გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
010210018002535719
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210018002535719

# 2-2880/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - ნი--- ად--–---–-

მოპასუხე - შპს ,,ჯო------ გ--- პრ---------“

წარმომადგენელი - ჯუ---------------–-–---–ი

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, სასამართლო გადაყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მისაღებ ხელფასზე - 1250 ლარზე ყოველ დაყონებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრება, მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტის მომზადების საფასურის ანაზღაურება და ამ თანხის ანაზღაურებამდე, ყოველი დაყოვნებული დღისათვის 1020 ლარის 0,07%-ის დაკისრება, გათავისუფლების შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული თანხის (კომპენსაციის) 2 თვის ანაზღაურების დაკისრება 2500 ლარის ოდენობით და ყოველი დაყოვნებული დღისათვის ამ თანხის 0,075-ის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" დირექტორის 2018 წლის 01 ივნისის ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ;

1.2. ნი--- ად--–---–- აღდგენილი იქნეს შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

1.3. მოპასუხეს დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით, განთავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი დაყოვნებული დღისათვის 1250 ლარის 0,07%-ის დაკისრება;

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტის მომზადების საფასურის ანაზღაურება 1020 ლარის ოდენობით. ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრება;

1.5. მოპასუხეს დაეკისროს გათავისუფლების გამო კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის სახელფასო ანაზღაურებით, 2500 ლარის ოდენობით. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრება;

1.6. დადგენილ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტი;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- ნი--- ად--–---–- 2016 წლის 01 ივლისს დაინიშნა შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, მას ევალებოდა 1 ც პროგრამაში მუშაობა და დოკფლოუს პროგრამაში შესრულებული, ვადაგადაცილებით შესრულებული და ვაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი, რომლის რეპორტებს ყოველდღიურად გადასცემდა სამონტაჟო განყოფილების უფროსს, რათა ემოქმედა სათანადოდ.

- თავდაპირველ ეტაპზე მის მოვალეობაში არ შედიოდა საპროექტო განყოფილებისა და სამონტაჟო განყოფილების მუშაობის კონტროლი, ცენტრალური მაგისტრალებისა და ხაზების მშენებლობის კონტროლი, კომუნიკაცია საქმისმწარმოებლებთან, სამონტაჟო ჯგუფთან, და აბონენტებთან. მაგრამ ვინაიდან კომპანია ვერ ასრულებდა მოვალეობებს, იძულებული გახდა ეკონტოლებინა კომპანიის თითოეული განყოფილების მუშაობა და შედეგები მიეწოდებინა დირექტორისათვის.

- 2018 წლის 10 ივნისს შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------საგან" მიიღო ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რაც მისთვის მოულოდნელი იყო, გათავისუფლების საფუძველი მისთვის გაუგებარი იყო, რომ თითქოსდა მისი ბრალეული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი, კომპანია დაჯარიმებულ იქნა, მაშინ როცა იგი თავის მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. იგი მასზე დაკისრებული მოვალეობების გარდა, ასრულებდა დამატებით სამუშაოებსაც. მის მოთხოვნაზე მიეწოდებინათ გათავისუფლების თაობაზე დასაბუთებული ბრძანება, მას მხოლოდ ბრძანების ტექსტი გადასცეს, არ მიაწოდეს დასაბუთება.

- 2017 წლის 01 იანვრიდან ასრულებდა შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------საგან" დაკვეთილ მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტებსაც. მუშაობის პერიოდში 5 პროექტი აქვს შესრულებული, მათგან კომპანიას არ აუნაზღაურებია სოფელ თხილნარის პროექტის საფასური, კერძოდ 51 კმ გაზსადენის პროექტის ღირებულება (5100X0,02=1020) 1020 ლარი.

- მოსარჩელე 2018 წლის მაისის თვიდან დაინიშნა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. შემოდიოდა უხარისხო მასალა, დირექტორის ნათესავები და ახლობლები მუშაობდნენ მაგისტრალურ ხაზებზე, სხვებს კი ამუშავებდნენ შიდა, სოფლის ხაზებზე, როცა დარღვევებზე ალაპარაკდა, ეს არ მოეწონათ ხელმძღვანელებს. არსებული მდგომარების შესახებ აწვდიდა ინფორმაციებს შპს ,,სო---- გ--- ჯო------ს" (და---- ლე--–---–ს). შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" დირექტორმა მოითხოვა მისგან განცხადების დაწერა გათავისუფლებაზე.

- 2018 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო შიმშილობა, დირექტორმა აღდგენა შესთავაზა, რის გამოც 2018 წლის 27 აგვისტოს დაბრუნდა სამსახურში, 2 კვირა იმუშავა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად, ბრძანება არ დაწერილა, მოატყუეს, შესთავაზეს სამსახურში მიღება და არა აღდგენა, თვითონაც დაწერა განცხადება მიღებაზე, შეადგინეს 4-თვიანი ხელშეკრულებაც, შემდეგ დირექტორის რეზოლუცია დადებული თავისი განცხადება გამოართვა კა-- ხე-–--ეს და აღარ დაუბრუნა.

- ნი--- ად--–---–მა პაექრობის ეტაპზე განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, სხვებს ჰქონდათ დიდი ხელფასი, მას კი 1200 ლარი, დისკრიმინაცია გამოიხატება სქესობრივი ნიშნით განსახვავებაში, ის ქალია და ამიტომ ჰქონდა ნაკლები ხელფასი, მისი გათავისუფლების შემდეგ კი დაასაქმეს მამაკაცი.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტებები და საპაექრო სიტყვა სხდომის ოქმებში, 17.11.2018წ., 28.12.2018წ.).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------" სარჩელს არ ცნობს. მისი პოზიცია ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მოპასუხე ეთანხმება, რომ ნი--- ად--–---–- დაინიშნა შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" 2016 წლის 01 ივლისს დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, მას ევალებოდა 1 ც პროგრამაში მუშაობა და დოკფლოუს პროგრამაში შესრულებული, ვადაგადაცილებით შესრულებული და ვაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი.

- 2017 წლის 01 იანვარს მასთან გაფორმდა ვადიანი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და მას დაევალა სამონტაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება. მის მოვალეობაში შედიოდა დოკფლოუს პროგრამა, ვადაგადაცილებით შესრულებული და ვადაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი, დაკვეთილი სამონტაჟო სამუშაოების სწორი გადანაწილება, ვადების კონტროლი, პრიორიტეტების მინიჭება.

- შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------" წარმოადგენს შპს ,,სო---- ჯო------ გ---ის" პარტნიორ კომპანიას. შპს ,,სო---- ჯო------ გ---ი" არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ლიცენზიატი და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიიის 2009 წლის 09 ივლისის დადგენილებით. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------სა" და შპს ,,სო---- ჯო------ გ---ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილია ვალდებულებების შესრულება და მისი დარღვევისას კომპენსაციის გადახდის წესი. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" მიერ სამონტაჟო სამუშაოების ვადების დარღვევის გამო (370-მდე ობიექტი იყო ვადაგადაცილებაში) კომპანია დაჯარიმდა 74 765 ლარით, მაშინ როცა ვადების დაცვა, სამუშაოებზე პრიორიტეტის მიცემა და შესრულებაზე კონტროლი უშუალოდ მოსარჩელის პირდაპირი მოვალეობა იყო.

- მოპასუხე არ ეთანხმება, რომ ნი--- ად--–---–- ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა 2018 წლის აპრილის თვეში, რადგან 2018 წლის აგვისტოს თვიდან არის დანიშნული ამ პოზიციაზე და 30 აგვისტოს მოსარჩელემ დაწერა მოხსენებითი ბარათი და თავისი ნებით წავიდა სამსახურიდან, 03 სექტემბერს, შეთავაზებაზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ხელი არ მოაწერა, თავისი განცხადება სამსახურში მიღებაზე გაიტაცა, ხოლო აღდგენაზე განცხადებით კომპანიისათვის არ მიუმართავს.

- მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი იყო ტექნიკური დირექტორი, ნი--- ად--–---–ს ერთი მოხსენებითი ბარათიც არ აქვს წარდგენილი არსებული პრობლემების შესახებ. მხოლოდ 2018 წლის თებერვალში აქვს ერთი განაცხადი გაკეთებული, რომლითაც დაჯარიმებას ითხოვს, მაშინ როცა დაჯარიმება მის კომპეტენციაში არ შედიოდა, მას ევალებოდა შესრულება-არშესრულება, პრობლემების გამომწვევი მიზეზების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.

- ნი--- ად--–---–- პრიორიტეტების მინიჭებას არ ახორციელებდა, და---- ლე--–---–ი შპს ,,სო---- ჯო------ გ---ის" დირექტორია და მასზე ინფორმაციის წარდგენა არ ევალებოდა, პირიქით, ამის უფლება არ ჰქონდა.

- სისტემატურად იყო დარღვევები 10, 20, 40 და უფრო მეტი დღით სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებაზე, ხოლო მოსარჩელეს კი ევალებოდა ეს დარღვევები თავიდან აეცილებინა.

- ნი--- ად--–---–- 2018 წლის 01 ივნისიდან სამონტაჟო სამსახურის უფროსის პოზიციიდან განთავისუფლდა. 2018 წლის აგვისტოდან, დაინიშნა რა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად, ბრძანების დაწერა არც იყო სავალდებულო, შრომით კონტრაქტი წარედგინა, ხელი არ მოაწერა და თავისით წავიდა სამსახურიდან, უარი განაცხადა. ამავე დროს, პარალელურად შიმშილობდა კიდეც, აპროტესტებდა.

- 2 თვის კომპენსაცია, 1000-1000 ლარი, მოსარჩელეს სექტემბრის თვეში ჩაურიცხეს, მიღებული აქვს და ეს მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

- მოპასუხე უარყოფს რაიმე სახის დისკრიმინაციას, მიუთითებს, რომ ნი--- ად--–---–- კომპანიის დირექტორის ახლობელია, მან ჩამოიყვანა თბილისიდან და დაასაქმა კომპანიაში. დარღვევების გამო იგი განთავისუფლდა, ახალ პოზიციაზე მიღების შემდეგ კი უარი განაცხადა და თავისი სურვილით წავიდა სამსახურიდან.

- მოპასუხე ვერც უარყოფს და არც ადასტურებს მოსარჩელის მიერ დაკვეთის საფუძველზე სოფ. თხილნარის მიწისქვეშა გეოლოგიური პროექტის შედგენის ფაქტს, შესაბამისად, უცნობია მისთვის ანაზღაურების საკითხიც.

- მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელზე მოთხოვნის ერთთვიან ხანდაზმულობასაც, მიაჩნია, რომ მოსარჩელეს 1-თვის გადაცილებით აქვს სარჩელი აღძრული.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები და საპაექრო სიტყვა სხდომის ოქმებში, 17.11.2018წ., 28.12.2018წ.).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნი--- ად--–---–- 2016 წლის 01 ივლისს დაინიშნა შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 01 იანვარს მასთან გაფორმდა ვადიანი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და მას დაევალა სამონტაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება. ამავე ხელშეკრულებით, მისი ხელფასი განისაზღვრა 1250 ლარით, საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით. მის მოვალეობაში შედიოდა ,,დოკფლოუს" პროგრამა, ვადაგადაცილებით შესრულებული და ვაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი, დაკვეთილი სამონტაჟო სამუშაოების სწორი გადანაწილება, ვადების კონტროლი, პრიორიტეტების მინიჭება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შრომითი ხელშეკრულება 01/01/2017წ.;

3.1.2. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------" წარმოადგენს შპს ,,სო---- ჯო------ გ---ის" პარტნიორ კომპანიას. შპს ,,სო---- ჯო------ გ---ი" არის ბუნებრივი გ---ის გამანაწილებელი ლიცენზიატი და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიიის 2009 წლის 09 ივლისის დადგენილებით. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------სა" და შპს ,,სო---- ჯო------ გ---ს" შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილია ვალდებულებების შესრულება და მისი დარღვევისას კომპენსაციის გადახდის წესი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" მიერ სამონტაჟო სამუშაოების ვადების დარღვევის გამო (370-მდე ობიექტი იყო ვადაგადაცილებაში) კომპანია დაჯარიმდა 74 765 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 26/04/2018წ. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------სა" და შპს ,,სო---- ჯო------ გ---ს" შორის დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს/ჯარიმის დაკისრების შესახებ და მასზე დართული დანართი, 2017-2018 წლების მდგომარეობით აბონენტთა განაცხადების, შესასრულებელი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების, ვადაგაცილებების გამო დაკისრებული ჯარიმების ამსახველი ინფორმაციის შესახებ;

- ჯარიმის სახით 74 765 ლარის გადახდის საგადახდო დავალება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ნი--- ად--–---–თან 2017 წლის 01 იანვარს გაფორმდა ვადიანი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2017 წლის 30 ივნისიდან ფაქტიურად გაგრძელებულ იქნა 2018 წლის 01 ივნისამდე და ნი--- ად--–---–- 01/06/2018წ. ბრძანებით განთავისუფლდა შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" სამონტაჟო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან და მასთან 2018 წლის 01 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. აღნიშნული ბრძანება ნი--- ად--–---–ს ჩაბარდა 2018 წლის 10 ივნისს. მანამდე, იგი მოპასუხის მიერ 2018 წლის 29 მაისს წერილობით იქნა გაფრთხილებული, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 01 ივნისიდან წყდებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 01 იანვრის შრომითი ხელშეკრულება;

- 01/06/2018წ. ბრძანება;

- მოპასუხის 29.05.2018წ. წინასწარი წერილობითი შეტყობინება;

 

3.2.2. ნი--- ად--–---–მა 2018 წლის 13 ივნისს მოპასუხისაგან მოითხოვა გათავისუფლების შესახებ 01/06/2018წ. ბრძანების წერილობითი დასაბუთება, მოსარჩელემ წერილობითი დასაბუთებით უპასუხა, რომ ნი--- ად--–---–- თავის მოვალეობას ასრულებდა არაჯეროვნად, რის გამოც კომპანიამ განიცადა ზიანი, დაჯარიმდა სოლიდური თანხით. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2018 წლის 10 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოსარჩელის 13.06.2018წ. განცხადება;

- მოპასუხის წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების შესახებ;

 

3.2.3. დადგენილია, რომ საზოგადოების საქმიანობის უკეთ წარმართვის, ფინანსების დაზოგვის მიზნით, შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" მიერ 2018 წლის 02 ივლისის ბრძანებით განხორციელდა რეორგანიაზაცია, გაუქმდა სამონტაჟო სამსახურის უფროსის თანამდებობა და სამონტაჟო სამსახური მიუერთდა საპროექტო სამსახურს და ჩამოყალიბდა ერთიანი საპროექტო-სამონტაჟო სამსახური. მოსარჩელე აღნიშნული რეორგანიზაციის შესახებ არ დავობს. მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად არ გათავისუფლებულა, მანამდე მოხდა მისი განთავისუფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 02.07.2018წ. ბრძანება;

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე აპროტესტებდა მის გათავისუფლებას, შიმშილობდა კიდეც, მოითხოვდა სამსახურში დაბრუნებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები:

 

3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნი--- ად--–---–- 2018 წლის აგვისტოს თვეში დაბრუნდა სამსახურში, დაახლოებით 2 კვირა იმუშავა ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსად, თვეში 1250 ლარის ხელფასის ოდენობით, საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით. ბრძანება არ დაწერილა, თვითონაც დაწერა განცხადება მიღებაზე, შესთავაზეს სამსახურში მიღება და არა აღდგენა, შეადგინეს შრომითი ხელშეკრულებაც, მაგრამ შრომით ხელშეკრულებაზე ხელისმოწერაზე 2018 წლის 03 სექტემბერს უარი განაცხადა და სამსახურში აღარ მისულა. ხოლო თავისი განცხადება სამსახურში მიღებაზე, რომელსაც დირექტორის რეზოლუციაც დადებული ჰქონდა, გამოართვა კა-- ხე-–--ეს და აღარ დაუბრუნა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი მოატყუეს, მას სურდა სამსახურში აღდგენა და არა მიღება. აღნიშნულს ადასტურებს თვით მოსარჩელეც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები:

- 03.09.2018წ. შრომითი ხელშეკრულების პროექტი;

- მოწმე გი------ თო------ს ჩვენება სხდომის ოქმში (იხ. 17.11.2018წ. სხდომის ოქმი);

- მოწმე კა-- ხე-–--ის ჩვენება სხდომის ოქმში (იხ. 28.12.2018წ. სხდომის ოქმი);

 

3.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე შესრულებულია სოფ. თხილნარის მიწისქვეშა გეოლოგიური პროექტი, რომლის საფასურიც 1020 ლარის ოდენობით მოპასუხეს არ გადაუხდია. მოპასუხეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, ასევე გამაბათილებელი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საიჟინრო გეოლოგიური დასკვნა;

 

3.2.7. დადგენილია, რომ ნი--- ად--–---–- პერიოდულად აწვდიდა რეპორტებს, ინფორმაციას შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს", ასევე შპს ,,სო---- ჯო------ გ---ის" დირექტორებს, როგორც ვადაში, ასევე ვადაგადაცილებით შესრულებული და ვადაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 26.02.2018წ. მოხსენებითი ბარათი დანართით;

- მეილით გაგზვნილი ინფორმაცია: აბონენტების განაცხადები, გაზსადენის ექსპლუატაციაში მიღების აქტები;

 

3.2.8. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" მიერ 2017-2018 წლების მდგომარეობით, ნი--- ად--–---–-ს სამონტაჟო სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში, რომელსაც ევალებოდა ვადაგადაცილებით შესრულებული და ვაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი, დაკვეთილი სამონტაჟო სამუშაოების სწორი გადანაწილება, ვადების კონტროლი, პრიორიტეტების მინიჭება, სამონტაჟო სამუშაოების ვადების დარღვევის, არაჯეროვნად შესრულების გამო (370-მდე ობიექტი იყო ვადაგადაცილებაში) კომპანია დაჯარიმდა 74 765 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამონტაჟო განყოფილების შიდაგანაწესი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 26/04/2018წ. შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------სა" და შპს ,,სო---- ჯო------ გ---ს" შორის დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს/ჯარიმის დაკისრების შესახებ და მასზე დართული დანართი, 2017-2018 წლების მდგომარეობით აბონენტთა განაცხადების, შესასრულებელი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების, ვადაგაცილებების გამო დაკისრებული ჯარიმების ამსახველი ინფორმაციის შესახებ;

- ჯარიმის სახით 74 765 ლარის გადახდის საგადახდო დავალება;

- 01.05.2018წ. სამსახურეობრივი მოკვლევის ბარათი;

 

3.2.9. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ნი--- ად--–---–ს მოპასუხემ შესთავაზა სამსახურში მიღება და არა აღდგენა, მაგრამ ამის გამო მან 2018 წლის 03 სექტემბერს უარი განაცხადა და სამსახურში აღარ მისულა, 2 თვის კომპენსაცია, 1000-1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხით) მოპასუხემ მოსარჩელეს სექტემბრის თვეში ჩაურიცხა და მიღებული აქვს მოსარჩელეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2 თვის კომპენსაციის სახით, 1000-1000 ლარის ცარიცხვის ქვითრები;

 

3.2.10. მხარეთა შორის სხვა სადავო საკითხები: სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, სასარჩელო ხანდაზმულობა და სხვა, სამართლებრივი შეფასების კატეგორიას მიეკუთვნება და დადგებილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მათზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მოწმეთა ჩვენების, მხარეთა სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნი--- ად--–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტის შედგენისთვის (სოფ. თხილნარის) მისი ღირებულების ანაზღაურების (1020) ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში ნი--- ად--–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

- ევროპის სოციალური ქარტია;

- საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით ,,შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით”.

6.2. ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-3 ნაწილით:

1. ”ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის” მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის” ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

6.3. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის” მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის” ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

6.5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

6.6. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:

1. ”შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

 

6.7. სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში გადასაწყვეტია საკითხი, ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, გაშვებული აქვს თუ არა მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადები.

ნი--- ად--–---–- სამსახურიდან გათავისუფლდა 2018 წლის 01 ივნისიდან, აღნიშნული ბრძანება ნი--- ად--–---–ს ჩაბარდა 2018 წლის 10 ივნისს. მანამდე, იგი მოპასუხის მიერ 2018 წლის 29 მაისს წერილობით იქნა გაფრთხილებული, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 01 ივნისიდან წყდებოდა. 2018 წლის 13 ივნისს მან მოპასუხისაგან მოითხოვა გათავისუფლების შესახებ 01/06/2018წ. ბრძანების წერილობითი დასაბუთება, მოსარჩელემ წერილობითი დასაბუთებით უპასუხა, რომ ნი--- ად--–---–- თავის მოვალეობას ასრულებდა არაჯეროვნად, რის გამოც კომპანიამ განიცადა ზიანი, დაჯარიმდა სოლიდური თანხით. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2018 წლის 10 ივლისს.

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამარტლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს 30 დღიანი ვადის დაცვით აქვს სარჩელი აღძრული და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ არგუმენტაციას.

 

6.8. მეორე მთავარი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია სარჩელის ბედთან დაკავშირებით, ეს არის საკითხი, თუ რამდენად კანონიერია მოპასუხის მიერ გამოცემული 01/06/2018წ. ბრძანება ნი--- ად--–---–-ს შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" სამონტაჟო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მასთან 2018 წლის 01 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის დეფინიცია გულისხმობს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, თუ რამდენად სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე და განთავისუფლება რამდენად ადეკვატური და შესაბამისია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან მიმართებაში.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" მიერ 2017-2018 წლების მდგომარეობით, ნი--- ად--–---–-ს სამონტაჟო სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში, რომელსაც ევალებოდა ვადაგადაცილებით შესრულებული და ვაგადაცილებული შეუსრულებელი პროექტების სტატისტიკური მონაცემების კონტროლი, დაკვეთილი სამონტაჟო სამუშაოების სწორი გადანაწილება, ვადების კონტროლი, პრიორიტეტების მინიჭება, სამონტაჟო სამუშაოების ვადების დარღვევის, არაჯეროვნად შესრულების გამო (370-მდე ობიექტი იყო ვადაგადაცილებაში) კომპანია დაჯარიმდა 74 765 ლარით.

 

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ ნი--- ად--–---–მა ჯეროვნად ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ვერ განახორციელა შესაბამისი კონტროლი, არ გაანაწილა სწორად სამუშაოები, სწორად ვერ მიანიჭა პრიორიტეტები სამუშაოებს, რის გამოც კომპანიამ განიცადა სოლიდური ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გადაცდომას, რის გამოც დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო გაენთავისუფლებინა დასაქმებული, რის საფუძველზეც მოპასუხის 01/06/2018წ. ბრძანება ნი--- ად--–---–-ს შპს ,,ჯო------ნ გ--- პრ---------ს" სამონტაჟო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მასთან 2018 წლის 01 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონიერია და სარჩელი მის ბათილობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, მოთხოვნაც სამსახურში აღდგენის, განაცდურის დაკისრების, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,07 %-ის დაკისრებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ ნი--- ად--–---–- სარჩელით ითხოვს განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, მაგრამ აღდგენას ითხოვს არა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც (სამონტაჟო სამსახურის უფროსი) ეკავა გათავისუფლებისას, არამედ მოითხოვს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენას, რომელი პოზიციაც შემოღებულ იქნა მისი გათავისუფლების შემდეგ, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად. თუ ჩავთვლით, რომ ეს არის წინა პოზიციის ტოლფასია, ამ შემთხვევაშიც მან ამ პოზიციის დაკავებაზე უარი განაცხადა, იგი მიიღეს ხელახლა სამსახურში მისივე განცხადების საფუძველზე, მაგრამ შემდეგში უარი განაცხადა, რომ ,,მას მიღება არ სურდა და ითხოვდა აღდგენას". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პოზიცია ნამდვილად ტოლფასია წინა პოზიციის, ხელფასის კუთხითაც, ორივე პოზიციაზე ხელფასი საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით შეადგენდა 1250 ლარს.

 

6.10. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ნი--- ად--–---–ს მოპასუხემ შესთავაზა სამსახურში მიღება და არა აღდგენა, მაგრამ ამის გამო მან 2018 წლის 03 სექტემბერს უარი განაცხადა და სამსახურში აღარ მისულა, 2 თვის კომპენსაცია, 1000-1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხით) მოპასუხემ მოსარჩელეს სექტემბრის თვეში ჩაურიცხა და მიღებული აქვს მოსარჩელეს. შესაბამისად, სარჩელი - მოპასუხეს დაეკისროს გათავისუფლების გამო კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის სახელფასო ანაზღაურებით, 2500 ლარის ოდენობით, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრება, - არ ემყარება არანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. მოსარჩელე მოითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.

 

საქართველოს კანონის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ამ,ავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, კერძოდ, იგი განთავისუფლდა იმის გამო, რომ იგი ქალია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად:

 

1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. (12.06.2013. N729)

4. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

5. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

6. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

ამავე კოდექსის მე-402 მუხლის თანახმად:

 

1. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:

ა) დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;

ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

2. სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის დასაქმებულთა გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა დასაშვებია დამსაქმებელთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა.

 

ამდენად, დისკრიმინაციის არარსებობის ფაქტის მტკიცება დამსაქმებელს ეკისრება. ამ შემთხვევაში სასამართლო ვერ გადაანაწილებს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ შეასრულა თავისი, საპროცესო მოვალეობა და წარმოდგენილი არგუმენტაციით გამორიცხა დისკრიმანაციის ფაქტი. კონკრეტულდ ს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ დამსაქმებელი მოსარჩელეს, განტავისუფლების მიუხედავად, არ ტოვებდა მას უმუშევრად და ტოფასი სამუსაო შესტავაზე, რაზედაც თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა რაიმე საფუძველს, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ განახორციელა რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული ქმედება.

 

6.12. მოსარჩელე მოითხოვს, მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტის შედგენისთვის (სოფ. თხილნარის) მისი ღირებულების ანაზღაურებას 1020 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვს, ამ თანხის ანაზღაურებამდე, ყოველი დაყოვნებული დღისათვის 1020 ლარის 0,07%-ის დაკისრებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე შესრულებულია სოფ. თხილნარის მიწისქვეშა გეოლოგიური პროექტი, რომლის საფასურიც 1020 ლარის ოდენობით მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მიწისქვეშა, თუნდაც მიწისზედა გეოლოგიური პროექტების შედგენა ნი--- ად--–---–-ს სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, არ შედიოდა მის სამსახურეობრივ მოვალეობაში და ეს მოთხოვნა არ გამომდინარეობს შრომის კანონმდებლობიდან. საამართლო ამ ურთიერთობას განიხილავს როგორც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ნარდობის ხელშეკრულებას და მასზე დაყრდნობით მსჯელობს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ამდენად, ამ სემტხვევაში ვერ იქნება გამოყენებული შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც ადგენენ დაყოვნებისათვის ყოველვადაგადაცილებული დღისათვის მოთხოვნილი თანხის 0,075ის დაკისრებას. გამომდინარე აქედან, მოთხოვნა 0,07%ის დაკისრებზე თავიდანვე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ-მენარდემ, შეასრულა ნაკისრი ვალდებულება-შეადგინა სოფ. თხილნარის მიწისქვეშა გეოლოგიური პროექტი, ხოლო შემკვეთი-მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოპასუხეს საზღაური არ გადაუხდია. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს მისი გადახდა და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოთხოვნების დაკმაყოფილების პროპორციულად უნდა განაწილდეს საპროცესო ხარჯებიც.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნი--- ად--–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ,,ჯო------ გ--- პრ---------“-ს მოსარჩელის ნი--- ად--–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ მიწისქვეშა გეოლოგიის პროექტის შედგენისთვის (სოფ. თხილნარის) მისი ღირებულების ანაზღაურება 1020 ლარის ოდენობით.

 

3. ნი--- ად--–---–-ს სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე შპს ,,ჯო------ გ--- პრ---------“-ს მოსარჩელის ნი--- ად--–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (100 ლარი) 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო 50 ლარი მოსარჩელე ნი--- ად--–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან. (იხ. საგადახდო დავალება #1, 10.07.2018წ., გადამხდელი ნი--- ად--–---–-, პ/ნ 60002005682, გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი", ანგარიშის სახაზინო კოდი - 300693150, ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე