განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002839742
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/64-19 10 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული გ--------------------------------------–-------–-–----------------–--------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------–-------------------------–--–--------------------------–---–---
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 6 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ---------------მ 2019 წლის 1---------ს, დაახლოებით 14:00 საათზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შეშის ნაჭერი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში პირს, რომელთან ერთადაც ადრე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ--------–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ--------–------ის, ბრალდებულ გ---------------ს, მოწმეების: გი-----------ს, კ-----------–---ს, გ--–-------–--ს ჩვენებებით ირკვევა, დაზარალებული და ბრალდებული არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და არც მანამდე ყოფილან, თუმცა ადრე მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ის, რომ ბრალდებულმა გ---------------მ მ--------–------ის კონსტიტუციური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაარღვია ფიზიკური ძალადობით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების: გ---------------ს, მ--------–------ის, გი-----------ს, კ-----------–---ს, გ--–-------–--ს, ფ--------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა.
2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის შეშის ნაჭრის თავის არეში დარტყმის შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების: გ--–-------–--ს, კ-----------–---ს, გი-----------ს, ფ--------–-----ს ჩვენებებით, სამედიცინო ფორმა N100-ით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად, მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ დაზარალებულ მ--------–------ის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული მხარეთა მიერ პრეიუდიციულ ფაქტად არის მიჩნეული, რაც დასტურდება უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ცნობა N100-ით.
ამდენად, დადგენილია, რომ დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებში, არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვაზე, მის ხარისხზე ან ხანგრძლივობაზე, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ისევე, როგორც საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურების თაობაზე პროკურორის მოვალეობის არსებობის პრინციპი. ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებულის ქმედებებს დაზარალებულის საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა მოჰყვა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.3. არაერთგზის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახამდ, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
უდად ცნობილი საქმის მასალებიდან დგინდება, ბრალდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბერის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მოცემულ შემთხვევაში ის, რომ ბრალდებული გ--------------- ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მან ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა არაერთგზის, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული ოჯახში ძალადობის ჩადენის დროს იყო ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი პირი , ე.ი. მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გ---------------მ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ---------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
გ---------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პირობებში, ასევე ქმედების განხორციელების ხერხი - შეშის ჩარტყმა თავში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის წევრის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (თავის არეში შეშის ნაჭრის დარტყმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის მიყენება, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი, იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ნასამართლობა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით, თუმცა სასჯელის დამძიმების კუთხით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, რადგან გამოსაცდელი ვადა არის არა მხოლოდ ნასამართლობის აღმნიშვნელი, არამედ ბრალდებულზე გაძლიერებული მეთვალყურეობისა და კონტროლის პერიოდი, რა დროსაც ბრალდებულს ეკისრება გარკვეული მოვალეობები, მას ევალება, იყოს განსაკუთრებულად პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული, არ დაარღვიოს კანონი. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც ამძიმებს მის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას ამძიმებს ასევე ის ხერხი, რომელიც აირჩია ბრალდებულმა - შეშის ნაჭრის ჩარტყმა თავის არეში.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია ჩადენილი ქმედებისთვის მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
ამასთან, ვინაიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი პირობითი მსჯავრისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი, ერთი მხრივ, იყოს კანონიერი, შეესაბამებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი იყოს სამართლიანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენება.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: შეშის ნაჭერი და ნერწყვის ნიმუშები, სსსკ-ის 81-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, როგორც რაიმე ღირებულების არმქონე ნივთები, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ---------------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბერის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ, კერძოდ - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად გ---------------ს განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: შეშის ნაჭერი, ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია