გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
010210016001379359
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001379359

№2-1636/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ,,ბ----------------“

წარმომადგენელი: გუ-–-------–-–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ლ----“, ვახტანგ ცინცაძე, თეიმურაზ ცინცაძე, მზია ცინცაძე

წარმომადგენელი: ნინო გაბაიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

მოსარჩელე: შპს ,,ლ----“

წარმომადგენელი: ნინო გაბაიძე

მოპასუხე: შპს ,,ბ----------------“

წარმომადგენელი: გუ-–-------–-–---–ი

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

1.1. შპს ,,ბ----------------მ" 2016 წლის 31 მაისს აღძრა სარჩელი შპს ,,ლ----ს", ვახტანგ ცინცაძის, თეიმურაზ ცინცაძის, მზია ცინცაძის მიმართ და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 13793,13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი დავალიანებაა 17,33 ლარი, ხოლო 13775,80 ლარი კი - პირგასამტეხლო.

1.2. დავალიანების ძირი თანხის 17,33 ლარის გადახდამდე, მოპასუხეს შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 17,33 ლარის 0,1%-ის ოდენობით.

1.3. მოპასუხეს შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 6014,98 ლარის გადახდა, ვალუტის კურსის სხვაობის თანხის სახით.

1.4. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 7821 ლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის სახით.

1.5. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ აღსრულების ხარჯის სახით 927,66 ლარის ოდენობით.

1.6. შპს ,,ლ----ზე" დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით განხორცილდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია (იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.---).

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

- 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,ლ----ს" უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელისგან პროდუქცია და ნასყიდობის საფასური გადაეხადა პროდუქციის ყოველი შეძენიდან 60 კალენდარულ დღეში.

- 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებები და უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა 75000 ლარით.

- 2015 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც შეჩერდა 2016 წლის 29 თებერვალს. აღმასრულებელზე ავანსის სახით მოსარჩელემ გასცა 505 ლარი, ხოლო სააუქციონო მომსახურების მიზნით კი 422,66 ლარი.

- მოპასუხემ დაარღვია ვალდებულებები და 2016 წლის 29 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე პერიოდის მდგომარეობით, არსებული ფაქტობრივი დავალიანების 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლომ შეადგინა 13775,89 ლარი.

- მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, 2015 წლის 09 ნოემბრიდან 2016 წლის 09 მაისამდე პერიოდისათვის 7821 ლარის ოდენობით.

- 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ. შესაბამისად, ძირი ვალიდან მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 17,33 ლარი.

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ ნასყიდობა განხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში და თუ საქონლის შეძენიდან ანგარიშსწორებამდე გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, გამყიდველს ენიჭებოდა უფლებამოეთხოვა ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად, ანუ საქონლის ღირებულებას დაემატებოდა კურსთა შორის არსებული სხვაობის თანხა. ძირი დავალიანების გადახდამდე - 2017 წლის 03 თებერვლამდე, კურსთა შორის არსებული სხვაობის თანხამ შეადგინა 6014,98 ლარი.

(იხ. 22.02.2018წ. დაზუსტებული სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.

 

მოპასუხეები თავიანთ პოზიციას აფუძნებენ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- მოპასუხეები - ვახტანგ ცინცაძე, თეიმურაზ ცინცაძე, მზია ცინცაძე 03.04.2018წ. შემოტანილ შესაგებელში მიუთითებენ, რომ მათ ვალდებულებები სრულად აქვთ შესრულებული, ასევე აღნიშნავენ, რომ მოსარჩელე რაიმე სახის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით ვერ ასაბუთებს, ასევე დაუსაბუთებელია მოთხოვნა კურსთა სხვაობის გამო თანხის დაკისრებაზე, რადგან მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები კონკრეტულად რა საქონელზე და როდის წარმოიშვა ფასტა შორის სხვაობა კურსის ცვალებადობის გამო.

- მოპასუხე შპს ,,ლ----" ასევე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას დაუსაბუთებლობის გამო, მოსარჩელე რაიმე სახის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით ვერ ასაბუთებს, ასევე დაუსაბუთებელია მოთხოვნა კურსთა სხვაობის გამონ თანხის დაკისრებაზე, რადგან მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები კონკრეტულად რა საქონელზე და როდის წარმოიშვა ფასთა შორის სხვაობა კურსის ცვალებადობის გამო. დამატებით მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

(იხ. შესაგებლები დაზუსტებული სარჩელის მიმართ, მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. სასარჩელო მოთხოვნა (გაერთიანებულ საქმეზე):

 

შპს ,,ლ----მ" 2016 წლის 07 მარტს აღძრა სარჩელი შპს ,,ბ----------------ს" მიმართ და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ხ-----------–--------–---–-ს მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ 4055,55 ლარის ნაწილში ნაცვლად 50431,45 ლარისა, სააღსრულებო ფურცელში დავალიანებად მითითებული იქნეს 46385,90 ლარი.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამტკიცებს შემდეგი არგუმენტაციით:

- 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფისათვის მათ შორის ამავე დღეს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.4---

- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ლ----მ" შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, რომლის საფასური ნაწილი 2500 ლარიც გადახდილი აქვს.

- 2015 წლის 18 ნოემბერს კი ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ს მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი 50431,45 ლარზე, ნაცვლად 48885,90 ლარისა, ასევე გადახდილი 2500 არ არის ჩათვლილი მოპასუხის მიერ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს აღსრულება 50431,45 ლარის ამოღებაზე.

- აღსრულების მიმდინარეობისას, შპს ,,ლ----მ" ასევე გადაიხადა 8700 ლარი.

- მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბათილია სააღსრულებო ფურცელი 4055,55 ლარის ნაწილში.

 

4. მოპასუხის პოზიცია (გაერთიანებულ საქმეზე):

 

4.1. მოპასუხე შპს ,,ბ----------------" სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის პოზიცია ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

- 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც ლიმიტი განისაზღვრა 50000 ლარით. მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.4---

- შპს ,,ლ----მ" არ გადაიხადა დავალიანება, რის გამოც მიმართა ნოტარიუსს და ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, საიდანაც 771,65 ლარი არის კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა.

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და კურსთა შორის სხვაობისას სხვაობის თანხის გადახდაზე. ასევე, იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

- ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელი მიაჩნია დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ.

 

5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,ლ----ს" უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელისგან პროდუქცია და ნასყიდობის საფასური გადაეხადა პროდუქციის ყოველი შეძენიდან 60 კალენდარულ დღეში. ნასყიდობის საფასურის ლიმიტი განისაზღვრა 50000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- სარჩელი გაერთიანებულ საქმეზე და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

- 2015 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება;

 

5.1.2. 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებები და უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა 75000 ლარით. იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.4--- რომელიც წარმოადგენს მოპასუხეების - ვახტანგ ცინცაძის, თეიმურაზ ცინცაძის, მზია ცინცაძის თანასაკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- სარჩელი გაერთიანებულ საქმეზე და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

- 2015 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება;

- 2015 წლის 27 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება;

 

5.1.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებებს, რომ ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და კურსთა შორის სხვაობისას სხვაობის თანხის გადახდაზე. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.06.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ლ----მ" შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, მხარეები ამაზე არ დავობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- სარჩელი გაერთიანებულ საქმეზე და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

 

5.1.5. 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- სარჩელი გაერთიანებულ საქმეზე და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

- გადახდის ქვითრები;

 

5.1.6. შპს ,,ბ----------------მ" 2016 წლის 31 მაისს აღძრა სარჩელი შპს ,,ლ----ს", ვახტანგ ცინცაძის, თეიმურაზ ცინცაძის, მზია ცინცაძის მიმართ და მოითხოვა დავალიანების, ზიანის, პირგასამტეხლოს, კურსთა შორის სხვაობის თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ხოლო, შპს ,,ლ----მ" 2016 წლის 07 მარტს აღძრა სარჩელი შპს ,,ბ----------------ს" მიმართ და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ს მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემული ორი საქმე (#2-1636/2016 და # 2-619/2016) ერთად განხილვის მიზნით, გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი #2-1636/2016წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. მხარეთა შორის სადავოა:

- ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს, მასზე მიწოდებული საქონლის საფასურიდან დარჩენილი აქვს თუ არა დავალიანება 17,33 ლარი;

- მიადგა თუ არა შპს ,,ბ----------------ს" ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე;

- საფუძვლიანია თუ არა მოთხოვნა პირგასამტეხლოზე და კურსთა შორის სხვაობის გამო თანხის გადახდაზე, ასევე რამდენად შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა;

- რამდენად სწორად გაიცა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი არსებული დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით, ანუ რამდენი იყო დავალიანება სააღსრულებო ფურცლის გაცემისას;

- შპს ,,ლ----მ" შეიძინა რა 48885,90 ლარის საქონელი, მისი საფასურის ნაწილი 2500 ლარი გადახდილი ჰქონდა თუ რა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე;

 

მოსარჩელე შპს ,,ბ----------------" ამტკიცებს, რომ შპს ,,ლ----მ" არ გადაიხადა დავალიანება, რის გამოც მიმართა ნოტარიუსს და ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, საიდანაც 771,65 ლარი არის კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა.

 

მოპასუხე შპს ,,ლ----" კი ამტკიცებს, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს კი ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ს მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაიცა რა სააღსრულებო ფურცელი 50431,45 ლარზე ნაცვლად არსებული დავალიანებისა - 48885,90 ლარისა, ასევე გადახდილი 2500 არ არის ჩათვლილი მოპასუხის მიერ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს აღსრულება 50431,45 ლარის ამოღებაზე. ამდენად, ბათილია გაცემული სააღსრულებო ფურცელი 4055,55 ლარის ნაწილში.

 

5.2.2. ფაქტობრივად ორივე მონაწილე ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ამტკიცებენ. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

სადავო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

უზენაესმა სასამართლომ (საქმე №ას-717-670-2017) ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი განსახილველი დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ და განმარტა, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სსსკ-ის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საპირწონედ პროცესუალური მოწინააღმდეგე თავს იცავს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საკუთარი გაანგარიშებითა და ა.შ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 2500 ლარი გადახდილი ჰქონდა თუ რა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, ასევე რომ მას სრულად აქვს გადახდილი ნასყიდობის საფასური და არ აქვს დარჩენილი დავალიანება 17,33 ლარი, - ამის მტკიცების ტვირთი მოპასუხე შპს ,,ლ----ს" ეკისრება. შპს ,,ლ----მ" რომ შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, მხარეები ამაზე არ დავობენ. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ აღსრულების მიმდინარეობისას, 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

თავის მხრივ მოსარჩელეს შპს ,,ბ----------------ს" ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შესრულებისას, მიიღებდა რა ნასყიდობის საფასურს, ამ თანხით, მისი ბრუნვაში მოქცევით ის მიიღებდა იმ შემოსავალს, რასაც მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს.

მოსარჩელე შპს ,,ბ----------------" მიუთითებს, რომ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, 771,65 ლარი არის კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა. დავალიანების ძირი თანხა სადავო არაა, ხოლო 2500 ლარი მოპასუხეს გადახდილი არ ჰქონდა, პირგასამტეხლო და კურსთა შორის სხვაობა კი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

5.2.3. შპს ,,ბ----------------მ" თავისი არგუმენტების გასამტკიცებლად ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, არ გადაიხადა დავალიანება, რაზედაც მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელის გასაწერად. მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევამ მას მიაყენა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, ასევე მას წარმოეშვა პირგასამტეხლოსა და კურსთა სხვაობით გამოწვეული თანხების მითხოვნის.

მოსარჩელემ თავისი ზეპირი არგუმენტების დამტკიცებისათვის წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

- მოგების გადასახადის დეკლარაცია;

- პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილები;

- კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი;

- სალაროს შემოსავლის ორდერი;

- დავალიანების ცნობა;

 

მოპასუხე მხარეს ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, წარმოედგინა მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად უნდა გადანაწილდეს მოპასუხე მხარეზე.

მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ნასყიდობის საფასურიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 2500 ლარის გადახდის, ასევე შემდეგში დარჩენილი 17,33 ლარის გადახდის შესახებ სხვა მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა.

 

5.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს სააღსრულებო ფურცელის გაცემისას, მოპასუხე შპს ,,ლ----ს" ნასყიდობის საფასურის სახით ჰქონდა დავალიანება 48885,90 ლარის ოდენობით, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ნასყიდობის გენერალური და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის ბათილობის რაიმე ფაქტობრივი გარემოება, ან რაიმე უსწორობა არ დგინდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- სარჩელი გაერთიანებულ საქმეზე და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

- პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილები;

- კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი;

 

5.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნასყიდობის განხოციელებიდან - საქონლის მიწოდებიდან 60 დღის შემდეგ, მოთხოვნის უფლების წარმოშობისას ნასყიდობის ფულადი ერთეულის მიმართება ა.შ.შ. დოლართან შეიცვალა და კურსთა შორის სხვაობამ შეადგინა 7145,97 ლარი. ამის დასამტკიცებლად მოსარჩელემ წარმოადგინა კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი. მოპასუხემ კი კურსთა სხვაობის ოდენობის შესახებ საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);

- კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი;

 

5.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ საფუძვლიანია თუ არა მოთხოვნა პირგასამტეხლოზე და კურსთა შორის სხვაობის გამო თანხის გადახდაზე, ასევე რამდენად შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა; ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა განხორციელდეს თუ არა იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, - წამოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს უნდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ (ნასყიდობის საფასურის დარჩენილი დავალიანება) 17,33 ლარის გადახდა.

- დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 1940,335 ლარის გადახდა.

- დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ არსებული დავალიანების - 17,33 ლარის 0,005%-ის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის, 2017 წლის 03 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- დაეკისროს მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ 7145,97 ლარის გადახდა (კურსთა სხვაობა).

- მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ მოპასუხე შპს ,,ლ----“-ზე დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია (იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.---).

- შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელზე დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

8.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,ლ----ს" უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელისგან პროდუქცია და ნასყიდობის საფასური გადაეხადა პროდუქციის ყოველი შეძენიდან 60 კალენდარულ დღეში. ნასყიდობის საფასურის ლიმიტი განისაზღვრა 50000 ლარით.

 

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებები და უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა 75000 ლარით. იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.4--- რომელიც წარმოადგენს მოპასუხეების - ვახტანგ ცინცაძის, თეიმურაზ ცინცაძის, მზია ცინცაძის თანასაკუთრებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებებს, რომ ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და კურსთა შორის სხვაობისას სხვაობის თანხის გადახდაზე. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

 

შპს ,,ლ----მ" რომ შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, მხარეები ამაზე არ დავობენ. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ ან არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური 60 დღეში, რის გამოც ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, საიდანაც 771,65 ლარი იყო კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა.

 

აღსრულების მიმდინარეობისას, 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

 

მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ნასყიდობის საფასურიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 2500 ლარის გადახდის, ასევე შემდეგში დარჩენილი 17,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ამჟამინდელი მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია ნასყიდობის საფასურის ნაწილი დავალიანება 17,33 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს გაცემულისაქონლის ღირებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

8.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხემ ვერ ან არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური 60 დღეში, რის გამოც ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, საიდანაც 771,65 ლარი იყო კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა.

 

აღსრულების მიმდინარეობისას, 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

 

მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ნასყიდობის საფასურიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 2500 ლარის გადახდის, ასევე შემდეგში დარჩენილი 17,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

შპს ,,ლ----მ" დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური შეთანხმებულ ვადაში და დადასტურებულია მოსარჩელის წინაშე დავალიანების არსებობის ფაქტი და დავალიანების ოდენობის სისწორე.

 

8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

მოსარჩელი ითხოვს დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ 7145,97 ლარის გადახდა (კურსთა სხვაობა).

 

დადგენილია, რომ ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ კურსთა შორის სხვაობისას, სხვაობის თანხის გადახდაზე.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას კურსთა შორის სხვაობის გამო მიადგა ზიანი 7145,97 ლარის ოდენობით, რის დასამტკიცებლად წარმოადგინა კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი. მოპასუხემ კი კურსთა სხვაობის ოდენობის შესახებ საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ კურსთა შორის სხვაობისას, მყიოდველი გადახდიდა სხვაოპბის თანხას. შესაბამისად, სარცელი ამ ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.7. დადგენილია, რომ ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,1%-ით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ 0,1%-ის გაანგარიშებით შეადგინა 13775,80 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისა და მისი დაკისრების დროს სასამართლო მხედველობაში ღებულობს შემდეგ გარემოებებს:

- აღსრულების მიმდინარეობისას, 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

- მას დარჩენილი ქვს გადასახდელად 17,33 ლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1940,335 ლარის გადახდა.

 

ასევე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს არსებული დავალიანების - 17,33 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის, 2017 წლის 03 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

8.8. მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ლ----ს" მოსარჩელის შპს ,,ბ----------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 7821 ლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის და 2700 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი, ნასყიდობის საფასურის დროულად გადახდის შემთხვევაში, ამ თანხით შეიძენდა ახალ პროდუქციას და მისი რეალიზაციის გზით მიიღებდა იმ მოგებას, რომელსაც მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს ზიანის არსებობა. შესაბამისად, თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი კი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია, ანუ ისეთი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, როდესაც ხდება ვალდებულების დარღვევა. იმისათვის, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის მხარეს დაეკისროს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე; სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით; სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული და არ უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი წინაპირობები.

 

შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიაჩნია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.9. გაერთიანებულ საქმეზე, შპს ,,ლ----" მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ს მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ 4055,55 ლარის ნაწილში ნაცვლად 50431,45 ლარისა, სააღსრულებო ფურცელში დავალიანებად მითითებული იქნეს 46385,90 ლარი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს სააღსრულებო ფურცელის გაცემისას, მოპასუხე შპს ,,ლ----ს" ნასყიდობის საფასურის სახით ჰქონდა დავალიანება 48885,90 ლარის ოდენობით, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

აღსრულების მიმდინარეობისას, 2017 წლის 93 თებერვალს შპს ,,ლ----მ" უზრუნველყო 40500 ლარის გადახდა უშუალოდ მოსარჩელესთან, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მიერ.

 

მოსარჩელე შპს ,,ბ----------------" ამტკიცებს და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი თანხით 50431,45 ლარზე, 771,65 ლარი არის კურსთა შორის სხვაობის თანხა, 773,90 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 48885,90 ლარი - დავალიანების ძირი თანხა. დავალიანების ძირი თანხა სადავო არაა, ხოლო 2500 ლარი მოპასუხეს გადახდილი არ ჰქონდა, პირგასამტეხლო და კურსთა შორის სხვაობა კი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

 

ნასყიდობის გენერალური და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის ბათილობის რაიმე ფაქტობრივი გარემოება, ან რაიმე უსწორობა არ დგინდება.

 

ამდენად, შპს ,,ლ----ს" სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებები და უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა 75000 ლარით. იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.4--- რომელიც წარმოადგენს მოპასუხეების - ვახტანგ ცინცაძის, თეიმურაზ ცინცაძის, მზია ცინცაძის თანასაკუთრებას.

აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. აღნიშნული გარემოება კი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ზ/აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყდეს მხარეთა მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის გადაწყვეტილების შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციით. კერძოდ: შპს ,,ბ----------------“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1681 ლარი) 793 ლარი (იხ. საგადასახადო დავალება #1463122644, 13/05/2016წ., გადამხდელი შპს ,,ბ----------------“, ს/კ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150, TRESGE22).

 

ასევე, დაეკისროს მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 177, 77 ლარის ანაზღაურება, 710,23 ლარი მოსარჩელეს ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

გაერთიანებულ საქმეზე, შპს ,,ლ----ს" განცხდების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფა (საქმე #55-უზრ/2016).

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ლ----ს" სარჩელი არ კმაყოფილდება, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფა (საქმე #55-უზრ/2016).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ (ნასყიდობის საფასურის დარჩენილი დავალიანება) 17,33 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 1940,335 ლარის გადახდა.

 

4. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ არსებული დავალიანების - 17,33 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის, 2017 წლის 03 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. დაეკისროს მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ 7145,97 ლარის გადახდა (კურსთა სხვაობა).

 

6. შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელზე დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

7. შპს ,,ბ----------------“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1681 ლარი) 793 ლარი (იხ. საგადასახადო დავალება #1463122644, 13/05/2016წ., გადამხდელი შპს ,,ბ----------------“, ს/კ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150, TRESGE22).

 

8. დაეკისროს მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 177, 77 ლარის ანაზღაურება, 710,23 ლარი მოსარჩელეს ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ მოპასუხე შპს ,,ლ----“-ზე დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია (იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა მ------------, ს/კ #05.34.23.---).

10. შპს ,,ლ----“-ს სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

11. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა (საქმე #55-უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფა გაუქმდეს.

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30).

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე