გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210118002453708
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14500-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს "ს---------–-----------"

წარმომადგენელი - ი-----–------------

 

მოპასუხე - შპს "მ–------–---"

წარმომადგენელი- ბ-------------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-ს მოსარჩელე შპს ,,სა--------–--------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 7200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 23 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიისგან გადახდის განვადებით (კონსიგნაციის წესით) შეიძინა 7200 ლარის საქონელი, რომელიც მოსარჩელემ სრულად მიაწოდა და რის თაობაზე, კანონმდებლობის საფუძველზე გამოიწერა შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მხარემ დაადასტურა. შეთანხმებულ ვადაში მოპასუხემ არ გადაიხადა საქონლის ღირებულების საფასური, რის შემდგომაც მას მიეცა დამატებითი ვადა, რათა ეტაპობრივად დაეფარა დავალიანება. არაერთი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვინაიდან მოპასუხემ დავალიანება არ დაფარა, მოსარჩელემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 12 იანვარს. დაახლოებით ორთვენახევრის განმავლობაში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ უზრუნველყო საქმის წარმოების დაწყება და მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს სარჩელის მოპასუხისთვის დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ,,ს---------–-----------“ სასარჩელო მოთხოვნა 7200 ლარის დაკისრების თაობაზე, სრულად ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 23 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიისგან გადახდის განვადებით (კონსიგნაციის წესით) შეიძინა 7200 ლარის საქონელი, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხეს სრულად მიაწოდა და რაზეც გამოიწერა სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-ის მიერ იქნა დადასტურებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადები #03-------2 (ს.ფ. 17);

- 11/11/2017 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-ის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე შპს ,,ს---------–-----------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-თვის დავალიანების დაკისრების მოთხოვნით. გამარტივებული საქმის წარმოება დასრულდა უშედეგოდ.

არსებული მდგომარეობით, მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-ის მიერ ფულადი ვალდებულება 7200 ლარის ოდენობით, შესრულებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააპლიკაციო განცხადება (ს.ფ. 21);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 მარტის წერილი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო გარემოებები დასადგენი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ს---------–-----------“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად, 7200 ლარის დაკისრების თაობაზე ცნო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე შპს ,,მ–------–---“-მა სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 216 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "ს---------–-----------"-ის სარჩელი მოპასუხე შპს "მ–------–---"-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის სრულად ცნობის გამო;

 

2. მოპასუხე შპს "მ–------–---"- ს მოსარჩელე შპს "ს---------–-----------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 7200 ლარის გადახდა.

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს "ს---------–-----------"-სს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 18 მაისს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით N 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 216 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე