გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
330210117001998618
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17880-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მარტი,2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ენ------------ქ

წარმომადგენელი - გე-–------------–---ი

 

მოპასუხე - თა---------------–ი

წარმომადგენელი - ნა---–---------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხის თა---------------–ისათვის მოსარჩელის ენ------------ქის სასარგებლოდ 15 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 მარტის №A---------------- განკარგულების საფუძველზე, ელექტრონულ აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა იძულებითი წესით გაყიდული უძრავი ქონება (მდებარე, თბილისი სო----–----------ი) 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ერთსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობით, საერთო ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ, ეზოში არსებული სათბურით) 45000 ლარად. აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე შეძენილი ქონება 2016 წლის 23 მარტს საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში საკადასტრო კოდით 01.7--1--0---1--- მიუხედავად ამისა, სარჩელის წარდგენის დრომდე მოსარჩელე ვერ სარგებლობდა კუთვნილი ქონებით, იმის გამო რომ მოპასუხე თა---------------–ი, ყოფილი მესკუთრე, კვლავ ცხოვრობდა მოსარჩელის მიერ შეძენილ ფართში და არ ათავისუფლებდა ბინას.

 

მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თხოვნით დაეცალა და გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, მაგრამ უშედეგოდ.

 

მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის ქონებით, რის გამოც ამ უკანასკნელს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი საკუთრების გამოუყენებლობის გამო. ქონებით სარგებლობის ხელისშეშლის აღკვეთისა და გამოსახლების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს (საქმე №2/3-----16. 21.12.2016 წელს). მოპასუხის მიერ ხელშეშლის არარსებობისას, მოსარჩელე ქონების გაქირავებით მიიღებდა თვეში არანაკლებ 1000,00 ლარს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზედ განთავსებული სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების (სათბურის) გამოყენებით მისაღები შემოსავლის ჩათვლით.

 

შესაბამისად 2016 წლის 23 მარტიდან ქონების შეძენისა და საჯარო რეესტრის რეგისტრაციიდან 2017 წლის 23 ივნისამდე ქონების გაქირავებით, თხუთმეტი თვის განმავლობაში მოსარჩელე მიიღებდა 15 000,00 ლარის შემოსავალს, რაც ვერ მიიღო თა---------------–ის ქმედებით და ამით მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხის წარმომადგენელს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომებზე სადავოდ არ გაუხდია ფაქტი იმის შესახებ, რომ თა---------------–ი ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას, 2016 წლის 23 მარტიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 23 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2016 წლის 23 მარტიდან უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, სო----–----------ი, 1360 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №-, ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ), №-- საკადასტრო კოდით 0--7--1--0---1--, მესაკუთრედ აღირიცხა ენ------------ქი.

 

უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს განკარგულება №A----------------, დამოწმების თარიღი 14/03/2016; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16).

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ თა---------------–ი ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას.

 

თა---------------–ის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია (მათ შორის არს სასამართლო სხდომებზე) მოპასუხის მის მიერ ბინის ფლობის ფაქტი, მათ შორის, 2016 წლის 23 მარტიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 35-37).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 მარტის ექსპერტიზის დასკვნის (№-------------) თანახმად, დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, სო----–----------ი, 1360 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №-, ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ), №-- საკადასტრო კოდით 0--7--1--031.1-- თვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1 000,00 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია რა გარკვეული საკითხების მიმართ ამ საკითხების მცოდნე პირის ექსპერტის დასკვნის შეფასების შესაძლებლობა, კანონმდებელი ამ პირის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს და ადგენს სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს მიერ მისი შეფასების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 01 მარტის აუდიტორული დასკვნა (№-------------), რომლის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, სო----–----------ი, 1360 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №-, ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ), №-- საკადასტრო კოდით 0--7--1--0---1-- თვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1 000,00 ლარით.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 15 000,00 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებას. მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების თვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1 000,00 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 408-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ენ------------ქი არის მესაკუთრე უძრავი ქონებისა, მდებარე მდებარე, თბილისი, სო----–----------ი, 1360 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №-, ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ), №-- საკადასტრო კოდით 0--7--1--0---1--- სადავო არ არის გარემოება, იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე არ არსებობს კანონიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას 2016 წლის 23 მარტიდან.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის გამო, ენ------------ქმა განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, შესაბამისად, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა სსკ-ის 411-ე მუხლზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული გამდიდრების გათანაბრება წარმოადგენს.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.

 

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებისას, ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. ენ------------ქის მოთხოვნასთან მიმართებით არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რადგან „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს ამ ფართით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით.

 

სამოქალაქო კოდექსი მიჯნავს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციური მოთხოვნების ჯგუფებს: შესრულების კონდიქცია და არა შესრულების კონდიქცია, რაც ხელყოფის კონდიქციასაც გულისხმობს. შესრულების კონდიქცია (976-ე მუხლი) გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: (1) შესრულების საფუძველზე გადაცემა - პირი სხვას გადასცემს რაიმეს შესრულების გზით. (2) შესრულების საფუძველზე შეძენა - პირი რაიმეს იძენს სხვა პირის მიერ შესრულების საფუძველზე. (3) სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა - შესრულება განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან მოგვიანებით მოისპო). ხელყოფის კონდიქცია 982-ე მუხლი) გულისხმობს პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით;

განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა მოწესრიგდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესით, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ენ------------ქის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი მას უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან.

 

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. (იხ, სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).

 

უსაფუძვლოდ სხვისი ქონებით სარგებლობის ან სხვის ხარჯზე რაიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს დაზოგილი ხარჯების ტოლფასი თანხა. მესაკუთრე მისი ნების საწინააღმდეგოდ 2016 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 23 ივნისამდე ვერ სარგებლობდა თავისი საკუთრებით. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და დაზოგილი ხარჯების გათანაბრების მიზნით, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 01 მარტის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, სო----–----------ი, 1360 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №-, ფართით 210,76 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 42.90 კვ.მ, პირველი სართული 1---8- კვ.მ), №-- საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--, თვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1 000,00 ლარით. მოსარჩელემ კი სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა 2016 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 23 ივნისამდე (15 თვე).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხემ მოსარჩელეს სსკ-ის 982-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აუნაზღაუროს მისი თანხმობის გარეშე ნივთით სარგებლობის შედეგად ხელყოფით მიყენებული ზიანი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით 15 000,00 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარი.

მოსარჩელე ენ------------ქს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი (საგადახდო დავალება №-).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ენ------------ქის სარჩელი აკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე თა---------------–ს მოსარჩელე ენ------------ქის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე თა---------------–ს მოსარჩელე ენ------------ქის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

3. მოსარჩელე ენ------------ქს გე-–------------–---ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 2017 წლის 06 ივლისს სს „თი---------ში“ გადახდილი 150 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი (საგადახდო დავალება №-).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე