გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210018002393223
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10535-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - გ-----------------ა, მ--------------------–---–ი

წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი

მოპასუხე - სს ,,თ----------------ა’’

წარმომადგენელი - თ------–-----–--

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 37 970 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-13):

1.1.1. მოსარჩელე გ-----------------ას მიერ 2017 წლის მაისში შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,M------’’, 2017 წლის 02 სექტემბერს გაფორმდა დედის, ასევე მოსარჩელე მ--------------------–---–ის სახელზე;

1.1.2. გ-----------------ამ ავტომანქანის დედამისზე გადაფორმებამდე, 2017 წლის 21 ივნისს მოპასუხესთან გააკეთა განაცხადი ავტომობილის დაზღვევაზე იმ მინიშნების გათვალისწინებით, რაც მას ურჩია სადაზღვევო აგენტმა;

1.1.3. დაზღვევის გაფორმებისას ავტომობილი იყო დაგირავებული სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხისათვის;

1.1.4. 2017 წლის 12 ნოემბერს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, რის შემდეგადაც ავტომობილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანებები;

1.1.5. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი შეფასდა 31 970 ლარად;

1.1.6. მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ავტომობილი იყო დალომბარდებული;

1.1.7. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების პირობები და არც სხვა რომელიმე ნორმა ამგვარი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია;

1.1.8. ისინი უშედეგოდ ეცადნენ მოპასუხესთან მოლაპარაკებების გზით საკითხის მოგვარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 39-49)

2.1.1. დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ავტომობილის მესაკუთრედ სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებული იყო ც-----–---–---------ი, შესაბამისად, იგი ფიქსირდება ავტომობილის მესაკუთრედ დაზღვევის პოლისშიც;

2.1.2. ავტომობილის მოსარჩელე მ--------------------–---–ის სახელზე გადაფორმება მოხდა მოგვიანებით, პოლისის გაფორმებიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ;

2.1.3. ვტომობილის მესაკუთრის ცვლილების ფაქტის თაობაზე ეცნობა მოსარჩელეთა მიერ და აღნიშნულის შესახებ მათ შორის გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება პოლისში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ;

2.1.4. დაზღვევის განაცხადის შევსება ხდება არა დაზღვევის აგენტის რჩევების გათვალისწინებით, არამედ დამზღვევი აწვდის მის ხელთ არსებულ და უტყუარ ინფორმაციას მზღვეველს, რომლის საფუძველზეც მზღვეველი აფორმებს დაზღვევის პოლისს. დამზღვევი განაცხადზე ხელისმოწერით ადასტურებს, რომ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სრული და შეესაბამება სიმართლეს. მასში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე აგენტი ან დაზღვევის რომელიმე თანამშრომელი ვერ იქნება პასუხისმგებელი, ვინაიდან ინფორმაცია ეხება დამზღვევს და დასაზღვევ ავტომობილს და დაზღვევის აგენტები ფიზიკურად ვერ ფლობენ მათთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

2.1.5. მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ განაცხადის შევსება მოხდა დაზღვევის აგენტის რეკომენდაციით, არის უსაფუძვლო და განცხადებაში მოსანიშნი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ განმცხადებელი;

2.1.6. 2017 წლის 12 ნოემბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მოიკვლია შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, პროცედურის შესაბამისად მოახდინა დაზიანებული ნაწილების შეფასება;

2.1.7. შპს ,,ს----------–ის’’ მიერ 2017 წლის 24 ნოემბერს გამოწერილი ინვოისის თანახმად, დაზიანებული ნაწილების შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 21 150 ლარი;

2.1.8. იგი მზად იყო აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, თუმცა დოკუმენტების მოძიების შემდეგ გამოარკვია, რომ დაზღვეული ავტომობილი მოსარჩელის მიერ იყო დაგირავებული;

2.1.9. მოსარჩელეებს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას არ უცნობებიათ მისთვის ავტომობილზე გირავნობის რეგისტრაციის ფაქტი, რაც გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას;

2.1.10. ავტომობილის დაზღვევის პირობების 4.13 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ მზღვეველისათვის სადაზღვევო განაცხადის შესაბამისად მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში (მაგ: ავტოტრანსპორტის გასხვისება, დატვირთვა მესამე პირის სასარგებლოდ, სადაზღვევო რისკის გაზრდა და სხვა), დამზღვევი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს წერილობითი ფორმით. ამავე პირობების 3.12 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი დამზღვევის მიერ დაზღვევის პირობებით და პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამავე პირობების 1.1.20 პუნქტის თანახმად კი დაზღვევა არ მოქმედებს და ზიანი არ ანაზღაურდება, თუ დამზღვევმა ან მოსარგებლემ ან უფლებამოსილმა მძღოლმა დაარღვია ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა;

2.1.11. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი რომც ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას, გაუგებარია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასების მოცულობა და იგი ბევრად მეტია ავტომობილისათვის რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 21 ივლისს მოპასუხეს წარედგინა მოსარჩელე გ-----------------ას მიერ ხელმოწერილი ავტოსატრანსპორტო დაზღვევის განაცხადი №S---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების-მარკა, მოდელი-B-------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი- ,,M------’’ დაზღვევის თაობაზე.

აღნიშნული განაცხადის თანახმად, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ერთ-ერთ მახასიათებლად მითითებულია, რომ ავტომობილი არ არის დატვირთული მესამე პირთა სასარგებლოდ (არის უფლებრივად უნაკლო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი (ს.ფ. 60)

 

3.1.2. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, მოსარჩელის მიერ ავტოსატრანსპორტო დაზღვევის განაცხადის №S---------- წარდგენის დროს ამ განცხადებით მოთხოვნილ დასაზღვევ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე-მარკა, მოდელი-B--------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი-,,M------’’ გირავნობის და სესხის 2016 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო გირავნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 19)

 

3.1.3. 2017 წლის 21 ივლისის ავტოსატრანსპორტო დაზღვევის განაცხადის №S---------- საფუძველზე, ამავე თარიღში მოპასუხის მიერ დამზღვევის/მოსარგებლის-გ-----------------ას სასარგებლოდ გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი №K---------------, რომლის თანახმადაც, დაზღვეულ ავტომობილს წარმოადგენდა თა-----–-----–---–-ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი-B--------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი-,,M------’’.

აღნიშნული სადაზღვევო პოლისის თანახმად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა - 20 000 აშშ დოლარით, სადაზღვევო პრემია კი 1 044 აშშ დოლარით. ამავე დაზღვევის პოლისის თანახმად, განისაზღვრა ანაზღაურებისას ნულოვანი ფრანშიზა ყველა რისკის მიმართ, ხოლო 21-დან 25 წლის 1 წელზე ნაკლები მართვის გამოცდილების მქონე მძღოლებისათვის, ფრანშიზა განისაზღვრა ზარალის 10%-ით (მინიმუმ 100 აშშ დოლარი თითოეულ და ყველა შემთხვევაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 59)

 

3.1.4. 2017 წლის 21 ივლისის ავტომობილის დაზღვევის პოლისის №K--------------- თანახმად, წინამდებარე პოლისი და სს ,,თ----------------ის’’ ავტომობილის დაზღვევის პირობები წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეულ ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია - ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) შედეგად.

სს ,,თ----------------ის’’ ავტომობილის დაზღვევის პირობების №K---------- 4.13 პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად და კონკრეტული დაზღვევის განსახორციელებლად წარმოდგენილ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში (მაგ: ავტოტრანსპორტის გასხვისება, დატვირთვა მესამე პირის სასარგებლოდ, სადაზღვევო გასაღების ან სიგნალიზაციის პულტის დაკარგვა, დამზღვევის ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის ცვლილება, დამზღვევის მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება და ა.შ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს წერილობითი ფორმით. წინამდებარე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

ამავე პირობების 3.12 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ავტომობილის დაზღვევის პირობების №-------- 1.1.20 პუნქტით განსაზღვრულია, რომ წინამდებარე პირობების თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება ან/და ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ დამზღვევმა ან მოსარგებლემ, ან უფლებამოსილმა მძღოლმა დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა.

დაზღვევის პირობების A3.4 პუნქტის თანახმად, თუ დაზღვეული ავტომობილის ასაკი არ აღემატება 3 წელს და მასზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი, შეკეთების ღირებულების განსაზღვრისას მზღვეველი დაეყრდნობა ლიცენზირებული შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრის კალკულაცია, სხვა შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია თავად შეარჩიოს ავტომობილის შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრი და სადაზღვევო ანაზღაურება გასცეს საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

A3.5 პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევი უარს იტყვის მზღვეველის მიერ შეთავაზებულ ავტოშემკეთებელი სერვის ცენტრის მომსახურებაზე და თავად შეარჩევს ავტოსერვის ცენტრს დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად, ამ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება მის მიერ შერჩეული ავტოსერვის ცენტრის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში მიუხედავად იმისა, თუ რა ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს დამზღვევის მიერ შერჩეული ავტოსერვის ცენტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პირობები, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 61-91; 20-22)

 

3.1.5. 2017 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელე გ-----------------ას და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება ავტომობილის დაზღვევის K--------------- პოლისში ცვლილების/დამატების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზღვევის პოლისში მითითებული მესაკუთრე შეიცვალა ახალი მესაკუთრით - მ--------------------–---–ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ. 55)

 

3.1.6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა, მოდელი-B--------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი-,,M------’’, რეგისტრირებულია 03.11.2016 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №1-------, რომლის თანახმადაც მოგირავნეა სს ,,ლ-------------ი’’. ამავე ცნობის თანახმად ბანკის გირავნობის უფლება იყო მე-2 რიგის.

ამავე ავტომობილზე 2017 წლის 02 სექტემბერს მ--------------------–---–ის მიერ გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №1-------, რომლითაც უზურნველყოფილი იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, უზურნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ოდენობა-32 900 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის ხელშეკრულება, ცნობა, გირავნობის საგნის აღწერა (ს.ფ. 14-19, 58)

 

3.1.7. მოსარჩელე მ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული და 2017 წლის 21 ივნისის დაზღვევის პოლისის საფუძველზე დამზღვევის/მოსარგებლის-გ-----------------ას სასარგებლოდ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი-B--------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი-,,M------’’ დაზიანდა 2017 წლის 12 ნოემბერს მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 27)

 

3.1.8. 2017 წლის 12 ნოემბრის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის №M----------- თანახმად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის 12 ნოემბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2017 წლის 02 სექტემბერს რეგისტრირებული იყო გირავნობა სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ, რის თაობაზეც დამზღვევმა არ აცნობა მზღვეველს, თანახმად დაზღვევის პირობების მე-4 მუხლის 4.13. პუნქტისა. აღნიშნული კი მას დაზღვევის პირობების მე-3 მუხლის 3.12. პუნქტის თანახმად ათავისუფლებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

დადგენილია მხარეთა შორის ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების დადების თაობაზე ფაქტობრივი გარემოება.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო უპირველეს გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ემსახურება თუ არა მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებას მოპასუხის მიერ.

მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დაზღვეულ ავტომობილზე რეგისტრირებულია გირავნობა სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაზღვევის გაფორმებიდან მე-2 დღეს, რის თაობაზეც (შესაბამისი ცვლილების თაობაზე), მოსარჩელე ვალდებული იყო ეცნობებინა მისთვის, რაც გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, მოპასუხემ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.13, 3.12 და 1.1.20 პუნქტები და განმარტა, რომ ვინაიდან მისთვის მოსარჩელისგან ცნობილი არ იყო დაზღვეული ავტომობილის დაგირავების ფაქტი, იგი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანაზღაურებაზე.

მოსარჩელის მითითებით, უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია, ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას დროისათვის ავტომობილის მესაკუთრეს და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნე - სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დასაზღვევ ავტომობილზე უკვე იყო რეგისტრირებული გირავნობა და ეს გარემოება მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა, მოდელი - B--------, გამოშვების წელი - 2015, სარეგისტრაციო ნომერი - ,,M------’’ 2017 წლის 02 სექტემბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა №1-------, რომლის თანახმადაც დამგირავებელია - უ----------–---–----------, მოგირავნე კი - სს ,,ლ-------------ი’’. ამასთანავე, მხარეები არ დავობენ და შესაბამისად სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გ-----------------ას მიერ ავტოტრანსპორტის დაზღვევის განაცხადის შევსების დროისათვის ავტომობილზე უკვე რეგისტრირებული იყო გირავნობა. კერძოდ, დადგენილია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას ავტომობილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ც-----–---–---------ი და საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, მოსარჩელის მიერ ავტოსატრანსპორტო დაზღვევის განაცხადის №S---------- წარდგენის დროს ამ განცხადებით მოთხოვნილ დასაზღვევ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე-მარკა, მოდელი-B--------, გამოშვების წელი-2015, სარეგისტრაციო ნომერი-,,M------’’ გირავნობის და სესხის 2016 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო გირავნობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის პოზიცია არსებითად ემყარება წარმოდგენილ დაზღვევის ხელშეკრულების განაცხადს, რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ. აღნიშნული განაცხადის თანახმად, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ერთ-ერთ მახასიათებლად მითითებულია, რომ ავტომობილი არ არის დატვირთული მესამე პირთა სასარგებლოდ (არის უფლებრივად უნაკლო).

აღნიშნული წერილობითი დოკუმენტის შეფასებისას, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ იგი მართალია ხელმოწერილია მის მიერ, თუმცა თავად განაცხადის ფორმა მიუთითებს, რომ იგი შედგენილია არა უშუალოდ მოსარჩელის, არამედ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზღვევის აგენტის ჩვენების ერთიანობაში შეფასებიდან კი არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ გადასცა მას ინფორმაცია დასაზღვევ ავტომობილზე გირავნობის რეგისტრაციის ფაქტის არსებობის შესახებ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ წარმოდგენილი ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ავტომობილის გირავნობის საგნად გამოყენება გამორიცხავს მოპასუხის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ №ას-663-629-2015).

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, მისი კლასიკური გაგებით, გულისხმობს მომხმარებლისა და მეწარმის თანაბარ უფლებას, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ნების თავისუფალი გამოვლენის გზით დადონ ნებისმიერი კანონით აუკრძალავი შინაარსის ხელშეკრულება. მეორე მხრივ, იგი ლოგიკურადაა დაკავშირებული ნების თავისუფლების იდეასთან და თვით პასუხისმგებლობასთან. იგულისხმება, რომ ბრუნვის მონაწილე ყოველი პირი მოქმედებს გონივრულად, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მზადაა პასუხი აგოს შედეგებზე.

აღნიშნულზე მითითებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტსა და ხელშეკრულების ცალსახად უფრო ,,ძლიერ მხარეს’’ ჰქონდა სრული შესაძლებლობა შეემოწმებინა ფაქტი ავტომობილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც მის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დაკავშირებული იყო ამ ფაქტთან. საქმის მასალებით კი არ დასტურდება მოპასუხის მიერ გონივრული წინდახედულობის ფარგლებში ავტომობილის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოძიების ან თუნდაც მისივე განმარტების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მხოლოდ სიტყვიერად მითითებული ფაქტის შემოწმების შესახებ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებულია ზიანი ექვემდებარება მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.

 

3.2.2. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 21 150 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო კიდევ ერთ გარემოებას წარმოადგენს ანაზღაურების თანხის ოდენობის განსაზღვრა.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 19 თებერვალს შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ გაცემული შეკვეთის ფორმა (ს.ფ. 25-26), რომლის თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 31 135.40 ლარს.

მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას ზიანის ოდენობასთან მიმართებით და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია ხელოვნურად გაზრდილი ფასები, აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 24 ნოემბერს შპს ,,ს----------–ის’’ მიერ გაცემული აქტი (ს.ფ. 56-57), რომლის თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაზიანებული ნაწილების და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების ჩათვლით შეადგენს ჯამში 21 150 ლარს.

დადგენილია, რომ ავტომობილის დაზღვევის პირობების A3.5 პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევი უარს იტყვის მზღვეველის მიერ შეთავაზებულ ავტოშემკეთებელი სერვის ცენტრის მომსახურებაზე და თავად შეარჩევს ავტოსერვის ცენტრს დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად, ამ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება მის მიერ შერჩეული ავტოსერვის ცენტრის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში მიუხედავად იმისა, თუ რა ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს დამზღვევის მიერ შერჩეული ავტოსერვის ცენტრი.

შესაბამისად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ ანაზღაურებისას ზიანის ოდენობის დადგენაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მზღვეველი - განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე, შესაბამისად, განხორციელებული შედავების ფარგლებში სასამართლოს ხელშეკრულებაშივე არსებული დათქმიდან გამომდინარე გონივრულად და მიზანშეწონილად მიაჩნია საპირისპირო მტკიცებულებების შეფასებისას გაიზიაროს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების ცხრილი შედგენილია ავტოსაგზაო შემთხვევიდან მცირე პერიოდში - 2017 წლის 24 ნოემბერს, რაც დამატებით აძლიერებს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად და რეალურად ასახავს იმ დაზიანებული ნაწილების და შესაკეთებლად აუცილებელი სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც დაზღვეულ ავტომობილს დაუზიანდა ასანაზღაურებელი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მასში ასახული მონაცემები შესაბამისობაშია საბაზრო ფასებთან და არ ასახავს ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ დადგენილ ფასებს, რაც, როგორც წესი არ არის შესაბამისობაში საბაზრო ფასებთან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, წარმოდგენილი საპირისპირო მტკიცებულებების არსებობის ფონზე, მოპასუხემ უზრუნველყო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის დადასტურება წარმოდგენილი უტყუარი წერილობითი მტკიცებულებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 21 150 ლარს.

-შეფასების ცხრილი (ს.ფ. 56-57)

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 799-ე, 361-ე, მე-400 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.

დადგენილია, რომ ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეულ ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია - ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) შედეგად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარის თქმის შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი წარმოდგენილი დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 21 150 ლარს.

ყოველივე აღნიშნული განაპირობებს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის ნაწილობრივ-სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1 140 ლარის ოდენობით (ს.ფ. 34), ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 635 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ-----------------ას და მ--------------------–---–ის სარჩელი სს ,,თ----------------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე სს ,,თ----------------ას’’ მოსარჩელე გ-----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 21 150 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე სს ,,თ----------------ას’’ მოსარჩელე გ-----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 635 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი