გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/14707-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: შ-----–------ი“
წარმომადგენლები: ნ----------------–--ი, პ--------------ე
მოპასუხე: ზ----------------–--–ი
წარმომადგენლები: ი-------------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ----------------–---–ს შ-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 34226,27 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ----------------–---–ის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შ-----–------ის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 325650,57 ლარის ფარგლებში. დავის მიმდინარეობის დროს შ-----–------მა“ მხოლოდ 94150 ლარის გადახდაზე განაცხადა თანხმობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ----------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ-----–------ს“ დაეკისრა მხოლოდ 94150,57 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გასაჩივრების მიუხედავად არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში.
რაც შეეხება გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, ვინაიდან გაუმართლებელი აღმოჩნდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით.
იმის გამო, რომ ზ----------------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე შ-----–------ს“ გაუმართლებლად ჰქონდა დაყადაღებული ბანკში რეალურად არსებული თანხა 308003,91 ლარი, მან კანონით დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადა 2015 წლის გადასახადები 94904 ლარი, რის გამოც დაერიცხა საურავი 34226,27 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ზ----------------–--–ი არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის თავდაპირველ მფლობელს. შ-----–------ის“ მიმართ თავდაპირველად მოთხოვნა კომპანია „--–----- ჰქონდა, რომელმაც მოთხოვნა ზ----------------–---–ს დაუთმო. თუ მოთხოვნა ნაკლიანი იყო იმდენად და იმგვარად, რომ ეს შეიძლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით სარჩელის საფუძველი გახდეს, ამაზე პასუხისმგებელია შ------–---ი“. ის რომ მოთხოვნის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია მისი დამთმობი, ეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაშიც არის აღნიშნული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქმის წარმოებისას მხარეს ანიჭებს უფლებას, მოსთხოვოს სასამართლოს, მათ შორის მეორე მხარის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება. აღნიშნული კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ შეიძლება ცალსახად იქნეს განმარტებული ისე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, რომელიც მიადგა მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. მითითებული დანაწესის ასე გაგება სრულიად უკარგავს აზრს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებობას, რომ მისი მოთხოვნა საბოლოოდ არ დარჩეს აღუსრულებელი.
გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ დგება, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება ზ----------------–---–ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გასათვალისწინებელია ის საკითხიც, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად მისი გამოყენების საკითხი არ შეიძლება განმარტებული იქნეს ზ----------------–---–ის, როგორც იმ დავის მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერი და მიზანმიმართული მოქმედება.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მან გაასაჩივრა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დარიცხვის შესახებ და საბოლოო დარიცხვა არის კანონიერ ძალაში შესული, არაა მტკიცებულება, რომ მხარე ეცადა საგადასახადო მოთხოვნის შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ----------------–---–ის განცხადება და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოს ყველა ლიცენზირებულ ბანკში შ-----–------ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს, მთლიანობაში 325650,57 ლარის ფარგლებში. ყადაღის დადების რეგისტრაცია სს „-----------–--------–-- არსებულ შ-----–------ის“ კუთვნილ ანგარიშზე 2015 წლის 17 მარტს განხორციელდა.ყადაღა გავრცელდა საბანკო ანარიშზე არსებულ თანხაზე 308 003.91 ლარზე.
აღძრული სარჩელით ზ----------------–---–მა მოითხოვა 325650,57 ლარის, ხოლო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ - 264050,57 ლარის შ-----–------ისთვის“ დაკისრება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ-----–------ს“ დაეკისრა მხოლოდ იმ თანხის (94150,57 ლარის) გადახდა, რაც მან მოსამზადებელ ეტაპზე ცნო. შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა დამატებით 231500 ლარის დაკისრების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.03.2015 წლის განჩინება #1--------
- სს „საქართველოს ბანკის“ 19.07.2017 წლის წერილი N5------
- 16.06.2015 წლის გადაწყვეტილება #2/213-15;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, ზ----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შ-----–------ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 325650,57 ლარის ფარგლებში.
ყადაღის მოხსნის რეგისტრაცია 2017 წლის 13 ივნისს განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.05.2017 წლის განჩინება #1-------
- სს „საქართველოს ბანკის“ 19.07.2017 წლის წერილი N5------
3.1.3. 2015 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 13 ივნისამდე პერიოდში შ-----–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები არ განუხორციელებია. შ-----–------მა“ საბიუჯეტო გადახდა 2017 წლის 13 ივნისს განახორციელა და გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 128798,10 ლარს. მითითებული თანხიდან დაიფარა ძირითადი საგადასახადო დავალიანება - 94904 ლარი, საურავი - 33894,1 ლარი და 2017 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე დარჩა დავალიანება - 379,63 ლარი, რაც არის საურავი. აღნიშნული თანხა შ-----–------მა“ 2017 წლის 21 დეკემბერს გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი;
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან;
- შემოსავლების სამსახურის 05/12/2018 წლის წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შ-----–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით (2017 წლის 13 ივნისამდე) გააჩნდა ძირითადი საგადასახადო დავალიანება 94904 ლარი, ხოლო საურავის სახით - 34226,28 ლარი. ვინაიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა შ-----–------მა მეორე დღეს, 2017 წლის 13 ივნისს განახორციელა, ერთ დღეზე დარიცხული საურავის გათვალისწინებით საურავის თანხამ შეადგინა 34273,73 ლარი, საიდანაც 13 ივნისს დაიფარა 33894,1 ლარი, ხოლო 2017 წლის 21 დეკემბერს - 379,63 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი;
- შემოსავლების სამსახურის 05/12/2018 წლის წერილი;
- შედარების აქტი (02.01.2016-დან 13.06.2017-მდე).
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდა შ-----–------მა“ ვერ განახორციელა მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე რეგისტრირებული ყადაღის გამო. საბანკო ანაგარიშზე ყადაღის დადება ნაწილობრივ გაუმართლებელი აღმოჩნდა ვინაიდან მოსარჩელი სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ 94 150,57 ლარი, ხოლო 231 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ ყადაღის რეგისტრაცია 2015 წლის 17 მარტს განხორციელდა, შესაბამისად, სასამართლოსთვის საინტერესოა, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არსებობდა თუ არა ყადაღის რეგისტრაციამდე, თუ შემდგომში დაგროვილი დავალიანებაა.
საქმეს ერთვის 01.01.2014 წლიდან 31.12.2015 წლამდე მონაცემების ამსახველი გადასახადის გადამხდელის პერიოდის პირადი აღრიცხვის ბარათი, საიდანაც დგინდება, რომ 2015 წლის 6 მარტს შ-----–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი ჰქონდა მხოლოდ საურავი - 21,87 ლარი, რაც გადაიხადა 2015 წლის 10 მარტს და მას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აღარ გააჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამდენად, ამ მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, თუკი შ-----–------ს“ ბიუჯეტის მიმართ ექნებოდა ძირითადი საგადასახადო დავალიანება, პირველ რიგში მოხდებოდა მისი დაფარვა.
იმავე ბარათით დგინდება, რომ 2015 წლის 16 მარტს შ-----–------ს“ დაერიცხა საგადასახადო დავალიანება - 11777 ლარი. იგივეა მითითებული შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 17 მარტის მდგომარეობით შ-----–------ს“ ერიცხება სალდირებული დავალიანება 11784,07 ლარი, მათ შორის ძირი თანხა - 11777 ლარი, საურავი - 7,07 ლარი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ ვერ განხორციელდა, ვინაიდან 2015 წლის 17 მარტს დარეგისტრირდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებით გამოყენებული ყადაღა. ყადაღის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კი საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის არსებობა გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვის შესაძლებლობას.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, შ-----–------ს“ დამატებით ეკისრებოდა როგორც ძირითადი გადასახადის თანხები, ასევე მათი გადაუხდელობის გამო - საურავები, რომელთა დაფარვის შესაძლებლობა მხოლოდ ყადაღის გაუქმების რეგისტრაციის შემდგომ გახდა შესაძლებელი, საბიუჯეტო გადახდა შ-----–------მა“ 2017 წლის 13 ივნისს განახორციელა.
ამდენად, ყადაღის დადების გამო შ-----–------მა“ დაარღვია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, ვერ შეძლო დროულად გადაეხადა ძირითადი თანხები, რამაც თავისთავად გამოიწვია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი;
- შემოსავლების სამსახურის 05/12/2018 წლის წერილი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ კანონის დარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ზოგადი წესებით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი: უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი, ერთის მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას - ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა“ (იხ. #ას-1216-1136-2017; 18.05.2018 წელი).
დადგენილია, რომ ზ----------------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაედო შ-----–------ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 325650,57 ლარის ფარგლებში, თუმცა რეალურად საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა შეადგენდა 308 003.91 ლარს რომელზედაც გავრცელდა ყადაღა. არსებითი გადაწყვეტილებით ზ----------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ-----–------ს“ დაეკისრა მხოლოდ იმ თანხის გადახდა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოვალემ დაადასტურა (დაეკისრა 94150,57 ლარის გადახდა), ხოლო 231 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება 2017 წლის 15 მაისის განჩინებით გაუქმდა და გაუქმება 2015 წლის 17 მარტს დარეგისტრირდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყადაღის რეგისტრაციის ფაქტამდე შ-----–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი დავალიანება არც ძირითადი გადასახადის და არც საურავის სახით არ ერიცხებოდა, ხოლო შემდგომში დარიცხული გადასახდელის გადახდა ანგარიშზე რეგისტრირებული ყადაღის გამო ვეღარ განხორციელდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შ-----–------ს“ ძირითადი გადასახდელის გადაუხდელობის გამო საურავის სახით 2017 წლის 13 ივნისამდე (ყადაღის გაუქმების რეგისტრაციამდე) ერიცხებოდა 34226,28 ლარი, რაც მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია. ამდენად, საფუძვლიანია შ-----–------ის“ მოთხოვნა და სარჩელის უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
5. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 1026,78 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ-----–------ის“ სარჩელი ზ----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოპასუხეს ზ----------------–---–ს შ-----–------ის“ სასარგებლოდ 34226,27 ლარი;
3. დაეკისროს მოპასუხეს ზ----------------–---–ს შ-----–------ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1026,78 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე