გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
200210018002737004
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1108-18

N200210018002737004

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 აპრილი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - ზ------ა ჯ--------ე

წარმომადგენელი - ლ--–- ჩ-------–---–ი

მოპასუხეები - ნ---- მ----------ი, ა--------–---------------–-----------------–----------------–-----------ო, ს----------–-------–-–-------------------ი

დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული ყადაღა და ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის კუთვნილი ავტომობილი: V-------, გამოშვების წელი - 2000; საიდ.კოდი X---------------, ფერი-თეთრი, სახ. ნომერი O-----.

 

სარჩელის თანახმად, 2011 წლის 28 იანვარს საჯარო აუქციონზე 2500 ლარად მოსარჩელემ შეიძინა ავტომობილი - V-------, გამოშვების წელი - 2000; საიდ.კოდი X---------------, ფერი-თეთრი, სახ. ნომერი O-----. ავტომობილი ეკუთვნოდა მოპასუხე ნ---- მ----------ს და ამ ნივთით ხდებოდა მისი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. 2011 წლის 3 თებერვალს გადაიხადა სრული თანხა, რის შემდეგაც აღმასრულებლის მიერ გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად ავტომობილის მესაკუთრედ გამოცხადდა მოსარჩელე. აღნიშნული დროიდან ავტომობილი არის მოსარჩელის მფლობელობაში. ამავე განკარგულებით გაუქმდა ყველა სანივთო უფლება, რომლითაც დატვირთული იყო ეს ნივთი. დავალიანების არარსებობის შესახებ აღმასრულებლისგან ეცნობა შემოსავლების სამსახურსაც. მოსარჩელემ შეიტყო, რომ ავტომობილი არის დაყადაღებული ნ---- მ----------ის პირადი ვალის გამო. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ არ არის სათანადოდ უფლებამოსილი პირი და როგორც მესამე პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იგივე მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარე ნ---- მ----------მა მთავარ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, რომლითაც განმარტა რომ მათ მიერ ყადაღა სწორედ არის გამოყენებული და არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე საპატრულო პოიციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია შესაგებელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 28 იანვარს საჯარო აუქციონზე 2500 ლარად მოსარჩელემ შეიძინა ავტომობილი - V-------, გამოშვების წელი - 2000; საიდ.კოდი X---------------, ფერი-თეთრი, სახ. ნომერი O-----. ავტომობილი ეკუთვნოდა მოპასუხე ნ---- მ----------ს და ამ ნივთით ხდებოდა მისი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. 2011 წლის 3 თებერვალს გადაიხადა სრული თანხა, რის შემდეგაც აღმასრულებლის მიერ გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად ავტომობილის მესაკუთრედ გამოცხადდა მოსარჩელე. აღნიშნული დროიდან ავტომობილი არის მოსარჩელის მფლობელობაში. ამავე განკარგულებით გაუქმდა ყველა სანივთო უფლება, რომლითაც დატვირთული იყო ეს ნივთი. დავალიანების არარსებობის შესახებ აღმასრულებლისგან ეცნობა შემოსავლების სამსახურსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოქმი საჯარო აუქციონის შესახებ, განკარგულება, აუქციონზე შეძენილი ღირებულების გადახდის ქვითრები, აღმასრულებლის წერილი (ს.ფ. 17-29);

 

3.1.2. ავტომობილი არის დაყადაღებული ნ---- მ----------ის პირადი ვალის გამო. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ არ არის სათანადოდ უფლებამოსილი პირი და როგორც მესამე პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იგივე მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ჯარიმის ფურცელი (ს.ფ. 24-30)

 

3.1.3. მოვალე არ აპირებს ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოხდება ავტომობილის რეალიზაცია აუქციონის წესით და მიადგება ზარალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანაზე მისი საკუთრების არსებობის ფაქტი, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: ოქმი საჯარო აუქციონის შესახებ, განკარგულება, აუქციონზე შეძენილი ღირებულების გადახდის ქვითრები, აღმასრულებლის წერილი. მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა ზ------ა ჯ--------ის მფლობელობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, სადავო ავტომანქანის მოპასუხე ნ---- მ----------ის საკუთრებად არსებობის ფაქტის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავტომანქანის ნ---- მ----------ის საკუთრებაში არსებობის ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების ნამდვილობას ისიც ამყარებს, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად, ნამდვილი უფლების საფუძველზე მიიღო ნივთი და 2011 წლის 28 იანვრიდან სარგებლობდა და განკარგავდა როგორც საკუთარს.

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131- მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ---- მ----------ს არ წარმოუდგენია შესაგებელი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს მისმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ა ჯ--------ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ------ა ჯ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები.

`სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 31-ე, 32-ე, 44-ე, 45-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნ---- მ----------ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტომობილი - V-------, გამოშვების წელი - 2000; საიდ.კოდი X---------------, ფერი-თეთრი, სახ. ნომერი O----- ეკუთვნის მოსარჩელეს და აღნიშნული ნივთი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან , რომელიც დაყადაღებულია ნ---- მ----------ის პირადი ვალის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული ყადაღა და ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის კუთვნილი ავტომობილი: V-------, გამოშვების წელი - 2000; საიდ.კოდი X---------------, ფერი-თეთრი, სახ. ნომერი O-----.

3. მოპასუხე ნ---- მ----------ს მოსარჩელე ზ------ა ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 50.00 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე