გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210118002319358
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5622-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სასამართლოს დასახელება მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი სხდომის მდივანი - თამარ აკობია მოსარჩელე - შპს ,,ა-------------ი’’ წარმომადგენელი - რ---------–----ე მოპასუხე - ე-------------- წარმომადგენელი - გ------------–---–ი დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 15 960 ლარისა და 3 200 აშშ დოლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლები: (ს.ფ. 1-15) 1.1.1. 2017 წელს ზეპირი შეთანხმების თანახმად მოპასუხეს მისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა 3 ავტომობილი ("T-----------’’), რომლებიც იმჟამად ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებოდა მის სარგებლობაში; 1.1.2. შეთანხმების თანახმად, იგი ასრულებდა ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის პერიოდული გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად ავტომობილებიც მის სარგებლობაში გადავიდა; 1.1.3. 2017 წლის ივლისის თვიდან დეკემბრის ჩათვლით, მან მოპასუხის პირად ანგარიშზე თავისი წარმომადგენლების (თანამშრომლების) მეშვეობით ჩარიცხა 15 960 ლარი და 1 005 შშ დოლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაუხადა 2 195 აშშ დოლარი; 1.1.4. მის მიერ თანხის გადახდის პარალელურად უნდა მომხდარიყო მოპასუხის მიერ ლიზინგის ხელშეკრულებაში მოპასუხის მისით ჩანაცვლება; 1.1.5. 2017 წლის დეკემბრის თვეში ცნობილი გახდა რომ, მის მიერ მოპასუხის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხებიდან, მოპასუხემ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ჩარიცხა ლიზინგის გამცემთა - შპს ,,მ-----ს’’ და სს ,,ლ-------------ის’’ ანგარიშზე, რის გამოც, არსებული დავალიანების გამო, ავტომანქანები დაბრუნდა ლიზინგის გამცემთა მფლობელობაში; 1.1.6. მოპასუხემ მისგან უსაფუძვლოდ მიიღო 15 960 ლარი და 3 200 აშშ დოლარი, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან აღნიშნული ოდენობით უსაფუძვლოდ მიღებული თანხების დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 123-134) 2.1.1. მას მოსარჩელესთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, მეტიც, მისთვის ინფორმაცია მოსარჩელის, როგორც იურიდიული პირის შესახებ, ცნობილი გახდა მხოლოდ წარმოდგენილი სარჩელიდან; 2.1.2. მას ნამდვილად ჰქონდა ზეპირი შეთანხმება მოქალაქე ვ--–-------–-----–---–თან და ამ შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ავტომობილების ქირავნობა, რომლებსაც ვ--–-------–-----–---–ი თავის მხრივ ასევე აქირავებდა ტურისტებზე დღიურად; 2.1.3. 2017 წლის 27 მაისს მასსა და შპს ,,მ-----ს’’ შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლიზინგის საგანს წარმადგენდა ავტომობილი - T-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ,,F------’’; 2.1.4. 2017 წლის 05 ივნისს ს--–------------–---–ს და შპს ,,მ-----ს’’ შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ავტომობილი - T-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ,,L------; 2.1.5. 2017 წლის ივნისს შუა რიცხვებში ს--–------------–---–ის სიძესთან - ნ---- ხავთასთან ერთად შეხვდა ვ--–-------–-----–---–ს და მათ შორის შედგა მოლაპარაკება ავტომობილების გაქირავების თაობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან ს--–------------–---–ი უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო ნ---- ხავთასს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა პრობლემა, ვ--–-------–-----–---–ის მხრიდან თანხის ჩარიცხვა მოხდებოდა მის ანგარიშზე; 2.1.6. ვ--–-------–-----–---–ს ორივე მანქანა გადაეცა 2017 წლის 15 ივნისს. ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ვ--–-------–-----–---–ს მისთვის უნდა გადაეხადა თითოეულ ავტომობილზე ყოველთვიურად 1 500 ლარი; 2.1.7. 2017 წლის 27 ივლისს მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ავტომობილი - T-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ,,T------’’ ; 2.1.8. იგი კვლავ დაუკავშირდა ვ--–-------–-----–---–ს და შესთავაზა მესამე მანქანის ქირავნობა, იმავე ფასში და პირობებით, რაზეც ვ--–-------–-----–---–მა გამოთქვა თანხმობა და ავტომობილი წაიყვანა 2017 წლის 01 აგვისტოს; 2.1.9. იმის გამო, რომ ვ--–-------–-----–---–ი არ ასრულებდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას სრულად, კერძოდ, არ იხდიდა ქირავნობის საფასურს, 2018 წლის 08 იანვარს ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით - ,,T------’’ და ავტომობილი სარეგისტრაციო ნორმით - ,,L------’’ წამოყვანილ იქნა ვ--–-------–-----–---–ის მფლობელობიდან და გადაეცა ლიზინგის გამცემებს - შესაბამისად სს ,,ლ-------------ს’’ და შპს ,,მ-----ს’’; 2.1.10. დღემდე ვ--–-------–-----–---–ის არამართლზომიერ მფლობელობაშია ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით (,,F--------’’) და იგი უარს აცხადებს აღნიშნული ავტომობილის დაბრუნებაზე; 2.1.11. მასსა და ვ--–-------–-----–---–ს შორის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით ვ--–-------–-----–---–ს მისთვის უნდა გადაეხადა ორი ავტომობილის ქირავნობის ღირებულება 4 500 ლარი (2x1500 ლარიx1.5თვე), თუმცა გადახდილი აქვს მხოლოდ 2 200 ლარი; 2.1.12. 2017 წლის 01 აგვისტოს კი ვ--–-------–-----–---–ს მისთვის უნდა გადაეხადა უკვე სამი ავტომობილის ქირავნობის ღირებულება - ყოველთვიურად ჯამში 4 500 ლარი, თუმცა, ვ--–-------–-----–---–ს აგვისტოს თვეში გადახდილი აქვს მხოლოდ 3 940 ლარი; 2.1.13. 2017 წლის სექტემბერში ვ--–-------–-----–---–ს მისთვის გადახდილი აქვს 4 530 ლარი და 100 აშშ დოლარი (ჯამში 4 776.04 ლარი), 2017 წლის ოქტომბერში გადახდილი აქვს 1 360 ლარი, 2017 წლის ნოემბერში - 1 000 ლარი, ხოლო 2017 წლის დეკემბერში - 1 930 ლარი; 2.1.14. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვ--–-------–-----–---–ს მის მიმართ შესასრულებელი აქვს ვალდებულება 11 794 ლარის ოდენობით; 2.1.15. წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მას თანხები ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს არა უსაფუძვლოდ, არამედ მასსა და ვ--–-------–-----–---–ს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 27 მაისს ე--------------ს და შპს ,,მ-----ს’’ შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება F--------------.

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 19 329 ლარით, სატრანსპორტო საშუალების ფასი - 18 950 ლარით, ლიზინგის ვადა - 27.05.2023, საპროცენტო განაკვეთი - 5% თვეში, თანხის გაცემის საკომისიო - 379 ლარი.

ამავე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-11 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებია: მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,F------’’, VIN კოდი 6----------------, გამოშვების წელი 2013, ძრავის მოცულობა 2494, ფერი თეთრი.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ლიზინგის მისაღებად ლიზინგის მიმღები კისრულობს საკუთრებაში გადასცეს ,,მ-----ს’’ სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ,,მ-----’’ კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ლიზინგის მიმღებს ან გამყიდველს სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. მას შემდეგ, რაც ,,მ-----’’ მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ,,მ-----’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 44-45)

 

3.1.2. 2017 წლის 27 ივლისს ე--------------ს და სს ,,ლ-------------ს’’ შორის დაიდოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------, რომლის თანახმადაც, გირავნობის საგანს წარმოადგენს ე--------------ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებია: მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,T------’, VIN კოდი 6----------------, გამოშვების წელი 2012.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 48-55)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე ე--------------ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,L------’’ (VIN კოდი 6----------------, გამოშვების წელი 2012, ძრავის მოცულობა 2494, ფერი თეთრი) მესაკუთრის - ს--–------------–---–ის ნების საფუძველზე მფლობელობაში გადაეცა აღნიშნული ავტომობილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა 2017 წლის 05 ივნისს ს--–------------–---–ს და შპს ,,მ-----ს’’ შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების P-------------- საგანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, ხელშეკრულება (ს.ფ. 38-43; 46)

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარეთა შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე - მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,F------’’, VIN კოდი 6----------------; მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,T------’, VIN კოდი 6---------------- და მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,L--------’’ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადახდის ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად... დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი სახის ნასყიდობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული სამი ავტომობილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, იგი ყოველთვიურად ურიცხავდა მოპასუხეს გარკვეული ოდენობით თანხებს იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მომხდარიყო მოპასუხესა და ლიზინგის გამცემს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მოპასუხის მისით ჩანაცვლება. მოპასუხეს მიუთითებს, რომ მას მოსარჩელესთან, როგორც იურიდიულ პირთან არ ჰქონია არანაირი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა და მას ავტომობილების ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულება დადებული ჰქონდა ვ--–-------–-----–---–თან. ამასთან, საქმის განხილვისას დადგინდა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--–-------–-----–---–ი წარმოადგენს მოსარჩელის თანამშრომელს.

სასამართლო უპირველესად ხაზგასმით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს საკვლევ და დასადგენ გარემოებას არ წარმოადგენს იმის განსაზღვრა, არსებობდა თუ არა მოპასუხესა და მესამე პირს - ვ--–-------–-----–---–ს შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნულის თუნდაც დადასტურების შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათის განსაზღვრა, სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ვ--–-------–-----–---–ი არ წარმოადგენს განსახილველი დავის მხარეს და სამოქალაქო სამართალში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მოპასუხეს და მესამე პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეები არსებითად დავობენ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე.

შესაბამისად, სასამართლოს ამოცანაა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში იმსჯელოს უშუალოდ მასაა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

აღნიშნული მუხლის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიების ნამდვილობისთვის სჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ფრომის თავისუფლების პრინციპს. სავალდებულოობისას ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგი კი მდგომარეობის გარიგების საწყისი მომენტიდან ბათილობაში (სსკ-ის 59-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სამოქალაქო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წერილობითი ფორმის სავალდებულოობას, შესაბამისად, იგი მიეკუთვნება ფორმათავისუფალ გარიგებათა რიცხვს. ამასთან, ზეპირი გარიგების დადება გარკვეული რისკის მატარებელია მხარისთვის, რაც გულისხმობს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად აუცილებელი სათანადო მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. 140-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენება, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ ფასდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს აფუძნებს მის მიერ მითითებულ გარემოებას.

სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული პირები წარმოადგენენ მის თანამშრომლებს. მართალია მათ მიერ მიეთითა მოპასუხისათვის გარკვეული თანხების ჩარიცხვის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება (რომლის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები ისედაც ერთვის სარჩელს), მაგრამ მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდება შპს ,,ა-------------ს’’ და მოპასუხე ე--------------ს შორის ავტომობილების ნასყიდობის თაობაზე შეთანხმება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით. სასამართლო სწორედ აღნიშნულზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდება მხართა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ვინაიდან წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ არა მათ მიერ უშუალოდ ნანახ (პირობითად შეთანხმების დროს დასწრება) გარემოებას, არამედ მათ მიერ მოპასუხის ანგარიშზე გარკვეული თანხის ჩარიცხვის ფაქტს, რასაც არსებითად მოპასუხეც არ უარყოფს. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი თანხის ჩარიცხვებისას მოქმედებდნენ ვ--–-------–-----–---–ის მითითებითა და დავალებით, რაც გამორიცხავს იმის დადასტურებულად მიჩნევას, რომ აღნიშნული პირები მოქმედებდნენ მოსარჩელის სახელით.

ამასთან, ცალკე აღებული მოწმე ვ--–-------–-----–---–ის ჩვენება ასევე ვერ განიხილება ფაქტის დადგენისათვის საკმარის სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან მოპასუხის მიერ აღნიშნულ მტკიცებულებას უპირისპირდება ასევე უშუალოდ მოპასუხის და ვ--–-------–-----–---–ის შეთანხმების დამსწრე მესამე პირის - ნ---- ხავთასის ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებთან და, თავის მხრივ, მიუთითებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არ არსებობაზე.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ვ--–-------–-----–---–ის და მოსარჩელის მითითებაზე, რომ იგი მოქმედებდა მისი სახელით, რასაც ვ--–-------–-----–---–ის განმარტებით ადასტურებდა მის სახელზე მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც მას ანიჭებდა მოსარჩელის სახელით შესაბამის უფლებამოსილებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულება (ს.ფ. 171), რომელიც როგორც მას, ისე სხვა პირებს, ანიჭებდა მოსარჩელის სახელით შესაბამისი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოსათვის არის არასარწმუნო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ იგი გაცემულია 2017 წლის 11 ივნისს, მაშინ როდესაც მოსარჩელის სახელით მასზე ხელმომწერი დირექტორი-ბ-----------–--ე, არ წარმოადგენდა მოსარჩელის დირექტორს და იგი მოსარჩელის დირექტორად რეგისტრირებული იქნა მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ვერ გასცემდა შესაბამის რწმუნებულებას. აღნიშნული უფლებამოსილების დასადასტურებლად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 11 ივნისის მდგომარეობით დირექტორის მიერ გაცემული ბრძანება მის დეკრეტულ შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილების ბ-----------–--ისათვის დაკისრების თაობაზე, გაცემული 2017 წლის 11 იანვარს (ს.ფ. 189). აღნიშნულს ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო, რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე, როგორც მეწარმე სუბიექტი, საერთოდ არ არსებობდა და იგი მხოლოდ რეგისტირებული იქნა 2017 წლის პირველ მაისს (ს.ფ. 179). შესაბამისად, არარეგისტირებული სუბიექტს ვერც დირექტორი ეყოლებოდა და ვერც მინდობილობის გაცემა ვერ მოხდებოდა მისი სახელით. ამის შემდეგ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა დამადასტურებელი, რომ 2017 წლის 11 იანვრის ბრძანებაში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა და მასში იანვრის ნაცვლად უნდა ყოფილიყო მითითებული ივნისი (ს.ფ. 246). სასამართლო ვერ აღნიშნულ დოკუმენტს ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დირექტორის, ნ-------------–---–ის მეუღლემ, დ------–----ემ დაადასტურა, რომ მათი შვილი დაიბადა 2017 წლის 26 იანვარს. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ შესაბამისი პირები მოქმედებდნენ მოსარჩელის სახელით. უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე დავის პერიოდში ცდილობდა გარკვეული მტკიცებულებების შექმნას მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.

სასამართლო ასევე არსებითად შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებს (ს.ფ. 18-37), რომლებიც ასევე არ ადასტურებენ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, ვინაიდან გადახდები ყველა შემთხვევაში შესრულებულია არა შპს ,,ა-------------ის’’, არამედ კონკრეტული ფიზიკური პირების (მოსარჩელის განმარტებით მისი თანამშრომლების) მიერ.

აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების შეფასების ნაწილში სასამართლო უპირველესად ეთანხმება მოპასუხის შეფასებას მის მიერ სადავოდ გამხდარ ჩარიცხვის ქვითართან (ს.ფ. 17) მიმართებით, რომელიც ადასტურებს მოპასუხის ანგარიშზე თანხის შეტანას და არა ამ თანხის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ჩარიცხვას. ასევე წარმოდგენილ სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 17 ივლისის საგადახდო დავალებას (ს.ფ. 21), რომლის თანახმადაც მოპასუხე ე--------------ს მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილია თანხა 1 005 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელისაგან. მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას კი სასამართლო ვერ განიხილავს მისთვის მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 06 ნოემბრის და 2017 წლის 03 დეკემბრის საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმადაც რ----------------ის მიერ მოპასუხისათვის საბანკო ანგარიშსწორების გზით შესაბამისად ჩარიცხულია 1 000 და 750 ლარი (ს.ფ. 19; 34);

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 26 ოქტომბრის, 2017 წლის 19 ივლისის, 2017 წლის 19 ივლისის, 2017 წლის 26 სექტემბრის და 2017 წლის 26 სექტემბრის საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმადაც ვ--–-------–-----–---–ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხულია შესაბამისად 410 ლარი, 700 ლარი, 850 ლარი, 1 280 ლარი და 2 300 ლარი (ს.ფ. 20; 22; 24; 29; 30);

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 20 აგვისტოს და 2017 წლის 29 აგვისტოს საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმადაც ნ-------–--–--ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხულია შესაბამისად 200 ლარი და 80 ლარი (ს.ფ. 23);

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 02 სექტემბრის და 2017 წლის 14 აგვისტოს საგადახდო დავალებები, რომლთა თანახმადაც ბ----------–---–ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით შესაბამისად ჩარიცხულია 950 ლარი და 1 700 ლარი (ს.ფ. 25; 32);

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 29 აგვისტოს, 2017 წლის 19 დეკემბრის, 2017 წლის 15 სექტემბრის და 2017 წლის 05 ოქტომბრის საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმადაც ა-–----------------–---–ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით შესაბამისად ჩარიცხულია 710 ლარი, 1 1180 ლარი, 100 აშშ დოლარი და 950 ლარი (ს.ფ. 27; 31; 35; 37).

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 16 აგვისტოს და 2017 წლის 18 ივლისის საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმადაც დ------–----ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით შესაბამისად ჩარიცხულია 300 ლარი და 650 ლარი (ს.ფ. 28; 36);

სს ,,თ----------ის’’ 2017 წლის 07 აგვისტოს საგადახდო დავალება, რომლის თანახმადაც, ს-----–------------ის მიერ მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხულია 950 ლარი (ს.ფ. 33).

მოპასუხისთვის თანხის ჩამრიცხველი აღნიშნული პირებიდან ვ--–-------–-----–---–ი, ა-–----------------–---–ი და დ------–----ე ასევე დაკითხული არიან სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით და მათ მიუთითეს, იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა შპს ,,ა-------------ის’’ თანხებს და მათი - როგორც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, ხდებოდა თანხების განაღდება ზოგ შემთხვევაში აეროპორტში მდებარე სალაროდან და ზოგ შემთხვევაში ბარათზე არსებული თანხის განაღდების მეშვეობით. მიუხედავად აღნიშნულისა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა ზემოაღნიშნული საგადახდო ორდერი ადასტურებს კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ კონკრეტული ფიზიკური პირისათვის (მოპასუხისათვის) თანხის ჩარიცხვის ფაქტს. შემოტანის დანიშნულებაში შესაბამისი მითითების არ არსებობის პირობებში კი, თანხის ჩამრიცხველი პირებიდან მხოლოდ რამდენიმეს მითითება იმის თაობაზე, რომ გადახდა სრულდებოდა მოსარჩელე შპს ,,ა-------------ის’’ ვალდებულების შესასრულებლად, არ ადასტურებს მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელე განიხილება დამოუკიდებელ სუბიექტად, გარიგებისა თუ სხვა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი შესაბამისის უფლებებითა და ვალდებულებებით.

შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენება მითითებულ სალაროს შემოსავლის ორდერებთან ერთიანობაში არ ადასტურებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის და ამ საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადახდის ფაქტს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარეთა შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე - მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,F--------’’, VIN კოდი 6----------------; მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,T------’, VIN კოდი 6---------------- და მარკა/მოდელი - ,,T-----------’’ - სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,L------’’ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადახდის ფაქტი.

 

3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 15 960 ლარის და 3 200 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე და აღნიშნული საფუძვლით მოითხოვს მისთვის შესაბამისი ოდენობით თანხების დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

შესაბამისად, იმისთვის რომ სასამართლომ იმსჯელოს მოპასუხის პასუხისმგებლობაზე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახეზე იყოს მოსარჩელის ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება.

საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი საგადახდო დავალებების პარალელურად მოპასუხეც არ უარყოფს მის ანგარიშზე გარკვეული ოდენობით (არა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობით) თანხების ჩარიცხვის ფაქტს (რაც მისივე განმარტებით განპირობებული იყო მასსა და ვ--–-------–-----–---–ს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე), თუმცა განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით არ დასტურდება მოსარჩელის, როგორც იურიდიული პირის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ფაქტი. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებენ კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას, თუმცა ხსენებული ფიზიკური პირების მიერ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა სასამართლოს მიერ ვერ გაიგივდება მოსარჩელე შპს ,,ა-------------ის’’ მიერ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვასთან. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ვერ დადასტურდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 15 960 ლარი და 3 200 აშშ დოლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას’’ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც არ არის დადგენილი მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, რაც ავტომატურად გამორიცხავს წარმოდგენილი საფუძვლით მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 15 960 ლარის და 3 200 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს შესაფასებელ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხეს და მესამე პირებს (მოპასუხეს და ვ--–-------–-----–---–ს ან მოპასუხეს და თანხის ჩამრიცხავ პირებს) შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათის და მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ან არ შესრულების თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დადგენა. აღნიშნულზე მსჯელობაც კი არ განაპირობებს განსახილველი დავის მოთხოვნის სუბიექტის - მოსარჩელის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 729 ლარის ოდენობით (ს.ფ. 107), სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ.108). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება წარმოდგენილი შესაბამისი ხელშეკრულების და დავალების (ს.ფ.154-157) საფუძველზე. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ს.ფ. 111-114) უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ა-------------ის’’ სარჩელი ე--------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ე--------------ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა სს ,,თ----------ის“ საბანკო ანგარიშზე - G---------------------------- განთავსებული თანხის - 23 832 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით;

4. მოსარჩელე შპს ,,ა-------------ს’’ მოპასუხე ე--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი