გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/33333-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – სს ,,ტე-------ი“
წარმომადგენელი – ბი-------------–---–ი
მოპასუხე – მა--------------–--ე
წარმომადგენელი - გუ--------–--------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 13 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2446,38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1770 ლარი, პროცენტი 48,88 ლარი, პირგასამტეხლო 627,50 ლარი.
1.2. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 13 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1770 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
1.3. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8047.78 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლის 13 აგვისტოს სს ,,ტე-------სა“ (ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და მა--------------–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ანგარიშის მფლობელს განესაზღვრა ოვერდრაფტის თანხა 1770 ლარი, ოვერდრაფტის ვადა 60 თვე, ათვისებული თანხის დაფარვა - ყოველი 45 დღის განმავლობაში მინიმუმ 10% ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე პერიოდულად ითვისებდა თანხებს ოვერდაფტის საშუალებით. მის მიერ ოვერდრაფტის ხარჯზე ბოლო გატანის ოპერაცია შესრულებულ იქნა 2018 წლის 13 ივლისს, ხოლო ოვერდრაფტის დაფარვა არ განხორციელებულა ზედიზედ ორჯერ მეტი ვადით. შესაბამისად ოვერდრაფტის სახით მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 2446,38 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1770 ლარი, პროცენტი 48,88 ლარი, პირგასამტეხლო 627,50 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ოვერდრაფტი ითვალისწინებდა საკრედიტო ლიმიტს (ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა), მოპასუხემ წინასწარ განზრახვით საბარათე ანგარიშიდან დამატებით გაანაღდა 8047,78 ლარი, როგორც არასანქცირებული თანხა. მისთვის ცნობილი იყო არასანქცირებული ოვერდრაფტის მარეგულირებელი წესების შესახებ, თუმცა მისი მოქმედებიდან აშკარად ჩანს, რომ მოქმედებდა წინასწარ გამიზნულად და ცდილობდა უსაფუძვლოდ მიეღო შეძლებისდაგვარად მეტი თანხა.
სს ,,ტე-------ი“-ს მოთხოვნების მიუხედავად მოპასუხე თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის არ აპირებს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ნებაყოფლობით, რაიმე ფორმით გონივრულ ვადაში დაბრუნებას.
სს ,,კ----------------------მა“ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით ეწოდება ,,ტე-------ი“;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე დააზუსტა შესაგებელი და განმარტა, რომ ცნობდა სარჩელს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი - 27.03.2019). მოპასუხე დაეთანხმა დავის ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის, მიღებელი შემოსავლისა და უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების ნაწილში არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 13 აგვისტოს სს ,,ტე-------სა“ (ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და მა--------------–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ანგარიშის მფლობელს განესაზღვრა ოვერდრაფტის თანხა 1770 ლარი, ოვერდრაფტის ვადა 60 თვე, ათვისებული თანხის დაფარვა - ყოველი 45 დღის განმავლობაში მინიმუმ 10% ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 13 აგვისტოს N33.0273399.001 (ს.ფ. 16-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სს ,,ტე-------სა“ და მა--------------–--ეს შორის გაფორმებული ოვერდრაფტი ითვალისწინებდა საკრედიტო ლიმიტს (ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა), თუმცა მოპასუხემ საბარათე ანგარიშიდან დამატებით გაანაღდა 8047,78 ლარი, როგორც არასანქცირებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 22-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2016 წლის 23 მაისს სს ,,კ-----------------------“-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და რეორგანიზაციის შემდეგ მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა - სს ,,ტე-------ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29,32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მა--------------–--ის დავალიანება სს ,,ტე-------ი“-ს მიმართ 2014 წლის 13 აგვისტოს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 2446,38 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1770 ლარი, სარგებელი - 48,88 ლარი და პირგასამტეხლო 627,50 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ასევე ვალდებულების გარეშე გადაცემული თანხის დაბრუნების ნაწილში, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 385-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 976-ე, 991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე მა--------------–--ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების ძირი თანხისა და პროცენტის 1818,88 ნაწილში, რაც მის მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სს ,,ტე-------სა“ (ყოფილი სს ,,კ-----------------------“) და მა--------------–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხე მა--------------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულ 2014 წლის 13 აგვისტოს ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება შეადგენს 2446,38 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
2014 წლის 13 აგვისტოს ოვერდრაფტის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო დავალიანება შეადგენს - 48,88 ლარს.
6.4. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისათვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო თითოეული კრედიტით სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სადავო არ არის, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 1770 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -18% სარგებლით. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 15 ნოემბრიდან) 2014 წლის 13 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1770 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მა--------------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 627,50 ლარიდან 62,75 ლარამდე.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის სარჩელის შემოტანიდან, 2013 წლის 21 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1770 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდის დაკისრებას, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების გადახდა, ისე სარჩელის შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება.
მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მასსა და სს ,,ტე-------ს“ შორის გაფორმებული ოვერდრაფტი ითვალისწინებდა საკრედიტო ლიმიტს (ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა), თუმცა მან საბარათე ანგარიშიდან დამატებით გაანაღდა 8047,78 ლარი, როგორც არასანქცირებული თანხა.
შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მხარეთა შორის 2014 წლის 13 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ოვერდრაფტის ლიმიტს, საბარათე ანგარიშზე თანხის დარიცხვა არ მომხდარა შესაბამისი საფუძვლით (2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში) და არც ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არ მომხდარა საბარათე ანგარიშიდან დამატებით 8047,78 ლარის განაღდება, არსებობს კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 1818,88 ლარის მოცულობით და სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 54,56 ლარი მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაექვემდებაროს ბიუჯეტიდან დაბრუნებას, ხოლო მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 252.89 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
დარჩენილი ნაწილი კი, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. სს ,,ტე-------ის“ სარჩელი მოპასუხე მა--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს ,,ტე-------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 13 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1881.63 ლარის გადახდა:
ა) ძირითადი თანხა - 1770 ლარი
ბ) პროცენტი - 48.88 ლარი
გ) პირგასამტეხლო - 62.75 ლარი
4. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 15 ნოემბრიდან) 2014 წლის 13 აგვისტოს საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1770 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
5. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8047.78 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე მა--------------–--ეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 252.89 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. სს ,,ტე-------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 54.56 ლარი.
(გადახდის თარიღი - 12/11/2018 წელი; საგადახდო დავალება #11; გადამხდელი - სს ,,ტე-------ი“; გადამხდელის ბანკი - სს ,,ტე-------ი“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი