გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210018002742692
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34590-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: ქ--–--------–----------–----–-------------–--------------------------ა;

წარმომადგენელი: ნი-------------–ი;

მოპასუხე: შპს ''რ-----------–--–--ს'';

წარმომადგენელი: რე-----–-------ე;

დავის საგანი: პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ''რ-----------–--–--ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2695.55 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ''რ-----------–--–--სმა'' სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 12 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას და შპს ''რ-----------–--–--ს'' შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------------ ხელშეკრულება, კო------–------------------–----------------------–--–------------–--–--------------ს საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა - 187 183 ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად-არაუგვიანეს 2018 წლის 9 ივლისი.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შესყიდვის ობიექტის (ნაწილის) მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით და ხელშეკრულება ჩაითვლება შეუსრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------------ ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.2. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები. მათ შორის 32 დღის დაგვიანებით წარდგენილ იქნა 1-------------4 2018 წლის 10 აგვისტოს მიღება ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება - ჩაბარების აქტები.

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.3. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადის 32 დღით გადაცილების გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 187 183 ლარის 0.1%-ის გადახდა, რომელიც 32 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს - 5989.86 ლარს. გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოპასუხეს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის - 14.08.2018 წლის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.08.2018 წლის წერილი, 13.08.2018 წლის მოხსენებითი ბარათი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 14.08.2018 წლის წერილით მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობისგან მოითხოვა წერილში მითითებული შპს ''რ-----------–--–--ზე'' დაკისრებული პირგასამტეხლო რომელიც შეადგენს - 5989.86 ლარს, დაუკავდეს შესრულებული სამუშაოების შესახებ 1-------------4 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მისაღები თანხიდან, რომელიც შეადგენს - 3294.31 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის ნაწილს - 2695.55 ლარს მოპასუხე გადაიხდის სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე 2018 წლის 14 აგვისტოს. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხის მიერ არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 14 აგვისტოს წერილის ასლი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე-420-ე, 629-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა - 2018 წლის 12 მარტიდან.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, ერთის მხრივ ქ. თბ--–----------–----–---------------------–---------------ის გამგეობა და მეორეს მხრივ, შპს ''რ-----------–--–--ს'' შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების ნაწილი შეასრულა ვადის დარღვევით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ''რ-----------–--–--ს'' მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აქვს სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელის დაანგარიშების მიხედვით შეადგენს - 5989.86 ლარს.

 

შეთანხმებების მიხედვით კი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით დადგენილია, რომ შპს ''რ-----------–--–--სმა'' ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

6.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა - 32 დღით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალია იმის გათვალისწინებითაც რომ მოსარჩელე აღნიშნულის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი სრული თანხიდან ნაწილი - 3294.31 ლარი უკვე დაკავებული და დაქვითულია მოსარჩელის მიერ და სასარჩელო მოთხოვნა კიდევ ჯარიმის სახით 2695.55 ლარის დაკისრების მოთხოვნით არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს - 1347.77 ლარამდე, ანუ პირგასამტეხლოს განაკვეთი შემცირდეს 0.05%-მდე.

სასამართლო სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს მიიჩნევს გონივრულ პირგასამტეხლოდ და განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი ''სანქცია'', რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას'' (იხ. სუსგ Nას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის 1347.77 ლარის 3% შეადგენს - 40.43 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ--–--------–----------–----–-------------–---------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ''რ-----------–--–--ს''-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1347.77 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''რ-----------–--–--ს''-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 40.43 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი