გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
190210017002120322
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2274-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.03.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სსიპ ქ--–---------------------------- სკოლა

წარმომადგენელი თამარი გელაშვილი

მოპასუხე ე----- გ------------ი

დავის საგანი იჯარის საფასურის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ინდ. მეწარმე ე----- გ------------ისათვის სსიპ ქ--–---------------------------- სკოლის სასარგებლოდ 1024,72 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2014 წლის 4 ნოემბერს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლასა და ინდ მეწარმე ე----- გ------------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N34. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 16 ივნისამდე დრო; ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 380 ლარი, ხოლო მის გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. აუქციონის პირობების თანახმად, მოიჯარემ წინასწარ გადაიხადა ბე - 360 ლარი, რომელიც შემდგომში ჩაითვლებოდა საიჯარო ქირაში. 2015 წლის 09 იანვარს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის მოპასუხის დავალიანებას წარმოადგენდა ორი თვის საიჯარო ქირა - 760 ლარი, რასაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით გამოაკლდა ე----- გ------------ის მიერ გადახდილი ბე - 360 ლარი და გადასახდელი დარჩა 400 ლარი. იჯარის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 2014 წელს 16,72 ლარი, 2015 წელს 146 ლაი, 2016 წლეს 146,4 ლარი, 2017 წელს 146 ლარი, 2018 წელს 146 ლარი, 2019 წელს 1 მარტის მდგომარეობით 23,60 ლარი, ჯამში დაერიცხა 1024,72 ლარი.

(14.03.2019წ სხდომის ოქმი და დაზუსტებული სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა საიჯარო საფასურის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით, სკოლის სასადილო ფაქტობრივად იჯარით აღებული ჰქონდა მის მეგობარს მარი ბიწაძეს, რომელმაც დავალიანებების გამო აუქციონზე მონაწილეობა არ მიიღო და ამის გამო დოკუმენტაცია მასთან გაფორმდა. მას თავად იჯარით სხვა რამდენიმე სკოლია სასადილო ჰქოდნა აღებული, მისმა მეგობარმა ვერ შეძლო სასადილოს ფუნქციონირება, რის გამოც მხარეებამ შეთანხმებით შეწყვიტეს ხელშეკრულება. მოპასუხის განმარტებით, მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არსად მუშაობს, რის გამოც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა არ შეუძლია. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია დიდი დრო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 4 ნოემბერს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლასა და ინდ მეწარმე პირ ე----- გ------------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N34 , რომლის საგანია სკოლის შენობის პირველ სართულზე 45,9 კვ.მ ფართის სარგებლობაში გადაცემა სასადილოს ფუნქციონირებისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 16 ივნისამდე პერიოდი; იჯარის საფასურია ყოველთვიურად უნდა 380 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 25 რიცხვში. ხელშეკრულების 4,4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო იჯარის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. იჯარის ხელშეკრულება დადებულია ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, რომლის პირობა იყო წინასწარ ბეს - 360 ლარის გადახდა, რომელიც შემდგომში ჩაითვლებოდა საიჯარო ქირაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-19. ტომი 11 )

- მხარეთა განმარტებები (14.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. სსიპ ქ--–---------------------------- სკოლასა და ინდ მეწარმე პირ ე----- გ------------ს შორის 2015 წლის 9 იანვარს დაიდო უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შეთანხმება, რომლითაც მხარეთა შეთანხმებით შეწყდა 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმების ასლი (ს.ფ. 24-25. ტომი 1 )

 

3.1.3. ე----- გ------------ს სრულად არა აქვს გადახდილი იჯარის საფასური. ბეს სახით გადახდილი 360 ლარი გამოაკლდა ნოემბრის თვის საფასურს, რის შედეგად ნოემბრის თვეში გადასახდელია 20 ლარი, დეკემბრის თვეში გადასახდელია 380 ლარი. იჯარის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, კერძოდ, 2014 წელს დარიცხულია 16,72 ლარი, 2015 წელს - 146 ლარი, 2016 წელს 146,4 ლარი, 2017 წელს 146 ლარი, 2018 წელს 146 ლარი, 2019 წელს 1 მარტის მდგომარეობით დარიცხულია 23,60 ლარი. საერთო ჯამში დარიცხულია პირგასამტეხლო 624,72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სკოლის წერილების ასლები (ს.ფ. 20-23. ტომი 1)

- დაზუსტებული სარჩელის ასლი (ს.ფ. 58)

- მხარეთა განმარტებები (14.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი საიჯარო საფასურის ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 553-ე, 361-ე, 400-ე, 401-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლითაც მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოპასუხეს გადასცა იჯარით სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულების შინაარსში შედის მოიჯარისათვის ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ხოლო მოიჯარე უფლებამოსილია მისთვის გადაცემულ ქონება გამოიყენოს სამეურნეო საქმიანობისათვის.

 

იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუკი იჯარის მომწესრიგებელი ნორმები სხვაგვარად არ აწესრიგებს საკითხს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ე----- გ------------ს ჯეროვნად არ აქვს შესრულებული იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულება. იგი საიჯარო ქონებით სარგებლობდა 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ქირის ოდენობა იყო თვეში 380 ლარი. ნოემბრის თვის ქირა ნაწილობრივ არის გადახდილი. რადგან ხელშეკრულების დადებამდე გადახდილი ბე 360 ლარი ჩაეთვალა ნოემბრის თვის ქირაში, ხოლო დეკემბრის თვის ქირა საერთოდ არ გადაუხდია. ქირის დავალიანება შეადგენს 400 ლარს.

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი ქირის დავალიანების ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 400 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1024,72 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა იჯარის საფასურის გადახდის ვადის დარღვევისათვის და შეადგენს დავალიანების 0,1%-ს ყოველდღიურად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სადაო ხელშეკრულების გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, შესასრულებელი ვალდებულების არსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. 420-ე მუხლის მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლო მოითხოვონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს იძლევა ის გარემოება, მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა მის გაფორმებიდან 2 თვის მანძილზე და იგი შეწყდა მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით იმ მიზეზით, რომ მოპასუხე ფინანსური სიძნელეების გამო ვერ იხდიდა იჯარის საფასურს. ამდენად, იჯარის ხელშეკრულება რეალურად მოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ბევრად მცირე დროის მანძილზე, ხოლო იგი შეწყდა მხარეთა ორმხრივი ნების საფუძველზე მოიჯარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო ხელშეკრულება მოქმედებდა მცირე ხნის მანძილზე, სულ 2 თვიან პერიოდში, არ არის გონივრული მოვალეს დაეკისროს პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრამდე პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით სრულად.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იჯარის საფასურს ყოველთვიურად არ იხდიდა, ვალდებულება არ შესრულებულა 2015 წლის 9 იანვრიდან. ამდენად, იჯარის საფასური 3 წელზე მეტია გადაუხდელია, რის გამოც კრედიტორს ზიანი ადგება. იგი ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვერ იღებს შესრულებას. ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრლივი ვადის გათვალისწინებით, თავად ხელშეკრულების მოქმედების მცირე ვადიდან გამომდინარე სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოპასუხეს დაეკისროს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 50%. სასამართლოს მიაჩნია, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ ქონების მესაკუთრეს გადასცა გამოთავისუფლებული ფართი, რომლის კვლავ იჯარით გაცემის შესაძლებლობა არსებობდა და ამის შედეგად მოსარჩელეს ამ ქონებიდან შეეძლო შემოსავალი მიეღო. სასამართლოს ამ გარემოებების გამო მიაჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივი ვადით გადაცილების გამო გონივრული პირგასამტეხლოს თანხაა 312,36 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის თანხა უზრუნველყოფს როგორც კრედიტორის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკარგის მინიმალურად ანაზღაურებას, ისე ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის ფინანსური სანქციის დაკისრებას.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 1024,72 ლარის დაკისრება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელზე გადასახდელია სახელწმიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, მარამ არანაკლებ 100 ლარისა. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რის გამოც ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო მხარეებს შორის უნდა განაწილდეს 50 ლარი შემდეგი წესით:

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 1024,72 ლარის დაკისრება, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 712,36 ლარი, რაც არის მოთხოვნის 70%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 70% -35,7 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა 400 ლარის გადახდაზე. შესაბამისად, სსსკ 49-ე მუხლის მე-2-3 ნაწილების საფუძველზე ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. მოპასუხემ ცნო დაკისრებული თანხიდან 55%. მოსარჩელისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 35,7 ლარის 55% არის 19,63 ლარი, რაც ნახევრდება და შეადგენს 9,81 ლარს. ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზემოთმითითებულ 50 ლართან ერთად, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 25,88 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლის სარჩელი;

1.1. ე----- გ------------ს დაეკისროს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლისათვის 712,36 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლის სარჩელი ე----- გ------------ისათვის 312,36 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. ე----- გ------------ს დაეკისროს სსიპ ქ--–---------------------------- სკოლისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25,88 ლარის გადახდა;

 

3. სსიპ ქ--–---------------------------- სკოლას დაუბრუნდეს 2017 წლის 6 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 59,81 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადახდო დავალება N168);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი