განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002696844
ბოლნისის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე N1/271-18 6 მარტი 2019 წელი ქ.ბოლნისი
(გამოძიების N019111018001)
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - თამთა როყვა, ვერიკო ნინიაშვილი
დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - დახურული
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მაკა რევია
ბრალდებული: კ-----------–----------
დაბადებული: 2-----–-–-------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------------–------–----
საპროცესო წარმომადგენ--–- - რუსლან მუსტაფაევი
თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, საბჭოს ქუჩა N33-ში მდებარე ნ--–- ბ-----–---–ის მაღაზიიდან კ------ ს---–---------ი ფარულად დაეუფლა ნ--–- ბ-----–---–ის კუთვნილ 30(ოცდაათი) ლარად ღირებულ ერთ ცალ ქურთუკს.
2. კ------ ს---–---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ნ--–- ბ-----–---–ი, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ შემთხვევის დროს მაღაზიაში კ------ს, თამრიკოს და მის გარდა არავინ არ ყოფილა. შემთხვევის დროს კარიენს ჰქონდა ზურგჩანთა, რომელიც მან გასვლისას გაასწორა და ამ ფაქტმა ნ--–- ბ-----–---–ს გაუჩინა ეჭვი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ქურთუკი შეიძინა 30 ლარად და ყიდიდა 38 ლარად. იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, არ ჰყავს მეუღლე, არის პენსიონერი და მისთვის მითითებული ქურთუკი არის ღირებული. მას კ------სათვის მომხდარი არ უპატიებია.
3. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ ნ--–- ბ-----–---–ის ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნ--–- შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------–----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ნ--–- ბ-----–---–ის ჩვენება, მოწმე თინათინ ხმალაძის, თამარ ახვლედიანის, ზაზა ფაცაციას, ოთარ მგალობლიშვილის, გაიანე ს---–---------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ქურთუკი, 2018 წლის 11 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 13 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმი.
8. შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულის ჩვენებისა) შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია კ-----------–----------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------ ს---–---------მა ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
13. კ-----------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
14. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 6 მარტს.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნ--–- გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
18. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
19. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
20. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.
21. 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
22. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
23. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
26. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს კ------ ს---–---------ი იყო არასრულწლოვანი - 17 წლის, აქვს არასრული საშუალო განათლება, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. მისი ფიზიკური ჯანმრთელობა და ემოციური მდგომაროება.
აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიყენოს სასჯელის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმა და განსაზღვრული სანქციის მინიმუმი, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2018 წლის წლის 11 ოქტომბერს როდესაც კ-----------–----------ს მიერ ჩადენილი იქნა ზემოაღნიშნული განზრახი ქმედება, იგი იყო ნასამართლობის არმქონე, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახით ვერ იქნება გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დაუშვებელია მის მიმართ ჯარიმის გამოყენებაც, ვინაიდან მას არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი და სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა.
27. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
28. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, კ-----------–----------ს მიმართ 6 (ექვსი) თვით შინაპატიმრობის გამოყენება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
29. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა განსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, ვინაიდან, იგი მოითხოვს არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული ყოველი კონკრეტული სასჯელის გამოყენება, თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, პრაქტიკაში სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-----------–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;
კ------ ს---–---------ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:30 საათიდან - 06:00 საათამდე;
შინაპატიმრობის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნ--–- ბ-----–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის საკიდი და ქურთუკი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
კ-----------–----------ს ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ხელის ანაბეჭდები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეა ლეონიძე