გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210118002506201
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18531-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”თ-----------” (სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი თა-------------

მოპასუხე ოლ------–------

ელ--------–-–---–-

წარმომადგენელი ლე-------------

დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების

სოლიდარულად გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ოლ------–------სა და ე-–--------–-–---–ს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

1.1.1. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 325.6 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი - 350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი.

1.1.2. 2018 წლის 18 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.

1.1.3. 2018 წლის 18 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.04 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.

1.1.4. თავდების ელ--------–-–---–-ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8 450 ლარით.

1.2. ოლ------–------ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

1.2.1. 2016 წლის 13 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 206.36 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი;

1.2.2. 2018 წლის 18 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 13 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 119.46 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.59 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.

სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.2%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 23 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–----ა“ და ე-–--------–-–---–ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა თავდებობის N----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ე-–--------–-–---–მა ძირითად მსესხებელ - ოლ------–------სთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 8450 ლარით.

 

მოპასუხეთა მიერ დაირღვა 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 2018 წლის იანვრის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად მოპასუხის მიერ გადახდილია 3880.16 ლარი, საიდანაც 2291.32 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 1540.1 ლარით - პროცენტი, ხოლო 48.74 ლარით - პირგასამტეხლო. 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4325.6 ლარის, ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი - 350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი.

 

2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.

 

სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს სწრაფი განვადების ფარგებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსეხებელზე გაიცა კრედიტი 1374 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 23 თვე - 2018 წლის 12 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში 59.74 ლარის გადახდით. ხელშკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 2018 წლის 10 თებერვალს და აღარ მომხდარა გადახდა ხელშკრულების პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 1334.03 ლარი, საიდანაც 1254.54 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, ხოლო 79.49 ლარით ჯარიმა. 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 206.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი;

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში და აღნიშნეს, რომ ისინი სს „ბ--------------–----თან“ დადებულ საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებს ორი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლეს ბოლო რამოდენიმე თვის დავალიანების ჯეროვნად შესრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.2%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 23 მარტამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულება;

- 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.

 

3.1.2. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–----ა“ და ე-–--------–-–---–ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა თავდებობის N----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ე-–--------–-–---–მა ძირითად მსესხებელ - ოლ------–------სთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 8450 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 22 მარტის თავდებობის N----------------- ხელშეკრულება;

- ელ--------–-–---–-ს განცხადება თავდებობის შესახებ.

 

3.1.3. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებით . გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა. მსესხებლის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4325.6 ლარის, ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი - 350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია;

- დავალიანების ცნობა (18.06.2018 წლის მდგომარეობით).

 

3.1.4. სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს სწრაფი განვადების ფარგებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1374 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 23 თვე - 2018 წლის 12 მარტამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 12.04.2016 სწრაფი განვადების განაცხადი;

- 12.04.2016 ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 12.04.2016 N------ საკრედიტო ხელშეკრულება.

 

3.1.5. 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა. 2018 წლის 10 თებერვლის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 206.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია;

- დავალიანების ცნობა (18.06.2018 წლის მდგომარეობით).

 

3.1.6. 2017 წლის 08 მაისს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულება;

- 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.

3.2.2. სს „ბ--------------–----ა“ და ოლ------–------ს შორის 2016 წლის 13 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 12.04.2016 სწრაფი განვადების განაცხადი;

- 12.04.2016 ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 12.04.2016 N------ საკრედიტო ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 870-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს ”თ------------” (სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს) და ოლ------–------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 22.03.2016 და 13.04.2016 საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ოლ------–------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც სს ”თ-----------” ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. აღნიშნული გარემოება სს ”თ-----------” ანიჭებს უფლებას მოითხოვოს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის პერიოდისთვის არსებული პროცენტის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მათ მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 4 078.17 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხების მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 4 078.17 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 2016 წლის 22 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომლიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 18 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 22.03.2016 საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 19.2%.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები („კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ ( სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს და ის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე დამოკიდებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა ( სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2018 წლის 18 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდის თაობაზე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).

 

წარმოდგენილი სარჩელით კრედიტორი ითხოვს ორივე ხელშეკრულებაზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითადი დავალიანების 0,5%-ს გადახდას, მაგრამ 22.03.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო 13.04.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაუმეტეს 380.4 ლარისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ორივე საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, გადაუხდელი კრედიტის ძირი თანხების, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ ბანკსა და მოპასუხე ე-–--------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რაც შეადგენს 8 450 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებს ოლ------–------სა და ე-–--------–-–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სს თ-----------ს“ სასარგებლოდ 118.36 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 20 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

მოპასუხე ოლ------–------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 14.01 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხებისა და პროცენტის ნაწილში, სარჩელის ცნობის გამო სს „თ-----------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254.71 ლარიდან - 122.34 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”თ-----------ს” (სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ოლ------–------სა და ე-–--------–-–---–ს სოლიდარულად მოსარჩელე სს თ-----------ს“ სასარგებლოდ:

1.1.1. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 3 608.68 ლარის, პროცენტის - 350.03 ლარისა და პირგასამტეხლოს 366.89 ლარის გადახდა.

 

1.1.2. 2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.

1.1.3. 2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.04 ლარს), მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1500 ლარისა.

1.1.4. თავდების ელ--------–-–---–-ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8 450 ლარით.

1.2. ოლ------–------ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 13 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს:

 

1.2.1. დავალიანების ძირითადი თანხის 119.46 ლარისა და ჯარიმის 86.9 ლარის გადახდა.

 

1.2.2. 2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 119.46 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.59 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ოლ------–------სა და ე-–--------–-–---–ს მოსარჩელე სს თ-----------ს“ სასარგებლოდ 118.36 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 20 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.

2.1. დაეკისროს ოლ------–------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 14.01 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

2.2.დაუბრუნდეს სს „თ-----------“ 2018 წლის 14 ივნისს N10 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254.71 ლარიდან - 122.34 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია