გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
330310018002372640
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1----18

საქმე № 3-----------------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე- ივანე აღნიაშვილი

სხდომის მდივნები - მანანა გოგიბედაშვილი, ნინო გუგავა

 

მოსარჩელე - მ-----------------ა

წარმომადგენელი - ლ--–---------ა

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ა---------–------------ძე

 

მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

მესამე პირი - ა-–--–-----------–--ლი, ალ-----–--–---–-–---–ი

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მ-----------------ას ნაწილში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა-–--–-----------–--ლს შორის 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მ-----------------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმი მ-----------------ასათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოსცეს ახალუი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მ-----------------ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. მხარეთა პოზიციები

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.1.2. მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.1.4. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა სარჩელს მხარი დაუჭირა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტით დგინდება, რომ მ-----------------ა, ა-–--–-----------–--ლი და ალ-----–--–---–-–---–ი არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, გ---–-----–ი, სოფელი ბ----–----, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ.თბილის, მ---–-----------------. განსახლების ფორმა - კერძო. მათი სარეგისტრაციო ნომერია N0-------0. იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობით დგინდება, რომ მ-----------------ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ.თბილისი, ა----------------------–--ა, ,,ა-------------------------ო“. 2012 წლის 27 აპრილის ინფორმაციით დევნილ ოჯახთა შესახებ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, კ---------, კ--------- ბინა N--ში ცხოვრობს ა-–--–-----------–--ლი (ოჯახის უფროსი) და ალ-----–--–---–-–---–ი. ხოლო ამავე ინფორმაციაში დამატებით კომენტარებში დაფიქსირებულია, რომ ა-–--–-----------–--ლის დედა მ-----------------ა ცხოვრობს ა-------------------------ოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები - ს/ფ148-151.

- იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობა - ს/ფ 61.

- საინფორმაციო ფორმა პრივატიზებისათვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ - ს/ფ 46.

 

3.1.2. ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის. განკარგულების თანახმად, ქ.თბილისი, დ--------------, ი----------- ქუჩა N-, კორპ. N---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ., პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ა-–--–-----------–--ლს (ოჯახის უფროსი), ალ-----–--–---–-–---–სა და მ-----------------ას. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის -თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე - ქ.თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მერიას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულება - ს/ფ 100-103.

 

3.1.3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 29 სექტემბერს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ა-–--–-----------–--ლს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა-–--–-----------–--ლს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: დ--------------, ი----------- ქუჩა N-, კორპ. N---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ. წინამდებარე ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №-- განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ა-–--–-----------–--ლმა აიღო ვალდებულება ალ-----–--–---–-–---–ი და მ-----------------ა უზრუნველყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა. ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, ა-–--–-----------–--ლი ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს/ფ 42-44.

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 1- ივნისის მდგომარეობით, რომლითაც დასტურდება, რომ ქ.თბილისში, დ--------------, ი----------- ქუჩა N-, კორპ. N--, სართლი 1, ბინა N--ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №8------------------ საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა-–--–-----------–--ლის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 47.

 

3.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 დეკემბრის წერილით მ-----------------ას განემარტა, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ა-–--–-----------–---–ს, ალ-----–--–---–-–---–სა და მ-----------------ას კერძო საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისი, დ--------------, ი----------- ქ. N-, კო--------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ. სამინისტრო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს კერძო საკუთრებაში დამატებით გადაცემოდათ განცხადებაში მითითებული ფართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 დეკემბრის წერილი - ს/ფ 41.

 

3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ა----------------------–--აში, ,,ა-------------ს’’ სასტუმროში, აღწერის მასალების საფუძველზე მცხოვრებ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ა----------------------–--აში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ-----------------ას აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმი (ს.ფ. 106-1--).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ მ-----------------ას არ უცხოვრია ა-–--–-----------–--ლთან და ალ-----–--–---–-–---–თან ერთად ერთ ოჯახად. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელისათვის - მ-----------------ასათვის არ უცნობებიათ და ხელშეკრულების შესახებ მას არ განუცხადებია წერილობითი თანხმობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეებმა უზრუნველყვეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მ-----------------ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია’’; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №--- განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა’’; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №-------- განკარგულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო 2012 წლის 29 სექტემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა-–--–-----------–--ლს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება - ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულების ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მ-----------------ას ნაწილში ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა-–--–-----------–--ლს შორის 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, მ-----------------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში, ბათილად ცნობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-1- პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

დადგენილია, რომ მ-----------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი), სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება - დ--------------, ი----------- ქუჩა N-, კორპ. N---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ა-–--–-----------–--ლს (ოჯახის უფროსი) ა-–----–--–---–-–---–-ა და მ-----------------ას. დადგენილია ასევე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა-–--–-----------–--ლს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა-–--–-----------–--ლს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, დ--------------, ი----------- ქუჩა N-, კორპ. N---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 81.36 კვ.მ.

 

6.4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1.პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2.დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 1- პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

 

6.5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რებილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №-------- ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სადაო ხელშეკრულების კანონიერება შეფასებული უნდა იქნას ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, თუ რამდენად წარმოადგენს ის მოსარჩელის უფლებების შემზღუდველ ხელშეკრულებას და შესაბამისად მისი დადება მოითხოვდა თუ არა მოსარჩელის თანხმობას, ხოლო სადაო აქტების კანონიერება კი შეფასებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №--- განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

 

დადგენილია, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა. სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების სპეციალური დათქმა 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირებს უზღუდავს უფლებას და მათ მომავალში უკარგავს შესაძლებლობას, საცხოვრებელი ფართი მოითხოვონ სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილებმა. შესაბამისად, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წარმოიშობა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ხელშეკრულების დადების შესახებ აცნობოს მესამე პირებს და მოითხოვოს მათგან წერილობითი თანხმობის წარდგენა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა დავით ღურწკაიას წერილობითი თანხმობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დადებისას დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც ადგენს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №--- განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების (2012 წლის 09 ივნისი) დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ)შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად (სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობებების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე) დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის საააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----------------ას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ეცნობა ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნულის შესახებ და არ მიეცა საშუალება საკუთარი მოსაზრება წარედგინა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს. ამასთან, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს იმ საკითხზე, რომლის მოწესრიგების შესაძლებლობაც აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, ასევე ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით კი განმტკციცებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების პრინციპი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონის საფუძველზე ბოჭვას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს არ ჩაუტარებია სათანადო ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს, დევნილთათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ გარანტიების შექმნა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულებების შესრულება. სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №ბს-308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ცხოვრობენ და საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესადმათ ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა, დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულებების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში’’.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პრივატიზაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი, შესაბამისად დევნილებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა ალტერნატივის შესახებ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს. მათ უფლება აქვთ მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვონ დეტალური ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ თემაზე და ასევე უარი განაცხადონ სახელმწიფოს შეთავაზებაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა-–--–-----------–--ლს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ურთიერთობა ყოველთვის დამყარებულია ნების თავისუფლების პრინციპზე, რაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს აძლევს გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, განსახილველ შემთხვევაში, კი უდავოდ დგინდება, რომ მ-----------------ას არა თუ გამოხატა საკუთარი ნება პრივატიზაციის პროცესზე, არამედ მისთვის საერთოდ არ ყოფილა ცნობილი პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის - მ-----------------ასათვის არ უცნობებიათ და ხელშეკრულების შესახებ მას არ განუცხადებია წერილობითი თანხმობა.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა-–--–-----------–--ლს შორის 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მ-----------------ას ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №- განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე ბათილად უნდა იქნეს მ-----------------ას ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულება, რამეთუ მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

 

6.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმის ბათილად ცნობა მ-----------------ას ნაწილში.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №--- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №--- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

 

სასამართლო მიუთითებს ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N--- განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით ძალაში შევიდა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია’’, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. ამავე გეგმის 1.3 პუნქტის თანახმად, 1.2 პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, ხოლო 1.9 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----------------ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. მოსარჩელესთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მ-----------------ა ფაქტობრივად არ ცხოვრობს ს-------------------------ში, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ-----------------ა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ს--------, ა----------------------–--ა, ა-------------------------ო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, არსებობს მ-----------------ას საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი და მას, გასაჩივრებული განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმი მ-----------------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მ-----------------ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, მ-----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხეებს- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის მ-----------------ას სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 251-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №2------- განკარგულება მ-----------------ას ნაწილში;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მ-----------------ას შორის 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, დ--------------, ი----------- ქ.N-, კო------- ბი----- (ს/კ 8------------------) მ-----------------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმი მ-----------------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

5. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, უფლებამონაცვლეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----------------ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით გადაცემის თაობაზე;

 

6. მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის- მ-----------------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ივანე აღნიაშვილი