გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
330310018002756352
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/7714-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - ნ---------------ე, დ------–-----

 

მოპასუხე - შპს „თ------“

წარმომადგენელი - ა-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს „თ------“-ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 437,10 ლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხე - შპს „თ------“-ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით 39,86 ლარის გადახდა..

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „თ------“-ს შორის, 2017 წლის 26 იანვარს დაიდო დაცვის მომსახურების შესახებ #2-- ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველეყო მედიკამენტების საწყობის დაცვა, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------------–ოს რაიონი, წ----------------–--–----, მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. #2-- ხელშეკრულების 2.1. და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური, თვეში 271 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დაცვამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი 2018 წლის ივლისის და აგვისტოს თვის მომსახურების საფასური, რაც ჯამში შეადგენს 437,10 ლარს. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების გამო, დაცვის მხრიდან, 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, შეწყდა დაცვის მომსახურება, თუმცა დარჩენილი დავალიანება დამკვეთს არ გადაუხდია.

 

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამკვეთის მიერ არსებული დავალიანება არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულების 6.7. პუნქტის საფუძველზე, დაერიცხა პირგასამტეხლო 39,86 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაცვის მომსახურების საფასურის - 437,10 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 39,86 ლარის დაკისრება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხე შპს „თ------ის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხე მხარე 2017 წლის 26 იანვრის #2-- ხელშეკრულებას პირნათლად ასრულებდა და იხდიდა მომსახურების თანხას. ამავე წლის მაისის თვეში, დამკვეთი კომპანიის დირექტორის ასისტენტი, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს და გამოთქვა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი. ამავე სატელეფონო საუბარში, დაცვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჭირო აღარ იყო წერილობითი განცხადება და დარჩენილი თანხის გადახდისთანავე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდებოდა. მხარემ ზემოაღნიშნული შეთანხმება საკმარისად ჩათვალა და 2018 წლის პირველ აგვისტოს გადაიხადა დავალიანება, იმ ვარაუდით რომ შეწყდებოდა ხელშეკრულება, თუმცა დაცვის პოლიციის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა 2018 წლის 20 აგვისტოს. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს რომ არ არსებობს მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 26 იანვარს, შპს „თ------“-ს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N2-- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, „დაცვა“ უზრუნველყოფდა „დამკვეთის“ მედიკამენტების საწყობის დაცვას (შემდგომში ობიექტად წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–ოს რაიონი, წ----------------–--–----.

 

ამავე ხელშეკრულებით დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენდა 271,00 ლარს დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენდა 135,00 ლარს, ხოლო დამატებითი გასაღების ღირებულება კი 68,00 ლარს).

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 26 იანვრის N2-- ხელშეკრულება (12-15).

 

3.1.2. 2018 წლის 01 აგვისტოს შპს „თ------“-ის მიერ სახელმწიფო ხაზინაში გადარიცული იქნა სსპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის რეგიონალური სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 813 ლარის ოდენობით.

 

3.1.3. 2018 წლის 20 აგვისტოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა შპს „თ------“-ის განცხადება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 20 აგვისტოს #M---------------- ბრძანების თანახმად, 2018 წლის 20 აგვისტოდან, შეწყდა შპს „თ------“-ის ობიექტის (ქ. თბილისი, წ-------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა შეეწყვიტა მოპასუხის ობიექტზე ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან #0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა უზუნველეყო მე-2 პუნქტში აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებას:

- 2018 წლის 01 აგვისტოს საგადასახადო დავალება (ს.ფ. 69);

2018 წლის 20 აგვისტოს წერილი 2------- (ს.ფ. 53);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 20 აგვისტოს #M---------------- ბრძანება (ს.ფ. 18);

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1.1. შპს „თ------ს“, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2017 წლის 26 იანვრის N2-- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, 476,96 ლარი, საიდანაც 437,10 ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 39,86 ლარი - პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი თანხის ბრუნვის ისტორიით (ს.ფ.19) დგინდება, რომ 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 1084 ლარს, საიდანაც 2018 წლის 01 აგვისტოს დაიფარა მხოლოდ 831 ლარი და გადასახდელი დარჩა 271 ლარი. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა 2018 წლის 20 აგვისტოს, დარჩენილი დავალიანებისა და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხულმა დავალიანებამ შეადგინა 437 (271+116= 437) ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს დავალიანების სრულად დაფარვის გამო, მოსარჩელე ვალდებული იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება, რადგან ასეთი შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხელშეკრულებით კი გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები 5 დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (6.6. პუნქტი). ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი შპს „თ------“-მა გამოთქვა 2018 წლის 20 აგვისტოს წერილით, რის საფუძველზე შეწყდა კიდეც ხელშეკრულება. ამასთან, თუ დადასტურდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება ზეპირი შეთანხმების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც არ იარსებებდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რადგან, როგორც მოსარჩელე თავადაც ადასტურებს, ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მომხდარიყო დავალიანების სრული დაფარვის შემთხვევაში, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს არ მომხდარა დავალიანების სრულად დაფარვა, რაც 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა და ამ ნაწილში ცნო კიდეც სარჩელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს 2017 წლის 26 იანვრის N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დაცვის მომსახურების დავალიანება 437,10 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლო 39,86 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2017 წლის 26 იანვრის N2-- ხელშეკრულება (12-15);

- 2018 წლის 04 ოქტომბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 21);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 271 ლარის ნაწილში (1084 ლარიდან დარჩენილი დავალიანება, ივლისის თვის მომსახურების ღირებულება), რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

7.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტრავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული დაცვის მომსახურების შესახებ 2017 წლის 26 იანვრის N2-- ხელშეკრულების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების საფასური, რამაც ჯამში შეადგინა - 437,10 ლარი (ივლისის და აგვისტოს თვის მდგომარეობით). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მოთხოვნა 116 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (271-ე ლარის ნაწილში მოსარჩელემ ცნო სარჩელი).

 

7.4. ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილების 7.1. და 7.3. პუნქტების გათვალისიწნებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ------“-ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 437,10 ლარის ოდენობით.

 

7.5. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგადამტეხლოს დაკისრების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 26 იანვარს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 39,86 ლარის გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქარვგელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისსი 49-ე მუიხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან მოპასუხეს - შპს „თ------“-ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 476,96 ლარის გადახდა (437,10+39,86=476,96 ), საიდანაც 271 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ მთავარ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 23 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - შპს „თ------“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 437,10 (ოთხასოცდაჩვიდმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე - შპს „თ------“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 39,86 (ოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხეს - შპს „თ------“-ს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდანა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი