,ლ-----ი“
წარმომადგენელი: ე-–--------------–---–ი
მოპასუხე: გ--------------–---–ი
წარმომადგენელი: ნ-----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ანაზღაურება გაუწეველი მომსახურების ღირებულების 491 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. (მოსამზადებელ სხდომაზე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10.10.2018 წელი)
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე სს „ლ-----სა“ და ი/მ „გ--------------–---–ს“ (შემსრულებელი) შორის მოხდა შეთანხმება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ ლ-----ისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევა შემსრულებლის ობიექტში. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1180 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომლის ანაზღაურებაც სს „ლ-----მა“ მოახდინა სრულად 2012 წლის 08 ნოემბერს, ჯამში: 1180 ლარი დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ 689.00 ღირებულების ვალდებულება, ხოლო 491.00 ლარი დარჩა ავანსად გადახდილი, რომლის სანაცვლოდაც არ იქნა გაწეული სარეკლამო მომსახურება. მოპასუხესთან დაკავშირებას არაერთხელ ეცადნენ სს ,,ლ-----ის’’ წარმომადგენლები, თუმცა უშედეგოდ; ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების უკან დაბრუნება, რომლის მომსახურებაც არ იქნა გაწეული, რაც შეადგენს 491.00 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მისივე განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმებით ობიექტის ტერიტორიაზე განთავსდა სს ,,ლ-----ის“ სარეკლამო ბანერები, ლოგოები და ასევე ხდებოდა მისი პროდუქციის შეთანხმებისამებრ რეკლამირება/რეალიზაცია, რაც დასტურდება მხარეებს შორის არსებული მიღება-ჩაბარების აქტებით, დაწყებული 30.11.2012 წლიდან 31.12.2013 წლის ჩათვლით; რაც შეეხება ავანსად გადახდილ თანხას, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, მოპასუხემ მოიხსნა ი/მ სტატუსი, ვინაიდან შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა და ობიექტმა 2013 წლის დეკემბრის თვეში შეწყვიტა ფუნქციონირება, ამასთან, სს ,,ლ-----ის’’ მიერ არც ინვენტარის ჩაბარების დროს და არც წარმოდგენილი სარჩელის მიღებამდე პერიოდში, რაც მოიცავს 4 წელსა და რვა თვეს, არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა შეუსრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით; გ--------------–---–ს არანაირი შეტყობინება არ მიუღია, მხოლოდ სასამართლოს გზავნილით გახდა ცნობილი მოპასუხე მხარისთვის ავანსად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ; ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით გასულია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სარეკლამო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად „შემსრულებელი“ ვალდებული იყო ლ-----ისათვის გაეწია სარეკლამო მომსახურება 2012 წლის 08 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დებიტორის ბარათი (ს.ფ 25 )
- საგადასახადო დავალება (ს.ფ15)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. 2012 წელის 08 ნოემბერს სს ,,ლ-----მა“ ი.მ გ--------------–---–ს სარეკლამო მომსახურებისათვის გადაუხადა 1180 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი,სხდომის ოქმი).
- საგადასახადო დავალება (ს.ფ15 )
4.საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობა - მან შეასრულა მხოლოდ სარეკლამო მომსახურების ნაწილი - 689.00 ლარის ღირებულების, ხოლო 491.00 ლარის ღირებულების მომსახურება დარჩა შეუსრულებელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დებიტორული ბარათი (ს.ფ 25 )
- მიღება-ჩაბარების აქტები 30.11.2012 - დან 31.12.2013 ჩათვლით (ს.ფ 47-60)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი,სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-----ის“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე, 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 352-ე, 405-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ სს ,,ლ-----სა“ და ი.მ გ--------------–---–ს შორის არსებობდა შთანხმება, როლის თანახმადაც მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება სარეკლამო მომსახურება გაეწია სს ,,ლ-----ისთვის“, თავის მხრივ მოსარჩელე მხარემ ავანსად გადაიხადა მომსახურების თანხა 1180 ლარის ოდენობით პერიოდულად შესასრულებელი მოსახურებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ნაკისრი ვალდებულება, რადგან სარეკლამო მომსახურება არ იქნა გაწეული ავანსად გადახდილი თანხის ფარგლებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მის მიერ სარეკლამო მომსახურების სრულად გაწევის შესახებ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ შესრულებული ვალდებულების ნაწილის - 689.00 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი თარიღდება 2013 წლის 31 დეკემბრით; მას შემდეგ გასწია თუ არა მოპასუხე მხარემ შეთანხმებით გათვალისწინებული სარეკლამო მომსახურება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსთვოის არ წარმოუდგენია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ; ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე აპელირებს სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლას და ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას. მოცემულ მოთხოვნაზე კი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა და განსხვავებით მოთხოვნის უფლებისაგან, მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #ას-38-38-2018);
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოპასუხე მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ვინაიდან მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას არც მოპასუხე მხარე უარყოს და ამას ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივი შესრულებაც; მოპასუხე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სს ,,ლ-----ისგან’’ არ მიუღია შეტყობინება შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე, ასევე დაუსაბუთებელი და საფუძველსმოკლებულია და არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, მაშინ როცა ამგვარი შეტყობინების წარდგენა მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერ დროს, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის გზითაც, რაც განახორციელა კიდეც;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის მასალების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში სს ,,ლ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; დასახელებული მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-2571, 264-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდესნ;
2. ი.მ გ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,ლ-----ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 491.00 ლარის ოდენობით;
3. ი.მ გ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,ლ-----ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. სს ,,ლ-----ის“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდილი 10.08.2018 წელი; საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი #300783150);
5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება;
მოსამართლე: სოფიო ლეჟავა