გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210018002576155
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23415-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–-------------ა’’

წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ზ---------–ი’’

წარმომადგენელი (დირექტორი) - ზ--------------ე

დავის საგანი - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2 608.34 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28.98 ლარის ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-15)

1.1.1. მის მიერ 2017 წლის 08 მაისს ჩატარდა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, ვ------------1-ში მდებარე №1 სატვირთო საწყობის იჯარით გაცემის მიზნით;

1.1.2. ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა მოპასუხემ და მათ შორის 2017 წლის 07 ივნისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება №-----------;

1.1.3. იჯარის ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 500 ლარით დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით;

1.1.4. საიჯარო ქირა მოპასუხეს ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად უნდა გადაეხადა ყოველი საანგარიშგებო თვის 10 რიცხვამდე, რაც მას არ შეუსრულებია;

1.1.5. ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით;

1.1.6. არაერთი სატელეფონო გაფრთხილების შემდეგ, მოპასუხეს 2017 წლის 15 აგვისტოს გაეგზავნა წერილი №---- თანხის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხეს ანალოგიური წერილი №---- ასევე გაეგზავნა 2017 წლის 03 ოქტომბერს;

1.1.7. აღნიშნული წერილობითი გაფრთხილებების შედეგად, მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბრის თვეში გადაიხადა ორი თვის საიჯარო ქირა არასრული - 10 000 ლარის ოდენობით. კერძოდ, მის მიერ 5 000 ლარის გადახდა განხორციელდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ასევე განხორციელდა 5 000 ლარის გადახდა;

1.1.8. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მის მიერ 2018 წლის 11 იანვარს ცალმხრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულება და დაილუქა საიჯარო ქონება;

1.1.9. 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 31 593.31 ლარის ოდენობით, საიდანაც 28 984.97 ლარი წარმოადგენს საიჯარო ქირას, ხოლო 2 608.34 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს;

1.1.10. გარდა აღნიშნული დავალიანებისა, ძირითადი ვალდებულების სრულად დაფარვამდე, მოპასუხეს ასევე ერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28.98 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 24 იანვრის №--- წერილით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები (ს.ფ.48-49), თუმცა მას სარჩელთან მიმართებით განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ასევე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 07 ივნისს დაიდო იჯარის №----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, როგორც მოიჯარემ იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში მიიღო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადგურ თბილისის სატვირთოს ბალანსზე რიცხულ ქ. თბილისში, ვ------------1-ში მდებარე №------------------–----- (საინვენტარო №----, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0---------------, საერთო ფართი 1 080 კვ.მ).

ხელშეკრულების 1.4. მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 500 ლარით (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით). 2.2. მუხლით კი განისაზღვრა, რომ საიჯარო ქირა მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ყოველი საანგარიშსწორებო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის ან/და დავალიანების წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25-31)

 

3.1.2. 2017 წლის 10 ივლისიდან მოპასუხის მიერ დარღვეულია იჯარის №----------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება, მიმართვები (ს.ფ. 31-32)

 

3.1.3. იჯარის №----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო 2017 წლის 15 აგვისტოს და 2017 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა №---- და №---- მიმართვები დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 31-32)

 

3.1.4. იჯარის №----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელისთვის გადახდილია 5 000 ლარი და 2018 წლის 27 ოქტომბერს ასევე გადახდილია 5 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 321-33)

 

3.1.5. მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული იჯარის №----------- ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 11 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ფართის დალუქვის აქტი (ს.ფ. 34)

 

3.1.6. 2017 წლის 07 ივნისის №----------- იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება 28 984.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, ცნობა (ს.ფ. 36-37)

 

3.1.7. 2018 წლის 24 იანვარს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება 2017 წლის 07 ივნისის №----------- იჯარის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების - 31 052.64 ლარის გადახდის შესახებ მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 38-39)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2017 წლის 07 ივნისის №----------- იჯარის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე საიჯარო დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულები მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

დადგენილია, მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს იჯარის №----------- ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. ამასთანავე დადგენილია, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს საიჯარო ქირის დავალიანება - 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ივნისის იჯარის ხელშეკრულებით №----------- ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება 28 984.97 ლარი.

მიუხედავად იმისა, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, თუ არაჯეროვანი შესრულება კანონმდებლობა მხარეს გარდა პირველადი მოთხოვნისა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), ანიჭებს ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში - ხელშეკრულების შეწყვეტის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ვინაიდან pacta sunt servanta-ს პრინციპი პრიორიტეტულია სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ამიტომ კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის გარკვეულ წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე უნდა არღვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებად და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაგენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობად უნდა აძლევდეს. მითითებული წინაპირობები ნორმატიულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე-405-ე მუხლებშია განმტკიცებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმით დაცულია ხელშეკრულების შესრულების მიმართ მხარეთა ინტერესი. ხელშეკრულების შეუსრულებლობით დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი შეიძლება, გათვალისწინებულ იქნას როგორც კანონით, ასევე მხარეთა შეთანხმებით, რა დროსაც, როგორც წესი, ადგილი აქვს დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით წარმოშობილი დამატებითი ვალდებულებულებების არსებობას (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება ან სხვა). ვალდებულების არსებითი დარღვევისას ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა და მხარეთათვის შესრულების დაბრუნება უნდა იქნეს განხილული, როგორც კანონით უპირობოდ დაცული უფლება, რომლის რეალიზაცია არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული დარღვევის მიმართ ამა თუ იმ სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორზე. თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ შესრულების ვადის დადგომის შემდეგ მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულების თაობაზე, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზნებისათვის. ამდენად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, თუმცა, ვადადარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ, რაც მოვალე ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს დამატებითი ვადის მიცემისა ან გაფრთხილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული №----------- იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 11 იანვარს. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულია როგორც გაფრთხილების, ისე დამატებითი ვადის განსაზღვრის უფლებამოსილება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2017 წლის 07 ივნისის იჯარის №----------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე საიჯარო დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა.

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2 603.34 ლარი, ისევე როგორც 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (ყოველდღიურად 28.98 ლარი) ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი ოდენობის შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, კერძოდ:

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 652 ლარის და 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 03 აგვისტომდე, პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.20 ლარის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია 2017 წლის 10 ივლისიდან მოპასუხის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის ან/და დავალიანების წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ისევე როგორც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში მისი ოთხჯერ შემცირება.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, საიჯარო პირობებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’, თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დავალიანება, ისევე როგორც დავალიანების საბოლოოდ აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი ოდენობის შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, იმისათვის, რომ არ მოხდეს უსაფუძვლოდ კრედიტორის გამდიდრება და პირგასამტეხლომაც შეასრულოს მისთვის მინიჭებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ 2019 წლის 03 აგვისტომდე (არაუმეტეს მის მიერ სარჩელის წარმოდგენიდან ერთი წლისა 2018 წლის 10 იანვრიდან).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 652 ლარის და 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 03 აგვისტომდე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.20 ლარის ოდენობით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 581-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 352-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ორმხრივი, რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ერთის მხრივ მოიჯარე და მეორეს მხრივ მეიჯარე. ამასთან, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდას.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება რომლის შესაბამისადაც, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2017 წლის 07 ივნისის იჯარის №----------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე საიჯარო დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ოთხჯერ. შესაბამისად, ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 53.28%. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 899.8 ლარი (ს.ფ. 40-41). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 012.12 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ს----------–-------------ის’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ზ---------–ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 28 984.97 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 652 ლარის ოდენობით;

4. მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 03 აგვისტომდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.20 ლარის ოდენობით;

5. მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 012.2 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი