გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13312-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - სს ''ს----------–--------ი'';
წარმომადგენელი - დ--------------–ი;
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - ნ--------–------ა;
მოპასუხეეები: ა-----–--------–-, ნ---------------–ი, გ---------------–ი;
წარმომადგენელი - შ--–----------–-–---–ი;
სარჩელის დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--------–------ას, არ---–--------–ს, ნ---------------–ს და გ---------------–ს სს ''ს----------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების 18 763.01 აშშ დოლარის და 1489 ლარის გადახდა მიღებული სამკვიდროს პროპორციულად.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს სს ''ს----------–--------ის'' სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ნ--------–------ას, ა-----–--------–-ს, ნ---------------–ის და გ---------------–ის უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–--------------–----------------–--------------------------------------------------------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--------–------ამ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ თავისი წილის პროპორციულად აღიარებს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე დავალიანებას 5003.44 აშშ დოლარის ოდენობით და მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე 397.2 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში ცნობს სარჩელს.
2.2. მოპასუხეები - ა-----–--------–-, ნ---------------–ი და გ---------------–ი სარჩელს არ ცნობენ და უთითებენ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მათ მიმართ მოთხოვნების ნაწილში, ვინაიდან კრედიტორს 6 თვიან ვადაში მოთხოვნა მოვალეების მიმართ არ წარუდგენია, რის გამოც მათ ნაწილში კრედიტორს მოთხოვნის უფლება დაკარგული აქვს. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. სს ''ს----------–--------ს'' ნ--------–------ას სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 5003.44 აშშ დოლარისა და 397.2 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 4 ივნისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 2.4. პუნქტით, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუუნარობის დაკარგვის დაზღვევას. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. სს ''ს----------–--------მა'' აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ნ--------–------ა დგას მოსარჩელის განხორციელებადი მოთხოვნის წინაშე, მიღებული სამკვიდროს პროპორციულად, რაც შეადგენს - 5003.44 აშშ დოლარს და - 397.2 ლარს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში იგი მზღვეველისაგან დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას და შეგებებული სარჩელის ავტორი, როგორც მემკვიდრე გათავისუფლდებოდა ბ-------------–ის ვალდებულების შესრულებისაგან, რისთვისაც რეალურად გამიზნული იყო ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 4 ივლისს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ის შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N1------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 25000 აშშ დოლარის მოცულობით, 360 თვის ვადით, სარგებლის წლიური 10-22%-ის დარიცხვით. მითითებული ხელშეკრულების 3.5. მუხლიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5.1.2. დადგენილია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2008 წლის 4 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა ბ-------------–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, ბინის ფართი 31.71 კვ.მ., შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–--------------–----------------–---------------------------------------------------------------------. იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
5.1.3. დადგენილია, რომ 2008 წლის 8 ივლისს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა საკრედიტო თანხა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 17.5%-ის დარიცხვით.
2008 წლის 8 ივლისს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 4 ივლისს ხელშეკრულების დანართი დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სადაზღვევო თანხა 120 აშშ დოლარის ოდენობით 360 თვის ვადით, წლიური 18% დარიცხვით.
5.1.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 2 თებერვალს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ შეთანხმება, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის მოქმედების ვადა გაიზარდოს 2012 წლის 3 აპრილამდე.
2015 წლის 2 თებერვალს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 4 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11500 აშშ დოლარის მოცულობით, 98 თვის ვადით, სარგებლის წლიური 10%-ის დარიცხვით.
2015 წლის 2 თებერვალს სს ''ს----------–--------ს'' და ბ-------------–ს შორის გაფორმდა 2008 წლის 4 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 500 აშშ დოლარის მოცულობით, 98 თვის ვადით, სარგებლის წლიური 10%-ის დარიცხვით.
5.1.5. დადგენილია, რომ 2010 წლის 25 აგვისტოდან ბ-------------–ი სარგებლობდა სს ''ს----------–--------ის'' საკრედიტო ბარათით, ე.წ. ''ამექს ბლუ'', 1200 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, რომლის მიხედვით საკრედიტო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%-ს სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხებზე, 36% განაღდების და სხვა დანარჩენი ოპერაციებით ათვისებულ კრედიტზე, გადახარჯულ კრედიტზე - წინა შემთხვევებში განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დამატებული 10%. საშეღავათო პერიოდი შეადგენდა 56 დღემდე, რა დროსაც ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას არ დაერიცხებოდა პროცენტი, თუკი კლიენტის მიერ სრულად დაიფარებოდა ეს თანხა და მას არ გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება. ვადაგადაცილების თარიღიდან 62-ე დღეს უქმდებოდა საკრედიტო ბარათი, თუკი არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 10 ლარს, თუკი ბარათი არ იყო გაუქმებული და 50 ლარს ბარათის გაუქმების შემთხვევაში, რასაც დაემატებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე ბ-------------–ი სარგებლობდა ''ტ------------------ს'' საკრედიტო ბარათით, ე.წ. ''უნივერსალ გოლდით''. საკრედიტო ლიმიტი - მაქსიმალური თანხა - 8000 ლარი. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ლარში - 0.075%.
5.1.6. დადგენილია, რომ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა დაფარვის გრაფიკის მიხედვით ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დროული დაფარვა, რაც ხშირ შემთხვევაში უგულვებელყოფილია.
5.1.7. დადგენილია, რომ ბ-------------–ი გარდაიცვალა - 2016 წლის 28 იანვარს.
5.1.8. ბ-------------–ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: ა-----–--------–-, გ---------------–ი, ნ--------–------ა და ნო--------------–ი, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს - 20.07.2017 წელს.
5.1.9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--------–------ას მიერ თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 12.06.2017 წელს, ხოლო მოსარჩელეს იგი ჩაბარდა - 1.08.2017 წელს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის შესაგებელს ერთვოდა ნ---------------–ის, არჩილი პირველის და ნ--------–------ას განცხადება, რომლითაც ისინი ნოტარიუსს სთხოვდნენ სამკვიდრო მოწმობის გაცემას. ამასთან, შესაგებელში მითითებული იყო, რომ არსებობდა კიდევ სხვა მემკვიდრე საუბარი იყო გ---------------–ზე, რომლის მიმართვასაც ელოდებოდა ნოტარიუსი.
5.1.10. დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სამკვიდრო მოწმობა სასამართლოში წარმოადგინა - 15.03.2018 წელს, ხოლო დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მომართა სასამართლოს - 07.08.2018 წელს.
5.1.11. დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხეების: გ---------------–ის (1/5 ნაწილი), ა-----–--------–-ს (4/15 ნაწილი), ნო--------------–ის (4/15 ნაწილი) და ნ--------–------ას (4/15 ნაწილი) სახელზე.
5.1.12. დადგენილია, რომ იპოთეკური კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე მსესხებელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი თანხა - 10 385.11 აშშ დოლარის ოდენობით, პროცენტი - 1030.38 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1714.42 აშშ დოლარი, სულ 13129.91 აშშ დოლარი; სესხზე N3634746 (''ამექს ბარათი''): ძირითადი თანხა- 803.27 ლარი, პროცენტი - 182.30 ლარი, ჯარიმა- 503.95 ლარი, სულ - 1489.52 ლარი; სესხზე N593696: ძირითადი თანხის დავალიანება - 654.59 აშშ დოლარი, პროცენტი - 64.81 აშშ დოლარი, ჯარიმა - 53.67 აშშ დოლარი, სულ - 773.07 აშშ დოლარი; დაზღვევიდან გამომდინარე სესხზე N593728 ძირითადი თანხა - 21.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.80 აშშ დოლარი, ჯარიმა - 33.09 აშშ დოლარი, სულ - 57.95 აშშ დოლარი; პრივატ ბანკის საკრედიტო ბარათზე N3673153 ძირითადი თანხა - 2792.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 1031.35 აშშ დოლარი, ჯარიმა - 978.09 აშშ დოლარი, სულ - 4802.08 აშშ დოლარი.
დადგენილია და არც მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს - 18 763.01 აშშ დოლარს და 1489.52 ლარს.
5.1.13. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--------–------ას მის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად ეკისრება დავალიანების თანხიდან - 5003.44 აშშ დოლარის და 397.2 ლარის გადახდა.
5.1.14. დადგენილია, რომ ბ-------------–ის სიცოცხლე დაზღვეული იყო. ბანკის მიერ დაზღვევის ვალდებულება გამომდინარეობდა 2008 წლის 4 ივნისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 2.4. პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუუნარობის დაკარგვის დაზღვევას. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. მზღვეველის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო - 25 000 აშშ დოლარით.
5.1.15. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს სს ''ს----------–--------მა'' წერილობით მიმართა სს სადაზღვევო კომპანია ''ალდაგს''. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა სს ''ს----------–--------ის'' იპოთეკური სესხის მომხმარებელი ბ-------------–ი, რომელიც სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევით დაზღვევის ღია ოფსეტური პოლისით იპოთეკური სესხის მომხმარებლებისათვის 2008 წლის 4 ივლისიდან.
სს ''ს----------–--------მა'' სს ''ს--------------------------–----სა'' და სს ''ს----------–--------ს'' შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარგებლედ განისაზღვრა სს ''ს----------–--------ი'' მოითხოვა გადმოერიცხათ სადაზღვევო თანხა - 12002.19 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შესრულდა სადაზღვევო კომპანიის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
- 2008 წლის 4 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 16-20).
- 2008 წლის 8 ივლისის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ტ.1. ს.ფ. 21-24).
- 2008 წლის 4 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 25-29).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 30).
- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, გრაფიკი(ტ.1.ს.ფ.33-41).
- 2015 წლის 2 თებერვლის შეთანხმება, გრაფიკი (ტ.1. ს.ფ. 42-44).
- სამომხამრებლო კრედიტის ხელშეკრულება, გრაფიკი (ტ.1.ს.ფ. 45-49).
- გარდაცვალების მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 57);
- საკრედიტო ბარათის განაცხადი, პაროლის მიღების აქტი, პირობები (ტ.1. ს.ფ. 60-71).
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 78).
- განცხადებები სამკვდროს მიღების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 101-103).
- სს ''ს----------–--------ის'' წერილი ნ--------–------ას სახელზე (ტ.1. ს.ფ. 106).
- განცხადება შესაგებლის ჩაბარების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 140).
- სს ''ს--------------------------–----ის'' მიერ ბ-------------–ის ფინანსური ინტერესის დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტ.1. ს.ფ. 164-231).
- 27.05. 2016 წლის წერილი ნ--------–------ას სახელზე (ტ.1. ს.ფ. 242).
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.1. ს.ფ. 277-291).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.2. ს.ფ. 32-35).
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ტ.2. ს.ფ 56-58).
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ''ს----------–--------ის'' მიერ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული იყო მხოლოდ მსესხებლის სახელზე რიცხული იპოთეკური სესხი, ხოლო მსესხებლის გარდაცვალების დროისათვის, კერძოდ, 2016 წლის 28 იანვრის მდგომარეობით 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში ირიცხებოდა შემდეგი სასესხო ვალდებულებები:
1. იპოთეკური სესხი, თანახმად 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებისა.
2. სამომხმარებლო სესხი, თანახმად 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებისა.
3. სამომხმარებლო სესხი თანახმად, 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა (გირაოს დაზღვევის სესხი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მასზედ, რომ სს ''ს----------–--------მა'' სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ნ--------–------ა დგას მოსარჩელის განხორციელებადი მოთხოვნის წინაშე, მიღებული სამკვიდროს პროპორციულად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში იგი მზღვეველისაგან დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას და შეგებებული სარჩელის ავტორი, როგორც მემკვიდრე გათავისუფლდებოდა ბ-------------–ის ვალდებულების შესრულებისაგან, რისთვისაც რეალურად გამიზნული იყო ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა - რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებელებებით დასტურდება შემდეგი:
- 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების 2.1.1. მუხლის მიხედვით შეიძლება ყოფილიყო იპოთეკური კრედიტები (რაც გაფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებით), სამომხმარებლო კრედიტი, პლასტიკური ბარათი, ოვერდრაფტი და ა.შ. შესაბამისად, სახეზეა 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სათანადო წესით გაფორმებული 2008 წლის 8 ივლისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (გირაოს დაზღვევის სესხი).
- ამასთან, 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების 4.1.6 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების 4.1. მუხლის შესაბამისად დადებულ შესაბამის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებებზე და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე სრულად გავრცელდებოდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, თუკი ცალსახად არ იქნებოდა განსაზღვრული ამგვარი კონკრეტული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით.
- 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ბანკი თანახმაა კლიენტს გაუხსნას იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი - 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, სახეზეა, 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო თანხა სწორედ 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ მოცემული 2008 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებისათვის გაიცა 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებით დადგენილი იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზის ლიმიტი სრულად - 25 000 აშშ დოლარის ოდენობით.
- აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვის დაზღვევას, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს უარი თქვას ამგვარ დაზღვევაზე... თუ იპოთეკური სესხის თანხა აღემატება 30000 აშშ დოლარს, მაშინ სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართ N2) შევსების შემთხვევაში...
ამდენად, მიჩნეული რომც იყოს, რომ 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება 2008 წლის 4 ივლისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელია და ორივე ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და მასზე უპირობოდ უნდა გავრცელებულიყო დაზღვევის ვალდებულება, ამ მოცემულობაშიც კლიენტის თანხმობა ამგვარ დაზღვევაზე და მის მიერ სპეციალური ფორმის შევსება აუცილებელია, განსახილველ შემთხვევაში, კი უცნობია აღნიშნულზე კლიენტის - აწ. გარდაცვლილი ბ-------------–ის ნების გამოვლების ფაქტი, ამ დათქმის თანახმად, ავტომატურად, უპირობოდ ვერ ხორციელდებოდა ბანკის მიერ სავალდებულო დაზღვევა ნებისმიერ საბანკო ხელშეკრულებაზე რაც ფორმდებოდა ანდა გაფორმდებოდა 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე, აუცილებელი იყო მხარეთა შეთახმება და შემდგომ მისი შესაბამისი ფორმით დადასტურება.
ამდენად, ზემოდ განვითარებული მსჯელობის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშემკვრელ მხარესთან (კლიენტთან) შეთანხმება და მისი თანხმობა იყო საჭირო რათა კრედიტორს განეხორციელებინა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვის დაზღვევა და ე.წ. ''სავალდებულო დაზღვევა'' ეხებოდა მხოლოდ 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედ იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებებს და არა ნებისმიერი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებს და ისიც, მხოლოდ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტის - 25000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულია მსესხებლის სახელზე რიცხული მხოლოდ 2008 წლის 8 ივლისის იპოთეკური სესხი, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილი იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარედგინა მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც მის მიერ განხორციელდა კიდეც.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, მოპასუხე სს ''ს----------–--------ის'' მხრიდან უმოქმედობით მის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზღვეული იყო მხოლოდ იპოთეკური სესხი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რა უფლებამოსილების განხორციელება შეეძლო ბანკს სადაზღვევო კომპანიის მიმართ კონკრეტულ მოცემულობაში, რომლის განუხორციელებლობის (ვალდებულების დარღვევის) შედეგად შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 4 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 16-20).
- 2008 წლის 8 ივლისის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ტ.1. ს.ფ. 21-24).
- 2008 წლის 4 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 25-29).
- 2015 წლის 2 თებერვლის შეთანხმება, გრაფიკი (ტ.1. ს.ფ. 42-44).
- სამომხამრებლო კრედიტის ხელშეკრულება, გრაფიკი (ტ.1.ს.ფ. 45-49).
- სს ''ს----------–--------ის'' წერილი ნ--------–------ას სახელზე (ტ.1. ს.ფ. 106).
- სს ''ს--------------------------–----ის'' მიერ ბ-------------–ის ფინანსური ინტერესის დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტ.1. ს.ფ. 164-231).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ნ--------–------ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 395-ე, 408-ე, 411-412-ე, 1421-ე, 1424-ე, 1328-ე, 1439-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლებით.
8. სამართლებრივი შეფასება
ძირითად სარჩელთან დაკავშირებით
8.1. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1439-ე მუხლის დანაწესით მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-------------–ის სამკვიდრო ქონება მიღებული აქვთ მოპასუხეებს - გ---------------–ს, არ---–--------–ს, ნ--------–------ას და ნო--------------–ს, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მსესხებლის მემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, გ---------------–ი, ა-----–--------–-, ნ--------–------ა და ნ---------------–ი როგორც ბ-------------–ის მემკვიდრეები ვალდებულნი იყვნენ დაეკმაყოფილებინათ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, კერძოდ, სს ''ს----------–--------ის'' მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა ბ-------------–თან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში ცხოვრება ან მისი ნივთების თავისთან გადატანა, ასევე ქონების ფაქტობრივად ფლობას და სამკვიდროს მიღებას ნიშნავს, სამკვიდროს ნაწილის მიღება ასევე ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარდაცვლილ ბ-------------–ის, გარდაცვალების მომენტისთვის, საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–------------------------------–------------------–---------------------------------------------------------------------, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული სს ''ს----------–--------ის'' სასარგებლოდ და რომელსაც ფლობდნენ მემკვიდრეები.
როგორც უკვე განიმარტა, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეები, გარდაცვლილი ბ-------------–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ და მათ სამკვიდრო ქონება მიიღეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროს მიღებით იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული აქტივების ფარგლებში, შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში. როგორც აღინიშნა, სამკვიდრო ქონების მიღებით მემკვიდრეები არამარტო აქტივის მიღებას ახორციელებენ, არამედ პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და ამდენად, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობას, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას. კრედიტორს შეუძლია მემკვიდრისგან უარის მიღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, მისი უფლება ჩაითვლება დარღვეულად მემკვიდრისგან უარის მიღების მომენტიდან და ამ დროიდან იწყება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, კრედიტორი ასევე უფლებამოსილია 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში პირდაპირ სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს მოვალის მემკვიდრისგან ვალის დაბრუნება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კრედიტორი მითითებული ნორმით დადგენილ ვადაში პრეტენზიას წარუდგენს გარდაცვლილის მემკვიდრეს სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი, მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადისათვლის დასაწყისს უკავშირებს არა სამკვიდრის გახსნის მომენტს, არამედ, იმ სუბიექტურფაქტორს, როდესაც კრედიტორისთვის ცნობილია: ა. პირის გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის შესახებ; ბ. მოთხოვნის ადრესატის - მემკვიდრეთა ვინაობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს რომ მან სამკვიდრო მიიღო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ბ-------------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 იანვარს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ სს ''ს----------–--------ს'' ნ--------–------ამ აცნობა - 2016 წლის 1 აპრილს წერილობით. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს შეახსენა, რომ მამკვიდრებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო და ბანკს როგორც ბენეფიციარს უნდა მიემართა მზღვეველისათვის.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სს ''ს----------–--------მა'' ნ--------–------ას მოთხოვნა წარუდგინა - 2016 წლის 27 მაისს. დადგენილია, რომ სს ''ს----------–--------მა'' მემკვიდრეთა წრისა და სამკვიდრო მოწმობის გამცემი ნოტარიუსის შესახებ ბანკისათვის ცნობილი გახდა მაქსიმუმ - 2017 წლის 1 აგვისტოს, მაშინ როდესაც ბანკის წარმომადგენელმა ჩაიბარა ნ--------–------ას მიერ წარდგენილი შესაგებელი, რომელსაც მტკიცებულების სახით ერთვოდა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით ნოტარიუსთან წარდგენილი განცხადებების ასლი, ასევე შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ იყო კიდევ ერთი მემკვიდრე, რომლის ქმედებასაც ელოდებოდა ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობის გასაცემად.
რადგანაც მხარემ უნდა დაადასტუროს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლისათვის კანონით დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი, რა დროსაც სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელის მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-850-1064-08), აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიუხედავად ამ ინფორმაციისა, სს ''ს----------–--------ს'' 2018 წლის 7 აგვისტომდე მოთხოვნა არ დაუყენებია მოპასუხეების - ნ---------------–ის, ა-----–--------–-ს და გ---------------–ის მიმართ. დადგენილია, რომ სამკვიდროს გახსნიდან და მოსარჩელის მიერ მისი შეტყობიდან გასულია 2 (ორ) წელზე მეტი, ხოლო მემკვიდრეთა წრის დადგენიდან 1 (ერთ) წელზე მეტი. რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''ს----------–--------ს'' მოპასუხეების - ა-----–--------–-ს ნ---------------–ის და გ---------------–ის მიმართ მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ დაკარგული/გაქარწყლებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
რაც შეეხება სს ''ს----------–--------ის'' მოთხოვნას მოპასუხე ნ--------–------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--------–------ას მის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად ეკისრება დავალიანების თანხიდან - 5003.44 აშშ დოლარის და 397.2 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--------–------ამ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ თავისი წილის პროპორციულად აღიარებს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე დავალიანებას - 5003.44 აშშ დოლარის ოდენობით და მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე - 397.2 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში ცნობს სარჩელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--------–------ა წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 4/5 ნაწილის მესაკუთრეს. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--------–------ამ თავისი წილის პროპორციულად ცნო სარჩელი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სახეზეა ძირითადი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამართლებრივი შეფასება შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
8.2. რაც შეეხება ნ--------–------ას შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის არსებობა, მისი შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------–------ამ ვერ შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტები და გარემობები, კერძოდ, ვერ შეძლო დაედასტურებინა ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების (დადგომის) ფაქტი და მისი ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის წინაპირობების დარღვევა, საქმის მასალებით, გადაწყვეტილების 5.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ დაზღვეული იყო მსესხებლის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება. შესაბამისად, სს ''ს----------–--------ი'' არ იყო უფლებამოსილი სადაზღვევო კომპანიისათვის სხვა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა მოეთხოვა.
ამდენად, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ - მატერიალური საფუძველი.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. მოსარჩელე სს ''ს----------–--------ის'' მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1415.55 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა''.
სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მოპასუხე სარჩელს ცნობს მთავარ სხდომამდე, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 1415.55 ლარიდან - 408 ლარი. დანარჩენ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ ეთქვა უარი მოსარჩელეს მოპასუხე ნ--------–------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის ხარჯის სახით - 500 ლარის გადახდა.
9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ს----------–--------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ--------–------ას მოსარჩელე სს ''ს----------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 5003.44 აშშ დოლარის და 397.2 ლარის გადახდა.
2.1. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ნ--------–------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ქ--------–-----------------------–-------------------------------------–------------------------------------------–--–-----–-----------------------------------------------------------------------
2.2. სს ''ს----------–--------ის'' სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. სს ''ს----------–--------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟიდან - 1415.55 ლარიდან - 408 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.1. სს ''ს----------–--------ის'' მოპასუხე ნ--------–------ას სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
4. ნ--------–------ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4.1. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი