გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/2098-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: შპს „შა--------ი“
წარმომადგენელი: თა--------–----ა
მოპასუხე: სს „სა-------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი: არ----------------ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელის შპს „შა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა 869923,96 ლარი;
1.2. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელის შპს „შა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელი თანხის 876 070 ლარის (869923.96+6146.04 ექსპერტ.ხარჯი) 0,08% პირგასამტეხლო;
1.3. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელის შპს „შა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯები 6146,04 ლარი
1.4. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ს“ მოსარჩელის შპს „შა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი 5000 ლარი, საბოლოოდ კი მოპასუხისთვის გადასახდელად დაკისრებული თანხის 4%.
(პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში 2019 წლის 31 იანვრის მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ნაცვლად მოითხოვა 0,08%-ის დაკისრება).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ, რაც მოიცავდა ხანძრის და სხვა რისკების შემთხვევაში შენობა-ნაგებობის, მანქანა-დანადგარების დაზღვევას 5469273 ევროს და სასაქონლო მარაგების დაზღვევას 4000000 ლარის სადაზღვევო თანხის ოდენობით. მზღვეველის მიერ დამზღვევზე 2016 წლის 28 ივლისს გაიცა ქონების დაზღვევის 2 პოლისი, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 27 ივლისამდე.
ხელშეკრულებით სხვა პირობებთან ერთად შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობები:
თუ დაირღვა პრემიის გადახდის ვალდებულება მზღვეველი დამატებითი წერილობითი შეტყობინების გარეშე, 2 კვირიანი ვადის გასვლის შემდგომ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისგან;
ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იგივე პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განაცხადა მისი შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე;
პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული პოლისებისა და ან წინამდებარე ხელშეკრულების მეშვეობით; პრემიის გადახდა ხდება გრაფიკის მიხედვით - ყოველთვიურად;
მხარეებს ეკრძალებათ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის გარდა მოშალონ ან შეწყვიტონ ხელშეკრულება;
მზღვეველი ვალდებულია დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად გადახდილი პრემიის საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შემდეგ აუნაზღაუროს დამზღვევს ზარალი;
დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების და დაზღვევის პირობებით დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულება, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, წერილობით მოითხოვოს მზღვევლისაგან პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0,2%-ის ოდენობით, რაც არ ათავისუფლებს მზღვეველს ნაკისრი ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისგან.
მართალია ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 27 ივლისს გავიდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არც ერთმა მხარემ არ განაცხადა მისი შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პოლისების ვადა ავტომატურად გაგრძელდა იგივე პერიოდით, ანუ 2018 წლის 27 ივლისამდე ვადით. დამზღვევის მიერ ჩვეულებრივ სრულდება პრემიის გადახდის ყოველთვიური ვალდებულებები იმავე ვადებში და წესით. თუმცა მოპასუხემ 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით მხარეთა შორის ხელმოწერილი სადაზღვევო პოლისის არარსებობის მოტივით, სრულად უსაფუძვლოდ უარი განაცხადა შპს „შა--------ის“ ტერიტორიაზე 2017 წლის 2 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობის შეფასებაში მონაწილეობის მიღებაზე და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საწარმოს ეზოში განთავსებული ნედლეული მასალის დამწვრობით დამდგარი ზიანი შეადგენს 443475,34 ლარს, საწყობში განთავსებული მზა პროდუქციის ნაწილში - 166081,98 ლარს, ხოლო საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შენობა-ნაგებობის ნაწილში ზიანი არის 239766,64 ლარი და ძირითადი საშუალებების აპარატი დისტილაციისათვის და სამი ცალი კონტეინერის დამწვრობის ნაწილში - 20600 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას ან/და სადაზღვევო ხელშეკრულების მოშლას ადგილი არ ჰქონია, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით არ ცნო მოსარჩელის მოთხოვნები და გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების წარმოშობის წინაპირობების არარსებობის გამო, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მზღვეველის თანხმობა დაზღვევის მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდისა და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ, გაუწიოს დამზღვევს სადაზღვევო მომსახურება, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი ცალკეული, სადაზღვევო მომსახურების პირობები მოცემული იქნება მზღვეველის მიერ გაცემულ პოლისში, რომელიც დაზღვევის პირობებთან და ხელშეკრულებასთან ერთად არეგულირებს დაზღვევის ცალკეულ ობიექტებთან დაკავშირებულ ურთიერთობას. ამასთან, პოლისი წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც დამზღვევს მისი მიღების შემდგომ აძლევს უფლებას სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.
მხარეებს შორის შეთანხმებული დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულებების ვადა ცალსახად განისაზღვრა 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით, ხოლო მოვლენას ადგილი ჰქონდა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, 2017 წლის 2 აგვისტოს. რაც შეეხება 2017 წლის 3 აგვისტოს განხორციელებულ გადახდას (სახელწოდებით აგვისტოს თვის პრემია), გადახდა განხორციელდა მითითებული მოვლენის შემდეგ, რა დროსაც რასაკვირველია მოსარჩელისთვის ცნობილი იყო დაზღვევის ვადის გასვლის შესახებ და იგი ხელოვნურად ქმნის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების იმიტაციას, რაც შემდგომშიც გაგრძელდა. გადახდილი თანხა მოპასუხემ დაუბრუნა შპს „შა--------ს“.
საყურადღებოა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სხვა სადაზღვევო ხელშეკრულებაც საავტომობილო დაზღვევასთან დაკავშირებით და ხელშეკრულებაში ვადის ავტომატურ გაგრძელების დებულების არსებობის მიუხედავად, ვინაიდან მხართა შორის არ ფორმდა ახალი დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულება, შეწყდა სადაზღვევო ურთიერთობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „სა-------------------------------------–-----ს“ (მზღვეველს) და შპს „შა--------ს“ (დამზღვევს) შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმდა სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლიც ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2017 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მზღვეველის თანხმობა დამზღვევის მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდისა და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ, გაუწიოს დამზღვევს სადაზღვევო მომსახურება.
ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი ცალკეული, სადაზღვევო მომსახურების პირობები მოცემული იქნება მზღვეველის მიერ გაცემულ პოლისში, რომელიც დაზღვევის პირობებთან და ხელშეკრულებასთან ერთად არეგულირებს დაზღვევის ცალკეულ ობიექტებთან დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობას. ამასთანავე, პოლისი წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც დამზღვევს მისი მიღების შემდგომ აძლევს უფლებას, სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.
ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ 2016 წლის 28 ივლისს გასცა ქონების დაზღვევის 2 პოლისი: #P--------- სადაც საერთო სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 5468273 ევროთი, ხოლო სადაზღვევო პრემია ჯამში - 5031,73 ევროს ეკვივალენტი ლარში და პოლისი #P-------6, სადაც საერთო სადაზღვევო თანხა შეადგენს 4000000 ლარს, ხოლო სადაზღვევო პრემია ჯამში 3680 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.07.2016 წლის ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ #1------ (პუნქტი 3.1 და 2.1);
- 12.11.2015 წლის შეთანხმება N1;
- ქონების დაზღვევის პოლისი #P-------- და #P-------6.
3.1.2. პრემიის გადახდა ხდება გრაფიკის მიხედვით: ყოველთვიურად, ამასთან განვადებით გადახდის შემთხვევაში, პრემიის პირველი შენატანის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი, ხოლო შემდგომი გადახდები - ყოველი თვის არაუგვიანეს პირველი რიცხვისა.
დამზღვევი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს პოლისებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინებისა და ინვოისის წარდგენის გარეშე, ამასთანავე მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისგან.
პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდამდე ან გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, რაც ამავე დროს არ ათავისუფლებს დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.07.2016 წლის ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ #1------ (პუნქტი 3.7, 4.3 და 4.7);
3.1.3. მხარეებს ეკრძალებათ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა მოშალონ ან შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება.
წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იგივე პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განაცხადა მისი შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.07.2016 წლის ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ #1------ (პუნქტი 3.1 და 3.7);
3.1.4. მხარეთა შეთანხმებით, მზღვეველის მიერ დაზღვევის პირობებით ნაკისრი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამზღვევი უფლებამოსილია წერილობით მოითხოვოს მზღვეველისაგან პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მზღვეველს ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებისგან. ამასთანავე პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყება შესაბამის წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.07.2016 წლის ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ #1------ (პუნქტი 5.4.2.)
3.1.5. 2017 წლის 2 აგვისტოს, ქ. თბილისში, კ----------------–--–-------ში მდებარე შპს „შა--------ის“ ეზოს ტერიტორიაზე მოხდა ხანძარი, რა დროსაც დაზიანდა საწარმოს ეზოში განთავსებული ნედლეული მასალა (დაიწვა, და შემდგომი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია), მზა პროდუქცია, შენობა-ნაგებობა და ძირითადი საშუალებები.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „შა--------ის“ გარე სასაწყობე ფართზე ხანძრის გაჩენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ელექტროსადენების მოკლე ჩართვასთან, რასაც მოჰყვა სპირტის ორთქლის სწრაფი აალება.
მოსარჩელის განმარტებით ნედლეული მასალის განადგურებით მიყენებული ზიანი შეადგენს- 443475,34 ლარს.
საწყობში განთავსებული მზა პროდუქციის განადგურების გამო მიყენებული ზარალის მთლიანი ღირებულება შეადგენს 166081,98 ლარს.
შენობა-ნაგებობაში ხანძრის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთ-აღრიცხვო ღირებულება შეადგენს 239766,64 ლარს.
ძირითადი საშუალებების (აპარატი დისტილაციისთვის და სამი ცალი კონტეინერი ) დაზიანების გამო მიყენებული ზიანი შეადგენს 20600 ლარს.
საერთო ჯამში მოსარჩელის მითითებით ზიანი შეადგენს 869 923.96 ლარს.
ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისთვის მომსახურების სახით მოსარჩელემ გადაიხადა ჯამში 6146,04 (1920+4076,04+150) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.10.2017 წლის, 17.11.2017 წლის და 13.12.2017 წლის დასკვნები;
- შსს ს----------------------–---------------------------ის 15.12.2017 დასკვნა.
3.1.6. შპს „შა--------მა“ 2018 წლის 3 აგვისტოს სს „სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ გადაიხადა 1495,27 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მიეთითა დაზღვევის ღირებულება - სადაზღვევო მომსახურების შესახებ #1------ ხელშეკრულება. აღნიშნული შინაარსის გადახდები მოსარჩელის მიერ განხორციელდა ასევე შემდგომ თვეებშიც. აგვისტოს თვეში გადახდილი თანხა, როგორც შეცდომით ჩარიცხული, მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს, ხოლო შპს „შა--------მა“ მოახდინა მისი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები;
- ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების სანოტარო აქტი.
3.1.7. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით შპს „შა--------მა“ მოპასუხეს წერილობით 2018 წლის 8 იანვარს მიმართა. სარჩელით პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ დაიანგარიშა როგორც სადაზღვევო ანაზღაურების, ასევე ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.01.2018 წლის წერილი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 27 ივლისის სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის ავტომატურად, იმავე პირობებითა და იგივე პერიოდით, აღარ გაგრძელებულა.
დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო პერიოდი განმარტებულია, როგორც პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა არის ძალაში.
სადავო არაა, რომ ვადის გასვლის შემდგომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელებულიყო მხოლოდ იმავე პირობებით, დამატებით ერთი წლის ვადით, თუკი ხელშეკრულების რომელიმე მხარე წერილობით არ განაცხადებდა მისი შეწყვეტის სურვილს. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი წერილობითი განაცხადი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. ის ფაქტი, რომ მხარეებს წერილობითი ფორმით არ განუცხადებიათ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, არ არსი საკმარისი გარემოება მხარეთა შორის ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევის თაობაზე, უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა მხარეთა ნება ხელშეკრულების იმავე პირობებბით დამატებით ერთი წლით გაგრძელების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს რომ ასეთს მხარეტა შორის ადგილი არ ქონდა.
სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა არსებობდეს მხარის ნება, რომელიც ადრესატს უნდა მიუვიდეს, რათა წარმოშობილად იქნას მიჩნეული ესა თუ ის ურთიერთობა.
ორივე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა (რომლებიც მხარეების საწარმოებში დასაქმებული საკონტაქტო პირები არიან) დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკება დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესახებ, გამოიკვეთა რომ მათ შორის მოლაპარაკება ეხებოდა ხელშეკრულების ახალი პირობების გათვალისწინებას. მოპასუხის მოწმის განმარტებით მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, საბოლოოდ იმავე პირობებით ხელშეკრულების გაგრძელება ან ახალი პირობებით ხელშეკრულების დადება არ მომხდარა. მოსარჩელის მოწმემ დაადასტურა რომ პირობების გაუმჯობესებაზეც იყო საუბარი, მაგრამ იმავდროულად მოწმის განმარტებით, მან იცოდა რომ ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა. მისივე განმარტებით იყო საუბარი სადაზღვევო პრემიის შემცირებაზე, მაგრამ ის ფაქტი რომ შევთანხმდით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ასეთი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო მოწმეთა ჩვენების მიხედვით დადგენილად მიიჩნევს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მხარეები აწარმოებდნენ გარკვეულ მოლაპარაკებას შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული მოლაპარაკება რომ ხელშეკრულების გაგრძლებით დასრულდა საკმარისი არ არის მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება. სასამართლოს კვლევის საგანაში ექცევა საქმის სხვა მასალებიც. სადაზღვევო პოლისის თანახმად სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველს უნდა განეხორციელებინა ყოველი თვის არაუგვიანეს პირველი რიცხვისა. სადავო გადახდა შპს „შა--------მა“ ამ ვადის დაუცველად, 2017 წლის 3 აგვისტოს განახორციელა ( შემთხვევა დადგა წინა დღეს 2 აგვისტოს).
სადაზღვევო პოლისით გადახდის ვალდებულება დგებოდა ყოველი თვის პირველ რიცხვში. სადაზღვევო პირობების შესაბამისად პრემიის გადახდა უნდა მომხდარიყო პოლისით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით. ინვოისის წარმოუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს გადახდისაგან.
ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ნება უნდა გამომდინარეობდეს, არა მხოლოდ ერთი მხარის მოქმედებიდან, არამედ ორივე მხარის მოქმედება უნდა მიანიშნებდეს ასეთი ნების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში პოლისის ხელახლა გაცემა არ მომხდარა, საინტერესოა მოპასუხის სხვა ქმედება ხომ არ ადასტურებდა ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმების არსებობას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ გარემოებებს: 2016 წლის 27 ივლისამდე განხორციელებული რიგი საგადასახადო დავალებებით დგინდება, რომ დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდას საფუძვლად ედო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ინვოისები, დანიშნულებაში ეთითებოდა კონკრეტული ინვოისი, თუმცა ისიც ფაქტია რომ ინვოისის გარეშეც ხდებოდა ხოლმე გადახდა. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 3 აგვისტოს განხორციელებული გადახდა არ მომხდარა მოპასუხის ინვოსის საფუძველზე, რაც მტკიცება იქნებოდა მოპასუხის მხრიდან ნების გამოვლენის, გადახდის დანიშნულებაში მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ დაზღვევის ხელშეკრულება. საყურადღებოა ისიც რომ მოპასუხემ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა და ასე მოიქცა შემდგომ შემთხვევებშიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.07.2017 წლის საგადახდო დავალება;
- 03.08.2017 წლის საგადახდო დავალება;
- 07.08.2017 წლის საგადახდო დავალება;
- მოწმეთა ჩვენებები.
- 10.08.2017 წლის წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „შა--------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა არ არის მზღვევლის უპირობო ვალდებულება, არამედ ასეთი ანაზღაურება მზღვეველმა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით დაზღვევის მოქმედების პირობებში დამდგარ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა გასცეს. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა არის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა.
სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 27.06.2016 წლის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მისი ავტომატურად, დამატებით ერთი წლით გაგრძელება და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 27.07.2017 წლის დღის 24 საათზე ამოიწურა დაზღვევის მოქმედების ვადა. შესაბამისად, სახეზე არ არის სადაზღვევო შემთხვევა განხორციელებული დაზღვევის მოქმედების ვადაში. აღნიშნული გარემოება კი სადაზღვევო კომპანიას ანიჭებს უფლებას უარი თქვას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება პირაგსამტეხლოსა და ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას, ვინაიდან არ დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი (2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით მხარეებს შორის დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია, ხოლო ახალი ვადით აღარ გაგრძელებულა), დაუშვებელია ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მოპასუხისთვის რაიმე სახის ზიანის ანაზღაურება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას როგორც სახელმწიფო ბაჟის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „შა--------ს“ უარი ეთქვას სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
2. მოსარჩელე შპს „შა--------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე