გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002612931
საქმე #2/2911-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.02.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - წ---–--------------–----–--------------ა;
წარმომადგენელი- მ----------------–---–ი, თ--------------ე;
მოპასუხე - შპს „L----------”
წარმომადგენელი - ფ--------------–--ა;
დავის საგანი - თანხის დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე შპს „L----------”-ს წ---–--------------–----–--------------ას გადაუხადოს შეცდომით გადახდილი თანხა 8417,55 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: 2017 წლის 29 ივნისს, წყ--–--------------–----–------სა და შპს „L----------” - ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #116 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წყ--–--------------–----–------ში, ბროწეულა-მუხიანის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობის სამუშაოს შესყიდვას. ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316239 ლარს. ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 2017 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347861 ლარით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. #116 ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევარი 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოს საგარანტიო ვადის ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე. გარდა აღნიშნული პირობისა, ხელშეკრულების 16.2.3 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული იყო შესასრულებელ სამუშაოთა განსაზღვრული ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლო. მიმწოდებელმა 2018 წლის 06 დეკემბერს, სამუშაოების დასრულებისათვის შეთანხმებული ვადა 10 (ათი) კალენდარული დღის გადაცილებით, დაასრულა #116 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რისთვისაც მას უნდა დაკავებოდა 695,72 ლარი პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა წ---–--------------–----–--------------ის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ნაცვლად 329485.11 ლარისა, მიმწოდებელს გადაურიცხა 338698.38 ლარი, ისე რომ არ დაუკავეს შპს-ს საგარანტიო თანხა 8466,18 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 695,72 ლარი, ე.ი. შპს-ს ანგარიშზე შეცდომით ზედმეტად ჩაირიცხა 9213.27 ლარი. (აღნიშნული თანხა მოიცავს საგარანტიო თანხას 8466,18 ლარს, პირგასამტეხლოს 695.72 ლარის და გარდა ამისა ზედმეტად ჩარიცხულ 51,37 ლარს).
2018 წლის 17 მაისს შპს-ს დირექტორს ბ--------–----–---–იანს წერილობით მიმართა წ---–--------------–----–--------------ამ თხოვნით, რომ დაებრუნებინა ზედმეტად მათ მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხა, წერილის საფუძველზე მიმწოდებელმა დააბრუნა მხოლოდ 795,70 ლარი, ხოლო დანარჩენზე საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. განმარტა, რომ თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე აღმოჩენილი იქნებოდა ჩატარებულ სამუშაოებზე ხარვეზი კომპანია საკუთარი სახსრებით გამოასწორებდა მას. რაც მოსარჩელესათვის მიუღებელია და ირღვევა ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მოთხოვნები. გამომდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელეს მიაჩნია რომ კომპანია თავისი ქმედებით ცდილობს მუნიციპალიტეტის ხარჯზე თავისი შემოსავლების გაზრდას და უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რადგან თანხა რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ შეცდომით არის ჩარიცხული მოპასუხის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ზედმეტად ჩარიცხული 9213.27 ლარიდან ჯამში ჩასარიცხი დარჩა 8417,57 ლარი (9213.27 – 795,70=8417,57). (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „L----------”-ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სწორად გადაიხადა თანხა, რადგან ამის ვალდებულება გააჩნდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე და 366-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ვადაზე ადრე გადაეხადა თანხა. ყოველივე აღნიშნულით არ არსებობს, თანხის დაბრუნების საფუძველი და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის და 987-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოდან მისაღებ თანხას, რომელიც 5 წლის გასვლის შემდეგ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. დროულად თუ ვადაზე ადრე მოსარჩელეს, მაინც უნდა გადაეხადა. (იხ. შესაგებელი, 15.01.2018წ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 ივნისს წყ--–--------------–----–------სა და შპს „L----------”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #116 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წყ--–--------------–----–------ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ბროწეულა-მუხიანის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობა.
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #116 ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316239 ლარს. ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 2017 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347861 ლარით.
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #116 ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევარის 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოს საგარანტიო ვადის ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე.
3.1.4. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს ხუთ წელს, სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი„ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-29.06.2017წ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #116;
3.1.5. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. მოსარჩელის მტკიცებით, მეექვსე (საბოლოო) ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება. შესაბამისად, შპს „L----------”-ის სანგარიშსწორებო რეკვიზიტზე ნაცვლად დასაბრუნებელი საგარანტიო თანხის- შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის - თანხით 8466,18 ლარის, გადარიცხული იქნა დაკავებული საგარანტიო თანხის მთლიანი ოდენობა, იმავე სამუშაოს ღირებულების 5%- 16932,36 ლარი, რამაც განაპირობა წყ--–--------------–----–------ის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო გადარიცხვა თანხით 8466,18 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-მოსარჩელის ახსნა- განმარტება;
-საგადახდო მოთხოვნები #00765;
-საგადახდო მოთხოვნები #00862;
-საგადახდო მოთხოვნები #00689;
-საგადახდო მოთხოვნები #00690;
-საგადახდო მოთხოვნები #00650;
-საგადახდო მოთხოვნები #00651;
3.1.6. მოპასუხე შპს „L----------”-ის 2018 წლის 17 მაისს გაეგზავნა წერილი #31/3339 ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ მხარემ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
- წ---–--------------–----–--------------ის 17.03.2018წ წერილი;
- შპს „L----------”-ის 25.05.2018 წ წერილი;
3.1.7. წ---–--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის დასკვნის მიხედვით, დასაკავებელი საგარანტიო თანხა ჯამში შეადგენდა 16932,35 ლარს, საიდანაც ნახევარი დაექვემდებარა სავალდებულო დაბრუნებას. მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიწოდებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშსწორებისას, გადარიცხვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან #116 ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის იგნორირებით, საბოლოო მეექვსე ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5.%-ის დაკავება. შესაბამისად წ---–--------------–----–--------------ას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
- შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის დასკვნა;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ საგარანტიო თანხა მოსარჩელე მხარემ გადაურიცხა საგარანტიო ვადის გასვლამდე, თუმცა მისი მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოპასუხის მხრიდან აღნიშნული თანხის მიღებით უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია. სამართლებრივი საფუძველის გარეშე თანხა არ მიუღია. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ სამუშაოების შესრულებისას დეფექტები არ არსებობს. მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა შესაბამისი გადასახადები და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წ---–--------------–----–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 319-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე, 976-ე, 979-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ამ ნორმით გათვალისწინებული ,,ნაკეთობა’’ არის ის ქონებრივი სიკეთე, რაც სამუშაოს შესრულების შემდეგ მენარდემ უნდა გადასცეს შემკვეთს.
ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. სსკ 649-ე მუხლის განსაზღვრავს სამუშაოს მიღების წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა ან სამუშაოს მიღებასთან დაკავშირებით ფაქტები სადავო არ არის. დავის საგანს წარმოადგენს წ---–--------------–----–--------------ის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად, შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ივნისს წყ--–--------------–----–------სა და შპს „L----------”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #116 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წყ--–--------------–----–------ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ბროწეულა-მუხიანის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობა. ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316239 ლარს. ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 2017 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347861 ლარით.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ივნისის #116 ხელშეკრულების 8.4. პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი„-ს მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი„-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი„-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უსახსრობა, „მიმწოდებელს„ აღნიშნული თანხა არ აუნაზღუარდება დეფექტების გამოსწორებამდე.
ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს ხუთ წელს, სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი„ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ #116 ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს მისი ყველა არსებითი პირობა, მათ შორის, საზღაურის გადახდის წესი. მათ შორის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გადასახდელი თანხის გადახდის წესთან დაკავშირებით.
შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. მეექვსე (საბოლოო) ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება. შესაბამისად, შპს „L----------”-ის სანგარიშსწორებო რეკვიზიტზე მოსარჩელის მიერ გადარიცხული იქნა დაკავებული საგარანტიო თანხის მთლიანი ოდენობა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გარემოებით ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.
მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე და 366-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ვადაზე ადრე გადაეხადა თანხა. ყოველივე აღნიშნულით არ არსებობს, თანხის დაბრუნების საფუძველი და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის და 987-ე მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელის მიერ სადავო თანხა სწორად იქნა გადარიცხული, აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესრულებული სამუშადან მისაღებ თანხას, რომელიც 5 წლის გასვლის შემდეგ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. დროულად თუ ვადაზე ადრე მოსარჩელეს, მაინც უნდა გადაეხადა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1. მუხლის თანახმად, „ა„ პუნქტის მიხდევით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
აღნიშნული ნორმის (976.1.) დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების შედეგად.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. მეექვსე (საბოლოო) ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება. შესაბამისად, შპს „L----------”-ის სანგარიშსწორებო რეკვიზიტზე ნაცვლად დასაბრუნებელი საგარანტის თანხის- შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის - თანხით 8466,18 ლარი გადარიცხული იქნა დაკავებული საგარანტიო თანხის მთლიანი ოდენობა, რამაც განაპირობა წყ--–--------------–----–------ის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო გადარიცხვა თანხით 8466,18 ლარის ოდენობით. ანუ სადავო თანხა მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და დასაბუთებელია მსჯელობა მასზედ, რომ ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას მოსარჩელის ხარჯზე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის 2017 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელის მიერ 8417,55 ლარის ოდენობით ჩარიცხვის საფუძველი. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული იქნა გარანტია. მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი„-ს მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი„-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. სამუშაოების საგარანტიო ვადად განსაზღვრული იქნა 5 წელი.
მოსარჩელე მოპასუხეზე შეცდომით, არასწორად დარიცხული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს, იმ საფუძვლით, რომ წ---–--------------–----–--------------ის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო გადარიცხვა განხორციელდა, ანუ სადავო თანხა მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (იხ. სუსგ, 29.12.2015წ, #ას-1051-991-2015).
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გადაცემულის უკან დაბრუნებას. თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის პირობების შესრულებაც მხარეთა ვალდებულებას წარმოადგენდა. მეექვსე საბოლოო ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2017 წლის 25 დეკემბერს. 2017 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა თანხის გადახდა- ჯამში 76110,28 ლარი. მათ შორის განხორციელდა საგარანტიო თანხის 8417,55 ლარის გადახდა, რომელიც #116 ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად ანგარიშსწორებას ექვემდებარებოდა მხოლოდ, სამუშაოების საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. საგარანტიო ვადა ხელშეკრულების 10.1. პუნქტის შესაბამისად შეადგენდა 5 წელს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე (8.4. პუნქტი). შესაბამისად, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან 8417,57 ლარი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მიჩნეული უნდა იქნას უსაფუძლო გამდიდრებად. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე წ---–--------------–----–--------------ა კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, შპს „L----------”-ს უნდა დაეკისროს 252,53 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე, ხოლო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. წყ--–--------------–----–------ის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს „L----------”-ს მოსარჩელე წყ--–--------------–----–------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 8417,55 ლარის გადახდა;
3. შპს „L----------”-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 302,53 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე