გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/587-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს მისო „იმ------------ი“
წარმომადგენელი - დავით დე----ე
მოპასუხე - ზაზა ირ----ე.
წარმომადგენელი - მ--–-----ნ გო--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხე ზაზა ირ----ეზე 30859,45 ლარის (23 806,71 ლარი არის ძირი; 7052,74 ლარი პროცენტი) მოსარჩელე შპს მისო „იმ------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ზაზა ირ----ის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა ავტომშენებელის №5, ფართი სართული 2, ბინა №16, მიწის საკადასტრო კოდი: 03.01.03.054.01.016, იპოთეკის ხელშეკრულება 3587-4818) აუქციონის წესით რეალიზაცია.
3. მოპასუხე ზაზა ირ----ეზე სახელმწიფო ბაჟის - 925,78 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი.
2015წ 16 დეკემბერს მოქალაქე ზაზა ირ----ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება Iჩ/U/5833 23 900 ლარზე 48 თვის ვადით, წლიური სარგებელი - 40%, პირგასამტეხლო გადაცილებული თანხის 0.5% ყოველ დღეზე, სესხი უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, საფინანსო რესურსების ჩარჩო ხელშეკრულებაა - 3587-4819, იპოთეკის ხელშეკრულება -3587-4881. 16 დეკემბერს ზაზა ირ----ეზე გაიცა სესხი-23 900 ლარის ოდენობით. მსესხებელი სესხს ფარავდა შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრის შემდეგ მსესხებელს სესხის გრაფიკით შეთანხმებული თანხა საერთოდ არ შემოუტანია, რითაც მან დაარღვია სესხის ხელშეკრულების 4.3 პუნქტი, რომლითაც სესხის ძირითადი თანხის და მასზედ დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება წინამდებარე ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკით, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ზაზა ირ----ეს ჩაბარდა შეტყობინება და მოსარჩელემ მას მოთხოვა იმ დროისთვის არსებული დავალიანების დაფარვა, მაგრამ მსესხებელს დავალიანება არ დაუფარავს, აქედან გამომდინარე 2016წ. 14 აპრილს, ასევე 22 სექტემბერს შეტყობინება ჩაბარდა მსესხებელს და მოსარჩელემ მოითხოვა ორი კვირის ვადაში სესხის მთლიანად დაფარვა, როგორც არსებული დავალიანების, ასევე სესხის დარჩენილი ნაწილის, თანახმად სესხის ხელშეკრულებისა 6.3 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 7.5 პუნქტისა, მაგრამ მოპასუხემ ეს თანხა არ გადაიხადა. სესხის ხელშეკრულების 5.3 და 5.3.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება დაირღვა თუ: მსესხებელი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ გადაიხდის სესხის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტს და თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 2 კალენდარულ დღეზე მეტხანს, ხოლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად ორგანიზაცია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მიწოდების მეშვეობით და მოსთხოვოს მსესხებელს მთელი სესხი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა, ასევე 5.4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი სესხის თანხის მთლიანი დაბრუნება მთლიანად ან ნაწილობრივ თუ მსესხებლის ქონება შემცირდა, განადგურდა, გაუარესდა მისი მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნა ასეთი საფრთხე, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ შესაგებელით რომლითაც ნაწილობრივ, ძირი თანხის -23806,71 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა, ძირი თანხის -23806,71 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი თავდაპირველად კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო, რომელმაც გაიკეთა უმძიმესი ოპერაცია ვერ გააგრძელა თანხის გადახდა, რაც გამოწვეული იყო ოჯახის მძიმე ფინანსურ- ეკონომიკური მდგომარეობით. მოპასუხის განმარტებით, ის მოსარჩელესთან შეთანხმებული იყო პროცენტის შემცირებაზე. მოპასუხე მზად არის მომავალში ვალდებულება შეასრულოს შეთანხმებისამებრ დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015წ 16 დეკემბერს მოქალაქე ზაზა ირ----ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება Iჩ/U/5833 23 900 ლარზე 48 თვის ვადით.
მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება
3.1.2. 2015წ 16 დეკემბერს მოქალაქე ზაზა ირ----ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, Iჩ/U/5833 უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა ავტომშენებელის №5, ფართი სართული 2, ბინა №16, მიწის საკადასტრო კოდი: 03.01.03.054.01.016.
მტკიცებულება: იპოთეკის ხელშეკრულება -3587-4881
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეს -მოსარჩელემ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მტკიცებულება:
- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანისას მოპასუხის - სასესხო დავალიანება შეადგენს 30,859.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა -23,806.71 ლარი, პროცენტი - 7052,74 ლარი, საიდანაც სადავო თანხას წარმოადგენს სესხზე დარიცხული პროცენტი, სარგებელი.
მტკიცებულება: დავალიანების ცნობა. მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მითითებას ვალდებულების არსებობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში არ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.
მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 23,806,71 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
- მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015წ 16 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება Iჩ/U/5833 - 23 900 ლარზე 48 თვის ვადით.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ზაზა ირ----ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 23,806,71 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.5. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული სარგებელი, პროცენტი. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლზე, რომლის საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
2015წ 16 დეკემბერს მოქალაქე ზაზა ირ----ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება Iჩ/U/5833 - 23 900 ლარზე 48 თვის ვადით, ითვალისწინებდა წლიური სარგებელის - 40% გადახდას, რაც სარჩელის შემოტანისას შეადგენს - 7052,74 ლარს, რაც საფუძვლიანია, რადგან მოსარჩელე შპს მისო „იმ------------ი“ წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციას და მისი მიზანია სესხის გაცემით სარგებელის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეწყვეტს ფუნქციონირებას.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
როგორც აღინიშნა, 2015 წლის 16 დეკემბერს მოქალაქე ზაზა ირ----ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება Iჩ/U/5833 - 23 900 ლარზე 48 თვის ვადით, ითვალისწინებდა წლიური სარგებელის - 40% გადახდას, რაც სარჩელის შემოტანისას შეადგენს - 7052,74 ლარს, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6... მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზაზა ირ----ის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონება (მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა ავტომშენებელის №5, ფართი სართული 2, ბინა №16, მიწის საკადასტრო კოდი: 03.01.03.054.01.016, იპოთეკის ხელშეკრულება 3587-4818) და მოსარჩელე ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ითხოვს აღნიშნული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას, რაც ასევე საფუძვლიანია, რადგან შეთანხმება დადებულია, ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, დადგენილი და უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა ავტომშენებელი №5, ფართი სართული 2, ბინა №16, მიწის საკადასტრო კოდი: 03.01.03.054.01.016,.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 925,79 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, კერძოდ - 23,806.71 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 714,20 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახდო დავალება №1---------. 14.03.2017 წელი. ხოლო მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისგან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პროცენტის 7052,74 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 211.58 ლარი მოპასუხე ზაზა ირ----ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს მისო „იმ------------ი“-ს სარჩელი.
2. მოპასუხე ზაზა ირ----ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს მისო „იმ------------ი“-ს სასარგებლოდ, სესხის ძირი - 23,806.71 ლარის და სესხის პროცენტი - 7052,74 ლარის მთლიანობაში 30,859.45 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ზაზა ირ----ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს მისო „იმ------------ი“-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის -211.58 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს მისო „იმ------------ი“-ს დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი - 714.20 ლარი ანგარიშიდან - 300183150 საგადახდო დავალება №148 948 2217. 14.03.2017 წელი. სს ,,თიბისი“ ბანკი.
5. სარჩელის უზრუნველყოფა არ გამოყენებულა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე