გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
200210018002776134
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1151-18

N200210018002776134

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 აპრილი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

თავდაპირველი სარჩელით, მოსარჩელე - ნ------- ს---–---–ი

თავდაპირველი სარჩელით, მოპასუხე - თ----- ს---–---–ი

დავის საგანი - განქორწინება

შეგებებული სარჩელით, მოსარჩელე - თ----- ს---–---–ი

შეგებებული სარჩელით, მოპასუხე - ნ------- ს---–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:

 

1.1 . შეწყდეს ნ------- ს---–---–სა (პირადი N1----------) და თ----- ს---–---–ს (პირადი N2----------) შორის 2015 წლის 11 თებერვალს, N2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2.მოსარჩელის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით:

მოსარჩელემ მოპასუხესთან იქორწინა 2014 წელს, ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2015 წლის თებერვლის თვეში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ბ-------ე ს---–---–ი, რომელიც დაბადებულია 2----–-–-----------. 2016 წლის აგვისტოს თვეში მოპასუხე წავიდა მოსარჩელის სახლიდან ბავშვთან ერთად, ამის შემდეგ მათ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ მიუხედავად მისი მცდელობისა აღედგინა ოჯახი. მათი ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მაგრამ მოპასუხე არაა თანახმა მოხდეს მათი განქორწინების რეგისტრაცია.

სასამართლო სახდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხპვნას და განმარტა რომ თანახმაა მოპასუხე დაუბრუნდეს ქორწინებამდელი გვარი კ-------–---–ი.

მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით:

 

1.3. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე თ----- ს---–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, იგი ეთანხმება აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას განქორწინებასთან დაკავშირებით და სურს, რომ დაუბრუნდეს მის მარწმუნებელს ქორწინებამდელი გვარი.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:

2.1. მოპასუხე ნ------- ს---–---–ს (პირადი N1----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------- დაბადებული ბ-------ე ს---–---–ის (პირადი N0----------) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 300 (სამასი) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 05 თებერვლიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

2.2.მოსარჩელის პოზიცია, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე თ----- ს---–---–ს და მოპასუხე ნ------- ს---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------- დაბადებული ბ-------ე ს---–---–ი. მოსარჩელე და მოპასუხე აღარ ცხოვრობენ ერთად უკვე რამოდენიმე წელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ნ------- ს---–---–ი შვილს არ აქცევს ყურადღებას, არ ზრუნავს შვილზე და არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. მოპასუხე ფლობს საოჯახო ბიზნესს, გამოჰყავს ვაზის ჯიშები, ყოველთვიურად აქვს დამატებითი შემოსავალი.

 

2.3.მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებული სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნას და იგი ცნო მხოლოდ 50 ლარის დაკისრების ნაწილში. განმარტა, რომ მას არ აქვს ოჯახური ბიზნესი და არ გამოჰყავს ვაზის ჯიშები, მას არ აძლევენ ბავშვთან ყოფნის საშუალებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელემ მოპასუხესთან იქორწინა 2014 წელს, ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2015 წლის თებერვლის თვეში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ბ-------ე ს---–---–ი, რომელიც დაბადებულია 2----–-–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.14);

 

3.1.2. 2016 წლის აგვისტოს თვეში მოპასუხე წავიდა მოსარჩელის სახლიდან ბავშვთან ერთად, ამის შემდეგ მათ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ მიუხედავად მისი მცდელობისა აღედგინა ოჯახი. მათი ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მაგრამ მოპასუხე არაა თანახმა მოხდეს მათი განქორწინების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-13).

 

3.1.3. მოსარჩელე თ----- ს---–---–ს და მოპასუხე ნ------- ს---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------- დაბადებული ბ-------ე ს---–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.48)

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე აღარ ცხოვრობენ ერთად უკვე რამოდენიმე წელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ნ------- ს---–---–ი შვილს არ აქცევს ყურადღებას, არ ზრუნავს შვილზე და არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. მოპასუხე ფლობს საოჯახო ბიზნესს, გამოჰყავს ვაზის ჯიშები, ყოველთვიურად აქვს დამატებითი შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------- ს---–---–ი და თ----- ს---–---–ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2015 წლის თებერვლის თვეში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ბ-------ე ს---–---–ი, რომელიც დაბადებულია 2----–-–-----------. 2016 წლის აგვისტოს თვეში. ამ ეტაპზე გარკვეული უთანხმოების და კონფლიქტების გამო ერთად აღარ ცხოვრობენ. მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, ხოლო მოსარჩელე დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს დაუბრუნდეს ქორწინებამდელი გვარი, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს თავდაპირველი სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ს---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შეწყდეს ნ------- ს---–---–სა (პირადი N1----------) და თ----- ს---–---–ს (პირადი N2----------) შორის 2015 წლის 11 თებერვალს, N2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება და თ----- ს---–---–ს აღუდგეს ქორწინებამდელი გვარი კ-------–---–ი.

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------- დაბადებული ბ-------ე ს---–---–ი (პირადი N0----------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, თ----- ს---–---–თან ერთად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბ-------ე ს---–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

მოპასუხე ნ------- ს---–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50.00 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილის გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150.00 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის, 150 ლარის (ასრმოცდაათი), გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 05 თებერვლიდან, ბ-------ე ს---–---–ის სრულწლოვანებამდე ანდა გარემოების შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ნ------- ს---–---–ის მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (ს.ფ. 16). ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, არსებობს მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების საფუძველი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მანანა ბაკურაძე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან თ----- ს---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ 50.00 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე ნ------- ს---–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ------- ს---–---–ის სარჩელი მოპასუხე თ----- ს---–---–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს:

1.1. შეწყდეს ნ------- ს---–---–სა (პირადი N1----------) და თ----- ს---–---–ს (პირადი N2----------) შორის 2015 წლის 11 თებერვალს, N2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება და თ----- ს---–---–ს აღუდგეს ქორწინებამდელი გვარი კ-------–---–ი.

 

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ----- ს---–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ------- ს---–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2.1. მოპასუხე ნ------- ს---–---–ს (პირადი N1----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------- დაბადებული ბ-------ე ს---–---–ის (პირადი N0----------) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 150 (ასრმოცდაათი) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 05 თებერვლიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

2. ნ------- ს---–---–ს (პირადი N1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50.00(ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

3. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ------- ს---–---–ს (პირადი N1----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 07 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.00(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი: სს ,,ლიბერთი ბანკი“, ბანკის კოდი: LBRTGE22; მიმღების დასახელება: სახელწმიფო ბიუჯეტი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300863150, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; საგადასახადო დავალება #18773907; გადასახადის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე