გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002770709
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე №2/36587-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შ--------------–-------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - მ------ გ------–--ე

 

მოპასუხე - შპს „ე-–---–--ა“

მოპასუხის წარმომადგენელი - ე-–------ მ-------–--ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ე-–---–--ას“ შ--------------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 9176 ლარი და ჯარიმა 7400 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 16 ოქტომბერს შ--------------–-------–-–-------------------სა და შპს „ე-–---–--ა“-ს შორის გაფორმდა N--- ხელშეკრულება ს----–-–------–----------ს შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა 4 000 ცალი უნიფორმის პულოვერი 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათლით. შპს „ე-–---–--ა“-მ შ--------------–-------–-–-------------------ს 4 000 ცალის ნაცვლად 2014 წლის 31 დეკემბერს მიაწოდა 455 ცალი უნიფორმის პულოვერი.

 

ხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით და ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს ოდენობით.

სარჩელის შეტანის მომენტისთვის მოპასუხეს 2014 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო 9176 ლარის ოდენობით (31 დღე ვადაგადაცილება) და ჯარიმა - 7 400 ლარი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%). იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა აღნიშნული დავალიანება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მისი მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხემ 2016 წლის 19 ივლისის წერილით აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანება, საიდანაც უნდა მოხდეს 3 წლიანი ვადის ათვლა და არა 2014 წლის 31 დეკემებრიდან. შესაბამისად, სარჩელი არ იყო ხანდაზმული და სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელისათვის 2014 წლის 31 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ, შესაბამისად, სწორედ ეს დღე უნდა იქნეს მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად, რომელიც ამოიწურა 2017 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მათ მიერ გაგზავნილი 2016 წლის 19 ივლისის წერილი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ვალდებულების არსებობის აღიარებად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ აღნიშნულ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, ხანდაზულობის ვადის დენა გაგრძელდა და ამოიწურა 2017 წლის 31 დეკემბერს.

სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე და მოითხოვა მისი შემცირება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოიკვეთა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 16 ოქტომბერს შ--------------–-------–-–-------------------სა და შპს „ე-–---–--ა“-ს შორის გაფორმდა N--- ხელშეკრულება ს----–-–------–----------ს შესახებ.

 

ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა 4 000 ცალი უნიფორმის პულოვერი 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათლით - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 148 000 ლარს.

ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშკრულების 4.1. ან/და 3.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით; ხოლო 6.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 16 ოქტომბრის N--- ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 15-25)

- შეთანხმების ოქმი N1 (ს.ფ. 26)

4.2. შპს „ე-–---–--ა“-მ შ--------------–-------–-–-------------------ს 4 000 ცალის ნაცვლად მიაწოდა 455 ცალი უნიფორმის პულოვერი, ამასთან, აღნიშნული უნიფორმის პოლოვერი ნაცვლად 2014 წლის 30 ნოემბრისა მიაწოდა 2014 წლის 31 დეკემბერს ანუ 31 დღის დაგვიანებით. აღნიშნული მომსახურების ღირებულება მოსარჩელის მიერ სრულად ანაზღაურებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 27)

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 28)

- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 29)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 30)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 31)

4.3. 2016 წლის 18 ივლისის ორი წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების თაობაზე და განუსაზღვრა დრო თანხის გადასახდელად.

აღნიშნული წერილები 2016 წლის 18 ივლისს პირადად ჩაიბარა მოპასუხის წარმომადგენელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 ივლისის წერილები N------------- და N------------- (ს.ფ. 31-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2016 წლის 18 ივლისის წერილებთან დაკავშირებით შპს „ე-–---–--ას“ გენერალურმა დირექტორმა მოსარჩელეს 2016 წლის 19 ივლისს წერილობით აცნობა შემდეგი: „გაცნობებთ, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს ს----------–-------–-–-------------------სა და შპს „ე-–---–--ას“ შორის გაფორმდა N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს “ე-–---–--ა“ ვალდებული იყო ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოეწოდებინა პულოვერები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პულოვერების მიწოდება ვერ განხორციელდა სრულად და დაგვეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.1. და 6.3. პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რამაც ჯამში შეადგინა 17976 ლარი. გთხოვთ, დაგვრთოთ ნება დაკისრებული პირგასამტეხლო დავფაროთ ქვემოთ მოცემული გრაფიკის შესაბამისად: 2016 წლის აგვისტო - 2 000 ლარი, 2016 წლის სექტემბერი - 2 000 ლარი, 2016 წლის ოქტომბერი - 3 000 ლარი, 2016 წლის ნოემბერი - 5500 ლარი და 2016 წლის დეკემბერი - 5 476 ლარი.

აღიშნული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2016 წლის 20 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 19 ივლისის წერილი N-- (ს.ფ. 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შ--------------–-------–-–-------------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის შემცირება, ხოლო ჯარიმის ნაწილში კი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 341-ე, 417-ე, 420-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ მტკიცებულებების თანახმად, შ--------------–-------–-–-------------------სა და შპს „ე-–---–--ას“ შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა ს----–-–------–----------ს შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2014 წლის 30 იანვრის ჩათვლით უნდა გადაეცა 4 000 ცალი უნიფორმის პულოვერი. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობითა და ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს ოდენობით.

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, კერძოდ, შპს „ე-–---–--ა“-მ მოსარჩელეს ნაცვლად 4000-სა მიაწოდა 455 ცალი უნიფორმის პულოვერი, ხოლო დანარჩენი საერთოდ არ მიუწოდებია. ამასთან, აღნიშნული 455 უნიფორმის პულოვერის მიწოდება მოხდა ვადაგადაცილებით, - ნაცვლად 2014 წლს 30 ნოემბრისა მოსარჩელეს მიეწოდა 31 დღის დაგვიანებით - 2014 წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ 2016 წლის 19 ივლისს, შპს „ე-–---–--ა“-ს დირექტორმა ე-–------ მ-------–--მა წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა მის მიერ შემოთავაზებული გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ. 34). ამდენად, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე არა მხოლოდ აღიარა ვალდებულების არსებობა, არამედ კონკრეტულად მიუთითა ვადაზე, კერძოდ, თუ როგორ და რა ვადაში მოახდენდა ვალდებულების შესრულებას, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს „წერილობით აღიარებად“, ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს „სხვაგვარ აღიარებად“, რომელმაც არა მხოლოდ წარმოშვა გადახდის ვალდებულება, არამედ შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დენაც.

 

შესაბამისად, არსებული წერილობითი ფორმის აღიარებიდან გამომდინარე (როგორც ჯარიმის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში) მოსარჩელის მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა აითვალოს ამ აღიარების განხორციელების დღიდან ანუ 2016 წლის 19 ივლისიდან, რომელიც იწურება 2019 წლის 19 ივლისს. განსახილველი სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 18 დეკემბერს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნები არ არის ხანდაზმული.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მიმწოდებელმა გამოთქვა თანხმობა შემსყიდველისათვის 4 000 ცალი უნიფორმის პულოვერის გადაცემაზე, რაც მას 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა განეხორციელებინა. შპს „ე-–---–--ა“-მ შემსყიდველს არასრული რაოდენობის პულოვერი მიაწოდა შეთანხმებული დროიდან 31 დღის დაგვიანებით. ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების თანახმად, მას ერიცხება პირგასამტეხლო 31 ვადაგადაცილებული დღისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება წარმოადგენს 148 000 ლარს, ხოლო ამ თანხის 0.02% შეადგენს 296 ლარს, მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეზე 9 176 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის თანხისა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან. შესაბამისად, შ-------–-–--------------------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 9 176 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო 3 100 ლარის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი, სულ 31 დღეზე 3100 ლარი).

 

რაც შეეხება ჯარიმის სახით 7400 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ:

 

2014 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. თუმცა თავად მხარეთა მიერ განისაზღვრა, რომ აღნიშნული ჯარიმა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო დაეკისრებოდა. გასახილველ შემთხვევაში კი მოპასუხემ მოსარჩელეს 2014 წლის 31 დეკემბერს მიაწოდა 455 ცალი პულოვერი, ამდენად, „ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა“ არ დგინდება, შესაბამისად, აღნიშნული საჯარიმო სანქცია მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ხოლო ჯარიმის დაკისრების ნაწილში კი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ამასთან, მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა განეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად დავათა კატეგორიას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შ--------------–-------–-–-------------------ის სარჩელი შპს ,,ე-–---–--ა“-ს, მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „ე-–---–--ა“-ს მოსარჩელის შ--------------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით 2014 წლის 30 ნოემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სულ 3 100 ლარის ოდენობით გადახდა.

1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეს ჯარიმის სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% - 7400 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს „ე-–---–--ას“ (ს/კ N2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე