გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310017001887722
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2786-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - კ---- წ----ე

წარმომადგენელი - გ-----------–--–---

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენლები - ხ-------------–---–- და გ--------–-----

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანება.

 

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - კ---- წ----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რ-------------------------------–------–-----------–-------–---–-------------------------------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს კ---- წ----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე, ყოველთვიურად - 1---- ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის თებერვალში, გ-------ის ფედერაციულ რესპუბლიკაში სწავლების დროს, ს--–---–-------------–---------–------------------ ბატალიონის მ--- ასეულის 4--მა სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა ბატალიონის მ---------ს ბრძანება მობილური ტელეფონების ჩაბარების თაობაზე და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს ისინი.

 

სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2014 წლის 28 აპრილის №1- ოქმით დგინდება, რომ კომისიაზე განხილული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნის საკითხი, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების ს--–---–-----------–----–--------–---–---–---------------------ა მომზადების სკოლის კავშირგაბმულობის სწავლების ჯგუფის ი----------------ს, უ-–-----------–-----ს - კ---- წ----ის პირადი განცხადებაც. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ შუამდგომლობა გაწეოდათ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნასთან დაკავშირებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 მაისის №MOD 3------------ წერილი (ს.ფ. 77-78);

- სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2014 წლის 28 აპრილის №1- ოქმი (ს.ფ. 68-74).

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 30 აპრილის პატაკის თანახმად - რ--------თა სკოლის კ/გ ჯგუფის ინსტრუქტორმა - კ---- წ----ემ განცხადებით მიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს და სთხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2014 წლის 30 აპრილის პატაკი (ს.ფ. 4-).

 

3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების ს--–---–-----------–----–--------–---–---–---------------------ა მომზადების სკოლის კავშირგაბმულობის სწავლების ჯგუფის ი---------------- (საშტატო კატეგორია „უ-------------–-----“, შტატი №8--------), უ-–-----------–----- - კ---- წ----ე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. საფუძველი: სპეციალური ოპერაციების ძალების მ---------ს შუამდგომლობა (№2----- 03.05.2014წ.)

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანება (ს.ფ. 28).

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 16 მაისს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, 4- სამხედრო მოსამსახურე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნენ შეიარაღებული ძალებიდან.

 

2014 წლის გაზაფხულზე, კ---- წ----ისა და მისი თანამოსამსახურეების მიერ დაწერილი - თანამდებობიდან განთავისუფლებისა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ პატაკები ატვირთული იქნა შიდა ელექტრონულ პროგრამაში, (ე.წ. „e----“-ში), რის შემდეგაც პატაკების დედნები სპეციალური ოპერაციების ძალების G-- განყოფილების უფროსმა - ი-----–- ყ---–---ამ გაანადგურა.

 

გამოძიების პროცესში საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული იქნა წერილობითი განმარტება, რომლის მიხედვითაც „ელექტრონული ფორმატით წარდგენილ დოკუმენტებზე (ე.წ. სკანერით გამოყენებით დამზადებულ საბუთებზე) ხელწერის ექსპერტიზა არ ტარდებოდა, ხოლო იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწერილი პატაკების დედნები განადგურებულია და გამოძიებას გააჩნდა მხოლოდ მათი ასლები, ვერ ხერხდება პატაკებზე ხელმოწერებისა და სხვა რეკვიზიტების იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება. იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების G- (კადრები) განყოფილების უფროსმა - ი-----–- ყ---–---ამ, დადგენილი წესების უხეში უგულებელყოფით გაანადგურა 4- სამხედრო მოსამსახურის პატაკების დედნები, საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით, იგი, 2016 წლის 5 ოქტომბერს განრიდებული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა 3---- ლარის გადახდა. ამავე წერილით დგინდება, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 მაისის №MOD 3------------ წერილი (ს.ფ. 77-78).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 23 თებერვალს მოწმის სახით დაკითხული ა---------– ბ-----–---–ის ჩვენებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 16 მაისამდე, ანუ - სამსახურიდან დათხოვნამდე მსახურობდა შეიარაღებული ძალების ს--–---–-------------–---------–------------------ ბატალიონში მ--- (ჩარლი) ასეულის პირველი ოცეულის მ--- ათეულში, ს------–-------–---–-ს თანამდებობაზე, პირველი კლასის რიგითის წოდებით. მოწმემ მიუთითა, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკი თავად დაწერა და ხელი მოაწერა. აღნიშნული პატაკი დაწერა 2014 წლის მარტის შუა რიცხვებში, სამანდატო კომისიის ჩატარების შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში, ბატალიონის მ---------ს - ტ-------–---–ის, ასმ---------ს - მ------–---–ის და სერჟანტ - ბ----–---–ის მხრიდან იძულებით, მუქარის და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ ყველას საბუთებს გაუფუჭებდნენ და მ---------ს ბრძანების შეუსრულებლობის გამო გაუშვებდნენ მინიმუმ 5 წლით ციხეში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2015 წლის 23 თებერვლის მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 136-141).

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 29 მაისს მოწმის სახით დაკითხული - კ---- წ----ის ჩვენებაში მითითებულია, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკზე თარიღი მას არ დაუსვია, არ ახსოვს ხელი როდის მოაწერა პატაკზე და პატაკთან ერთად შევსებულ ცნობაზე. პატაკი მისი ხელით არის დაწერილი და ხელიც პირადად მოაწერა 2014 წლის 10 მაისს, რა დროსაც დაახლოებით თვეზე მეტი ხნით ადრე იყო ჩატარებული სამანდატო კომისია. ამასთან, აღნიშნული პატაკი მან დაწერა ბ-----–----------------------------–-ს - გ------- კ-----ის მხრიდან იძულების, მუქარის და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მ---------ს ბრძანების შეუსრულებლობის გამო გაუშვებდნენ ყველას მინიმუმ 5 წლით ციხეში. ასევე მიუთითა, რომ მისი აზრით საფრთხე რეალური იყო, რომ ხელმძღვანელობა შეასრულებდა მუქარას და სრულიად უმიზეზოდ გაუფუჭებდნენ საბუთებს. მისი განმარტებით, რადგან სამსახურიდან გაშვებამდე მივიდა საქმე, შესაძლოა მის მიმართ ყოფილიყო პირადი ინტერესი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2015 წლის 29 მაისის მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 143-148).

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხული შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის მ---------ს - ი-----–- ს------ას ჩვენებაში მითითებულია, რომ 50-მდე ჯარისკაცი 2014 წლის თებერვალში ს--–---–-------------–---------–------------------ ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა სწავლებაზე გ--------ში მდებარე სამხედრო ბაზაზე და ემზადებოდნენ ა--------ში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. სწავლების დროს, მითითებულმა ჯარისკაცებმა არ შეასრულეს ბატალიონის მ---------ს ბრძანება ტელეფონების ჩაბარებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს საკუთარი მობილური ტელეფონები. მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნა სამანდატო კომისიის სხდომაზე, თუმცა სხდომაზე ჯარისკაცების პატაკები, ახსნა-განმარტებები და რაიმე სახის დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ სხდომის პერიოდში მას ჯარისკაცების პატაკები არ უნახავს და არ იცის რა ვითარებაში და როდის მოხდა პატაკების დაწერა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2015 წლის 30 ოქტომბრის მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 149-152).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ---- წ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნაზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კ---- წ----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რ-------------------------------–------–-----------–-------–---–-------------------------------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ---- წ----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე ყოველთვიურად 1--- ლარის ოდენობით.

 

6.2. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

 

მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გენერალური შტაბის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს სპეციალური ოპერაციების ძალები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმვის პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ---- წ----ეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების ს--–---–-----------–----–--------–---–---–---------------------ა მომზადების სკოლის კავშირგაბმულობის სწავლების ჯგუფის ი----------------ს (საშტატო კატეგორია „უ-------------–-----“, შტატი №8--------) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის თებერვალში, გ-------ის ფედერაციულ რესპუბლიკაში სწავლების დროს, ს--–---–-------------–---------–------------------ ბატალიონის მ--- ასეულის 4--მა სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა ბატალიონის მ---------ს ბრძანება მობილური ტელეფონების ჩაბარების თაობაზე და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს ისინი.

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 16 მაისს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, მითითებული 4- სამხედრო მოსამსახურე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნენ შეიარაღებული ძალებიდან, მათ შორის კ---- წ----ეც. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების ს--–---–-----------–----–--------–---–---–---------------------ა მომზადების სკოლის კავშირგაბმულობის სწავლების ჯგუფის ი---------------- (საშტატო კატეგორია „უ-------------–-----“, შტატი №8--------) უ-–-----------–----- - კ---- წ----ე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად.

 

6.4. დადგენილია, რომ კ---- წ----ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი გახდა პატაკი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის - შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 მაისის №MOD 3------------ წერილში მითითებულია, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, კ---- წ----ისა და მისი თანამოსამსახურეების მიერ დაწერილი - თანამდებობიდან განთავისუფლებისა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ პატაკები ატვირთული იქნა შიდა ელექტრონულ პროგრამაში (ე.წ. „e----“-ში), რის შემდეგაც პატაკების დედნები სპეციალური ოპერაციების ძალების G-- განყოფილების უფროსმა - ი-----–- ყ---–---ამ გაანადგურა. გამოძიების პროცესში, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ „ელექტრონული ფორმატით წარდგენილ დოკუმენტებზე (ე.წ. სკანერით გამოყენებით დამზადებულ საბუთებზე) ხელწერის ექსპერტიზა არ ტარდებოდა. იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწერილი პატაკების დედნები განადგურებულია და გამოძიებას გააჩნდა მხოლოდ მათი ასლები ვერ ხერხდებოდა პატაკებზე ხელმოწერებისა და სხვა რეკვიზიტების იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება.

 

ამასთან, გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული შეიარაღებული ძალების მოსამსახურის - ა---------– ბ-----–---–ის (ს.ფ. 136-141) ჩვენებით დგინდება, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკი მართალია თავად დაწერა და ხელი მოაწერა 2014 წლის მარტის შუა რიცხვებში სამანდატო კომისიის ჩატარების შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში, მაგრამ მისი ქმედება გამოიწვია ბატალიონის მ---------ს - ტ-------–---–ის, ასმ---------ს - მ------–---–ის და სერჟანტ - ბ----–---–ის მხრიდან იძულებამ, მუქარამ და შანტაჟმა, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ყველას საბუთებს გაუფუჭებდნენ და მ---------ს ბრძანების შეუსრულებლობის გამო გაუშვებდნენ მინიმუმ 5 წლით ციხეში.

 

აღნიშნული სახის ძალადობაზე მიუთითებდა ასევე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელე - კ---- წ----ე (ს.ფ. 143-148) საგამოძიებო ორგანოში მიცემულ ჩვენებაში. მან განმარტა, რომ პატაკი მისი ხელით არის დაწერილი და ხელიც პირადად მოაწერა 2014 წლის 10 მაისს, რა დროსაც დაახლოებით თვეზე მეტი ხნით ადრე იყო ჩატარებული სამანდატო კომისია, სადაც უკვე საუბარი იყო მათ მიერ თითქოს დაწერილ პატაკებზე. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ პატაკი მან დაწერა ბ-----–----------------------------–-ს - გ------- კ-----ის მხრიდან იძულების, მუქარის და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა მ---------ს ბრძანების შეუსრულებლობის გამო გაუშვებდნენ ყველას მინიმუმ 5 წლით ციხეში. ასევე მიუთითა, რომ მისი აზრით საფრთხე, რომ ხელმძღვანელობა შეასრულებდა მუქარას და სრულიად უმიზეზოდ გაუფუჭებდნენ საბუთებს რეალური იყო.

 

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პატაკის დაწერისას არ ყოფილა გამოვლენილი მისი რეალური ნება - შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა და პატაკი დაწერილი იქნა მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის შედეგად.

 

ამასთან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც სამანდატო კომისიის მიერ მოხდა მითითებული საკითხის განხილვა, სამხედრო მოსამსახურეებს არ ქონდათ დაწერილი პატაკები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მხრივაც დარღვეულია აქტის გამოცემისთვის სავალდებულო ადმინისტრაციული წარმოების პირობები.

 

აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად დგინდება მოსარჩელის მიმართ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულება. სასამართლო განმარტავს, რომ იძულება არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები მიუთითებს ხელმძღვანელობის მხრიდან იძულების განხორციელებაზე. ასევე, მოსარჩელის განმარტება, რომ მისი შეფასებით ხელმძღვანელობის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამ მოტივით იქნა მოსარჩელის მიერ დაწერილი პატაკი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო აქტის უკანონობა, რაც იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანების ბათილად ცნობას.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ---- წ----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რ-------------------------------–------–-----------–-------–---–-------------------------------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

6.7. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს კ---- წ----ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ---- წ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1--- ბრძანება კ---- წ----ის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ---- წ----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რ-------------------------------–------–-----------–-------–---–-------------------------------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ---- წ----ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი