გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210018002737801
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/34203-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს „უ---------–-------------–-----–------ი“ (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - დ------------–---

მოპასუხე - შპს „ნ------–---------------------------------–-“ (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - ს--–-----------------------–---–----

დავის საგანი - პ-------------–---------------

დავის საგანი - შეგებებული სარჩელით- ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შპს „ნ------–---------------------------------–ს“, სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 60 000 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 4 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო სათანადო მომართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, პირგასამტეხლოს სახით, უპირობოდ, გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე არცერთი პაციენტი არ გაუგზავნია.

 

მოსარჩელემ 2017 წლის 26 ოქტომბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით აღებული ვალდებულების შესრულების - სხივური თერაპიის ჩატარების მიზნით მოსარჩელისათვის გამოგზავნილი პაციენტების (მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით) რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაზეც მოპასუხისგან პასუხი არ მიუღია. 2017 წლის 27 ნოემბერს და 14 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს იგივე მოთხოვნით. ამასთან, გააფრთხილა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ და 2018 წლის 1 იანვრიდან, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. დავალიანებამ შეადგინა 60 000 ლარი.

 

მოპასუხეების პოზიცია ძირითად სარჩელთან მიმართებით:

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი განმარტებით, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში მოპასუხის პაციენტებს ესარგებლათ მოსარჩელის სამედიცინო მომსახურების - სხივური თერაპიის კურსის ჩატარებით. მოპასუხის განზრახვა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა პაციენტების მოსარჩელისათვის „გაგზავნის“ უზრუნველყოფა, ვინაიდან აღნიშნული პირობა ეწინააღმდეგება პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონს. მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ რეკომენდაცია მიეცა პაციენტისათვის სხივური თერაპიის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარების თაობაზე - გადაწყვეტილებას უშუალოდ პაციენტი იღებდა. მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მართლსაწინააღმდეგო პირობის არსებობა ნამდვილი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას იმ ნაწილში, რომ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ნამდვილად არსებობს, თუმცა, ის ვერ განიხილება ნამდვილად მართლსაწინააღმდეგობის გამო. გარდა ამისა, ისიც რომ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ნაკადის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა მოსარჩელე მზად გაეწია პაციენტებისთვის მომსახურება და შესაბამისი რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში ის საერთოდ უარს აცხადებდა მოპასუხის მიერ რეკომენდირებული მომსახურების გაწევაზე, აიძულებდა მოპასუხეს დათანხმებოდა აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო, ისევე როგორც კაბალურ პირობას ისევ და ისევ პაციენტების ინტერესიდან გამომდინარე. ასეთი შეთავაზების არსებობა ამავდროულად ლიცენზირების მოთხოვნაცაა. რეალურად მოპასუხე მხოლოდ შესაბამისი მომსახურების მიღების რჩევით შემოიფარგლა და არცერთი პაციენტის გაგზავნა არ განუხორციელებია.

 

მოსარჩელის აპელირება, რომ მოპასუხეს მისთვის არცერთი პაციენტი არ გაუგზავნია, აღნიშნული არც შედიოდა მოპასუხის ვალდებულებებში, უფრო მეტიც მოპასუხეს კანონის თანახმად, არ ჰქონდა ამის უფლება. მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ პაციენტის ინფორმირება/რჩევის მიცემა, შემდგომ კი პაციენტი თავად წყვეტდა, თუ რომელი სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით ესარგებლა.

 

რაც შეეხება 2017 წლის 26 ოქტომბრის, 27 ნოემბრისა და 14 დეკემბრის მოპასუხე ადასტურებს მათ მიღებას, რასაც შედეგად კომპანიების დირექტორებს შორის როგორც სატელეფონო, ისე პირადი შეხვედრა და ახსნა - განმარტებითი საუბარი მოყვა ამ ჩანაწერის აბსურდულობის, არარელევანტურობისა და კანონსაწინააღმდეგობიდან გამომდინარე მისი მხედველობაში ვერ მიღების თაობაზე.

 

მოპასუხე ასევე არ ეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის პირველი იანვრის მიჩნევას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომლის შესრულების ინტერესი მოსარჩელეს არასოდეს გამოუვლენია, ამას მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ 2016 წლის 4 იანვრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრამდე მოსარჩელეს არც კი მოუკითხავს ხელშეკრულება სრულდებოდა თუ არა, მითუმეტეს, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთი წლის ვადით და იგი არ სრულდებოდა ერთი წლის განმავლობაში, ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს მისი შესრულების ინტერესი არ ჰქონია.

 

შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 04 იანვრის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი.

შეგებებული სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მხარეთა შორის 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, "შემსყიდველი ვალდებულია დაუკვეთოს მიმწოდებელს ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის სამედიცინო მომსახურება, ერთი თვის მანძილზე. 10-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს".

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმა კანონსაწინააღმდეგოა და მხოლოდ მოპასუხის ინტერესებზეა მორგებული. კერძოდ, ავალდებულებს მოსარჩელეს დაარღვიოს კანონი და მოახდინოს არამართლზომიერი ზეგავლენა პაციენტის ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აკისრებს მას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, იმ რეალობაში, როდესაც პაციენტების რაოდენობა ყოველთვიურად და შემდგომში მათი დათანხმება არ გამომდინარეობს მოსარჩელის ნებიდან.

 

ამას გარდა, სამედიცინო მომსახურების ლიცენზიის მიღების მიზნებისთვის, მოსარჩელეს ჰქონდა ვალდებულება სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა მოეხდინა პირადად ან სხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა ამ ხელშეკრულების გაფორმებისადმი ინტერესი, როგორც პაციენტების შემდგომი ბედით დაინტერესების, ისე სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა მოპასუხემ და ხელშეკრულებაში ჩადო მართლსაწინააღმდეგო და კაბალური პირობა.

 

მოსარჩელის განრზახვა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა პაციენტების მოსარჩელისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა, ვინაიდან აღნიშნული პირობა ეწინააღმდეგება პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონს. მოსარჩელეს შეეძლო მხოლოდ რეკომენდაცია მიეცა პაციენტისათვის სხივური თერაპიის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარების თაობაზე - გადაწყვეტილებას უშუალოდ პაციენტი იღებს. რეალურად, მოპასუხე მხოლოდ შესაბამისი მომსახურების მიღების რჩევით შემოიფარგლა და არცერთი პაციენტის გაგზავნა არ განუხორციელებია. ამასთან, პირგასამტეხლოს სახდელის გადახდის ვადად განისაზღვრა ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღე. ამ პირობის არსებობის მიუხედავად მიმწოდებელს არცერთხელ არ ქონია მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მან მხოლოდ პირგასამტეხლოს დაფარვა მოითხოვა 1 წლისა და 10 თვის შემდეგ. შესაბამისად, არ ვლინდება მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი.

 

იურიდიული ინტერესად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოპასუხეს გამოეცლება საფუძველი მოითხოვოს მართლსაწინააღმდეგო სახელშეკრულებო დათქმიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შეგებებულ სარჩელს არ ცნობს ვინაიდან, ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული და გაცნობიერებული პირობებით. ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორმა მიიღო სარგებელი, კერძოდ, ლიცენზია სხივური თერაპიის განხორციელებაში. ამის სანაცვლოდ, კი მას რეკომენდაცია უნდა გაეწია მასთან მისული პაციენტებისათვის, რათა აღნიშნული მომსახურება მიეღოთ სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში“, სწორედ ეს იყო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადასახდელი საფასური, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა. ამდენად, ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი არ არის ამორალური და უკანონო. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა თავად შეგებებული სარჩელის ავტორის ინიციატივით, ვინაიდან ლიცენზიის მიღება მისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა.

 

არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს მოსარჩელე პაციენტის უფლებების შესახებ კანონის, კერძოდ, კანონის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებას უფლება არ აქვს მიიღოს პაციენტი, თანხა გადაახდევინოს და სამკურნალოდ გაუშვას სხვა კლინიკაში, ხოლო ხელშეკრულება მსგავს შინაარსს არ შეიცავს, მას პაციენტებისთვის რეკომენდაცია უნდა გაეწია, რომ მკურნალობა მიეღოთ კლინიკაში და საფასურსაც მხოლოდ მათთან გადაიხდიდნენ და გაცილებით მეტს ვიდრე ეს 250 ლარია, ვინაიდან სხივური თერაპია და სხვა ონკოლოგიური მკურნალობა გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ეს 250 ლარია. ამდენად, მცდარია შეგებებული სარჩელის პოზიცია, არ უნდა იქნეს გაზიარებული და მითუმეტეს დაკმაყოფილებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 4 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, სათანადო მომართვის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება.

 

ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, პირგასამტეხლოს სახით, უპირობოდ, გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს.

 

ხელშეკრულების 9.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისას მხარეები არ განაცხადებენ ურთიერთობის შეწყვეტის სურვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 14 – 16)

3.2.2. ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შპს „ნ------–---------------------------------–“-ს, სს „უ---------–-------------–-----–------ისათვის“ სხივური თერაპიის ჩასატარებლად, პაციენტები არ გაუგზავნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ. 17 -19)

 

3.2.3. 2017 წლის 26 ოქტომბრის, 2017 წლის 27 ნოემბრისა და 2017 წლის 14 დეკემბრის წერილებით შპს „ნ------–---------------------------------–“-ს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაგროვილი პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ. 17 -19)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.2. 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ დათქმას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 14 – 16)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი სარჩელი და უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 317-ე, 327-ე მუხლები

 

"პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

 

ხელშეკრულება გარიგების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საფუძველზეც მის მონაწილეებს წარმოეშვებათ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 04 იანვრის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა "მიმწოდებლის მიერ "შემსყიდველის" პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ხელშეკრულების 5.3.5. პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება, სხივური თერაპიის ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, პირგასამტეხლოს სახით, უპირობოდ, გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არცერთი პაციენტის სამედიცინო მომსახურება არ დაუკვეთა. მოსარჩელის პრეტენზიის საფუძველი სწორედ ეს გარემოებაა, რაც ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა და გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია თითოეულ დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის უარი ჯარიმის გადახდაზე კი ემყარება იმ გარემოებას, რომ მისი მოსაზრებით, ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით დადგენილი პირობა ბათილია მისი ზნეობის და კანონთან წინააღმდეგობის გამო და მოპასუხის რაიმე ვალდებულებას არ წარმოშობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი გარიგების ბათილობის სხვადასხვა საფუძველს იცნობს. გარიგება შეიძლება ბათილად იქნას მიჩნეული მისი შინაარსის დაუდგენლობის, მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის, გავლენის ბოროტად გამოყენების, მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათის გამო და სხვა საფუძვლებით. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით გარიგების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუმცა სამოქალაქო ურთიერთობის მხარეები სარგებლობენ თავიანთი უფლებების თავისუფლად განკარგვის ნებით, მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, მაგრამ სამართლებრივ ურთიერთობებში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია იქნება გარანტირებულად დაცული, რომ მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, კოდექსი ხაზს უსვამს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამორალური, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გარიგება, რომელიც, მართალია, მხარეთა ნების გამოვლენით დაიდო, პრობლემატურია საზოგადოებისათვის, იგი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ წესებს. ასეთი გარიგება განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის საერთო სულისკვეთების, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის იმპერატიული ნორმების ანალიზის საფუძველზე.

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, "სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და, შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია."

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სადავო პირობის შესრულების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა პაციენტის არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შეთანხმება შეიცავს გარკვეულ რისკს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან შეთანხმების პირობების დასაცავად და საჯარიმო სანქციების ასაცილებლად, არაკეთილსინდისიერი, ზნეობის საწინააღმდეგო, ქმედების განსახორციელებლად.

 

"პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი იცავს პაციენტის უფლებებს. კერძოდ, მერვე მუხლის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.

 

ამასთან, ამავე კანონის 22-ე მუხლით სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ამავე მუხლის, მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია სხივური თერაპიის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებმა თავიანთი ხელშეკრულების შესრულების განმაპირობებელ გარემოებად განსაზღვრეს ერთი დაწესებულების მიერ, მეორისათვის დადგენილი ოდენობის პაციენტის მიწოდება, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგება პაციენტის უფლებას აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი ეწინააღმდეგება როგორც ზნეობის ნორმებს, ისე "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს "ნ------–---------------------------------–-"-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვანია იურიდიული ინტერესის საკითხის გარკვევა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

იურიდიული ინტერესის ნამდვილობის განსაზღვრისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ბათილად მიიჩნია. ის შეთანხმება, რომლის შეუსრულებლობაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ იურიდიული ინტერესი შეგებებული სარჩელით დასაბუთებულია. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის ბათილად ცნობით, შპს "ნ------–---------------------------------–-"-ს ვალდებულება სასამართლომ ბათილად ცნო და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არ მიიჩნია. სს "უ---------–-------------–-----–------ს" კი გამოაცალა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სარჩელი და დაკმაყოფილდა შპს „ნ------–---------------------------------–-“-ს შეგებებული სარჩელი. შესაბამისად, ძირითად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1800 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1800 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. შპს „ნ------–---------------------------------–-“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნას ცნობილი სს „უ---------–-------------–-----–------ს“ და შპს „ნ------–---------------------------------–ს“ შორის 2016 წლის 04 იანვარს გაფორმებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „„შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველთვიურად არანაკლებ 10 პაციენტის მომსახურება ერთი თვის მანძილზე, 10-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში, „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. გადახდა განხორციელდება არაუგვიანეს მიმდინარე თვის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში“.

5. სს „უ---------–-------------–-----–------ს“, შპს „ნ------–---------------------------------–-“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე