გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210018002553402
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21886-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - ულ------------ი

წარმომადგენელი - ზუ----------------ე

მოპასუხე - გი-----------–---–ი

წარმომადგენელი - ია----------–-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი-----------–---–ისათვის ულ------------ის სასარგებლოდ 1500 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმეზე N2/3-----16) აღსრულების უზრუნველსაყოფად, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ულ------------ი, ხოლო მოვალეს გი-----------–---–ი, ულ------------მა 2017 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ დ----- მ------–---–-. კერძო აღმასრულებელსა და ულ------------ს შორის დაიდო N2/3-----19 ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სააღსრულებო მომსახურების გაწევისათვის მომსახურების საფასური განისაზღვრა 1500 ლარით. ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 07 ნოემბერს კერძო აღმასრულებლისათვის მოხდა სააღსრულებო საფასურის გადახდა სრული ოდენობით, რის შედეგადაც კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო მოქმედებები და მოვალე გი-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვა მოძრავი ნივთები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს, რომ კრედიტორის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეზე გადახდილი აღსრულების საფასური ექვემდებარება მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადახდას, მოვალე ნებაყოფლობით არ ანაზღაურებს კრედიტორის მიერ აღსრულების საფასურის სახით გადახდილ ხარჯს, რის გამოც აუცილებელი გახდა სასამართლოსათვის მიმართვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო ნაწილობრივ 800 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღსრულების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს, თუმცა არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, რომელიც შეადგენს ნივთის საბაზრო ღირებულების 1%. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთების ღირებულება შეადგენდა ჯამში 80 000-მდე ლარს, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს 80 000 ლარის 1%-ის 800 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა.

 

(მოისმინეთ 2019 წლის 04 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 12:40:54)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმეზე N2/3-----16) აღსრულების უზრუნველსაყოფად, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ულ------------ი, ხოლო მოვალეს გი-----------–---–ი, ულ------------მა 2017 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ დ----- მ------–---–- და დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 15).

 

3.1.2. 2017 წლის 07 ნოემბერს ულ------------სა და კერძო აღმასრულებელ დ----- მ------–---–- შორის დაიდო სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განისაზღვრა მომსახურების საზღაურის ოდენობა და ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, შემკვეთი ვალდებულია კერძო აღმასრულებელს გადაუხადოს მომსახურების ღირებულება საზღაურის სახით 1500 ლარი.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 07 ნოემბერს ულ------------ის მიერ კერძო აღმასრულებლისათვის მოხდა სააღსრულებო საფასურის გადახდა სრული ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 16-17);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 19);

 

3.1.3. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებელმა დ----- მ------–---–-- მოახდინა მოვალე გი-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.

 

კერძოდ, კრედიტორ ულ------------ს გადაეცა მოძრავი ნივთები, 2500 ცალი დ------, 2 200 ცალი დ-----, 2000 კვ.მ. ხ-------. ამასთან, განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული გადასაცემი ნივთების ნაწილი, კერძოდ 300 ცალი დ----- მოვალე გი-----------–---–ის მფლობელობაში არ იმყოფებოდა, რის გამოც კრედიტორს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაცემული N2/3-----16 სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო აღმასრულებლის წერილი (ს.ფ. 20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ულ------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 208-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე, 147-ე, 38-ე მუხლები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N144 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე - გი-----------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 800 ლარის ოდენობით, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით დადგენილია, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.

 

ამავე კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1417 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N144 ბრძანებით დამტკიცებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესი.

 

აღნიშნულის ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულია სააღსრულებო წარმოებისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა, კერძოდ 3.3. პუნქტის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე არსებული წარმოების საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასებს მას. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმეზე N2/3-----16) აღსრულების უზრუნველსაყოფად, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ულ------------ი, ხოლო მოვალეს გი-----------–---–ი, ულ------------მა 2017 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ დ----- მ------–---–- და დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებელმა დ----- მ------–---–-- მოახდინა მოვალე გი-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.

 

კერძოდ, კრედიტორ ულ------------ს გადაეცა მოძრავი ნივთები, 2500 ცალი დ------, 2 200 ცალი დ-----, 2000 კვ.მ. ხ-------. ამასთან, განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული გადასაცემი ნივთების ნაწილი, კერძოდ 300 ცალი დ----- მოვალე გი-----------–---–ის მფლობელობაში არ იმყოფებოდა, რის გამოც კრედიტორს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაცემული N2/3-----16 სააღსრულებო ფურცელი.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ნივთების ღირებულება შეადგენს 80 000 ლარს, რაც აგრეთვე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით. (ს.ფ. 75-76);

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობა ნივთების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 800 ლარს (80 000 ლარის 1%), რაც დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას დარჩენილი 700 ლარის ნაწილში (1500-800);

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გააჩნია მხოლოდ 800 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ულ------------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი (ს.ფ. 50);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ულ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გი-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 800 ლარის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ნაწილი 24 ლარის ოდენობით. დარჩენილი ნაწილი კი სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ულ------------ის სარჩელი მოპასუხე გი-----------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გი-----------–---–ს მოსარჩელე ულ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 800 ლარის გადახდა.

 

3. ულ------------ს დაუბრუნდეს ზუ----------------ის მიერ 2018 წლის 20 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 24 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 20/07/2018; საგადასახადო დავალება #0; გადამხდელი - ზუ----------------ე; გადამხდელის ბანკი - ს---------------; სახაზინო კოდი - 3--------; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა.)

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი