გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2190-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს ,,კ----------ი საირმე“ დირექტორი ჯაბა წ---–--ე
წარმომადგენელი - თამარ წ---–-----ი. ელენე მ-----–-–ვილი
მოპასუხე - გიორგი ბ----–აძე
წარმომადგენელი - ნორა მ---------–-ა
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გიორგი ბ----–აძეზე მოსარჩელე შპს „კ----------ი საირმე“-ს ს/კ 2-------- სასარგებლოდ 81, 690.00 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე - გიორგი ბ----–აძეზე მოსარჩელე შპს „კ----------ი საირმე“-ს ს/კ 2-------- სასარგებლოდ შპს „კ----------ი საირმე“-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2450,70 ლარის და ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 06 ნოემბერს, ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს „კ----------ი საირმე“-ს (შემდგომში „გამყიდველი“) და მეორეს მხრივ, მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს (შემდგომში „მყიდველი“) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შევსებული იქნა საჯარო რეესტრში არსებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშის მიხედვით და დამოწმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, „გამყიდველმა“ ანუ შპს „კ----------ი საირმე“-მ იმჟამინდელი დირექტორის - ზურაბ აბაშიძის სახით, „მყიდველს“ ანუ გიორგი ბ----–აძეს მიჰყიდა შპს „კ----------ი საირმე“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმე. ბინა №1, ფართი 90,55 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: № 30.18.31.144.01.001. ნასყიდობის საგნის საფასური განისაზღვრა 81,690.00 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ჩანაწერის მიხედვით ნასყიდობის საგნის საფასურის გადაცემა-გადახდა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე, რეალურად „მყიდველის“ მიერ თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა, ხოლო უძრავი ნივთი აღირიცხა გიორგი ბ----–აძის საკუთრებად.
შპს „კ----------ი საირმე“-ს მხრიდან არაერთგზის წერილობითი და სიტყვიერი შეტყობინების მიუხედავად, „მყიდველის“ ანუ გიორგი ბ----–აძის მიერ დღემდე არ იქნა დაფარული ნასყიდობის საგნის საფასური 81,690.00 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, 2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ---------- საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6-ით პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება შპს ,,კ----------ი საირმეს“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შესახებ, მათ შორის გიორგი ბ----–აძის მიერ შეძენილი, ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმეს ს/კ 30.18.31.144.01/001, საკუთრებაში არსებული ბინა N1, 90.55 კვ.მ გასხვისების თაობაზე.
პარტნიორთა გადაწყვეტილებით, დაევალა საზოგადოების დირექტორს - ზურაბი აბაშიძეს ხელი მოაწეროს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და მას არ მინიჭებია თანხის მიღების უფლება. გარდა ამისა, თანხის მიღება არ დაფიქსირებულა შპს ,,კ---------- საირმე“-ს ბუღალტერიაში.
მხარეები საჯარო რეესტრში პირველად მივიდნენ 2015 წლის 12 ოქტომბერს, რა დროსაც ასევე შეავსეს შაბლონური ხელშეკრულება და ბინის რეგისტრაცია არ მოხდა, რადგან დაზუსტებული არ იყო უძრავი ქონების ფართობი, ხოლო 2016 წლის 6 ნოემბერს ფართობის დაზუსტების შემდეგ, ასევე შაბლონურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ბინა ს/კ 30.18.31.144.01/001 დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით უსაფუძვლობის გამო არ ცნო სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ნასყიდობის თანხა სრულად გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს, რომელსაც თანხა გადასცა ავტომანქანაში. თანხა სავარაუდოდ ზურაბი აბაშიძემ დახარჯა არამიზნობრივად, არ შეიტანა შპს „კ----------ი საირმე“-ს ანგარიშზე და უსაფუძვლოდ ითხოვს მისგან.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, უძრავი ნივთი, მდებარე ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმე, ბინა №1, ფართი 90,55 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: № 30.18.31.144.01.001. ნასყიდობის ფასის 81,690.00 ლარის გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმე ს/კ 30.18.31.144.01/001, ბინა N1, 90.55 კვ.მ რეგისტრირებულია გიორგი ბ----–აძის სახელზე.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 38-39).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველმა რაიონი ბაღდათი, კ----------ი საირმე წარმოდგენილი ზურაბი აბაშიძის სახით (შპს ,,კ---------- საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6) და გიორგი ბ----–აძემ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გიორგი ბ----–აძემ იყიდა ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმე ს/კ 30.18.31.144.01/001, ბინა N1, 90.55 კვ.მ ბინა 81,690 ლარად. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თანხის გადაცემა -გადახდა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე.
მტკიცებულება:
- 2016 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.15.17);
3.2.2. 2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ---------- საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6-ით დადგენილია, რომ პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება შპს ,,კ---------- საირმეს“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შესახებ, მათ შორის გიორგი ბ----–აძის მიერ შეძენილი, ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმეს ს/კ 30.18.31.144.01/001, საკუთრებაში არსებული ბინა N1, 90.55 კვ.მ გასხვისების თაობაზე.
პარტნიორთა გადაწყვეტილებით, დაევალა საზოგადოების დირექტორს - ზურაბი აბაშიძეს ხელი მოაწეროს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
მტკიცებულება: 2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ---------- საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6. (ტ.1. ს.ფ.15-17);
3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,კურპრტ საირმე“-ს დირექტორმა გიგა დიდბარიძემ წერილი გაუგზავნა გიორგი ბ----–აძეს და აცნობა, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელი აქვს 81.690.00 ლარი. ითხოვს უძრავი ქონება დაუბრუნდეს შპს ,,კ----------ი საირმე“-ს.
დადგენილია, რომ წერილი პირადად ჩაბარდა გიორგი ბ----–აძეს.
მტკიცებულება: წერილი; ჩაბარების დასტური. (ტ.1. ს.ფ.36-37);
3.2.4. მოწმედ დაკითხულმა ზურაბი აბაშიძემ განმარტა, რომ იყო შპს ,,კ----------ი საირმე“-ს დირექტორი.
2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ----------ი საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6-ით პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება შპს ,,კ---------- საირმეს“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შესახებ, მათ შორის გიორგი ბ----–აძის მიერ შეძენილი, ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმეს ს/კ 30.18.31.144.01/001, საკუთრებაში არსებული ბინა N1, 90.55 კვ.მ გასხვისების თაობაზე.
პარტნიორთა გადაწყვეტილებით, დაევალა საზოგადოების სახელით ხელი მოეწერა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მას ნასყიდობის თანხა არ მიუღია. არ იყო თანხის ქეშად მიღების აუცილებლობა, რადგან შპს ,,კ----------ი საირმე“-ს წლიური ბრუნვა შეადგენს მილიონობით ლარს და ნდობის გამო გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა თანხის მიღება პარტნიორთა გადაწყვეტილების მიხედვით არ შეძლო.
2015 წლის ოქტომბერში გიორგი ბ----–აძესთან ერთად იყო საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინის გასხვისების მიზნით, შეავსეს ხელშეკრულება სადაც ასევე მითითებული იყო ნასყიდობის თანხის წინასწარ გადაცემის შესახებ, თუმცა რეესტრში განუმარტეს, რომ ვინაიდან დაზუსტებული არ იყო მთლიანი ბინის (შენობის) ფართობი, ბინის რეგისტრაცია ვერ მოხდებოდა. 2016 წლის 6 ნოემბერს, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, გააფორმეს ასეთივე შაბლონური ნასყიდობის ხელშეკრულება.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს თავის ქონებაზე ყოველგვარი ბატონობა, მათ შორის ქონების განკარგვა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ - შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისთვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა. წარმომადგენლის მიერ გარიგების გაფორმებისას ივარაუდება, რომ წარმომადგენლის მეშვეობით ხდება მესაკუთრის ნების გამოვლენა და აღნიშნული ეფუძნება კანონის შესაბამისად გაფორმებულ მინდობილობასა თუ დავალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი განსაზღვრავს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ -
უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
სასამართლოს მიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით დაწესებული პირობები წარმომადგენლობის უფლებამოსილების განსაზღვრისას, სახელმძღვანელო და სავალდებულოა, როგორც კერძო სამართლის სუბიექტების, ასევე ფიზიკური პირების მიერ მინდობილობის გაცემისას, რაც გამორიცხავს გაურკვევლობას სასამართლო დავის განხილვის დროს.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ----------ი საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6-ით, კომპანიის დირექტორი უფლებამოსილი იყო ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება ხელზე (ქეშად) მიეღო თანხა. ამასთან, შპს ,,კ----------ი საირმე“ -ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2016 წლის ნოემბერში შპს ,,კ----------ი საირმე“ -ს ანგარიშზე - ბინის გასხვისების თანხა -89,690.00 ლარი არ ფიქსირდება (ტ.1. ს.ფ. 18-35).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 429-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.3. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს თავის ქონებაზე ყოველგვარი ბატონობა, მათ შორის ქონების განკარგვა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ - შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისთვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა. წარმომადგენლის მიერ გარიგების გაფორმებისას ივარაუდება, რომ წარმომადგენლის მეშვეობით ხდება მესაკუთრის ნების გამოვლენა და აღნიშნული ეფუძნება კანონის შესაბამისად გაფორმებულ მინდობილობასა თუ დავალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი განსაზღვრავს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ -
უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 03 ნოემბრის შპს ,,კ----------ი საირმეს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება ოქმი N6-ით, კომპანიის დირექტორი უფლებამოსილი იყო ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება ხელზე (ქეშად) მიეღო თანხა. ამასთან, შპს ,,კ----------ი საირმე“ -ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2016 წლის ნოემბერში შპს ,,კ----------ი საირმე“ -ს ანგარიშზე - ბინის გასხვისების თანხა -89,690.00 ლარი არ ფიქსირდება (ტ.1. ს.ფ. 18-35).
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 6 ნოემბერს დადებული გარიგება აკმაყოფილებს ამ კატეგორიის გარიგებისათვის კანონით დადგენილ ფორმას; კერძოდ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-71–ე მუხლებზე, რომლებშიც ასახულია გარიგების დადების მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები; სამოქალაქო კოდექსის 68–ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 323-ე მუხლი ადგენს უძრავი ნივთის გადაცემისათვის მხოლოდ წერილობით ფორმას; აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როგორც გარიგების ფორმას. მით უფრო, რეესტრის თანამშრომელი არ არის ვალდებული ადასტუროს გარიგების პირობების (თანხის გადაცემა) ნამდვილობა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ რადგან 2016 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება შეიცავს ჩანაწერს ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ, თანხა რეალურად გადაცემულია, რადგან დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,კ----------ი საირმე“-ს დირექტორმა გიგა დიდბარიძემ წერილი გაუგზავნა გიორგი ბ----–აძეს და შეახსენა, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელი აქვს 81.690.00 ლარი. ითხოვს უძრავი ქონება დაუბრუნდეს შპს ,,კურპრტ საირმე“-ს. სასამართლოს შინაგან რწმენას, ნასყიდობის თანხის 81.690.00 ლარის გადაუხდელობის შესახებ, ამყარებს ის ფაქტი, რომ მოპასუხე გიორგი ბ----–აძემ ასევე წერილობით არ უპასუხა შპს ,,კ----------ი საირმე“-ს დირექტორის გიგა დიდბარიძის ,,უსაფუძვლო მოთხოვნას“, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ,,ვერ გაიხსენა“ საჯარო რეესტრში ბინის ნასყიდობის გამო, ორჯერ მისვლის ფაქტი.
6.5. საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება.
კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
6... სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“. (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016).
6.7.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალდებულების არსებობას. მოპასუხის მითითებით, დამატებით ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილი არ მოუთხოვია, რადგან თანხა სრულად გადასცა საკუთარ ავტომანქანაში ზურაბი აბაშიძეს, რომელმაც კატეგორიულად უარყო არა მარტო თანხის მიღების, არამედ გიორგი ბ----–აძის ავტომანქანაში ყოფნის ფაქტი. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ გიორგი ბ----–აძემ გადაიხადა ბინის ნასყიდობის თანხა-81,690.00 ლარი, გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი თანხის გადაცემის წერილობითი ფორმით გადაცემის დადასტურებას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების დავის დროს, მხარეთა ინტერსების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 2,450.00 ლარი, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოსარჩელემ ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 150 ლარი.
სს კოდექსის 39-ე მუხლის ,,ე“ პუნქტი.
ე)სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს; (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“ საკონსტიტუციო სასამრთლოს 29.12.2016 N 2/6/623 გადაწყვეტილება).
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით - საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული აქტებისა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 29.12.2016 N 2/6/623 გადაწყვეტილებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე იურიდიული პირისთვის სახ. ბაჟი განისაზღვრა 50 ლარით. ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2017 წლის 07 თებერვალს, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის უნდა გადაეხადა 50 ლარი.
სს კოდექსის 42-ე მუხლით - თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით- 3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
4.სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადაიხადა 150 ლარი, რომლიდანაც 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ანგარიშიდან - 300183150, საგადასახადო დავალება №0; 31/07/2017; გადამხდელის ბანკი სს თიბისი ბანკი, ხოლო 50 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალა მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ბაღდათის რაიონი, კ----------ი საირმე, ბინა N1,ფართი 90.55 კვ.მ. ს.კ. 30.18.31.144.01.001 გასხვისება და გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,კ----------ი საირმე“-ს სარჩელი.
2. მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს შპს ,,კ----------ი საირმე“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 81,690.00 (ოთხმოცდაერთი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გიორგი ბ----–აძეს შპს ,,კ----------ი საირმე“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 2,450.70 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ,,კ----------ი საირმე“-ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 100 ლარი ანგარიშიდან - 300183150; საგადასახადო დავალება №0. 31/07/2017; გადამხდელის ბანკი სს თიბისი ბანკი. გადამხდელი შპს ,,კ----------ი საირმე“ 2--------.
5. სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე