გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
160210019002803369
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16-19

160210019002803369

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს „ლი------------ი“

წარმომადგენელი - გი--------–-----ე

მოპასუხე - ელ----------–--ვი

ადვოკატი - ომ----------------–---ი

თარჯიმანი - ნა--–------------ვა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ელ----------–--ვისთვის 8319.96 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6955.6 ლარი, პროცენტი - 923.95 ლარი, პირგასამტეხლო - 220.41 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

1.2. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხე ელ----------–--ვის საკუთრებაში არსებული 2017 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დატვირთული ავტომანქანის Ford Transsit, სახელმწიფო ნომრით FF------- რეალიზაცია.

1.3. კრედიტორს მიეცეს უფლება აღსრულება მიაქციოს ელ----------–--ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე რომ პირველ რიგში არ მოახდინოს დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, თუმცა კრედიტორისათვის მინიჭებულმა ამ უფლებამ არ გამორიცხოს პირველ რიგში უზრუნველსაყოფად დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის უფლება.

 

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 2 ნოემბერს სს "ლი------------სა" და ელ----------–--ვს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 9400 ლარით, პროცენტი 54%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 72.20%, პირგასამტეხლო 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოქმედების ვადად განისაზღვრა 04.11.2019 წელი. მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა მოეხდინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა ავტომობილი Ford Transit სახელმწიფო ნომრით FF-------. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის პირობები 03.09.2018 წლიდან. შესაბამისად, ჯარიმა ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით.

 

2018 წლის 9 სექტემბერს ბანკმა წერილობით აცნობა მხარეს, რომ 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვაოლისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 8319.96 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6955.6 ლარი, პროცენტი - 923.95 ლარი, პირგასამტეხლო - 220.41 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ელ----------–--ვმა წარმოდგინილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მასსა და ბანკს შორის გაფორმებული ყველა ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, რომელსაც იგი არ ფლობდა, ამასთან სარჩელით მოთხოვნილი საპროცენტი სარგებელი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. რაც შეეხება გირავნობის საგანს, რუსეთში ყოფნისას ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი და განადგურდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 2 ნოემბერს სს "ლი------------სა" და ელ----------–--ვს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 9400 ლარით, პროცენტი - 54%, პირგასამტეხლო - 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოქმედების ვადად განისაზღვრა 04.11.2019 წელი. მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა მოეხდინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.11.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 18171486 (ს.ფ. 18-21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა ავტომობილი Ford Transit სახელმწიფო ნომრით FF-------.

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.11.2017 წლის გირავნობის ხელშეკრულება (# 18171486) (ს.ფ. 24-28);

- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობები (ს.ფ. 29-31);

- სს „ლი------------ის" ამონაწერი ანგარიშიდან საავტომობილო ლომბარდზე გაწეული ხარჯის - სააღსრულებო მომსახურების საფასურის შესახებ (ს.ფ. 35-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის პირობები 03.09.2018 წლიდან. შესაბამისად, ჯარიმა ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);

 

3.1.4. 2018 წლის 9 სექტემბერს ბანკმა წერილობით აცნობა მხარეს, რომ 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 37-38);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში გირავნობის საგანი -ავტომობილი Ford Transit სახელმწიფო ნომრით FF-------, განადგურდა - დაიწვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, იმის დადასტურება, ავტომანქანა აღარ იმყოფება მის მფლობელობაში, რადგან, იგი დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში განადგურდა. ელ----------–--ვის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არავითარი მტკიიცებულება იმის თაობაზე, რაც დაასდასტურებდა ზემოაღნიშნულ გარემოებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოცემულ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზე იყო, რაც მან ვერ გასწია.

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 მარტის სასამართლო ხდომის ოქმი)

- ცნობა სატრნასპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 29-31)

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მან არ იცის ქართული ენა და მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, მას არ უნდა დაეკისროს დავალიანების სრულად გადახდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

 

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას მოპასუხეს რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს და არც თარჯიმანი მოუთხოვია. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რაზე აწერდა ხელს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - წერილობითი ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხის მიერ შესრულებულია ხელმოწერა ქართულ ენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მას არც თავისი ხელმოწერა გაუხდია სადავოდ და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნოდა მას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N18171486 (ს.ფ. 19-21)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22)

- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28)

- 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, გირავნობის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერი ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.11.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N18171486);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 02.11.2017 წლის გირავნობის ხელშეკრულება (N18171486);

- 01.10.2018 წლის სს „ლი------------ი“-ს ამონაწერი ანგარიშიდან - საავტომობილო ლომბარდზე გაწეული ხარჯის - სააღსრულებო მომსახურების საფასურის შესახებ;

- 17.12.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სს „ლი------------ის" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხე ელ----------–--ვს სს "ლი------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8319.96 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6955.6 ლარი, პროცენტი - 923.95 ლარი, პირგასამტეხლო - 220.41 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი, კერძოდ, ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტის თანახმად სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 54 პროცენტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 21 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, ამ კანონის მე-10 ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. განხორციელებული ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი დადგინდა, რომ ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2−31 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სესხის/კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა. ამდენად, ვინაიდან ზემოაღნიშნული სესხი ელ----------–--ვზე გაცემულ იქნა 2017 წლის 2 ნოემბერს, მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული ცვლილება, რომელიც ადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტამდე განსაზღვრის ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის ხელშეკრულების დარღვევიდან, სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პროცენტის დაკისრებას 923.95 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა საფუძვლიანია, რამეთუ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელესა და მსესხებელს და ელნდანიზ ალიევს შორის, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 9400 ლარი, 24 თვის ვადით. ამავე ხელშეკრულების 2.2.4. მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 54%-ს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 72.20%. ამდენად, სახეზეა მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების სრული სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის 923.95 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

5.3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა განხორციელდეს მოპასუხე ელ----------–--ვის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის Ford Transit სახელმწიფო ნომრით FF------- რეალიზაცია. კრედიტორს მიეცეს უფლება აღსრულება მიაქციოს ელ----------–--ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე რომ პირველ რიგში არ მოახდინოს დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.

 

5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

 

5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

5.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2017 წლის 2 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულების 7.3 მუხლის შესაბამისად, თუ ბანკის მიერ გირავნობის რეალიზაციის მომენტისთვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულებიდან, აღსრულება მიექცეს დამგირავებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

2017 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 3.6 მუხლის შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით მოითხოვოს ვალდებულების დაფარვა მსესხებლის ნებისმიერი ქონებიდან იმგვარად, რომ თავდაპირველად მოთხოვნის წარდგენა არ მოხდეს უზრუნველყოფის საგნის მიმართ. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაითვალოს ბანკის მხრიდან უზრუნველყოფის საგანზე უარის თქმად და ბანკს უნარჩუნდება უფლება, ნებისმიერ დროს წარადგინოს მოთხოვნა, დაიწყოს აღსასრულებლად მიქცევა უზრუნველყოფის საგანზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 249.60 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე (შესაგებლით) სარჩელი ცნო 6955.6 ლარის ფარგლებში (ძირითადი თანხის ნაწილში), მოთხოვნის ან ნაწილში პროპორციული ბაჟი - 207.15 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი თანხის - 42.45 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248- 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ელ----------–--ვს სს „ლი------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2 ნოეემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან) გამომდინარე - 8319.96 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6955,6 ლარი, პროცენტი - 923.95 ლარი, პირგასამტეხლო - 220.41 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

 

3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ელ----------–--ვის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის (FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი - FF-------) რეალიზაცია.

 

4. კრედიტორს მიეცეს უფლებამოსილება, აღსრულება მიაქციოს მსესხებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ისე, რომ პირველ რიგში არ მოახდინოს დაგირავებული ავტოსატრანპორტო საშუალების რეალიზაცია.

 

5. დაეკისროს მოპასუხე ელ----------–--ვს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 42.45 ლარის გადახდა.

 

6. მოსარჩელე სს „ლი------------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 207.15 ლარი, რაც სს „ლი------------ის“ 11.01.2019 წლის №1 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300093150.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. N113).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი