გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210018002557433
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22101-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - გ----------------ე

მოპასუხე - კ--------------–---–ი, ტ----------–-------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 5 042.05 ლარის, პროცენტის - 3 191.72 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 16.40 სთ.):

1.1.1. 2013 წლის 10 ივლისს მასსა და მოპასუხე კ--------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე 2016 წლის 11 ივლისამდე გაიცა კრედიტი 5 900 ლარის ოდენობით;

1.1.2. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5%-ით, ხოლო პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის;

1.1.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, განსაზღვრული გრაფიკით გადახდის თაობაზე;

1.1.4. მოპასუხე კ--------------–---–ზე გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე თარიღში, მასსა და მოპასუხე ტ----------–-------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება;

1.1.5. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 11 800 ლარი;

1.1.6. მოპასუხე კ--------------–---–მა 2013 წლის ივლისში აითვისა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა და 2014 წლის იანვრის ჩათვლით სტაბილურად ახორციელებდა შენატანებს;

1.1.7. მოპასუხე კ--------------–---–ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია 2014 წლის თებერვლიდან. აღნიშნული პერიოდიდან მას ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის;

1.1.8. 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით, 2013 წლის 10 ივლისის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება მის მიმართ შეადგენს 10 233.77 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 042.05 ლარი, პროცენტი - 3 191.72 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 000 ლარი;

1.1.9. მის მიერ ნაბაყოფლობით შემცირებული პირგასამტეხლოს დავალიანება 2013 წლის 10 ივლისის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 200 ლარს;

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხე კ--------------–---–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი (ს.ფ. 124-132), რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხე კ--------------–---–მა ცნო მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 5 042.05 ლარის, პროცენტის - 3 191.72 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 200 ლარის დაკისრების თაობაზე (იხ. 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

2.2. მოპასუხე ტ----------–-------ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოპასუხეს განსაზღვრულ ვადაში სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1.2013 წლის 10 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხე კ--------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №9-----, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე 36 თვის ვადით გაიცა კრედიტი 5 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5%-ით, ხოლო პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება თანხის ყოველთვიურად დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, მნიშვნელოვანი პირობები, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 27-28; 24; 29)

 

3.1.2. 2013 წლის 10 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხე კ--------------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების №9----- უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში მოსარჩელეს და მოპასუხე ტ----------–-------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №9------01, რომლის თანახმადაც თავდების პასუხიმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 11 800 ლარით.

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს) აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23)

 

3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეულია მხარეთა შორის 2013 წლის 10 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან №9----- გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 31-32)

 

3.1.4. 2013 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან №9-----52 გამომდინარე, მოპასუხეებს ეკისრებათ მოსარჩელის მიმართ დავალიანება ძირითადი თანხის - 5 042.05 ლარის, პროცენტის - 3 191.72 ლარის და შემცირებული პირგსამტეხლოს - 200 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 30)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

მოპასუხემ - მსესხებელმა კ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობით (2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი), მოპასუხე ტ----------–-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლო დადგენილად და დამტკიცებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე 417-ე, 418-ე, მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 131-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მსესხებლის მიერ საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კ--------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია მოპასუხე ტ----------–-------ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სასამართლო ტახის სულთანოვთან მიმართებაში დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზ/აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა - 5 042.05 ლარი, პროცენტი - 3 191.72 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 423.85 ლარი (ს.ფ. 98). 2019 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 116.84 ლარი (ს.ფ. 150-155). მოსარჩელეს მის მიერ შემცირებულ სასარჩელო მოთხოვნათა გათვალისწინებით ასევე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 54 ლარი თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 253.01 ლარის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - კ--------------–---–ის და ტ----------–-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს - კ--------------–---–ს და ტ----------–-------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა - 5 042.05 ლარი, პროცენტი - 3 191.72 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი;

3. მოპასუხეებს - კ--------------–---–ს და ტ----------–-------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 253.01 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს შპს ,,ს---------------------ს’’ (ს/ნ 2--------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 54 ლარი, რომელიც 2018 წლის 20 ივლისს №1--------- საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი