გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210018002649333
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე №2/28039-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე

 

მოპასუხე - დ----- ა---------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 იანვრის N------------ ხელშეკრულების საფუძველზე ძირი თანხა 3310.05 ლარის, პროცენტი - 2105.19 ლარის და პირგასამტეხლო - 400 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საზღაური 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარის ოდენობით;

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 17 იანვარს შპს ,,მ---------------------სა’’ და დ----- ა---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს დაიდო საკრედიტო შეთანხმება N------------ და გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის 63.6% დარიცხვით, კრედიტის ვადა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარის დარიცხვით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველი დღისთვის 6 ლარის დარიცხვით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა დ----- ა---------ის კუთვნილი ავტომობილი - შ-------–-----–---ი, გამოშვების წელი 2005.

 

მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება ბოლოს მოხდა 2017 წლის 26 სექტემბერს. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 26 ოქტომბრიდან და ამავე თარიღიდან ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვაც.

 

მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დასაფარად და ავტომანქანის მოგირავნეზე გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულების შესრულება დ----- ა-----------ს მხრიდან არ მომხდარა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეს ერიცხება მოსარჩელის დავალიანება, სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით, კერძოდ, გირავნობის მოწმობის საფასური 50 ლარისა და აღმასრულებლის მომსახურების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ გირავნობის საგანი ავტომანქანა იძებნებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოძიება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოპასუხეს თავადაც შეუძლია სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს გირავნობის საგნის - ავტომანქანის რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით შეამციროს გადასახდელი თანხის ოდენობა. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეუძლია ერთი დღის ვადაში მოხსნას ავტომანქანა ძებნიდან და გააუქმოს მასზე არსებული გირავნობა, რის შემდეგაც მოპასუხეს ექნება შესაძლებლობა გადააფორმოს ავტომანქანა მყიდველზე, თუმცა ასევე მიუთითა, რომ ამჟამად ავტომანქანა არ იძებნებოდა.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება: ძირი თანხა - 3310.05 ლარი, პროცენტი-2105.19 ლარი (სესხი ვადაგადაცილებაშია 12 თვის განმავლობაში, თვეში ხდება პროცენტის 175.43 ლარის დარიცხვა) და პირგასამტეხლო - 2040 ლარი (335 დღეზე მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა, პირველი 5 დღეზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, ხოლო 330 დღეზე მოხდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარი), მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოადგენს 400 ლარს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრებას. ამასთან, ვინაიდან პირგასამტეხლო და პროცენტი გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულებით, ხოლო ხელშეკრულება შეწყდა სარჩელის შეტანის დღეს, მოსარჩელე პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოითხოვს მხოლოდ სარჩელის შემოტანის დღისთვის (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ნაწილობრივ სცნო და მიუთითა, რომ იგი აღიარებდა მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებას ძირი თანხის 3310.05 ლარის ნაწილში, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნილი თანხის ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი, რაც უფრო ზრდიდა მოპასუხის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

 

მოპასუხის განმარტებით, მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა გირავნობის საგანი -ავტომობილი, რომელიც დაზიანდა და ვეღარ ახერხებდა მუშაობას, შესაბამისად, აღარც შემოსავლი გააჩნდა, რამაც გამოიწვია მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. მოსარჩელემ დაზიანებული ავტომანქანის წაყვანაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ დაზიანებულ მანქანებს არ იბარებდნენ. მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული ავტომანქანის წაყვანის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის გაწევა თავიდან იქნებოდა აცილებული, ეს კი მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე მხარი დაუჭირა შესაგებელს და ძირი თანხის ნაწილში სრულად სცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სარგებლის ნაწილში მიუთითა, რომ მის მიერ გადახდილია პროცენტის სახით 1100 ლარი, შესაბამისად, მას პროცენტი არ უნდა დაეკისროდა, რაც შეეხება, პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირებულიყო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. მხარე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებებსს, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულება ყოველთვიური ვალდებულების შესრულების ნაწილში და ამჟამად სესხი ვადაგადაცილებაშია.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 17 იანვარს შპს ,,მ---------------------ს’’ და დ----- ა---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება #-----------. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 5500 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სესხი უზრუნველყოფილი იქნა გირავნობის საგნით სატრანსპორტო საშუალებით-მარკა, მოდელი-შ-------–-----–---ი; სარეგისტრაციო ნომერი: D------, გამოშვების წელი: 2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: K----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------.

 

ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებზე და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 17 იანვრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება N------------ (ს.ფ. 17-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2017 წლის 17 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება N------------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 63.6%-ით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 5,3%-ით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველი დღისთვის 6 ლარი. ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+სარგებელი) განისაზღვრა 220 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 17 იანვრის სესხის ხელშეკრულება N------------ (ს.ფ. 24)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23, 25)

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 26-27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. მოპასუხე დ----- ა---------მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 26 ოქტომბრიდან, აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით და მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება ძირი თანხა - 3310.05 ლარი, პროცენტი - 2105.19 ლარი და პირგასამტეხლო - 2040 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 44)

- წერილი (ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4 მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დასაფარად და ავტომანქანის მოგირავნეზე გადაცემის მოთხოვნით.

 

2018 წლის 2--------- შ-----------------------------ოს’’ მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 3--------- დაიწყო სააღსრულებო წარმოება და გირავნობის საგანზე-ავტომობილზე გამოცხადდა ძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 36)

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „მ---------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემცირდეს მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულ ოდენობამდე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 623-625-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-3, 208-ე, 268-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ დ----- ა---------მა, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის 3310.05 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2 სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება N------------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 63.6%-ით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5,3%-ით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველი დღისთვის 6 ლარი. ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+სარგებელი) განისაზღვრა 220 ლარით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის სახით გადახდილია 1100 ლარი, რადგან სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად საქმეზე წარმოდგენილი არ არის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება და 2017 წლის 26 ოქტომბრიდან შენატანი არ განუხორციელებია. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, რამაც 2018 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 2105,19 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის ოდენობისა და წლიური საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველი დღისთვის 6 ლარი, აღნიშნული ოდენობა კი არის შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს სულ 200 ლარის გადახდა.

 

7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის 2017 წლის 17 იანვრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ N------------ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 15-ე პუნქტით, თავად მხარეთა მიერ განსაზღვრული და შეთანხმებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო მოთხოვნა, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 180 ლარიდან 99.30 ლარი, ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 5.54 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 75,16 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 69,16 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

 

ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა მის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია გირავნობის მოწმობის აღებასთან და სააღსრულებო წარმოებასთან, სულ 150 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სარჩელი დ----- ა---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 იანვრის N------------ ხელშეკრულების საფუძველზე ძირი თანხა - 3310.05 ლარის, პროცენტი - 2105.19 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით გადახდა;

1.2. მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საზღაური 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარის ოდენობით გადახდა;

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოსარჩელეს მის მიერ 2--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 180 ლარიდან დაუბრუნდეს 99.30 ლარი.

 

3. მოსარჩელეს მის მიერ 2--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 180 ლარიდან დაუბრუნდეს 5,54 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა - 75,16 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე დ----- ა---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 69,16 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი, საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 (თორმეტო) თორმეტი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე